განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2----18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–------–-------ა
სტაჟიორ-პროკურორი - ან---------------–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნო------–--–--ე, გო-----------–---–ი
ბრალდებული - ჯე-----------ა, დაბადებული 1--- წლის 5---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ს----------------–--–------, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 00:05 საათზე, წარსულში ქურდობისთვის არაერთხელ ნასამართლევი ჯე-----------ა ქ. თბილისში, მეტროსადგურ „--------–---------------- არსებულ სავაჭრო ცენტრ „---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გე-–------–---ს მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო მიკროავტობუსიდან (სახელმწიფო ნომრით T------) ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა გე-–------–---ს კუთვნილ ფულად თანხას 26 ლარის ოდენობით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ჯე-----------ას მხრიდან, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ გე-–------–---ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შპს „თ---–-–---–-“ №--- სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლად. მიკროავტობუსი მარშუტის მიხედვით, გადაადგილდება ქ. თბილისში, მეტროსადგურ „--------–----------------- გ-–------------ მ/რაიონის მიმართულებით. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 10:00-11:00 საათის პერიოდში, მიკროავტობუსი გააჩერა მეტროსადგურ „--------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, თავად გადავიდა ა/მანქანიდან დაახლოებით 15-20 მეტრის მოშორებით ყავის დასალევად, მგზავრების ამოსასვლელი კარი კი, დატოვა ღია. დაზარალებულის განმარტებით, მას ხურდა ფული ჩვეულებისამებრ ედო ე.წ. „ტორპედოზე“ განთავსებულ სპეციალურ დაფაზე. მანვე განმარტა, თუ როგორ დაინახა რამდენიმე წუთში პოლიციის ა/მანქანა, რისთვისაც თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა მოგვიანებით, შეიტყო, რომ მის მიკროავტობუსში ასული პირის გაქცევა იყო პოლიციელების მისვლისა და ხმაურის გამომწვევი მიზეზი. მოწმის თქმით, შემთხვევის ადგილზე მის მისვლამდე პოლიციელებს უკვე დაკავებული ჰყავდათ ზემოხსენებული პირი ა/მანქანიდან ფულის მოპარვის გამო, რომელსაც ჯიბეში აღმოაჩნდა ხურდა ფული (ერთლარიანები), საერთო ჯამში 26 ლარის ოდენობით. ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა კატეგორიულად განმარტა, რომ მიკროავტობუსში დატოვებული ხურდა ფულის (რომლის ზუსტი ოდენობაც არ ახსოვს) ნაწილი აღარ დახვდა ადგილზე. მოწმემ განმარტა, რომ შორიდან დაინახა, თუ როგორ ავიდა ჯე-----------ა (როგორც მოგვიანებით შეიტყო ვინაობა) მიკროავტობუსში, სადაც უკვე იჯდა რამდენიმე მგზავრი, დადგა მძღოლის სავარძელთან საეჭვოდ და აკეთებდა რაღაცას, რაზეც მან ხმამაღლა დაიძახა „მე მგონი ფულს იპარავს“ და დაიძრა ადგილიდან მისი მიმართულებით. სიტყვები „მე მგონი ფულს იპარავს“ დაზარალებულმა თქვა ვარაუდის საფუძველზე, ვინაიდან არც მოპარვის ფაქტი დაუნახავს და არც მგზავრებისთვის უკითხავს რამე. დაზარალებულისთვის აგრეთვე უცნობია, გამოკითხა თუ არა პოლიციამ მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები. ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაზარალებულმა განმარტა, რომ ხედავდა მგზავრების ასასვლელ მხარეს, თუმცა როგორ ავიდა ჯე-----------ა მიკროავტობუსში, არ დაუნახავს. მან უშუალოდ დაინახა, რომ ჯე-----------ას მძღოლის სავარძელთან დგომის ფაქტი, თუმცა რას აკეთებდა, მისთვის უცნობია. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მის ფულს რაიმე ამოსაცნობი ნიშანი არ გააჩნდა და ზუსტად მითითება, თუ რა ოდენობის თანხა მოპარეს, არ შეუძლია. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, დაკავების მომენტში ჯე-----------ა პოლიციელებს ეუბნებოდა: „არ დამიჭიროთ ცოდო ვარ“-ო.
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ გო-------------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 14 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თანამშრომლებთან - პა----------------სთან და ზვ-----–---–-----თან ერთად, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „--------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ შეამჩნიეს ახალგაზრდა პირი, რომელიც ადიოდა №--- სამგზავრო მიკროავტობუსში. ყურადღების მიქცევა გამოიწვია თავად ამ პირის ქმედებამ, იგი მიკროავტობუსში ასვლისას მძღოლის მიმდებარედ არსებულ ე.წ. „ტორპედოზე“ სინჯავდა რაღაცას. მოწმის განმარტებით, მან და მისმა თანამშრომლებმა იფიქრეს, რომ აღნიშნული პირი იყო მძღოლის ახლობელი, რის გამოც რეაგირების გარეშე განაგრძეს მუშაობა. მოწმემ დაადასტურა, რომ რამდენიმე წუთში მათთან მივიდა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელმაც მიუთითა ჯე-----------აზე და განუცხადა, რომ ამ უკანასკნელმა მოპარა ე.წ. „ტორპედოზე“ არსებული ფულადი თანხა. მათ აღნიშნულის საფუძველზე, დაახლოებით 20-30 მეტრის მოშორებით, შეაჩერეს მძღოლის მიერ მითითებული პირი და კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოუღეს 26 ლარის ხურდა ფული და მობილური ტელეფონები, რის საფუძველზეც დააკავეს ბრალდებულის სახით. მოწმის განმარტებით, დაკავებისას ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა მან აღნიშნული არ შეიტანა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში, ვინაიდან საჭიროდ არ მიიჩნია ამ ინფორმაციის ასახვა. მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ უშუალოდ ქურდობის ფაქტი მას და მის თანამშრომლებს არ დაუნახავთ.
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ პა---------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 14 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თანამშრომლებთან - გო-------------სთან და ზვ-----–---–-----თან ერთად, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „--------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შეამჩნიეს ახალგაზრდა პირი, რომელიც ადიოდა №--- სამგზავრო მიკროავტობუსში. მათი ყურადღება მიიქცია ამ პირის ქმედებამ, კერძოდ, იგი მიკროავტობუსში ასვლისას მძღოლის მიმდებარედ არსებულ ე.წ. „ტორპედოზე“ სინჯავდა რაღაცას. მოწმის განმარტებით, მან და მისმა თანამშრომლებმა იფიქრეს, რომ აღნიშნული პირი იყო მძღოლის ახლობელი და მათ რაიმე რეაგირება არ მოუხდენიათ. მოწმემ დაადასტურა, რომ რამდენიმე წუთში მათთან მივიდა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც იძახდა, რომ მიკროავტობუსიდან მოპარეს ხურდა ფული. ამ უკანასკნელმა მათ მიუთითა ჯე-----------აზე, როგორც სავარაუდო დამნაშავეზე. აღნიშნულის საფუძველზე, მათ შეაჩერეს მძღოლის მიერ მითითებული პირი და კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოუღეს 26 ლარის ხურდა ფული და მობილური ტელეფონები. ამის შემდეგ, ჯე-----------ა დააკავეს ბრალდებულის სახით. მოწმემ დაადასტურა, რომ უშუალოდ ქურდობის ფაქტი მათ არ დაუნახავთ და არც მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები გამოუკითხავთ. აღნიშნულის მიზეზად მოწმემ მიუთითა ბრალდებულთან მათი ყოფნის საჭიროება.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ ზვ-----–---–-----ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 14 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თანამშრომლებთან - გო-------------სთან და პა----------------სთან ერთად, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „--------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შეამჩნიეს პირი, რომელიც ადიოდა №--- სამგზავრო მიკროავტობუსში. ყურადღების მიქცევა გამოიწვია თავად ამ პირის ქმედებამ, იგი მიკროავტობუსში ასვლისას გაჩერდა მძღოლის სავარძელთან. მოწმის განმარტებით, მან და მისმა თანამშრომლებმა იფიქრეს, რომ აღნიშნული პირი იყო მძღოლის ახლობელი. მოწმემ დაადასტურა, რომ რამდენიმე წუთში მათთან მივიდა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც იძახდა, რომ მიკროავტობუსიდან მოპარეს ხურდა ფული. მოწმის განმარტებით, ისინი დაედევნნენ მძღოლის მიერ აღწერილ სავარაუდო დამნაშავეს. აღნიშნულის საფუძველზე, მათ შეაჩერეს ჯე-----------ა და კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოუღეს 26 ლარის ხურდა ფული და მობილური ტელეფონები. აღნიშნულის საფუძველზე, მათ ჯე-----------ა დააკავეს ბრალდებულის სახით. მოწმემ დაადასტურა, რომ უშუალოდ ქურდობის ფაქტი მათ არ დაუნახავთ.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ალ------------------ს განმარტებით, ჯე-----------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ჩაუტარდა სამი კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა 2----–--–--------–--–-----------–--–-. კომისიური ექსპერტიზის წარმოების პროცესში დინამიკაში შესწავლილ იქნა წინა ექსპერტიზების დროს არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები, მათი კომისიის კვლევის მონაცემები და ექსპერტთა კომისიამ დაადგინა, რომ ჯე-----------ა არის ქრონიკული პაციენტი, რომელსაც განკურნების პერსპექტივა არ გააჩნია.
3.6. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჯე-----------ასგან, რომელიც დაკავებულ იქნა 2018 წლის 14 მაისს, პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა 26 ცალი ერთლარიანი მონეტა, 1 ცალი „ჰუავეის“ და 1 ცალი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი. რაიმე შენიშვნა ან განცხადება ოქმზე არ აღინიშნება.
3.7. ბრალდებულმა ჯე-----------ამ უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე. მიზეზად მიუთითა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება განაჩენი ნასამართლობაზე. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. აღნიშნულის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------- განაჩენი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენი, წარმოადგენს პრეიუდიციას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მიერ, ასევე სადავოდ არ იქნა მიჩნეული: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- განჩინება, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინება, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2----–-–--------------- №0--------- გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინება სასჯელის გადავადებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შპს „ვექტორის“ ექსპერტის №0-------------------------------- დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულების - CD-R დისკის გახსნისა და დათვალიერების ოქმი და საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ჯე-----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 26 ცალი ერთ ლარიანი მონეტა და ერთი ცალი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
3.9. ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
3.10. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83, 06/12/1988, §68).
3.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, არის თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაში და რამდენად აკმაყოფილებენ ისინი როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. უპირველესად, სასამართლო მიმოიხილავს დაზარალებულ გე-–------–---ს ჩვენებას, რომელზეც, როგორც ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებაზე, აპელირებდა ბრალდების მხარე თავის დასკვნით სიტყვაში და განმარტავს, რომ აღნიშნული ჩვენება ნაწილობრივ ვერ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაშია არა მხოლოდ საქმეში არსებულ სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, არამედ უშუალოდ თავისი ჩვენების ნაწილთანაც. კერძოდ, პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა ჯე-----------ას დანახვის ფაქტი მიკროავტობუსში ასვლის მომენტში, აგრეთვე ის გარემოება, თუ როგორ დაიძახა ხმამაღლა სიტყვები: „ფულს იპარავს“. ბრალდების მხარის მიერ დასმულ შეკითხვაზე გაცემული პასუხისგან განსხვავებულად უპასუხა მოწმემ ადვოკატს ანალოგიურ შეკითხვაზე, კერძოდ, განმარტა, რომ არ დაუნახავს, თუ როგორ ავიდა ჯე-----------ა მიკროავტობუსში. აღნიშნული გარემოება სასამართლოს აძლევს იმის საფუძველს, რომ დაზარალებულის ჩვენება შეაფასოს, როგორც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის შემცველი, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული ამ ნაწილში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მთლიანი ჩვენების უგულვებელყოფის მიზეზი, რის გამოც, სასამართლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში იღებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, რა დროსაც ორივე მხარის შეკითხვაზე, ცალსახად და დადასტურებულად განაცხადა, რომ მას ჯე-----------ას მიერ ფულის აღების მომენტი არ დაუნახავს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ დაზარალებული თავისი ჩვენების არცერთ ნაწილში არ ამბობს, რომ იგი მივიდა პოლიციელებთან და აცნობა დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ, მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, შემთხვევის ადგილზე მყოფმა სამივე პოლიციელმა ერთხმად დაადასტურა დაზარალებულის მათთან მისვლის ფაქტი. მათი თქმით, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა ჯე-----------ას შეჩერების მიზეზი.
3.12. სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი ფაქტების ურთიერთშეჯერების შედეგად, სრულიად მართებულად უჩნდება კითხვა გამოძიების არასრულყოფილად ჩატარებასთან დაკავშირებით: რატომ არ გამოკითხა პოლიციამ უშუალოდ მიკროავტობუსში მსხდომი პირები? აღნიშნულ პირებს თავიანთი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ჰქონდათ შესაძლებლობა დაენახათ ჯე-----------ას მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, მიკროავტობუსში ასვლის მომენტიდან მის ჩასვლამდე. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ობიექტურ მიზეზად ვერ მიიჩნევს მოწმე პა---------------ის განმარტებას, რომლის თანახმად, იგი მიკროავტობუსში მყოფი პირების გამოუკითხველობის ფაქტს, ხსნის პოლიციელების მიერ ბრალდებულთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით. სასამართლოს შეფასებით, შემთხვევის ადგილზე პოლიციელთა რაოდენობა (შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სამი პოლიციელი) და ის ფაქტი, რომ ბრალდებულის მხრიდან სამართალდამცავი პირების მიმართ რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია (ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, შეეძლოთ გამოეძახებინათ დამატებითი საპატრულო ეკიპაჟი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა), ადასტურებს, რომ პოლიციელებს არ გააჩნდათ რაიმე მიზეზი, რაც გაამართლებდა მიკროავტობუსში ქურდობის შესაძლო შემსწრე პირების გამოუკითხველობის ფაქტს.
3.13. საგულისხმოა, რომ ბრალდებულ ჯე-----------ასგან ამოღებული ხურდა ფული 26 ლარის ოდენობით, არ შეიცავს რაიმე დამახასიათებელ ნიშან-თვისებას, რაც განასხვავებდა მას სხვა ფულისგან. შესაბამისად, ცალსახად დადასტურებულად იმის თქმა, რომ ჯე-----------ასგან ამოღებული ფული ეკუთვნის დაზარალებულ გ--–------–----, შეუძლებელია. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ზუსტად არ იცის, თუ რა ოდენობის თანხა მოპარეს (მან ჩვენების მიცემისას არ გამორიცხა, რომ ჯე-----------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხიდან, რამდენიმე ლარი მისი საკუთრება ყოფილიყო). სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავებული ვითარება გვექნებოდა, თუკი ბრალდებულისგან ამოღებული ნივთი/საგანი იქნებოდა იმგვარი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისების მატარებელი, რომელიც გაუადვილებდა მესაკუთრეს მის ამოცნობას (მაგალითად: საფულე, ტელეფონი, ბეჭედი და სხვა). ამ კუთხით საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბრალდებული ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. პირის გამართლების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მითითებულია ის გარემოება, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული „ვალიუმის“ და აფთიაქის დაყაჩაღების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „ვალიუმის“ იდენტურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, საქმე № 570აპ-16, §14).
3.14. სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას დაკავების მომენტში ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთის მხრივ დაფუძნებულია მოწმე გო-------------ს, ხოლო მეორეს მხრივ - დაზარალებულ გე-–------–---ს ჩვენებებზე, რადგან აღნიშნული ჩვენებები ცალსახად არ ადასტურებენ ხსენებულ ფაქტს. კერძოდ: მოწმე გო-------------ს განმარტება ჯე-----------ას მიერ ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, არ არის ასახული დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში. ამასთან, მისი ჩვენების ეს ნაწილი ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მეორე გამომძიებლის - ზვ-----–---–-----ის ჩვენების იმ ნაწილს, როდესაც მან დადასტურებულად განაცხადა, რომ ჯე-----------ას დაკავების მომენტში, მომხდართან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი მიუთითებს, თუ როგორ ეუბნებოდა ჯე-----------ა პოლიციელებს სიტყვებს: „არ დამიჭიროთ, ცოდო ვარ“, აღნიშნული წარმოადგენს შეფასებით საკითხს. სასამართლო განმარტავს, რომ ცალკე აღებული ეს განმარტება, არ შეიძლება აღქმულ იქნას ქურდობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ალბათობა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ეთქვა უდანაშაულო პირსაც, იგივეა რაც საპირისპირო შემთხვევაში. შესაბამისად, ჯე-----------ას მიერ დაკავების მომენტში გაჟღერებული ფრაზა: „არ დამიჭიროთ, ცოდო ვარ“, არ გამოდგება ფაქტის უარყოფის ან დადასტურების მტკიცებულებად.
3.15. სასამართლო იზიარებს ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93, 29/05/1997, §43). მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ თვლის ისეთ საკითხებზე მსჯელობას, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
3.16. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ როგორც სადავოდ, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში - ევროპული კონვენცია) მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მოიცავს უფლებას, სასამართლო პროცესზე მოუსმინონ მხარეებს. პროცესში ჩართულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები თავად, ან სათანადოდ წარმოდგენილი სამართლებრივი წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლოები ვალდებულნი არიან, სათანადოდ გამოიკვლიონ მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი ან მტკიცებულება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19/04/1994, §61). სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანი განხორციელების წინაპირობაა, ორივე მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, ჰქონდეთ ინფორმაცია საქმეში არსებულ დოკუმენტებსა და მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებსა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz-Mateos v. Spain, №12952/87, 23/06/1993, §63).
4.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: „შეჯიბრებითობის პრინციპის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს პროცესის მხარე შესაძლებლობით, გაეცნოს, აზრი გამოთქვას და თუ ეს მის ინტერესებშია გააქარწყლოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნოს სასამართლო თავისი პოზიციის სისწორეში, წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 29 სექტემბრის № 3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-18).
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა საქართველოს სსსკ-ის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების შესაფასებლად, აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვის ყველა ეტაპში.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5.2. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.
5.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს. კერძოდ, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
5.4. ამდენად, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, ადგენს: ა) არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯე-----------ას მიერ ფულის დაუფლების ფაქტს; ბ) დაუდგენელია დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ზუსტი ოდენობა, რაც გამორიცხავდა მის კუთვნილებას ამოღებულ თანხაზე ან მის ნაწილზე; გ) არ არსებობს ამოღებული ნივთმტკიცებისთვის (ხურდა ფულისთვის) დამახასიათებელი რაიმე ნიშან-თვისება, რაც დაადასტურებდა ჯე-----------ასგან ამოღებული ფულისა და დაზარალებულის კუთვნილი ფულის იდენტურობას. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასაკმარისი და ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიათის გათვალისწინებით, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების უფლების დაცვისა და მისი შეზღუდვის შემთხვევაში, ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობის და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია ჯე-----------ას ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება. ამასთან, ვინაიდან არ არსებობს ქურდობის შემადგენლობის ელემენტები, სასამართლო მის დამამძიმებელ გარემოებებზე მსჯელობას მიიჩნევს არამართებულად.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ჯე-----------ა უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5.7. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში კანონმდებლის მიერ სავალდებულოდ დადგენილია, მისთვის ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ განმარტების გაკეთება, სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტში (საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ამდენად, სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ჯე-----------ას (გამართლებულს) განუმარტავს მის უფლებას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
6.1. ჯე-----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 26 ცალი ერთ ლარიანი მონეტა და ერთი ცალი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯე-----------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ჯე-----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ჯე-----------ას განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ნივთიერი მტკიცებულება:
- ჯე-----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 26 ცალი ერთ ლარიანი მონეტა და ერთი ცალი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი