გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2018
საქმის ნომერი
190210018002389669
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1073-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 ოქტომბერი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ა---- ნ-------–---–ი

წარმომადგენელი: ანა პარანიჩევი

მოპასუხე შპს ჩ-----ა

წარმომადგენელი გიორგი გეწაძე

დავის საგანი შრომითი ურთიერთობის აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „ჩ-----ას“ დირექტორის 2016 წლის 5 მაისის №05/05/2016-1 ბრძანების ბათილად ცნობა ა---- ნ-------–---–თან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

1.2. ა---- ნ-------–---–ის აღდგენა შპს „ჩ-----აში“ კომბინირებული საკვები ქარხნის ტექნიკოსის თანამდებობაზე.

 

სარჩელის საფუძვლები

 

სადავო ბრძანებით მოპასუხემ შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო, კერძოდ ბოილერის მწყობრიდან გამოსვლის გამო. შპს „ჩ-----აში“ მუშაობს მისი დაარსების დღიდან, არასდროს დაკისრებია რაიმე დისციპლინური სახდელი. ბოილერის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი იყო უხარისხო წყლის მიწოდება, რაზეც პასუხისმგებლობა ტექნიკოსს არ ეკისრება. ბოილერის მუშაობას ამოწმებდა ყოველდღიურად კომბინირებული ქარხნის ხელმძვანელობა, რაზეც ოპერატორ მექანიკოსი გიორგი ილურიძე აფორმებდა შემოწმების აქტებს. ტექნიკოსის მოვალეობას მასთან ერთად რამდენიმე პირი ასრულებდა, ბოილერის გამართულ მუშაობაზე რამდენიმე პირი იყო პასუხისმგებელი, რის გამოც გაუგებარია მარტო მას რატომ დაეკისრა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ არ ხდებოდა ხელმძღვანელების დროული ინფორმირება არსებული პრობლემების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საკვები ქარხნის ტექნიკოსის მოვალეობა იყო ხელმძღვანელობის ინფორმირება საკვები ქარხნის ბოილერის მუშაობაში წარმოქმნილი ხარვეზის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკოსის თანამდებობაზე ორი პირი იყო დასაქმებული, ა---- ნ-------–---–ს ადმინისტრაციამ დაევალა ბოილერის გამართული მუშაობის სრულად გაკონტროლება და შესაბამისად ექსპლოატაციის დროს წარმოქმნილ ხარვეზებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა. ამ მოვალეობას მოსარჩელე სათანადოდ არ ასრულებდა, რის გამოც ბოილერის მუშაობაში ხარვეზები დროულად ვერ აღმოიფხვრა და საქვაბის მუშაობა შეჩერდა. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ბოილერს არ უტარდებოდა სისტემატიური, ყოველდღიური კონტროლი ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, რაზეც პასუხისმგებელი იყო მოსარჩელე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა---- ნ-------–---–ი შპს ჩ-----აში სხვადასხვა თანამდებობებზე დასაქმებული იყო 2010 წლიდან. 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 5 მაისამდე დასაქმებული იყო კომბინირებული საკვები ქარხნის ტექნიკოსის თანამდებობაზე. მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1250 ლარს, რაც განსაზღვრულია წერილობით დადებული შრომის ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შრომის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-18. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 1-5. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 25-28. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ჩ-----ას“ 2016 წლის 5 მაისის N 05/05/2016-1 ბრძანებით მოსარჩელე ა---- ნ-------–---–ი გათავისუფლდა კომბინირებული საკვები ქარხნის ტექნიკოსის თანამდებობიდან შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო. კერძოდ, გათავისუფლების საფუძველია კომბინირებული საკვები ქარხნის ბოილერის მუშაობის დროს წარმოქმნილი ხარვეზის შესახებ ხელმძღვანელობის შეუტყობინებლობა, რამაც გამოიწვია ბოილერის მუშაობის გაჩერება.

 

შპს „ჩ-----ას“ დირექტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით მოსარჩელესთან 2016 წლის 5 მაისიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სამუშაო ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ბოილერის მწყობრიდან გამოსვლა.

 

ბოილერის მუშაობაში წარმოქმნილი ხარვეზების მიზეზების შესახებ მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა შპს „სერვიქსის“ 2016 წლის 11 აპრილის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ შპს „ჩ-----ას“ კუთვნილ certuss-ის ფირმის ორთქლის გენერატორის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ დანადგარს არ უტარდებოდა საჭირო სერვისული მომსახურება, ამიტომაც მისი გარკვეული ნაწილები ნაწილობრივ გამოვიდა მწყობრიდან, რაც იწვევს ორთქლის გენერატორის მუშაობის ხარისხის გაუარესებას. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ დაზიანებულია როტამეტრი, რის გამოც სავარაუდოდ არ ხდება სრული და თანაბარი წვა, ამაზე მიანიშნებს ჭვარტლი სანთურაზე და ალის არათანაბარი განაწილება. დასკვნაში მითითებულია ხარვეზების თავიდან აცილების გზები შემდეგი:

· მინიმუმ თვეში ერთხელ ჩატარდეს დანადგარში შემავალი წყლის ქიმიური ანალიზი, რადგან მწარმოებელი მკაცრად ზღუდავს მიწოდებული წყლის შემადგენლობას.

· სამ თვეში ერთხელ შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში გადარეგულირდეს ორთქლის წნევები.

· ექვს თვეში ერთხელ ჩატარდეს სპირალის გამორეცხვა და ორთქლის გენერატორის კორპუსის გაწმენდა შიგნიდან.

· შედგეს მწარმოებელთან შეთანხმებით სწრაფად ცვეთადი ნაწილების სია და მოხდეს მათი შეძენა და დასაწყობება.

· რეგულარულად ჩატარდეს რეგლამენტით გათვალისწინებული დანადგარის სერვისული მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს დანადგარის გამართულ მუშაობას.

 

ბრანების გამოცემას საფუძვლად დაედო საკვების წარმოების ხელმძღვანელის ქეთევან თაქთაქიშვილის მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ კომბინირებული ქარხნის ბოილერის ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბოილერის გაუმართაობა გამოწვეულია არასწორი მომსახურებით. აღნიშნული მომსახურება დეტალურად არის გაწერილი სახელმძღვანელოში, რომელიც თავიდანვე მიაწოდა მწარმოებელმა კომპანიამ. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო (მათ შორის რუსული ენის არცოდნა), არ მოხდა სახელმძღვანელოს შესწავლა და მხოლოდ 2016 წლის დასაწყისში მოითხოვა ქარხნის ხელმძღვანელობამ ამ სახელმძღვანელოს ქართულად თარგმნა, მაშინ როცა ბოილერი აშკარად გამოვიდა მწყობრიდან. მოხსენებითი ბარათით მოთხოვნილია, რომ ა---- ნ-------–---–ი, რომელი უშუალოდ იყო პასუხისმგებელი ბოილერის გამართულ მუშაობაზე, დათხოვნილ იქნას სამსახურიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადაოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზის დასაბუთების ვალდებულებას საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს აკისრებს, რაც გამომდინარეობს საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4-მე-7 ქვეპუნქტებიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის (საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.

 

განსახილველ საქმეში შპს „ჩ-----ას მტკიცების საგანში შედის იმის დადასტურება, თუ რამ გამოიწვია ბოილერის მუშაობაში ხარვეზების წარმოქმნა და ამის მიზეზი იყო თუ არა მოსარჩელის შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობა. ვინაიდან დამსაქმებელმა გამოიყენა ყველაზე მკაცრი და უკიდურესი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მან უნდა დაასაბუთოს მოსარჩელის ქცევა რატომ წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას. დამსაქმებლის განმარტებით, მან დანადგარის შეკეთებაში გადაიხადა 17 294,10 ევრო. მართალია დამსაქმებელი შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურებას არ მოითხოვს, მაგრამ დასაქმებული სწორედ იმ მიზეზით დაითხოვა, რომ მისმა ქმედებამ საწარმოს ზიანი მიაყენა. შესაბამისად, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რა მიზეზობრივი კავშირი არსებობს დასაქმებულის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და დანადგარის დაზიანებას შორის, რა მოვალეობა არ შეასრულა დასაქმებულმა, რამაც გამოიწვია დანადგარის ექსპლოატაციის შეწყვეტა.

 

ა---- ნ-------–---–ი სამსახურიდან გათავისუფლდა იმ მიზეზით, რომ მან არ შეასრულა ბოილერის მუშაობის სისტემატიური კონტროლის მოვალეობა, დროულად არ გამოავლინა ექსპლოტაციის დროს წარმოქმნილი ხარვეზის მიზეზები ან არ აცნობა ამის შესახებ საწარმოს ხელმძღვანელობას. შესაბამისად, მისი მიზეზით დროულად ვერ აღმოიფხვრა არსებული ხარვეზები, რამაც საბოლოოდ ბოილერის მუშაობის შეჩერება გამოიწვია.

 

ამდენად, დამსაქმებლის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელემ დაუდევრად შეასრულა მისი შრომითი მოვალეობები. მოსარჩელე დამსაქმებლის ამ პრეტენზიის საწინააღმდეგოდ აცხადებს, რომ ბოილერის მუშაობაზე კონტროლი სხვა თანამშრომლების მოვალეობა იყო.

 

მხარეთა ასეთი პოზიციების გამო შრომითი მოვალეობის შესრულების გარემოებების შესაფასებლად პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რა არის შპს „ჩ-----ას“ საქმიანობის სფერო, რა სპეციფიკა ახასიათებს ბოილერის მუშაობას და რა იყო საკვები ქარხნის ტექნიკოსის და საკვებ ქარხანაში სხვა დასაქმებულების თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები, რა მოცულობით ევალებოდათ საქვაბის ექსპლოატაციის კონტროლი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „ჩ-----ას“ მიერ დასაქმებულებთან დადებულ ხელშეკრულებებს ერთვის ყოველი თანამდებობის სამუშაო ინსტრუქცია, სადაც მითითებულია ძირითადი მოვალეობები, ხელმძღვანელი თანამდებობის პირი და არყოფნის შემთხვევაში შემცვლელი თანამდებობის პირი.

 

სამუშაო ინსტრუქციის მიხედვით, კომბინირებული საკვები ქარხნის ტექნიკოსის ზოგადი დანიშნულებაა ნედლეულის დასაწყობება და ქარხნის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა. მისი ხელმძღვანელია კომბინირებული ქარხნის ხელმძღვანელი, შემცვლელი კომბინირებული საკვები ქარხნის ოპერატორ-ტექნიკოსი. მისი კონკრეტული მოვალეობებია: სამსახურში დროული გამოცხადება, შემოსული ნედლეულის დასაწყობება, ორთქლის მანქანის მუშაობის ყოველდღიური შემოწმება, გრანულირების პროცესის მონიტორინგი და გრანულების პრესის მართვის პანელის ოპერირება; ქარხნის სისტემის გაწმენდა; ტომრებში დაფასოებული ნედლეულის ჩამოტვირთვა და დასაწყობება; მატრიცების გამოცვლა; ნარჩენების გატანა; სილოსების დასუფთავება; ქარხნების მოვლა-შენახვა და სწორად ექსპლოატაციისათვის ყურადღების მიქცევა; პრობლემური და გაუთვალისწინებელი სიტუაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელი დაკავშირება ქარხნის ხელმძღვანელთან; დამსაქმებელის მითითებით საწარმოს აუცილებლობიდან გამომდინარე საკუთარი მოვალეობების გარე ფუნქციების შესრულება; სამუშაო გარემოს სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება და საწარმოს ტერიტორიის სისუფთავის უზრუნველყოფა. ანგარიშგების ფორმაა საწარმოს ყოველდღიური ანგარიშგება საწარმოში არსებულ მდგომარეობაზე ქარხნის ხელმძღვანელებთან.

 

მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის შპს „ჩ-----აში“ არსებობდა საკვები ქარხნის ტექნიკოსის ორი საშტატო ერთეული. ტექნიკოსის თანამდებობაზე ასევე მუშაობდა ავთანდილ ოდოსაშვილი.

 

დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი შპს „სერვიქსის“ დასკვნის თანახმად, საქვაბის გაუმართაობა გამოიწვია მისი მუშაობის დროს ექსპლოატაციის წესების დარღვევამ – სისტემატიური სერვისული მომსახურების არარსებობამ. ასევე მითითებულია საქვაბის გაუმართაობის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი – უხარისხო წყლის მიწოდება, რადგან დასკვნით რეკომენდირებულია თვეში ერთხელ წყლის შემოწმება, იმის გამო, რომ ინსტრუქციით მკაცრად არის განსაზღვრული საქვაბეში გამოსაყენებელი წყლის ხარისხი. ამდენად, დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ საქვაბის გაუმართაობის მიზეზი იყო ძირითადად უხარისხო წყლის მიწოდება, რომლის კონტროლი ტექნიკოსის სამსახურებრივი ფუნქცია არ არის. სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ წყლის ხარისხი შპს „ჩ-----აში“ მოწმდება ლაბორატორიულად, რომლის დასკვნის შემდეგ მიეწოდებოდა საქვაბეს. ამდენად, საქვაბის მუშაობაში გამოყენებული წყლის ხარისხზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი არ იყო მოსარჩელე.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ა---- ნ-------–---–ის მიერ შედგენილი აქტები საქვაბეში მარილის ხარჯვის შესახებ, თუმცა მოპასუხემ ვერ მიუთითა, რომ საქვაბის მუშაობაში ხარვეზის წარმოქმნის მიზეზი იყო მარილის მცდარი ზომით მიწოდება. მარილის არასწორად მიწოდება საქვაბის გაუმართაობის კონკრეტულ მიზეზად დასახელებული არ არის ექსპერტის დასკვნაში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქვაბის ექსპლოატაციის პროცესზე კონტროლი იყო არა მარტო ტექნიკოსის მოვალეობა, არამედ ეს იყო ასევე საქვაბეში მომუშავე ყველა დასაქმებულის მოვალეობა.

 

თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, კომბინირებული საკვები ქარხნის მთავარი ოპერატორის თანამდებობის ზოგადი დანიშნულებაა ქარხნის პროგრამული მართვა და საკვების დამზადება. მისი ძირითადი მოვალეობაა ტექნოლოგიური ციკლის მონიტორინგი, რეცეპტების წარმოების პროგრამაში შეტანა, კომბინირებული საკვები ქარხნის მართვის პანელის მართვა; აღრიცხვის ჟურნალის წარმოება; კომბინირებული საკვები ქარხნის ეფექტურ ოპერირებაზე პასუხისმგებლობა, ქარხნის მოვლა-შენახვა და სწორად ექსპლოატაცისათვის ყურადღების მიქცევა. წარმოების შედეგების რეგულარული ანალიზი და შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივი ორიენტირებულობა, პრობლემური და გაუთვალისწინებელი სიტუაციების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი დაკავშირება საკვები ქარხნის ხელძღვანელთან. საკვები ქარხნის მთავარი ოპერატორის ხელმძღვანელია საკვები ქარხნის ხელმძღვანელი. მისი შემცვლელია კომბინირებული საკვები ქარხნის ოპერატორ-მექანიკოსი.

 

საკვები ქარხნის საწყობის თანამშრომლის თანამდებობის ზოგადი დანიშნულებაა ნედლეულის დასაწყობება და საკვების ტრანსპორტირება ფერმებში. მისი უშუალო ხელმძღვანელია კომბინირებული საკვები ქარხნის ხელმძღვანელი. შემცვლელი საკვები ქარხნის ტექნიკოსი. მის ძირითად მოვალეობაში შედის ქარხანაში შემოსული ნედლეულის დასაწყობება, საწყობიდან საჭირო რაოდენობის ნედლეულის კონვეიერზე დაყრა, ქარხნის სისტემის გაწმენდა, ტომრებში დაფასოებული ნედლეულის ჩამოტვირთვა და დასაწყობება, მატრიცების გამოცვლა, სალოსების დასუფთავება; ქარხნის, ავტოტრანსპორტის მოვლა-შენახვა და სწორად ექსპოლატაციისათვის ყურადღების მიქცევა, პრობლემური და გაუთვალისწინებელი სიტუაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელი დაკავშირება ქარხნის ხელმძღვანელთან. კომბინირებული საკვები ქარხნის საწყობის თანამშრომელის ხელმძღვანელია კომბინირებული საკვები ქარხნის ხელმძღვანელი, ხოლო შემცვლელია კომბინირებული საკვები ქარხნის ტექნიკოსი. მისი ხელფასის თვეში 650 ლარი.

 

საკვები ქარხნის ოპერატორ-მექანიკოსის თანამდებობის ზოგადი დანიშნულებაა კომბინირებული საკვები ქარხნის მართვის პანელის მართვა; კომბინირებული საკვების ქარხანაში არსებული დანადგარების ჟურნალის წარმოება. მისი ხელმძღვანელია კომბინირებული საკვები ქარხნის ხელმძღვანელი, ტექნიკური უსაფრთხოების და ტექნიკური ხელმძღვანელი. შემცვლელია კომბინირებული საკვები ქარხნის ხელმძღვანელი. მისი ძირითადი მოვალეობებია ტექნოლოგიური ციკლის მონიტორინგი; რეცეპტების წარმოების პროგრამაში შეტანა; კომბინირებული საკვები ქარხნის დამზადების ამონაწერის გაგზავნა საკვებწარმოების ხელმძღვანელთან და კომბინირებული საკვები ქარხნის ხელმძღვანელთან; კომბინირებული საკვები ქარხნის მართვის პანელის მართვა; თითოეული დანადგარის გეგმიურ პროფილაქტიკური სამუშაობის დოკუმენტირება; უშუალო უფროსის მიერ განსაზღვრული ფორმით დანადგარის ჟურნალის წარმოება და პრობლემური საკითხების აღრიცხვა, თითოეული დანადგარის ტექნიკური გამართულობა პასუხისმგებელი პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; წარმოების შედეგების რეგულარული ანალიზი და შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივი ორიენტირებულობა; კომბინირებული საკვები ქარხნის ეფექტურ ოპორირებაზე პასუხისმგებლობა; პრობლემური და გაუთვალისწინებლი სიტუაციების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი დაკავშირება კომბინირებული საკვები ქარხნის ხელმძთვანელთან და ტექნიკური უსაფრთხოების და ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელთან.

 

კომბინირებული საკვები ქარხნის ხელმძღვანელის თანამდებობის ზოგადი დანიშნულებაა კომბინირებული საკვები ქარხნის მართვა. მისი ხელმძღვანელია საკვებწარმოების ხელმძღვანელი. შემცვლელი მთავარი ოპერატორი, ოპერატორ ტექნიკოსი, ტექნიკოსი, თანამშრომელი. მის ძირითად მოვალეობებში შედის ტექნოლოგიური ციკლის მონიტორინგი, რეცეპტების წარმოების პროგრამაში შეტანა, საკვები ქარხნის მართვის პანელის მუდმივი მონიტორინგი, მიმღებ ორმოში არსებული საცრების გამართული ოპერირების ზედამხედველობა, თითოეული დანადგარის გეგმიური პროფოლაქტიკური სამუშაოების ჩატარების ზედამხედველობა და დოკუმენტირება, ქარხნების მოვალ-შენახვა და სწორად ექსპლოტაციისათვის ყურადღების მიქცევა, ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში არსებული გაუმართაობის შეფასება და საჭირო ტექნიკური ჯგუფის დროული გამოძახება, სათადარიგო ნაწილების რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა და შესყიდვების სამსახურისათვის დაკვეთა, მასალების ჩამოაწერა, აღრიცხვის ჟურნალების წარმოება.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ოპერატორ-ტექნიკოსის გიორგი ილურიძის მიერ შედგენილი კომბინირებული საკვები ქარხნის ტექნიკური ჟურნალი, სადაც მითითებულია 2016 წლის აპრილი-მაისის თვეებში საკვები ქარხნის დანადგარების, მათ შორის საქვაბის მუშაობის ყოველდღიური მონიტორინგის შედეგები. ჟურნალის მიხედვით, საქვაბის შესახებ 2016 წლის 28 მარტ-3 აპრილის განმავლობაში აღნიშნულია, რომ ამ მუშოაბს დამაკმაყოფილებლად, ორთქლის წარმადობა პერიოდულად ვარდება. 21-27 მარტს, 14-20 მარტს. 7-13 მარტს, 29 თებრვალი-6 მარტს, 28-30 აპრილს, 18-24 აპრილს საქვაბის მუშოაბის ხარვეზი მითითებული არ არის. 11-17 აპრილს აღნიშნულია, რომ საქვაბეში არ ხდება საკმარისი ორთქლის გამომუშავება, პერიოდულად ვარდება წნევა და ტემპერატურა. 4-10 აპრილს მითითებულია, რომ ბოილერის დანადგარი მუშაობს ხარვეზებით, ორთქლის წნევა არასტაბილურია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბოილერის მუშაობის ხარვეზები მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით, მისი დაუდევრობით გამოწვეული არ ყოფილა. კერძოდ, კომბინირებული საკვები ქარხნის თანამშრომლებიდან მხოლოდ ა---- ნ-------–---–ის მოვალეობაში არ შედიოდა ხარვეზების გამოვლენა და მათ შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება. ეს მოვალეობა ჰქონდა საკვები ქარხნის ყველა თანამდებობის პირს.

 

კომბინირებული საკვები ქარხნის ოპერატორ ტექნიკოსის სამუშაო ინსტრუქციით განსაზღვრულია, რომ ჟურნალში მან უნდა ასახოს სხვა თანამშრომლებისგან მიღებული ინფორმაცია, მაგრამ ამავე დროს მას ეკისრება ქარხნის ეფექტურ ოპერირებაზე პასუხისმგებლობა, წარმოების შედეგების რეგულარული ანალიზი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ამასთან, იგი თანამდებობრივად ტექნიკოსზე მაღალი თანამდებობის პირია, რის გამოც მხოლოდ ჟურნალში მონაცემების ასახვა არ იყო მისი ფუნქცია, მას ასევე გააჩნდა შესაბამისი ფუნქცია, რის გამოც მეთვალყურეობა უნდა გაეწია სისტემის ტექნიკური გამართულობისათვის, რაც ხარვეზების და ამ ხარვეზების მიზეზების გამოვლენასაც მოიცავს.

 

საკვები ქარხნის მენეჯერული თანამდებობის პირები იყვნენ ასევე საკვები ქარხნის მთავარი ოპერატორი, ქარხნის ხელმძღვანელი, რომელთა მოვალეობა იყო კომბინირებული საკვები ქარხნის სწორი ექსპლოტაციისათვის ყურადღების მიქცევა, ტექნიკური გაუმართაობის შეფასება, წარმოების შედეგების რეგულარული ანალიზი. პრობლემური სიტაუციების შესახებ ქარხნის ადმინისტრაციის ინფორმირება.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება (დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანება), რომლითაც დასტურდება რომ საქვაბის მოვლა-პატრონობა სრულად ა---- ნ-------–---–ს ევალებოდა და მას უფლება ჰქონდა დამოუკიდებლად დაეგეგმა და შეესრულებინა საქვაბის გამართული ექსპლოატაციისათვის საჭირო ღონისძიებები. მოსარჩელისათვის ამ ვალდებულების დაკისრების დადასტურებისათვის საკმარისი არ არის მოწმეების ქეთევან თაქთაქიშვილის და გიორგი ილურიძის ჩვენებები, რადგან შრომით ხელშეკრულების შემადგენელი მოვალეობების აღწერილობით განსაზღვრულია თითოეული თანამდებობის უფლება-მოვალეობების შინაარსი, რომლებშიც ცვლილებები დამსაქმებლის გადაწყვეტილებით არ შესულა.

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რეკომენდირებულია დანადგარის სისტემატიური სერვისული მომსახურება, 6 თვეში ერთხელ სპირალის გამორეცხვის სამუშაოების ჩატარება. შესაბამისად, დანადგარის გაუმართაობის მიზეზს ეს ფაქტორები წარმოადგენს.

 

საქვაბის ინსტრუქციის განსაზღვრულია, რომ ყოველდღიური ექსპლოტაციის დროს ორთქლსაშრობელზე-გამნაწილებელზე მდებარე ჩამკეტი სარქველი გასაქრევად გაიხნას დაახლოებით 5 წამით დრენაჟისათვის, თუ ორთქლის წნევა სისტემაში შეადგენს 0,3მპა-ზე მეტს. გათვალისწინებულია ასევე ორთქლის გენერატორის გაქრევება (შლამი ჩავრეცხოთ). გაქრევა შეიძლება შესრულდეს ავტომატურად. ორთქლის გენერატორების 72 საათის განმავლობაში დაკვირვების გარეშე, შესაძლოა არა ყოველდღე, არამედ 72 საათში გამოირთოს, თუ სამუშაო რეჟიმი ამის საშუალება იძლევა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მკვებავი წყლის ხარისხს.

 

ინსტრუქტიით გათვალისწინებულია გაწმენდა შემდეგი წესით: გამწმენდი სამუშაოებისა და ტექნიკური მომსახურებისას ორთქლის გენერატორი გამოირთოს ინსტრუქციის თანახმად და დაიბლოკოს განმეორებით ჩართვისაგან. გაიწმინდოს მკვებავი წყლის ავზი; გაიწმინდოს ჭუჭყდამჭერი; ჩატარდეს წყლის ტუმბოს ტექნიკური მომსახურება; გაიწმინდოს ჰაერის საჭირხნი; შეიზეთოს სარქველების შპინდელები; გაიწმინდოს ალის კონტროლის მოწყობილობა; სერვისის სამსახურს დაევალოს სანთურის აწყობა.

 

ამდენად, ინსტრუქციის თანახმად, სისტემის გაწმენდის და ტექმომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელია ორთქლის გენერატორის გამორთვა და დაბლოკვა მისი განმეორებით ჩართვის გამოსარიცხად. შესაბამისად, სისტემის გაწმენდისათვის საჭიროა ორგანიზაციული ღონისძიებების შესრულება, ასეთი სამუშაოების დაგეგმვა, რადგან გამწმენდი და ტექნიკური სამუშაოების გამო უნდა შეჩერდეს ორთქლის გენერატორის მუშაობა, რის გამოც ეს სამუშაოები ტექნიკოსის მიერ მისი შეხედულებით და ინიციატივით ვერ შესრულდება. ასეთი სამუშაოები უნდა დაიგეგმოს მენეჯერული თანამდებობის პირების მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 5 მაისის ბრძანების ასლი (ს.ფ. 12. ტომი 1)

- ქეთევან თაქთაქიშვილის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 38. ტომი 1)

- შრომითი ინსტრუქციები (ს.ფ. 161-195. ტომი 1)

- ექსპერტიზის დასკვნის ასლი (ს.ფ. 33-37. ტომი 1)

- დანადგარის ინსტრუქცია (ს.ფ. 9-17, ტომი 2)

- მოწმეთა ჩვენებები (19.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი )

- დანადგარის ნაწილების შესყიდვის დოკუმენტაციის ასლები (ს.ფ. 19-24. ტომი 2)

- მარილის ხარჯვის აქტები (ს.ფ. 147-160. ტომი 1)

- ტექნიკური ჟურნალი (ს.ფ. 240-248. ტომი 1)

 

3.2.2. შპს ჩ-----აში საკვები ქარხნის ტექნიკოსის თანამდებობა ერთი საშტატო ერთეულით არის განსაზღვრული. ა---- ნ-------–---–ის გათავისუფლების შემდეგ ტექნიკოსის საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა.

 

შპს ჩ-----ას 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით ორგანიზაციული ცვლილებები აუცილებლობიდან გამომდინარე ბრძანების გამოცემის დღიდან შპს ჩ-----აში ორთქლის დანადგართან დაკავშირებით კომბინირებული საკვები ქარხნის ტექნიკოსის თანამდებობა განისაზღვრა 1 საშტატო ერთეულით. ბრძანების საფუძველია გიორგი ილურიძის მოხსენებით ბარათი, სადაც მითითებულია, რომ საქვაბის სრულწყოფილი მოვლა პატრონობისიათვის მისი ტექნიკური დეტალების ცოდნის, სწორი ექსპლოატაციის უზრუნველყოფის, დანადგარის ყოველდღიური შემოწმების, გრანულების მართვის, სხვა მნიშვნელოვანი პროცესების სამართავად და აღნიშნულის თაობაზე ხელძღვანელობისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად ანუ ტექნიკოსის ფუნქციების სრულყოფილად განსახორციელებად საჭიროა ერთი შტატი, ხოლო სხვა ფუნქციები (ნარჩენების გატანა, ნედლეულის დასაწყობება) არ საჭიროებს ორთქლის მანქანის ექსპლოატაციის წესების სრულყოფილ ცოდნას, რის გამოც შესაძლებელია განხორციელდეს სხვა თანამშრომლების დახმარებით. აქამდე არსებული ორი პოზიციის მიუხედავად, ტექნიკოსის ფუნქციებს რეალურად ასრულებდა ერთი მათგანი – ა---- ნ-------–---–ი, რაც ასახული იყო მის სამუშაოს აღწერილობაში.

 

მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დროს ტექნიკოსის 2 საშტატო ერთეული არსებობდა, რაც 2016 წლის 6 მაისიდან შემცირდა და განისაზღვრა 1 საშტატო ერთეულით.

 

შპს „ჩ-----ას“ 2018 წლის 2 ივლისის წერილის თანახმად, საკვები ქარხნის ტექნიკოსის თანამდებობაზე დასაქმებულია ზაზა ქავთარაძე 2016 წლის 16 აგვისტოდან. მოსარჩელესთან ერთდ დასაქმებული მეორე ტექნიკოსი ავთანდილ ოდოსაშვილი 2018 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით გადაყვანილია კომბინირებული საკვები ქარხნის თანამშრომლის პოზიციაზე, ხოლო ამ თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულია 2016 წლის ოქტომბრიდან.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ბრძანების ასლი და გიორგი ილურიძის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 66-67. ტომი 2)

- ბრძანების ასლი (ს.ფ. 95. ტომი 2)

- ცნობის დედანი (ს.ფ. 26. ტომი 2)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს შრომითი მოვალეობები უხეშად არ დაურღვევია, რის გამოც მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია ტექნიკოსის შტატების შემცირების გამო, ამასთან, ტექნიკოსის ტოლფასი თანამდებობა შპს ჩ-----აში არ არსებობს, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი, 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომის ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

ა---- ნ-------–---–სა და შპს ჩ-----ას შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა განუსაზღვრელი ვადით შრომითი ურთიერთობას წარმოდგენდა.

 

მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომითი მოვალეობის დარღვევის გამო. ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

 

სასამართლომ მიაჩნია, რომ მოსარჩელეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, დაკისრებული ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია.

 

მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა იმის გამო, რომ იგი სისტემატიურად არ ატყობინებდა საწარმოს ხელმღვანელობას საქვაბის მუშაობაში ხარვეზების არსებობას, რის გამოც დანადგარს არ უტარდებოდა საჭირო სერვისული მომსახურება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა საქვაბის მუშაობის გაჩერების მიზეზად ვერ შეფასდება, რადგან საკვები ქარხნის მუშაობის კონტროლი, მათ შორის საქვაბის მუშაობის მონიტორინგი იყო ასევე სხვა თანამდებობებზე დასაქმებულთა მოვალეობაც. ამასთან, ა---- ნ-------–---–ის გარდა კიდევ ერთი ტექნიკოსი მუშაობდა, რომელსაც იგივე მოვალეობები ჰქონდა, თუმცა მას საქვაბის მუშაობისას შექმნილი პრობლემების გამო პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

 

საქვაბის მუშაობის შეჩერებისათვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ არც ერთ სხვა იმ დასაქმებულს, რომელთა მოვალეობაში ასევე შედიოდა საქვაბის მუშაობის ყოველდღიური მონიტორინგი და ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ა---- ნ-------–---–ი მენეჯერული თანამდებობის პირი არ იყო, იგი სამსახურებრივად ექვემდებარებოდა საკვები ქარხნის ხელმძღვანელს, რომლის მოვალეობაში იყო თითოეული დანადგარის გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების ზედამხედველობა და დოკუმენტირება. ქარხნების მოვლა-პატრონობისათვის და სწორად ექსპლოატაციისათვის ყურადღების მიქცევა, ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში გაუმართაობის შეფასება და საჭირო ტექნიკური ჯგუფის დროული გამოძახება. ამდენად, საკვები ქარხნის ხელმძღვანელს ეკისრებოდა ზედამხედველობის განხორციელება ქარხნის სწორი ექსპლოატაციისათვის, რაც ხელმძღვანელობითი ფუნქციის გათვალისწინებით მოიცავდა მის ვალდებულებას გაეცა მითითებები სწორი ექსპლოატაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების შესახებ, სამსახურებრივად მასზე დაქვემდებარებული დასაქმებულებისათვის მიეცა მითითებები სწორი ექსპლოატაციის მიზნით შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, მათი შესრულების პერიოდულობის თაობაზე.

 

ა---- ნ-------–---–ს ევალებოდა სისტემის გაწმენდა, ხელმძღვანელის ინფორმირება ხარვეზების შესახებ, მაგრამ იგი არ იყო ხელმძღვანელი პირი, იგი არ განსაზღვრავდა ექსპლოატაციის დროს საჭირო ორგანიზაციულ წესებს.

 

დამსაქმებლის პრეტენზია მოსარჩელის მიმართ არის ის, რომ არ შეატყობინა ხელმძღვანელს საქვაბის ექსპლოატაციის დროს გამოვლენილი ხარვეზის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება ბოილერის მუშაობის გაჩერების მიზეზად ვერ შეფასდება. დამსაქმებლის მიერ მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე დასაქმებულის ქცევა შესაძლებელია შეფასდეს როგორც გაუფრთხილებელი ქმედება, სამსახურებრივი მოვალეობის უგულისყუროდ შესრულება, დამსაქმებლის ინტერესებისადმი დაუდევრად მოპყრობა. დასაქმებულის პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ასევე დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი შრომითი მოვალეობის დარღვევასა და დანადგარის დაზიანებას შორის. შეტყობინების ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა მხოლოდ ა---- ნ-------–---–ს დაეკისრა, რაც იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ექსპლოატაციის საკითხები მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა და ამ მოვალეობის შეუსრულებლობას უშუალოდ მოჰყვა დანადგარის დაზიანება და ამ მოვალეობის შესრულების პირობებში შპს ჩ-----ა აიცდენდა დანადგარის გაჩერებას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ საქვაბის გაუმართაობა ა---- ნ-------–---–ის მიერ ექსპლოატაციის წესების დარღვევამ გამოიწვია ან შრომითი მოვალეობის რომელიმე ასპექტის მიმართ მისმა გულგრილმა დამოკიდებულებამ, მოვალეობის დაუდევრად შესრულებამ.

 

შპს „ჩ-----ას“ შინაგანაწესის 18-ე მუხლის მიხედვით, დასაქმებულის დისციპლინური დარღვევებს განეკუთვნება დასაქმებულის მიერ ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც უშუალო კავშირშია მატერიალურ ფასეულობასთან ან ფულთან და რასაც მოჰყვა კომპანიის ზარალი.

 

ხელმძღვანელობისათვის ხარვეზების შეტყობინების ვალდებულებით დასაქმებულს ეკისრება განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საწარმოს ინტერესების მიმართ, რომლის შეუსრულებლობა მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუ ამან გამოიწვია საწარმოს ქონებრივი ინტერესების ხელყოფა. ამ შემთხვევაში, დანადგარის მუშაობის შეჩერების მიზეზი არ იყო მხოლოდ ა---- ნ-------–---–ის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობა, ეს მოვალეობა მხოლოდ მას არ ეკისრებოდა, ეს იყო საქვაბეში დასაქმებული ყველა პირის ვალდებულება, რომელთაც ამ ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.

 

საკვები ქარხანაში დასაქმებული პირებიდან მთავარ ოპერატორს, ოპერატორ ტექნიკოსს და საწარმოს ხელმძღვანელს ეკისრებოდათ სისტემატიური კონტროლის ვალდებულება საწარმოს გამართულ მუშაობაზე, რაც გულისხმობს ხარვეზების აღმოფხვრის გეგმის დასახვას. ოპერატორ ტექნიკოსის გიორგი ილურიძის მიერ შედგენილ აქტებში მითითებულია მარტის და აპრილის თვეებში ხარვეზების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც მისივე განმარტებით აწვდიდა ა---- ნ-------–---–ი. სხვა პერიოდში ექსპლოატაციის რომელი კონკრეტული წესი არ სრულდებოდა, ამის შესახებ მოპასუხემ ვერ მიუთითა. ამასთან, ექსპლოატაციის წესების დარღვევა არც სხვა თანამდებობის პირებს გამოუვლენიათ, რომელთაც მათი ხელმძღვანელობითი ფუნქციიდან გამომდინარე ევალებოდათ სწორი ექსპლოატაციის უზრუნველყოფა და ამ პროცესზე მეთვალყურეობა.

ა---- ნ-------–---–ის მიმართ დამსაქმებლის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ექსპლოატაციის ხარვეზების დროული ინფორმირების შემთხვევაში პრობლემები გამოსწორდებოდა და საქვაბის შეჩერებას საწარმო აიცდენდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპლოატაციის პრობლემების შესახებ ინფორმირების ვალდებულება საკვების ქარხანაში დასაქმებულ ყველა პირს ევალებოდა, რის გამოც მხოლოდ მოსარჩელის მიერ ამ ვალდებულების დარღვევა საწარმოს ინტერესების ხელყოფას ვერ გამოიწვევდა.

 

აღნიშნული გარემოებები გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჩაუდენია შრომითი მოვალეობის დარღვევა, რასაც შეეძლო გამოეწვია დანადგარის დაზიანება და მისი მუშაობის შეჩერება, რის გამოც მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი დასაქმებულს არ ჰქონდა.

 

შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება, რადგანაც არ იყო შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა. შესაბამისად, 2016 წლის 5 მაისის ბრძანება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის დარღვეით არის გამოცემული და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ამის გამო ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

შრომითი მოვალეობის დარღვევის, როგორც სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის განმარტებისათვის სასამართლო მოიხმობს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, რომელიც ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება და უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა მართალია სახელშეკრულებო ურთიერთობაა, მაგრამ სხვა კერძოსამართლებრივი ურთიერთობისგან იგი იმით განსხვავდება, რომ დასაქმებული ერთგვარად დამსაქმებლისადმი დაქვემდებარებულ ურთიერთობაშია, ნებაყოფლობით თანხმდება დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ შემუშავებულ წესებს, შრომის დისციპლინას და შინაგანაწესს. ამ თავისებურების გათვალისწინებით შრომის კოდექსი დამსაქმებლის უფლებების დამცავ მთელ რიგ ნორმებს შეიცავს და ეფუძნება დასაქმებულის სასარგებლო წესთა უპირატესობის პრინციპს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინებაში (საქმე №ას-941-891-2015) განმარტებულია, რომ შრომის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის კონსტიტუციული უფლება, მნიშვნელოვანია კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“ ...... საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდაულური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნას ე.წ. „ფავორ პრესტატორის“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს, სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა“.

 

დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი, დისციპლინური სახდელების მიზანი მხოლოდ დასაქმებულის დასჯა არ არის. მისი მიზანია როგორც დარღვევის ჩამდენი დასაქმებულის, ისე სხვა დასაქმებულების საქმიანობაზე პრევენციული ზემოქმედება. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაა, რის გამოც მისი გამოყენება ისეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა დასაქმებულმა არსებითად დაარღვია მისი სამსახურებრივი ვალდებულება, რასაც მოჰყვა დასაქმებულის ინტერესების მნიშვნელოვანი დარღვევა. უხეშ დარღვევად შესაძლოა შეფასდეს სამსახურებრივი მოვალეობების სისტემატიურად დარღვევა, ასევე ერთჯერადად ჩადენილი დარღვევა, თუ ამან შექმნა საწარმოს ქონების და პირთა ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის საფრთხე.

 

შრომითი ურთიერთობა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა, რის გამოც დამსაქმებელს ევალება მისი სამსახურებრივი მოვალეობების გულმოდგინედ, გულისხმიერად შესრულება. მოსარჩელე ფაქტობრივად სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევრად შესრულების გამო გათავისუფლდა, თუმცა საქვაბის მუშაობის შეჩერების მიზეზი არ ყოფილა მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა. მოსარჩელე არ იყო მენეჯერული თანამდებობის პირი, რის გამოც ბოილერის ტექნიკურ გამართულობაზე სრული პასუხისმგებლობა მას არ ეკისრებოდა, ხოლო ბოილერის მუშაობის შეჩერების გამო მხოლოდ იგი გათავისუფლდა სამსახურიდან, დანადგარის გამართულ ექსპლოატაციაზე კონტროლის განმახორციელებელ და შესაბამისად პასუხისმგებელ პირებს კი რაიმე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.

 

კომბინირებული საკვების ქარხანაში დასაქმებულებიდან მხოლოდ ა---- ნ-------–---–ის თანამდებობრივ ვალდებულებაში არ შედიოდა ხელმძღვანელობის ინფორმირება ბოილერის ექსპლოატაციის ხარვეზების შესახებ, ასევე მხოლოდ ტექნიკოსის მოვალეობაში არ შედიოდა საწარმოს სისტემის გაწმენდა. სისტემის გაწმენდა მოსარჩელის შრომით მოვალეობაში არსებული ინდივიდუალურად მოსარჩელის მიერ შესასრულებელი მოვალეობა არ იყო, ტექნიკური სირთულის გამო ეს სამუშაო უნდა დაეგეგმა შესაბამისი მენეჯერული თანამდებობის პირს, რის გამოც ეს მიზეზები ა---- ნ-------–---–ის შრომითი მოვალეობის დარღვევად ვერ შეფასდება. ამასთან, ხელმძღვანელობის ინფორმირების ვალდებულება საკვებ ქარხანაში დასაქმებული ყველა პირის მოვალეობა იყო, რის გამოც ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა მხოლოდ მოსარჩელის პასუხისმგებლობის საფუძველი არ შეიძლება იყოს.

 

აღნიშნული გარემოებების გამო დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე გამოცემული ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ამ ბრძანებით ბოილერის მუშაობის ხარვეზის გამო სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ მოსარჩელეს დაეკისრა, ხოლო შრომის ხელშეკრულებით მას ბოილერის ექსპლოატაციის კონტროლის ფუნქცია არ ჰქონდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მიუხედავად, მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა შესაძლებელი არ არის. სასამართლო ასევე ვერ აღადგენს მოსარჩელეს „ტოლფას“ თანამდებობაზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

ამ ნორმის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო მოსარჩელე პირვანდელ სამუშაოზე უნდა აღდგეს, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას ტოლფას სამუშაოზე მისი დასაქმება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ნორმით დადგენილია ერთგვარი თანმიმდევრობა იმ ზომებისა, რომელთა მეშვეობითაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი უფლებები უნდა აღდგეს. კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. უკანონოდ გათავისუფლება ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობაზე, იმაზე არსებობს თუ არა ასეთი თანამდებობა, ასევე მხარეთა ორმხრივ პატივსადებ ინტერესებზე, მათ შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე.

 

თუკი დადგინდება, რომ სამუშაოზე აღდგენა შესაძლებელი არ არის, რიგითობით მომდევნო ზომაა ტოლფას სამუშაოზე დასაქმებულის აღდგენა. თუკი ტოლფასი სამუშაოც არ არსებობს, უკანონოდ დათხოვნილ პირს უნდა მიეცეს კომპენსაცია.

 

ამ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ საკვების ქარხნის ტექნიკოსის საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირებულია. ამჟამად გათვალისწინებულია ტექნიკოსის ერთი საშტატო ერთეული და ამ პოზიციაზე დასაქმებულია პირი, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების გამო არ წარმოშობილა, იგი ა---- ნ-------–---–ის საშტატო ერთეულზე დასაქმებული არ არის. ამდენად, მოსარჩელის საშტატო ერთეული გაუქმებულია და მისი ტექნიკოსის თანამდებობაზე სასამართლოს შესაძლებლად არ მიჩნია.

 

საკვებ ქარხანაში დასაქმებული სხვა თანამდებობების ინსტრუქციების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის დასაქმების შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ტექნიკოსის ფუნქციებით და შრომის ანაზღაურებით მასგავსი თანამდებობა შპს ჩ-----აში არ არის. ტოლფას თანამდებობას არ წარმოადგენს ოპერატორ მექანიკოსის პოზიცია, რადგან მის მოვალეობაში შედის ტექნოლოგიური ციკლის მონიტორინგი, რეცეპტების წარმოების პროგრამაში შეტანა, ქარხნის მართვის პანელის მართვა, წარმოების შედეგების ანალიზი და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ეფექტურ ოპერირებაზე პასუხისმგებლობა. ამდენად, ოპერატორ ტექნიკოსის ფუნქციაში შედის დანადგარის მართვის ორგანიზაციული საკითხები, რაც ტექნიკოსის ფუნქციებს აღმატება და ამის გამო ფუნქციურად მსგავსი არ არის. ასევე არ არის ტოლფასი საკვები ქარხნის თანამშრომლის თანამდებობა, რადგან ამ თანამდებობის ძირითადი ფუნქციაა ნედლეულის დასაწყობება და საკვების ტრანსპორტირება ფერმებში, ამასთან მისი შორმის ანაზღაურება ტექნიკოსის ანაზღაურებაზე 2-ჯერ ნაკლებია. საკვების ქარხანაში არსებული სხვა თანამდებობები მენეჯერული, ხელმძღვანელობითი თანამდებობია, მოსარჩელე კი ასეთ თანამდებობაზე დასაქმებული არი იყო.

 

ამდენად, მოსარჩელის შრომითი უფლებების რესტიტუცია შპს ჩ-----აში დასაქმებით შესაძლებელი არ არის. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაევალოს შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ასეთი - ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნის არარსებობისა, საქართველოს შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული ჩანაწერი, სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას თვითონ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია.

 

კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლს, რომლის სახელწოდებაა «დაცვის უფლება დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში“. ამ ნორმის „ბ“ პუნქტის მიხედვით, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ქარტიის ამ ნორმას საქართველოს მიერთებული არ არის, მაგრამ შრომის კოდექსი ამ ნორმის მსგავს რეგულაციას ადგენს. ამდენად, ევროპის სოციალური ქარტიის მსგავსად საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით სახელმწიფო აღიარებს საპატიო მიზეზის გარეშე დათხოვნილი პირისათვის კომპენსაციის გადახდის უფლებას. ამდენად, სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს უკანონოდ დათხოვნილი პირის უფლების აღდგენის ყველა კანონიერ შესაძლებლობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ეროვნული და არც საერთაშორისო კანონმდებლობა არ ადგენს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის პრინციპებს. შესაბამისად, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა დაადგინოს კომპენსაციის ოდენობა სამართლიანობის და გონივრულობის პრინციპის დაცვით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 აგვიტოს გადაწყვეტილებაში საქმე №ას-637-637-2018 საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, ხელახლა დასაქმების პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.“

 

ამ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებიდან გასულია ხანგრძლივი დრო, თითქმის 2 წელი, მხარეებს შორის უვადო შრომითი ურთიერთობა იყო ჩამოყალიბებული, რის გამოც უკანონოდ რომ არ დაეთხოვათ სამსახურიდან იგი ამ დრომდე შრომით ურთიერთობაში იქნებოდა. ამასთან, კომპენსაციის მიზანი არ არის შრომის ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული ქონებრივი დანაკარგის სრულად ანაზღაურება (ამ ინტერესების რეალიზაცია განაცდურის დაკისრებით ხდება), ფულადი კომპენსაციის მიზანი ერთგვარად არის დასაქმებულის მიერ განცდილი მორალური ზიანის კომპენსირება და დამსაქმებლისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პირის უკანონოდ დათხოვნისათვის. ამ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობად უნდა განისაზღვროს 18 თვის შრომის ანაზღაურება - 22 500 ლარი იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან გასულია ხანგრძლივი ვადა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნაზე სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტში ეკისრება მოპასუხეს და სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, რაც არის 675 ლარი. სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადსო შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ა---- ნ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ჩ-----ას დირექტორის 2016 წლის 5 მაისის №5/05/2016 ბრძანება ა---- ნ-------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. ა---- ნ-------–---–ს უარი ეთქვას შრომითი ურთიერთობის აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

1.3. შპს ჩ-----ას დაეკისროს ა---- ნ-------–---–ისათვის კომპენსაციის - 22 500 ლარის გადახდა;

2. შპს ჩ-----ას დაეკისროს ა---- ნ-------–---–ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;

3. შპს ჩ-----ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელწმიფო ბაჟის 375 ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი