გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/16168-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - შპს ,,ე--------------- +’’
წარმომადგენელი - თ--------------–---–ი
მოპასუხე - ა-----------–--ე
დავის საგანი -თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს ა-----------–--ეს შპს ,,ე--------------- +’’-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 1 104 აშშ დოლარის ოდენობით;
1.2. დაეკისროს ა-----------–--ეს შპს ,,ე--------------- +’’-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი 291 აშშ დოლარის ოდენობით;
1.3. დაეკისროს დაეკისროს ა-----------–--ეს შპს ,,ე--------------- +’’-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 438.90 აშშ დოლარის ოდენობით;
1.4. დაეკისროს ა-----------–--ეს შპს ,,ე--------------- +’’-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის სასამართლოში შეტანის დღემდე (2018 წლის 01 ივნისი) მიუღებელი შემოსავლის სახით დარიცხული სარგებელი - 448.96 აშშ დოლარის ოდენობით;
სასარჩელო განცხადება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 27 სექტემბერს შპს ,,ე--------------- +’’-ს და ა-----------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N1--------, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 27 სექტემბერს გაცემული შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ N1-------, მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3 000 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად სარგებლის - 217 აშშ დოლარის გადახდის სახით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ბ------.
მოპასუხის მიერ გადახდილია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული 18 თვის გადასახადი სრულად. მას მე-19 თვის (2017 წლის აპრილი) გადასახდელად ნაცვლად 217 აშშ დოლარისა, გადახდილი აქვს 40 აშშ დოლარი, რითიც არასრულად გაიქვითა აპრილის სარგებელი 55 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 15 აშშ დოლარი.
ამის შემდგომ მოპასუხეს აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით. შესაბამისად, 2015 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას ერიცხება დავალიანება, კერძოდ სესხის ძირი თანხა - 1 104 აშშ დოლარი, სარგებელი - 291 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 438.90 აშშ დოლარი. ამასთან პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 1.10 აშშ დოლარს და რაც მოსარჩელის მიერ სამჯერ შემცირებულია ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული).
გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე ერიცხება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის სასამართლოში შეტანის დღემდე დარიცხული სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით 448.96 აშშ დოლარის ოდენობით.
2018 წლის 26 თებერვალს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემის შესახებ, თუმცა მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია აღნიშნული ვალდებულება.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2018 წლის 09 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც, 2018 წლის 13 მარტს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილის ძებნა. აღნიშნულის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ავტომობილის მოძიება.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ა-----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 1 104 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებლის - 291 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
მოპასუხე ა-----------–--ემ მიუთითა, რომ არ ეთანხმება მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე. ამასთან, დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული და იგი უნდა შემცირდეს. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ 18 თვის მანძილზე კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ, იანვრის თვიდან კი შეექმნა ფინანსური პრობლემები და ამ მიზნით ავტომობილი გაასხვისა სიმონ თათარაშვილზე.. მათი შეთანხმების თანახმად, მომდევნო თვიდან სწორედ სიმონ თათარაშვილს უნდა გაეგრძელებინა სესხის თანხის გადახდა, ხოლო ავტომობილის საფასური უნდა დაეფარა მარტში. იანვრის თვეში ავტომობილი თითქმის სრულად განადგურდა. სიმონ თათარაშვილმა კი მხოლოდ სამი თვის თანხა მისცა სესხის გადასახდელად. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მას არ ჩაბარებია მოსარჩელის მოთხოვნა ავტომობილის გადაცემის თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 27 სექტემბერს შპს ,,ე--------------- +’’-სა და ა-----------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1-------, რომლის თანახმადაც საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 3 000 აშშ დოლარით.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს სესხის 5%-ს.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში მას გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაცილებული სესხის 0.3%-ის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა ნაკლებია 2 000 აშშ დოლარზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა შეადგენს 2 000 აშშ დოლარს, ან მეტია 2 000 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სესხის 0.2%-ის ოდენობით. პირგსამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი რვა დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულებია სესხის ნაწილში რა, დროსაც, მსესხებლისთვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოთ დაეკისრება გამსესხებლისთვის სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული ნაწილის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება, აგრეთვე გამსესხებლის სასარგებლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ან/და სხვა ნებისმიერი გადასახდელის გადახდა.
ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი: მარკა, მოდელი - ბ------ I, სარეგისტრაციო ნომერი - T------, გამოშვების წელი - 2---, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N –W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------.
აღნიშნული ხელშეკრულების შემდეგ ამავე თარიღში მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, მსესხებელს გადაეცა თანხა 3 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე შეთანხმების თანახმად, სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება 24 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ.17-22);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 23);
- სესხის დაფარვის გრაფიკი, დანართი N1, დანართი N2 (ს.ფ. 24-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ა-----------–--ის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილია თვრამეტი თვის გადასახადი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით სრულად. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის არასრული ბოლო გადახდა განხორცილებულია 2017 წლის აპრილში - 40 აშშ დოლარის ოდენობით. ამის შემდგომ მოპასუხეს არ განუხორციელებია გადახდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ. 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 23 თებერვალს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გირავნობის საგნის მისთვის გადაცემის მოთხოვნის შესახებ. მოპასუხეს აღნიშნული მიმართვა არ ჩაბარებია და შესაბამისად, არ განუხორციელებია გირავნობის საგნის მოსარჩელისთვის გადაცემა,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა, საფოსტო შეტყობინება (ს.ფ. 26-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 09 მარტს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის საგანზე: მარკა, მოდელი - ბ------ I, სარეგისტრაციო ნომერი - T------, გამოშვების წელი - 2---, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N –W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- გაიცა გირავნობის მოწმობა N0-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის N0----- საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 28);
- განცხადება (ს.ფ. 33);
- ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 34-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2016 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის N1---------ის ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 27 სექტემბერს გაცემული სესხის გადაცემის შესახებ N1-------- შეთანხმებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება : ძირი თანხა - 1 104 აშშ დოლარი, სარგებელი - 291 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი - 448.96 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 438.90 აშშ დოლარი და სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. მოპასუხე ა-----------–--ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 1 104 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებლის - 291 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ შპს ,,ე--------------- +’’-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა დავალიანების ძირითადი თანხის - 1 104 აშშ დოლარის და დარიცხული სარგებლის - 291 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, თავის მხრივ, მოთხოვნის ამ ნაწილში შპს ,,ე--------------- +“-ის სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ,,პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში მას გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაცილებული სესხის 0.3%-ის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა ნაკლებია 2 000 აშშ დოლარზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა შეადგენს 2 000 აშშ დოლარს, ან მეტია 2 000 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სესხის 0.2%-ის ოდენობით. პირგსამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 438.90 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს, 2015 წლის 27 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 50 აშშ დოლარის გადახდა.
6.3.დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი რვა დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულებია სესხის ნაწილში რა, დროსაც, მსესხებლისთვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოთ დაეკისრება გამსესხებლისთვის სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული ნაწილის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება, აგრეთვე გამსესხებლის სასარგებლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ან/და სხვა ნებისმიერი გადასახდელის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაეკისროს ა-----------–--ეს შპს ,,ე--------------- +’’-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის სასამართლოში შეტანის დღემდე (2018 წლის 01 ივნისი) მიუღებელი შემოსავლის სახით დარიცხული სარგებელი - 448.96 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს და განსაზღვრავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი. მოსარჩელე გარდა დარიცხული სარგებლისა ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოსარჩელეს არ მიუთითებია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რითიც უცილობლად დადასტურდებოდა მისი ინტერესი აღნიშნული მოთხოვნის მიმართ და რაც განაპირობებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტით მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით 448.96 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 173.79 (ს.ფ. 51) ლარი. სასარჩელო მოთხოვნათა ჯამის გათვალისწინებით (2282.86 აშშ დოლარი, რომელიც გადახდის დღისათვის ერთ აშშ დოლართან მიმართებით არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის (2.4719) თანახმად უდრის 5 643 ლარს), მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 169.29 ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4.49 ლარი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის, ჯამში - 1 395 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 103.44 ლარი.
დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არ ცნობილი მოთხოვნის (50 აშშ დოლარი) ნაწილში გადასახდელი ბაჟი - 3.70 ლარის ოდენობით კი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს მხოლოდ სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის და გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარის დაკისრება. არ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის (837.86 აშშ დოლარი) ნაწილში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 62.13 ლარის ოდენობით კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ე--------------- +’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. დაეკისროს ა-----------–--ეს შპს ,,ე--------------- +’’-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 1 104 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს ა-----------–--ეს შპს ,,ე--------------- +’’-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 291 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. დაეკისროს ა-----------–--ეს შპს ,,ე--------------- +’’-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 50 აშშ დოლარის გადახდა;
1.4. არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა ა-----------–--ისთვის შპს ,,ე--------------- +’’-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის სასამართლოში შეტანის დღემდე (2018 წლის 01 ივნისი) მიუღებელი შემოსავლის სახით დარიცხული სარგებელის - 448.96 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე;
2. მოსარჩელე შპს ,,ე--------------- +’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ 31.05.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 173.79 ლარიდან 107.93 ლარი (გადამხდელი შპს ,,ე--------------- +’’, ბანკის კოდი : TRESGE22, ს/კ:4--------, საგადასახადო დავალება N1---------);
3. მოპასუხე ა-----------–--ეს შპს ,,ე--------------- +’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3.70 ლარის, გირავნობის მოწმობის საზღაურის - 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 62.13 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია