გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9618-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.08.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე მ-----–-------–---–ი
წარმომადგენელი შ----------------–ი
მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–-------------------- ც------ი ,,დ--–---“
წარმომადგენელი ი-----–--–-------ძე
დავის საგანი ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა,განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,დ--–---ს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 31 იანვრის N--- ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.2. მოპასუხე სსიპ ,,დ--–---ს“ მოსარჩელის მ-----–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა, მოსარჩელის 12 თვის ხელფასის ოდენობით;
( მოსარჩელემ დააუზუსტა სასარჩელო ოთხოვნა 2018 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომაზე )
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელე მუშაობდა სსიპ ,,დ--–---ში“ 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე მხარეთა შორის დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, მხარეთა შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები 1-დან 3 თვემდე ვადით, კერძოდ ხელშეკრულებები დაიდო 2014 წლის 04 აგვისტოს, 2014 წლის 15 სექტემბერს, 2015 წლის 23 იანვარს, 2015 წლის 01 აპრილს (6 ხელშეკრულება), 2015 წლის 01 ოქტომბერს, 2015 წლის 03 ნოემბერს, 2016 წლის 04 იანვარს, 2016 წლის 01 აპრილს, 2016 წლის 01 მაისს, 2016 წლის 01 ივნისს და 2016 წლის 01 ივლისს (2 ხელშეკრულება). მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების მოკლე ვადით დადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მოპასუხე ცდილობდა შრომის კოდექსის ნორმების გვერდით ავლას. 2017 წლის 31 იანვარს მოპასუხემ მოსარჩელეს შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შრომითი ურთიერთობა იყო უვადო, რის გამოც მისი გათავისუფლება უკანონოა.
მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოსარჩელე შრომის კოდექსის შესაბამისად, ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელესთან დადებული ყველა ხელშეკრულება იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რის გამოც არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მუშაობდა სსიპ ,,დ--–---ში“ 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე მხარეთა შორის დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე. მხარეთა შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები 1-დან 3 თვემდე ვადით, კერძოდ ხელშეკრულებები დაიდო 2014 წლის 04 აგვისტოს, 2014 წლის 15 სექტემბერს, 2015 წლის 23 იანვარს, 2015 წლის 01 აპრილს, 2015 წლის 01 ოქტომბერს, 2015 წლის 03 ნოემბერს, 2016 წლის 04 იანვარს, 2016 წლის 01 აპრილს, 2016 წლის 01 მაისს, 2016 წლის 01 ივნისს და 2016 წლის 01 ივლისს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. გათავისუფლების მომენტისათვის, მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მოპასუხე კომპანიაში შეადგენდა ყოველთვიურად 1050 ლარს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2017 წლის 31 იანვრის მოპასუხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო 2017 წლის 01 თებერვლიდან.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2017 წლის 31 იანვრის ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ბრძანება მოსასრჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო უკანონოა, სახეზეა უვადო შრომითი ხელშეკრულება, რის გამოც, მოპასუხის 2017 წლის 31 იანვრის ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის 12600 ლარის ოდენობით გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 37-ე, 38-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.
მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.
სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობდა სსიპ ,,დ--–---ში“ 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე მხარეთა შორის დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, მხარეთა შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები 1-დან 3 თვემდე ვადით, კერძოდ ხელშეკრულებები დაიდო 2014 წლის 04 აგვისტოს, 2014 წლის 15 სექტემბერს, 2015 წლის 23 იანვარს, 2015 წლის 01 აპრილს, 2015 წლის 01 ოქტომბერს, 2015 წლის 03 ნოემბერს, 2016 წლის 04 იანვარს, 2016 წლის 01 აპრილს, 2016 წლის 01 მაისს, 2016 წლის 01 ივნისს და 2016 წლის 01 ივლისს (იხ. 3.1.1. უდავო ფაქტ. გარემოება).
სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც ხელშეკრულებით რაიმე მოვლენის დადგომის მომენტი მკაფიოდაა განსაზღვრული, მაშინ ესაა განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ სახეზეა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს იმ გარემოებათა კონკრეტულ ჩამონათვალს, რაც შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით გაფორმების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს, სულ მცირე ერთწლიანი ხელშეკრულება ან გააფორმოს ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ყველა ხელშეკრულება იყო 1 წელზე ნაკლები ვადით დადებული. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაადასტუროს, 1 წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების დადების შესაბამისი გარემოებების არსებობა, რაც შრომითი ურთიერთობების სტაბილურობასა და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას უწყობს ხელს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს რეგულაცია არ ახდენს დამსაქმებელთა ინტერესების გაუმართლებელ შეზღვუდვას, რადგან ზემოხსენებული გარემოებები ითვალისწინებს ,,სხვა ობიექტურ გარემოებას“ რაც თავის მხრივ მიანიშნებს, რომ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი ხასიათის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებმა შეიძლება, თავად განსაზღვრონ სხვა ობიექტური გარემოების არსებობის ფაქტი, რაც გაამართლებს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. სათანადო გარემოების დადასტურება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, ხოლო მისი ობიექტურობის შეფასება ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების გაფორმების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის, სასამართლოს დისკრეციაა. იგივე წესი ვრცელდება იმ შემთხვევის მიმართ, როდესაც ერთ წელზე ნაკლებ ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე უვადოდ დანიშნული დასაქმებულის გადაყვანა ხდება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადების წინაპირობების არსებობა, არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულებები დაიდო კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, ან არსებობდა სხვა რაიმე ობიექტური გარემოება აღნიშნულისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მხარეთა შორის განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 31 იანვრის მოპასუხის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთერთობის შეწყვეტის შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მოპასუხესთან მუშაობის პერიოდში შეადგენდა ყოველთვიურად 1050 ლარს (იხ. 3.1.2 უდავო ფაქტ. გარემოება).
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სადავო ბრძანება უკანონოა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაცია 12 თვის ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 12600 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემული დავის საგნის ფასი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად უნდა განისაზღვროს კომპენსაციის ოდენობის 12600 ლარის გათვალისწინებით, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, გადასახდელი სახ. ბაჟია 378 ლარი. რადგან, სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 120 ლარისა და სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ 258 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მ-----–-------–---–ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–-------------------- ც------ი ,,დ--–---ს" მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე;
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს----–-–----------------- ს---–------- ტ--------- ც------ ,,დ--–---ს" 2017 წლის 31 იანვრისს N----კ ბრძანება მ-----–-------–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
3. მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------- ს---–------- ტ--------- ც------ ,,დ--–---ს" მოსარჩელე მ-----–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით 12600 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------- ს---–------- ტ--------- ც------ ,,დ--–---ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟის 258 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია