გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
330210018002308303
კატეგორია
დავის ტიპი
თამასუქისა და ჩეკის თაობაზე
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/4794-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - მ------ ა------ე

წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი

მოპასუხე - სს „მ---------------ი“

წარმომადგენლები - მ------ გ-----–-–---–-, ა--------–---–-

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს „მ---------------ს“ მ------ ა------ის სასარგებლოდ დაეკისროს 45 000 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხე სს ,,მ---------------ს“ დაეკისროს მ------ ა------ის სასარგებლოდ საპროცენტო სარგებელი 14 400 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.2. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 07 ნოემბერს, სს ,,მ---------------ს“ და მარიან ა------ეს შორის დაიდო პროცენტიანი - ,,მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება #20-1, ხელშეკრულების მიხედვით საემისიო ღირებულება შეადგენდა 45 000 აშშ დოლარს, წლიური 61% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.

 

ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მ------ ა------ემ გადაიხადა 45 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 11 ნოემბერს, მ------ ა------ის სახელზე გაიცა მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქი. დღეის მდგომარეობით თამასუქის გადახდისუუნარობა სახეზეა, რადგანაც მის მიმართ აღძრული არის არაერთი სარჩელი და დაყადაღებული აქვს როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონებები.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მიუხედავად ვადის უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის ვადაზე ადრე დაკისრება და ასევე, მოითხოვოს ვადამოსული სარგებლის გადახდა და მიუღებელი შემოსავალი, რაც ჯამში შეადგენს 14 400 აშშ დოლარს. (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ვადამოსული დავალიანების (სარგებლის), 6000 აშშ დოლარის ნაწილში. მოპასუხე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ვალდებულების არსებობის თაობაზე, თუმცა განმარტა, რომ ვინაიდან სს ,,მ---------------ის“ მიერ თამასუქის განაღდების ვადა ჯერ არ არის მოსული, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 07 ნოემბერს, მ------ ა------ეს და სს „მ---------------ს“ შორის დაიდო თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N20-1, რომლის თანახმადაც "ინდოსანტმა" - ს.ს. "მ---------------მა" მიიღო თანხა 45 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 2019 წლის 11 ნოემბერს, გადაეხადა აღნიშნული თანხა. სარგბელი - წლიური 16%, რომლის გაცემა ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა მომხდარიყო ყველთვიურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 ნოემბრის ხელშეკრულება N2-51 (ს.ფ. 15-17);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 18);

- 2-------------- თამასუქი (ს.ფ. 19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე წარდგენილი თამასუქის განაღდების მოთხოვნა წარდგენილი იქნა, თუმცა თანხის გადახდა დღემდე არ განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. სს „მ---------------ი“-ს მიერ მ------ ა------ისთვის გადასახდელი ვადამოსული სარგებლის თანხა შეადგენს 6 000 აშშ დოლარს, რომელიც მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის. ვადის ბოლომდე მისაღები საპრცენტო სარგებლის ოდენობა შეადგენს 8400 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 ნოემბრის ხელშეკრულება N2-51 (ს.ფ. 15-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

2017 წლის 07 ნოემბერს, მ------ ა------ეს და სს „მ---------------ს“ შორის დაიდო თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N20-1, რომლის თანახმადაც "ინდოსანტმა" - ს.ს. "მ---------------მა" მიიღო თანხა 45 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 2019 წლის 11 ნოემბერს, გადაეხადა აღნიშნული თანხა.

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ინდოსამეტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით:

ა) წარდგენისთანავე;

ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;

გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;

დ) განსაზღვრულ დღეს;

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ინდოსანტმა.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2017 წლის 07 ნოემბრის თამასუქში, თანხის - 45 000 აშშ დოლარის გადახდის ვადად მითითებულია 2019 წლის 07 ნოემბერი.

 

,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტს, თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირს, გადახდის ვადის დადგომამდე შემდეგ შემთხვევებში: როდესაც მოვალის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მიუხედავად იმისა, გაუკეთა თუ არა მან აქცეპტება თამასუქს; თუ მან შეაჩერა თავისი გადასახადების შეტანა, რაც არაა დადასტურებული სასამართლო წესით, ან როდესაც იძულებითი გადახდევინებისათვის მიქცევამ შედეგი არ გამოიღო.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ სს „მიკრო კრედიტი“-ს მიერ თამასუქი გაიცა მ------ ა------ის სახელზე 2017 წლის 07 ნოემბერს 45 000 აშშ დოლარის ოდენობით და სს „მიკრო კრედიტმა“, როგორც თამასუქის ემიტენტმა, აიღო უპირობო ვალდებულება 2019 წლის 07 ნოემბრამდე გადაეხადა აღნიშნული თანხა მ------ ა------ისთვის. სასამართლო სხდომაზე, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით ცალსახად დადასტურდა, რომ მოპასუხე სს ,,მ---------------ს“ აქვს ფინანსური პრობლემები, რის გამოც, მან თამასუქის მფლობელს ვეღარ გადაუხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი და აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნას ცნობს. თუმცა ვინაიდან არ მოსულა თამასუქის გადახდის ვადა სარჩელს თანხის დაკისრების ნაწილში მაინც უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე ცალსახად დადგენილად მიიჩნევს რომ არსებობს ,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის არსებული გადახდისუუნარობის პრობლემ, იგი საეჭვოა და უდავოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას სწორედ ფინანსური სიძნელეების გამო ვერ ახორცილებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი მოსარჩელე მხარის მოთხოვნა 45 00 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის სადავო არაა, თამასუქის გამცემის გადახდისუუნარობა საეჭვოა, მ------ ა------ის მოთხოვნა სს ,,მ---------------ისთვის“ 45 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ვადამოსული სარგებლის - 6000 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელე სს „თელასის“ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.

მითითებულ ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.

წარმოდგენილ შემთხვევაში თამასუქის ხელშეკრულებით გაცემულ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით. თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მისი მოვალისათვის დაკისრებისას გასათვალისწინებელია სრულად ყველა ფაქტობრივი ასპექტი და მისი ოდენობის დადგენა და მხარისათვის დაკისრება არ უნდა იწვევდეს არც ერთი მხარის უფლებების უგულვებელყოფას ან/და კრედიტორის გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას.

წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხ მხარის მირ საერთოდ არ მომხდარა რაიმ სახით აღნიშნული მიუღებელი შემოსავლის სახით არსებული ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე შედავება. სასამართლო განხილვისას მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ მითითება მოხდა მხოლოდ თამასუქის თანხის დაბრუნების ვადის არსებობაზე. მიუღებელ შემოსავალთან, მისი გაანგარიშებისა თუ ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე შედავება არ განხორციელებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის მისაღები სარგებლის ოდენობა გამოთვლილია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად და მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლიანობაზე შედავება არ მომხდარა.

არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის დააკისროს მოსარჩელისათვის მისაღები სარგებლის თანხა 8400 აშშ დოლარის ოდენობით.

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. სასამართლომ განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 04 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ამასთან, მოპასუხე მხარემ საქმის მომზადების ეტაპზე, ნაწილობრივ ცნო მოთხოვნა (6000 აშშ დოლარის ნაწილში), მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ნაწილი 10.10 ლარის ოდენობით, ხოლო 89.90 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 248- 250-ე, 257-ე, 2591, 268-ე, 270-ე, 364-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------ ა------ის სარჩელი სს „მ---------------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე სს „მ---------------ს“ 2017 წლის 07 ნოემბრის N2-------------- თამასუქიდან გამომდინარე მოსარჩელე მ------ ა------ის სასარგებლოდ დაეკისროს 45 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე სს „მ---------------ს“ 2017 წლის 07 ნოემბრის N2-------------- თამასუქიდან გამომდინარე მოსარჩელე მ------ ა------ის სასარგებლოდ დაეკისროს 14 400 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე სს „მ---------------ს“ მოსარჩელე მ------ ა------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 89.90 ლარის ანაზღაურება.

 

5. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. მ------ ა------ეს დაუბრუნდეს, მის მიერ 22/01/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ნაწილი, 10.10 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე