გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2018
საქმის ნომერი
330210018002552569
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21822 -18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე: ნი----–------ე

 

მოპასუხე: შპს ”ცე------------------ი”

მოპასუხის წარმომადგენელი: მა------–--–------ე

 

დავის საგანი: უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნი----–------ის მესაკუთრედ ცნობა უძრავი ქონებისა, მდებარე: ქ. თბილისი, კო-----------ის ქ. №-- (ყოფილი ხო–-------–ის ქ. N--), კორპუსი 2- სადარბაზო--- სართული 1-- ბინა №--- ფართი 39.15 კვ.მ. საკადასტრო კოდი 01.13.05.004.0---

 

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 14 ნოემბერს შპს „ცე------------------სა“ და ნი----–------ეს შორის გაფორმდა საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ N 2--------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხე იღებდა ვალდებულებას მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა საერთო ფართით 39.15 კვ.მ. 2009 წლის მარტში. უძრავი ქონების ღირებულებად განისაზღვრა 19 575 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელემ სრულად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა, უძრავი ქონება საკუთრებაში არ გადაცემია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად იქნა შესრულებული და სრულად აქვს გადახდილი შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება.

მოპასუხე განმარტავს, რომ შპს ”ცე------------------ი” არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, რამაც დააბრკოლა მოსარჩელის რეგისტრაცია უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელს, არც შესაგებლით და არც სასამართლოს სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია არც ერთი ფაქტობრივი გარემოება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ხო–-------–ის ქ. N--, ამჟამად კო-----------ის ქუჩა N--, კორპ. 2- სად. 3, სართული 1-- ბინა 7-- საკადასტრო კოდი 0--1--0--004.0-- მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ”ცე------------------ი” (ს/ნ 2--------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, ოქმი)

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-26)

 

3.1.2. 2006 წლის 14 ნოემბერს შპს „ცე------------------სა“ და ნი----–------ეს შორის გაფორმდა საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ N 2--------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხე იღებდა ვალდებულებას მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა საერთო ფართით 39.15 კვ.მ. 2009 წლის მარტში. უძრავი ქონების ღირებულებად განისაზღვრა 19 575 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2)

2006 წლის 14 ნოემბრის N2--------- ხელშეკრულება მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ (ს.ფ. 16- 24)

 

3.1.3. ნი----–------ეს შპს „ცე------------------ისთვის“ გადახდილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ს.ფ. 46-65)

 

3.1.4. შპს ”ცე------------------ი”-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, უძრავი ქონების ნი----–------ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მყიდველის სახელზე აღრიცხვა, არ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2)

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 95)

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-34)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს ”ცე------------------ი”-მ ცნო სარჩელი ნი----–------ის უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, 629-ე, 477-ე მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოსარჩელე ნი----–------ესა და მოპასუხე შპს ,,ცე------------------ი”-ის შორის ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის სახელშეკრულების საფუძველზე. ნი----–------ემ შეასრულა თავისი ვალდებულება და გადაიხადა შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. დადგენილი და სადავო არ არის, რომ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის დაზუსტებული ფართობი შეადგენს 6328.00 კვ. მეტრს წარმოადგენს შპს „ცე------------------ი“-ს საკუთრებას, რომელმაც თავის მიერ შეძენილი მასალით დაამზადა გვაროვნული ნივთი, ბინა, (ბინები). გვაროვნულია ნივთი, რომელიც ნომრით ან ზომით აღინიშნება სამოქალაქო ბრუნვაში და არ არის გამორჩეული რაიმე ისეთი ინდივიდუალური ნიშნით, რომლის ჩამანაცვლებელი არ არსებობს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ შპს „ცე------------------ი“-ს მიერ სარეალიზაციოდ აშენებულია ჩანაცვლებადი, ერთგვაროვანი ისეთი ბინები, როგორიც მან შესთავაზა მოსარჩელეს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ის არ გამოირჩევა რაიმე ინდივიდუალური მახასიათებლით, მაგალითად განსაკუთრებული ხედით ან სხვა რაიმე ნიშნით, რომელიც ჩაუნაცვლებადია. „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ” №2--------- ხელშეკრულების 2.1. ქვეპუნქტის თანახმად მოპასუხემ სწორედ ამგვარი ერთგვაროვანი ბინის რეალიზაცია განახორციელა, რომლის საკუთრების უფლებით გადაცემასაც ითხოვს მოსარჩელე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ეს ვალდებულება წარმოშობილი 2006 წლის თებერვლიდან შპს „ცე------------------ი“-ს ავალდებულებდა მოსარჩელისათვის გადაეცა ბინაზე საკუთრების უფლება.

 

6.2. მოპასუხე შპს ,,ცე------------------ი”-ის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა სარჩელის ცნობა, რომელიც, მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით, თვისობრივად არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია, სხვისთვის ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისაკენ, რაც შესაძლოა, იქცეს საჯარო რეესტრში მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო ქონებაზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების საფუძვლად, რისი მიღწევაც მოსარჩელეს შპს ,,ცე------------------ი”-ის მხრიდან დამატებითი მოქმედების შესრულების გარეშეც შეიძლება განხორციელდეს სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით ერთპიროვნულად. აქედან გამომდინარე, სარჩელის ცნობის მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსი არის განკარგვითი ხასიათის გარიგება. გარიგება შესაძლოა, ბათილი იყოს თუ იგი არღვევს კანონით დადგენილ წესს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით.

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 193-ე მუხლი, სუბიექტს უზღუდავს „შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონებისა და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის“ განკარგვის უფლებას, რათა არ დაზიანდეს სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორების ინტერესები, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ან კერძო პირი. ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით ეს შეზღუდვა უნდა ვრცელდებოდეს მოვალის მთელ ქონებაზე და კრედიტორების უფლებამოსილებაა მისი ნებისმიერი ნაწილიდან დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, მე-193 მუხლის ამდაგვარი განმარტება მატერიალურ საფუძველს აცლის სარჩელის ცნობის შესახებ გამოვლენილ ნებას კანონთან წინააღმდეგობის გამო. თუმცა, სასამართლო თვლის, რომ ეს შეზღუდვა ასევე განმარტებულ უნდა იქნას მისი მიზნებისა და სამართლებრივი შედეგების გათვალიწინებით. კანონის ჩანაწერი მართალია, შეიძლება, გულისხმობდეს პოტენციურად მოვალის მთელ ქონებაზე განკარგვის უფლების შეზღუდვას, თუმცა იგი ზოგადად განკარგვითი გარიგების აკრძალვას არ ემსახურება და მისი მიზანია, იმ კონკრეტული პირების მიმართ ბათილობის შედეგის გამოწვევა, რომლის დაცვასაც იგი ემსახურება. ამ შემთხვევაში ასეთი პირები მოვალეთა რეესტრში შპს ,,ცე------------------ი”-ის კრედიტორი არის სახელმწიფო და/ან კერძო პირი, (პირები) რომელთაგან არც ერთს არ დაუყენებია აღსრულების მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობა სადავო ქონებასთან მიმართებაში. კანონმდებლის ნებას განსახილველი ნორმის რელატიური ბათილობის გამოწვევის შედეგთან დაკავშირებით ადასტურებს ასევე იმავე მუხლში მოცემული გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც განკარგვა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს, თუკი ამას ეთანხმება კრედიტორი. ამ დასკვნას ასევე ამყარებს სარჩელის ცნობის საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. სარჩელის ცნობა, საპროცესო მოქმედებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის გაგებით, რომლის მართლზომიერად განხორციელებისათვის ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, უძრავ ნივთზე, რომლის ნაწილიცაა სადავო ქონება არ ფიქსირდება რაიმე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა და ეს კონკრეტული ქონება არ არის მიქცეული იძულებით აღსრულებაში. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 14 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტორო კოდი: № 0--1--0--0---0--, დგინდება, რომ ამონაწერი არ ასახავს მონაცემებს დამოუკიდებელ უფლების ობიექტზე /ობიექტებზე რეგისტრირებული უფლებების (გარდა საკუთრების უფლებისა), ვალდებულებების და საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ. (იხ. ს.ფ. 25-34) ცხადია, რომ ქონების რეგისტრაციის თარიღის გათვალისწინებით, ნებისმიერ კრედიტორს სრული შესაძლებლობა ჰქონდა თავის ინტერსების დასაკმაყოფილებლად იძულებითი აღსულება ასევე მიემართა სადავო ქონებაზე, რაც არ განუხოციელებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა მეტყველებს იმაზე, რომ კანონმდებელს სააღსრულებო წარმოებათა შესახემ კანონის 193-ე მუხლით არ სურდა დაეწესებინა უპირობო აბსოლუტური აკრძალვა ქონების განკარვაზე, არამედ მისი მიზანი იყო მოვალისათვის აეკრძალა მხოლოდ იმ ქონების განკარგვის უფლებამოსილება, რომელზედაც დავის მომენტისათვის ფიქსირდება კრედიტორის ინტერესი. (საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა) აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის ცნობის საპროცესო მოქმედების განხორციელებას არც პროცესუალურ-სამართლებრივი და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სადავო ქონებასთან მიმართებით დაბრკოლება არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით მოსარჩელე ნი----–------ის მიმართ და იგი ნამდვილად უნდა ჩაითვალოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კრედიტორი - სახელმწიფო ან კერძო პირი, მომავალში გადაწყვეტს, რომ განახორციელოს თავის მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მეშვეობით სადავო კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით, სარჩელის ცნობით არ უნდა შეექმნას პრობლემა, რადგან საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მეშვეობით არსებობს შესაძლებლობა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევისა. მიუხედავად ამის, ასეთი ღონისძიებისათვის მიმართვა, თავის მხრივ, სახელმწიფოს დისკრეციის ნაწილია და იგი უნდა განხორციელდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით, რომელიც განმტკიცებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლით. საწინააღმდეგო განმარტების შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, მივიღებდით სურათს, სადაც სადავო ქონება, რომელშიც მოსარჩელეს გადახდილი აქვს ნარდობის საფასური, ფაქტიურად ცხოვრობს (ფლობს) რამდენიმე წლის განმავლობაში, სრულად პოტენციურად მოექცეოდა კრედიტორის ზემოქმედების სფეროში შპს „ცე------------------ი“-ს საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, რაც ფაქტობრივად იმას გულისხმობს, რომ მოპასუხეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაეკისრებოდა შპს „ცე------------------ი“-ს ვალდებულებები სახელმწიფოს ბიუჯეტის ან სხვა კრედიტორის წინაშე. ამგვარი შედეგი შეუთავსებელი იქნებოდა სამართლიანობის პრინციპთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრედიტორი გადაწყვეტდა ემოქმედა შესაბამისად და მიემართა იძულებითი აღსულება სადავო ქონებაზე. ასეთი მოქმედებით კრედიტორი მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილ თანხებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიმართავდა შპს „ცე------------------ი“-ს საგადასახადო ვალდებულებების, ან სხვა კრედიტორის ვალების გასტუმრებისაკენ. საჯარო-სამართლებრივი უფლების ამგვარად რეალიზაცია წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებულ დანაწესთან, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსიდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხემ შესაგებლით ცნო სარჩელი, მოსარჩელე ნი----–------ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 436.12 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნი----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1 ნი----–------ე ცნობილ იქნას ქ. თბილისში, კო-----------ის ქ. N---ში (იგივე ხო–-------–ის ქ. N---ში) მდებარე მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო ზონა - თბილისი, კოდი 01, სექტორი - დი-----ე, კვარტალი ----- ნაკვეთი - 0------ ფართობი - 6 328.00 კვ.მ., მისამართი - ქალაქი თბილისი, სანაპირო კო-----------ის N----ში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0--1--0--0---0--, მე-2--ორპუსის, მე-3--ადარბაზოს, მ---- სართულის, ბინა N----ის (ფართი - 39.15 კვ.მ.) მესაკუთრედ და საჯარო რეესტრში აღირიცხოს ნი----–------ის საკუთრებად უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.

 

2. ნი----–------ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 28 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 436.12 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება №-).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მ---- კმ, №6).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე