გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210017001903027
#2/1427-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.10.2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - თ--------ზ მ----–--ე
წარმომადგენელი - რ----–-ნ ც-–--–--ე
მოპასუხე - ი-----–ი ბ-----ე
წარმომადგენელი - ი-----–ი ს---------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი-----–ი ბ-----ისათვის 600 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, მოსარჩელე თ--------ზ მ----–--ის სასარგებლოდ.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მოპასუხე ი-----–ი ბ-----ემ, 2017 წლის 13 თებერვალს, წერილობით იკისრა ვალდებულება, თ--------ზ მ----–--ის სასარგებლოდ, ერთი თვის ვადაში გადაეხადა 600 აშშ დოლარი. მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და უარს აცხადებს მის შესრულებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია, ვინაიდან თანხის გადახდის ვალდებულება გამომდინარეობდა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოდან, რაც მან განახორციელა უხარისხოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოცემულ საქმეზე, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. თ--------ზ მ----–--ე არის შპს „ა----------ის“ (ს/ნ 4--------; ყოფილი შპს „თ--------ზის“) დამფუძნებელი პარტნიორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე. 2013 წელს, კომპანიამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ---სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელა ქ. ბათუმში, გ------ლ ა. ა--–--ის ქუჩა #3-ში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე მიშენების პროექტირება-მშენებლობა. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ ბმა „მ---ს“ ერთერთი წევრის ი-----–ი ბ-----ის სასარგებლოდ განახორციელა 6315 ლარის ღირებულების 31 კვმ. ფართის პროექტირება-მშენებლობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 02.03.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3.2.2. შპს „ა----------ის“ მიერ ი-----–ი ბ-----ის კუთვნილი 31 კვმ. ფართის პროექტირება-მშენებლობა განხორციელდა ჯეროვნად. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შპს-ს მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების ფაქტს, სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს „ა----------ის“ მოთხოვნა ი-----–ი ბ-----ის მიმართ დაკმაყოფილდა და ი-----–ი ბ-----ეს შპს-ს სასარგებლოდ დაეკისრა 6315 ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 190 ლარის ანაზღაურება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მისი აღსრულების მიზნით, 26.09.2016 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
- სააღსრულებო ფურცელი;
3.2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 26.09.2016 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო #A1------- სააღსრულებო საქმის წარმოება, რომლის ფარგლებში ი-----–ი ბ-----ეს მიეცა წინადადება, შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში, ნებაყოფლობით გადაეხადა კრედიტორის - შპს „ა----------ის“ სასარგებლოდ დაკისრებული თანხა 6505 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
3.2.4. 2017 წლის 13 თებერვალს ი-----–ი ბ-----ემ წერილობით იკისრა ვალდებულება თ--------ზ მ----–--ისათვის (შპს „ა----------ის“ დამფუძნებელი) გადაეხადა 600 აშშ დოლარი, ერთი თვის მანძილზე. ი-----–ი ბ-----ის მიერ ნაკისრი ვალდებულების სანაცვლოდ, იმავე დღეს, სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა შპს „ა----------ის“ დირექტორმა და მოითხოვა ი-----–ი ბ-----ის მიმართ მათ წარმოებაში არსებული #A1------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ი-----–ი ბ-----ის ხელწერილი;
- შპს „ა----------ის“ დირექტორის 13.02.2017 წლის მიმართვა;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 341-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უფლების დაცვის მიზნით მომართა რა სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხისათვის 600 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, რაც მოსარჩელის მტკიცებით, წარმოადგენს მოპასუხის მიერ აღიარებულ ვალს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
უდავოდ დადგენილია, რომ 2017 წლის 13 თებერვალს, მოპასუხე ი-----–ი ბ-----ემ იკისრა ერთი თვის ვადაში 600 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.
ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ის კისრულობს მოსარჩელის სასარგებლოდ 600 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას, უნდა შეფასდეს ვალის აღიარების გარიგებად, რაც ქმნის ამ გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასაარგებლოდ უნდა დაეკისროს 600 აშშ დოლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 50 ლარი, ხოლო საადვოკატო მომსახურებისათვის გასწა ხარჯი 500 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების - 1620 ლარის (600X2.7=1620) 2 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 32.40 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე თ--------ზ მ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ი-----–ი ბ-----ეს მოსარჩელე თ--------ზ მ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 600 აშშ დოლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე ი-----–ი ბ-----ეს მოსარჩელე თ--------ზ მ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 32.40 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი