გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210118002358689
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/8368-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: შპ-------“, ს/ნ 4--------

წარმომადგენელი: ლა–-------ე

მოპასუხე: შპ-----------“, ს/ნ 2--------

წარმომადგენელი: სა–---------------------ი გი-----------–-–---–ი, თე---------------ე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპ-----------“-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს შპ-------ს“ კუთვნილი მოძრავი ნივთები, რომლებიც 2----–-–---------–---- იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე განთავსდა ს-----------------–--, კერძოდ, - 4 ცალი საძინებლის კარადა, 8 ცალი ტუმბო, 4 ცალი სარკიანი კარადა, 7 ცალი გასაშლელი დივანი, დივან სამეული და ჟურნალების მაგიდა, ბარის ავეჯი: სამზარეულოს კარადა ხელსაბანით, თეთრეულის კარადა, კარადა დახლი, სასმელების კარადა; 5 ცალი კედლის სურათი, 9 ცალი ხალიჩა, 6 კომპლექტი ფარდა, სააბაზანო კომპლექტი: 6 ცალი უნიტაზი, ხელსაბანი და 6-6 ცალი ონკანი, 6 ცალი საშხაპე ყურმილი; 8 ცალი ჭაღი, 7 ცალი მდფ-ის კარი, 6 ცალი ჟურნალის მაგიდა, 7 ცალი თხევადკრისტალური ტელევიზორი, 7 ცალი კრონშტეინი, მაცივარი, 3 ცალი კონდენციონერი, ორგანულ მინაზე და მანათობელ ოვალზე წარწერა „ს-----------“ (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - 2018 წლის 29 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.2. შპ-----------“-ს მოსარჩელე შპ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 1------------- სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 2000 ლარის გადახდა.

 

1.3. შპ-----------“-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს შპ-------ს“ მიერ შპ-----------“-ის კუთვნილი უძრავი ქონების 7 საპირფარეშოში არსებული სველი წერტილების გადატიხვრისას გამოყენებული გიფსო-კარდონი და კაფელ-მეტლახი (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - 2018 წლის 12 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2----–-–---------–---, მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მოსარჩელეს 2012 წლის 1--------დან 2014 წლის 1----------მდე იჯარით გადასცა 175 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით N0---------------, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ--–-------–---------. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მითითებულ ფართში მან მოაწყო ს----------- და ამ მიზნით ჯამში 65000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელა, გაარემონტა და სათანადოდ აღჭურვა რა შვიდი ს----------- ოთახი. 2015 წლის 1---------, მხარეთა შორის იჯარის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხის კუთვნილი ფართიდან თავისი კუთვნილი ნივთების მხოლოდ ნაწილი გაიტანა და მოპასუხეს დარჩა გამზადებული ს----------- ბიზნესი, რომელსაც მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილი ინვენტარის მეშვეობით დღემდე ამუშავებს. მოსარჩელის მითითებით, სასამართლოსთვის სარჩელით მომართვამდე, მოსარჩელე მოპასუხისგან სადავო ნივთების დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა, მოპასუხე თავისი ნებით სადავო ნივთების მოსარჩელისთვის გადაცემაზე უარს აცხადებდა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 11.5 პუნქტით დადგინდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტები ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, მიღება-ჩაბარების აქტი მოსარჩელეს არა აქვს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს სადავო უძრავი ნივთების მოპასუხის მფლობელობიდან განთავისუფლებას და მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 1------------- ზიანის სახით ყოველთვიური 2000 ლარის დაკისრებას. ზიანთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ საიჯარო ურთიერთობის ფარგლებში ფართით სარგებლობით მოსარჩელე კომპანიის მიღებული საშუალო ყოველთვიური მოგება შეადგენდა 2000 ლარს და ვინაიდან მოპასუხე დღემდე სარგებლობს მხარის კუთვნილი ნივთებით, იგი ვალდებულია, აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი 2015 წლის 1------------- გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 2000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეებს შორის 2----–-–---------–--- მართლაც დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მოსარჩელეს 2012 წლის 1--------დან 2014 წლის 1----------მდე იჯარით გადასცა თავისი კუთვნილი 175 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით N0---------------, თუმცა, მოპასუხემ მიიჩნია, რომ არავითარი ინვესტიცია მოსარჩელეს არ განუხორციელებია. მოპასუხის განმარტებით, 2011 წლამდე, მისი ფართი იჯარით ჰქონდა აღებული „ფ----------“ და ფართში ისედაც იდეალური რემონტი იყო გაკეთებული, რასაც მოპასუხის მიერ შესაგებელთან ერთად წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასებისა და „---------------- გაფორმებული ხელშეკრულების ასლები ადასტურებენ (ტ. II, ს.ფ. 13-29). მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეებს შორის იჯარის ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მოსარჩელემ წაიღო თავისი კუთვნილი ყველა ის ნივთი, რომელიც მოსარჩელისთვის ღირებული იყო. მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, წაეღო თავისი კუთვნილი ნივთები, თუ ამის სურვილი ჰქონდა, რადგან მას ხელს ამაში არავინ უშლიდა. მოპასუხე სამი წლის განმავლობაში სთხოვდა მოსარჩელეს ნივთების გატანას, რადგან ეს ნივთები ხელს უშლიდა მოპასუხეს თავისი ფართის სათანადოდ გამოყენებაში, თუმცა, მოსარჩელეს ნივთები არ მიჰქონდა, რადგან მოსარჩელეს მათი შესანახი ადგილი არ ჰქონდა. აღნიშნულის გამო, მოპასუხე იძულებული შეიქნა, დაეშალა ნივთები და შესანახად საწყობში მოეთავსებინა. 2017 წლის დეკემბერში კი, მოპასუხემ უარი უთხრა მოსარჩელეს აღმასრულებლის აქტში მითითებული სადავო ნივთების გატანებაზე, რადგან მოსარჩელემ სრულად არ გადაიხადა საიჯარო ქირა და არ აანაზღაურა არც მის მიერ მოხმარებული კომუნალური მომსახურების ხარჯები.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა აბსურდულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ მიიჩნია, მოსარჩელის მიერ დაახლოებით 2-3 ათასი ლარის ღირებულების ნივთების მოპასუხის ფართში მოსარჩელის ნებითვე დატოვება არ შეიძლება გახდეს მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, ქ--–-------–----------------, საკადასტრო კოდი N0---------------, რეგისტრირებულია შპ-----------“-ის საკუთრებად (ტომი I, ს.ფ. 30, 37-38).

 

3.1.2. 2----–-–---------–---, შპ-------სა“ და შპ-----------“-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპ-------ს“ 2014 წლის 1----------მდე იჯარით გადაეცა 175 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით N0--------------- (ტომი I, ს.ფ. 28, 30, 32-36).

 

3.1.3. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთბა გაგრძელდა და მოსარჩელე მოპასუხის კუთვნილი ფართით სარგებლობდა 2015 წლის 17 მარტამდე. დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხის კუთვნილ ფართში მოაწყო ს----------- და ამ მიზნით, ფართში შეიტანა ს-----------ს ფუნქციონირებისთვის საჭირო ნივთები და აღჭურვილობა. დადგენილია, რომ მოსარჩელეს არა აქვს მიღება-ჩაბარების აქტი, ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხის კუთვნილ ფართში კონკრეტული ნივთების შეტანის ფაქტს დაადასტურებდა. მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებით ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შპ-------მ“ საიჯარო ფართიდან გაიტანა თავისი კუთვნილი ნივთების ნაწილი, ხოლო სადავო ნივთების გადაცემის მოთხოვნით შპ-----------“-ისთვის მოსარჩელეს 2017 წლის დეკემბრამდე არ მიუმართავს.

 

3.1.4. 2018 წლის 26 მარტს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ შპ-----------“-ის კუთვნილ ფართში საკადასტრო კოდით N0--------------- განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 4 ცალი საძინებლის კარადა, 8 ცალი ტუმბო, 4 ცალი სარკიანი კარადა, 7 ცალი გასაშლელი დივანი, დივან სამეული და ჟურნალების მაგიდა, ბარის ავეჯი: სამზარეულოს კარადა ხელსაბანით, თეთრეულის კარადა, კარადა დახლი, სასმელების კარადა; 5 ცალი კედლის სურათი, 9 ცალი ხალიჩა, 6 კომპლექტი ფარდა, სააბაზანო კომპლექტი: 4 ცალი უნიტაზი, ხელსაბანი და 4 ცალი ონკანი, 6 ცალი საშხაპე ყურმილი; 5 ცალი ჭაღი, 5 ცალი მდფ-ის კარი, 6 ცალი ჟურნალის მაგიდა, 7 ცალი თხევადკრისტალური ტელევიზორი, 7 ცალი კრონშტეინი, მაცივარი, 3 ცალი კონდენციონერი, ორგანულ მინაზე და მანათობელ ოვალზე წარწერა „ს-----------“. ქონების აღწერისა და დაყადაღების ამავე აქტით დადგენილია, რომ „ბარის ავეჯი“ ინახება და ვ---------–-- ტერიტორიაზე მდებარე ავ-----------ში (ტომი I, ს.ფ. 358-359, მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან სადავო მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ 2018 წლის 2---------- ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით გათვალისწინებული მოძრავი ნივთები საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს. მოპასუხე არც იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ 2018 წლის 2---------- ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით გათვალისწინებული მოძრავი ნივთები მოპასუხის მფლობელობაშია. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მას სადავო მოძრავი ნივთების ფლობის უფლება აქვს, მანამ, სანამ მოსარჩელე არ დაფარავს მოპასუხის მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ, საიჯარო ქორისა და კომუნალური გადასახადების გადაუხდელობით განპირობებულ დავალიანებას.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დასადგენია, ხომ არა აქვს მოპასუხეს სადავო მოძრავი ნივთების ფლობის უფლება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას ითხოვს მხარეებს შორის მიმდინარე სხვა სასამართლო დავაში.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ, განსახილველი სარჩელის ფარგლებში სასამართლო განიხილავს მხოლოდ სადავო მოძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოპასუხეზე ზიანის დაკისრების მოთხოვნებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ უკანონო მფლობელობიდან სადავო მოძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებლად ვერ იქნება შეფასებული გარემოება, რომ მხარეთა შორის ასევე მიმდინარეობს სხვა სასამართლო დავაც, რომელშიც მოპასუხე მოსარჩელეზე იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების შესრულებას ითხოვს, ვინაიდან მოსარჩელე უფლებამოსილია, ასეთი აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების დაცვით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა იმ დავაში, რომელზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაც მისთვის მნიშვნელოვანია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, ვინაიდან მოსარჩელე თავად ვერ ადასტურებს მოპასუხის ფართში ყველა სადავო ნივთის განთავსების ფაქტს, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნეს 2018 წლის 2---------- ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით გათვალისწინებული ის მოძრავი ნივთები, რომელთა მოპასუხის საკუთრებაში არსებობასაც ადასტურებს თავად მოპასუხე მხარე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპ-------“ ითხოვს მოპასუხეზე 2015 წლის 1------------- გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 2000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და განმარტავს, რომ ზიანის თანხის ოდენობა გამოთვლილია იმ ბრუნვის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელე საწარმოს ჰქონდა მხარეებს შორის არსებული საიჯარო ურთიერთობის დროს, 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე საწარმოს ბრუნვა შეადგენდა 222.585 ლარს, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით (ს. ფ. ტ. I, ს.ფ. 124-305). მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი ნივთებით სარგებლობა დაიწყო 2015 წლის 1------------- და დღემდე სარგებლობს ამ ნივთებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ 2012-2014 წლებში ს-----------ს მუშაობის შედეგად მიღებული თანხის გათვალისწინებით გამოთვლილი საშუალო თანხის ანაზღაურება ყოველთვიური 2000 ლარის ოდენობით (222.585/36 თვეზე/3200 ლარის ოდენობის იჯარის თანხაზე). მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას ზიანი ადგება იმის გამო, რომ მოპასუხემ მას სადავო ნივთები არ გაატანა, რადგან მოსარჩელემ დაიქირავა და გაარემონტა ახალი ფართი ს-----------ს მოსაწყობად და იძულებულია შეიძინოს ახალი ნივთები, რადგან სადავო ნივთებით ვერ სარგებლობს (ტ. I, ს.ფ. 9)

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, ან მოთხოვნის მქონე მხარის სამართლებრივი სიკეთით სარგებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ზიანის ოდენობა ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე, გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, მას რომ მოპასუხისაგან სადავო ნივთების 2015 წლის 18 მარტს წაღება შესძლებოდა. იმისთვის, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, რომ ზიანი იყოს ზუსტად განსაზღვრული და მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ნივთების გადაცემაზე უარის თქმასთან, ან მოპასუხის მიერ სადავო ნივთებით სარგებლობასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. ამასთან, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-307-291-2011, 24.10.2011წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მან მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობის დამთავრებასთან ერთად მოპასუხის კუთვნილი ფართიდან წაიღო თავისი კუთვნილი ნივთების ნაწილი. ამასთან, საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთების წაღების სურვილი არ გამოუთქვამს 2017 წლის დეკემბრამდე. ამასთან, საქმის განხილვისას, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ წაიღო მან მოპასუხის კუთვნილი ფართიდან თავისი კუთვნილი ყველა ნივთი, რისი შესაძლებლობას მას ჰქონდა ნებისმიერ დროს, 2015 წლის 17 მარტამდე. საქმის მასალებით ვერ დგინდეა ასევე, თუ რა კონკრეტული სარგებელი ნახა მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი სადავო მოძრავი ნითების მოპასუხის მფლობელობაში არსებობით.

 

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დგინდება მოპასუხის ქმედებასა (სადავო მოძრავი ნივთების წაღებაზე უარი 2017 წლის დეკემბერში) და სავარაუდო ზიანს შორის პირდაპირი და უშუალო კავშირი 2015 წლის 1-------------, ზიანის ოდენობა დაუსაბუთებელია და განსახილველი ზიანი არ წარმოადგენს მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო ზიანს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

6.3. მხარეებს შორის 2----–-–---------–--- გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ნებისმიერი ნივთი, რომელსაც დაამონტაჟებს მოიჯარე, გენერატორის ან ნებისმიერი სხვა დანადგანის ჩათვლით, ყოველთვის დარჩება მოიჯარის საკუთრებად და მას ექნება უფლება, გაიტანოს ეს ნივთი სურვილისამებრ. თუ მოიჯარის მიერ წინამდებარე მუხლის თანახმად საკუთარი ნივთების გატანით დაზიანდება იჯარის საგანი, მოიჯარე ვალდებულია, გამოასწოროს ამგვარი ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მის უძრავ ქონებაში არსებული შვიდი ს----------- ოთახის შვიდივე სველი წერტილი მოსარჩელის გარემონტებულია - მოსარჩელემ გადატიხრა ოთახები გიფსო-კარდონით და მოაპირკეთა კედლები კაფელ-მეტლახით. მესამე სასარჩელო მოთხოვნით, მოსარჩელე მოპასუხის მფლობელობიდან აღნიშნული გიფსო-კარდონისა და კაფელ-მეტლახის გამოთხოვას ითხოვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილია, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მისთვის წინასწარვე არის გასაგები, რომ განსახილველი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ შეძლებს სადავო გიფსო-კარდონისა და კაფელ-,ეტლახის გამოყენებას, ვინაიდან სადავო სამშენებლო მასალა დემონტაჟის შედეგად დაზიანებული იქნება. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს, რადგან არა აქვს სურვილი, რომ სადავო სამშენებლო მასალა მოპასუხის მფლობელობაში დარჩეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სველი წერტილების მოსაწყობად გამოყენებული გიფსო-კარდონისა და კაფელ-მეტლახის გამოყენებით, სადავო სამშენებლო მასალა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა და მისი გამოცალკევება მთლიანი ნივთის ან მისი ნაწილის განადგურების, ან მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე შეუძლებელია. ამდენად, სადავო სამშენებლო მასალა წარმოადგენს არა მხარეთა შორის 2----–-–---------–--- გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დანადგარს, არამედ - მოპასუხის უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით დადგენილია, რომ ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს რემონტისთვის გამოყენებული სადავო სამშენებლო მასალის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის კანონისმიერი საფუძველი და, ამასთან, მხარეები აღნიშნულ უფლებაზე არც 2----–-–---------–---- იჯარის ხელშეკრულებით შეთანხმებულან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხის მფლობელობიდან სადავო სამშენებლო მასალის გამოთხოვის თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შპ-------ს“ სარჩელის ფასი ორივე მოთხოვნის შეჯამების შედეგად შეადგენს 76000 ლარს (4000 ლარს + 2000x3 წელიწადზე, ე.ი. 36 თვეზე). განსახილველ დავაზე მოსარჩელეს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 2380 ლარის ოდენობით, საიდანაც 120 ლარი შეადგენს სახელმწიფო ბაჟს უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის თაობაზე დაყენებულ მოთხოვნაზე, 2160 ლარი შეადგენს სახელმწიფო ბაჟს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, ხოლო 100 ლარი შეადგენს სახელმწიფო ბაჟს სარჩელის უზრუნველყოფის ორ ღონისძიებაზე.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს ჯამში 3380 ლარი (ტომი I, ს.ფ. 21-26, 72, 90). ამასთან, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მოსარჩლის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დამადასტურებელი ქვითრები (ტომი I, ს.ფ. 313).

 

ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მოსარჩელის მიერ ამ მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2160 ლარის ოდენობით (72000 ლარის 3%) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს ასევე მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 350 ლარიდან 100 ლარი, ხოლო 250 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება და მოსარჩელის მიერ ადვოკატის დახმარებისთვის არაქონებრივ დავაზე გაწერული ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით (4000 ლარის 4%).

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3380 ლარიდან 750 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით ყადაღა დაედო სადავო მოძრავ ნივთებს და შპ-----------“-ს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, აღარ არსებობს ამ სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განჩინება მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაწილში უნდა გაუქმდეს. დანარჩენ ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპ-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპ-----------“-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს შპ-------ს“ კუთვნილი მოძრავი ნივთები, რომელიც 2----–-–---------–---- საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე განთავსებულ იქნა ს-----------------–--, კერძოდ:

 

4 ცალი საძინებლის კარადა, 8 ცალი ტუმბო, 4 ცალი სარკიანი კარადა, 7 ცალი გასაშლელი დივანი, დივან სამეული და ჟურნალების მაგიდა, ბარის ავეჯი: სამზარეულოს კარადა ხელსაბანით, თეთრეულის კარადა, კარადა დახლი, სასმელების კარადა; 5 ცალი კედლის სურათი, 9 ცალი ხალიჩა, 6 კომპლექტი ფარდა, სააბაზანო კომპლექტი: 4 ცალი უნიტაზი, ხელსაბანი და 4 ცალი ონკანი, 6 ცალი საშხაპე ყურმილი; 5 ცალი ჭაღი, 5 ცალი მდფ-ის კარი, 6 ცალი ჟურნალის მაგიდა, 7 ცალი თხევადკრისტალური ტელევიზორი, 7 ცალი კრონშტეინი, მაცივარი, 3 ცალი კონდენციონერი, ორგანულ მინაზე და მანათობელ ოვალზე წარწერა „ს-----------“ და ბარის ავეჯი.

 

3. შპ-------ს“ მოთხოვნა მოპასუხე შპ-----------“-ზე ზიანის სახით 2015 წლის 1------------- გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 2000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით საქმეზე N2/8368-18 გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს მოპასუხე შპ-----------“-ისთვის N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირეთვის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს ძალაში.

 

5. შპ-----------“-ს შპ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.

 

6. შპ-------ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2160 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. შპ-----------“-ს შპ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

8. შპ-------ს“ მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი.

 

9. შპ-----------“-ს შპ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ არაქონებრივ დავაზე ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით.

 

10. შპ-------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ლა–-------ის მიერ 2018 წლის 13 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახილი 150 ლარი. გადახდის რეკვიზიტებია: რეფერენსი - 1---------, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150.

 

11. შპ-------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 100 ლარი ლა–-------ის მიერ 2018 წლის 13 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახილი 150 ლარიდან. გადახდის რეკვიზიტებია: რეფერენსი - 1---------, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150.

 

12. შპ-------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 750 ლარი ლა–-------ის მიერ 2018 წლის 13 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახილი 2,310 ლარიდან. გადახდის რეკვიზიტებია: რეფერენსი - 1---------, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150.

 

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე