გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002349388
2-1057/18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23/10/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ლ------–ი
წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი
მოპასუხე - ბ--------------–-–--------------–------–------ი
წარმომადგენელი - ე-------------------ე
დავის საგანი _ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ლ------–მა სარჩელი აღძრა სსიპ ,,ბ---------------–-–----------–----–------–------ის” მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:
- გაუქმებული იქნას ლ------–ის სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება;
- აღდგენილი იქნას სსიპ ბა-------------–-–-----------–----–------–----რში სოლისტის თანამდებობაზე;
- აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური;
- ლ------–ის მიმართ სსიპ ,,ბა-------------–-–-----------–----–------–----რის“ მხრიდან დადგენილი იქნას დისკრიმინაციის ფაქტი;
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ლ------–ი 2007 წლიდან მუშაობს სსიპ ,,ბ---------------–-–----------–----–------–------ის“ (შემდგომში მუსიკალური ცენტრი) საოპერო დასის სოლისტად. მუსიკალური ცენტრის სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილებით 2015 წლის აგვისტოში კვალიფკაციის ასამაღლებლად გაგზავნილი იქნა იტალიის ქალაქ მილანში, სადაც ჩააბარა კ-–--------------ოს კლასიკური მუსიკის ინტიტუტის ასპირანტურაში. სწავლების ხანგრძლივობა იყო ორი წელი. 2017 წლის ნოემბერში დაასრულა სწავლების სრული კურსი და დაბრუნდა ქ.ბათუმში, თუმცა ის აღარ დაუშვეს სამუშაოზე. განუმარტეს, რომ სამსახურიდან დათხოვნილი იყო. მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ბათუმის სახელმწიფო მულიკალური ცენტრმა ლ------–ის მიმართ განახორციელა დისკრიმინაცია. დისკრიმინაციის არსი მდგომარეობს მასში, რომ მუსიკალური ცენტრი სასწავლებლად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად უცხოეთში ხშირად აგზავნის სოლისტებს და სხვა პირებს. მათ უნარჩუნებს სამსახურს და უცხოეთიდან დაბრუნების შემდგეგ აძლევს სამსახურის გაგარძელების საშუალებას. მათ მსგავსად ლ------–ი უცხოეთში მივლინებული იყო კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სასწავლებლად, მაგრამ სწავლის პერიოდში არ შეუნარჩუნეს სამსახური და სამსახურიდან გაანთავისუფლეს დასაბუთების გარეშე. მიაჩნია, რომ სამუშაოდან დათხოვნილია უსაფუძვლოთ, რის გამოც მოითხოვს სამუშაოზე აღენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
2.მოპასუხის პოზიცია:
სსიპ ,,ბ--------------–-–--------------–------–------ი“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მუშაობდა მუსიკალურ ცენტრში საოპერო სტუდიის სოლისტად. განმარტავს, რომ 2015 წლის აგვისტოში ლ------–ი მივლინებული იქნა ქ.მილანში ჯ--------------ის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურის 2015-2016 აკადემიური წლის მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, მაგრამ მოსარჩელე, დასახელებული ასპირანტურის ნაცვლად ჩაირიცხა იტალიის ქ. მილანის კ-–--------------ოს სახელობის სამოქალაქო მუსილაკურ სკოლაში. სწავლებასთათან დაკავშირებით მას სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეეუჩერდა 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ივნისამდე. ამ პერიოდში ლ------–ს არ მიეცემოდა შრომის ანაზაღურება. ის სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო 2016 წლის 1 ივლისს. მიუხედავად ამისა მოსარჩელე 2016 წლის 1 ივლის სამსახურში არ გამოცხადდა. ნაცვლად სამსახურში გამოცხადებისა მოსარჩელემ სწავლა გააგრძელა მეორე კურსზე, თუმცა შრომითი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მუსიკალურ ცენტრს არ მიუღია. ფაქტობრივად მოსარჩელემ სამსახურში გამოუცხადებლობით ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც ის სამსახურიდან განთავისუფლდა. ამ და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით მიაჩნია,რომ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ აქვს. ის სამსახურიდან დათხოვნილია კანონის მოთხოვნათა დაცვით,რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ლ------–ი 2007 წლის 03 იანვრიდან მუშაობს სსიპ ბ---------------–-–----------–----–------–------ის საოპერო დასის სოლისტად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა. ს. ფ 23-24;
3.1.2 2014 წლის 03 იანვრიდან ლ------–ის ხელფასი შეადგენს 800 ლარს.(ხელზე ასაღები 640 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა, შრომითი ხელშეკრულება. ს. ფ. 23; 52-53.
3.1.3. 2015 წლის 21 აგვისტოს ლ------–მა განცხდებით მიმართა ქ. ბ--------------–-–--------------–-----–----რს და აცნობა, რომ ირიცხება მილანის ჯ--------------ის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურის აბიტურიენტთა სიაში, იტალიის საელჩომ მისცა სასწავლო ვიზა და საგამოცდო რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდეს 2015 წლის 1 სექტემბერს. მოითხოვა ხელშეწყობის მიზნით მუსიკალურმა ცენტრმა დაუფინანსოს სწავლა. ასევე შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი და ხელფასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ლ------–ის განცხადება. ს. ფ 25.
3.1.4. 2015 წლის 26 აგვისტოს სსიპ ბ---------------–-–----------–----–------–------ში გაიმართა ლ------–ის საზღვარგარეთ წარგზავნის და დაფინანსების მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ლ------–ის საზღვარგარეთ წარგზავნის და მასთან დაკავშირებლი ხარჯების დაფინანსების მიზანშეწონილობის საკითხი. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ლ------–ი წარგზავნილი იქნას მილანის ჯ--------------ის სახელობის კონსრევატორიაში ასპირანტურის 2015-2016 აკადემიური წლის მისაღები გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სხდომის ოქმი №1. ს. ფ. 60-61.
3.1.5. ბ--------------–-–--------------–--რმა ცენტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით, მილანის ჯ--------------ის სახელლობის კონსერვატორიის ასპირანტურის გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებული მივლინებისათვის ლ------–ს გამოეყო 2242 ევრო და 1350 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება. ს.ფ 124-136;
3.1.6. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ლ------–მა ნაცვლად მილანის ჯ--------------ის სახელობის კონსრევატორიის ასპირანტურისა, ჩააბარა ქ. მილანში კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში და გაიარა სპეციალიზირებული ასპირანტურის ორ წლიანი კურსი, რაც დაასრულა 2017 წლის 08 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
დიპლომი და სერთიფიკატი. ს.ფ 67-68;
3.1.7 ბ--------------–-–--------------–------–------ის საოპერო სტუდიის სამხატრვო ხელმძღვანელმა მარიამ ჯ-------–---–მა, ცენტრის დირექტორს 2015 წლის 15 სექტემბერს აცნობა,რომ ლ------–ი ჩაირიცხა კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში ორ წლიან სწავლებაზე 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით. მოითხოვა ლ------–ს შეუჩერდეს შრომითი ხელშეკრულება.
2015 წლის 15 სექტემბერს ბ------------–-–-–--------------–------–------ის დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც 2015 წლის 15 სექტემბერიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ლ------–ს შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა. ამ პერიოდში მას არ უნდა მიეცეს შრომის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 15 სექტემბერის ბრძანება. ს. ფ. 141-142.
3.1.8. კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში პირველი კურისის სწავლება მოიცავდა 2015 წლის 15 სექტემბერიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიმართვა. ს. ფ. 76-77.
3.1.9. ლ------–ს სამსახურეობრივი ურთიერთობა შეჩერებული ჰქონდა 2016 წლის 30 ივნისამდე. ანუ ის სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო 2016 წლის 1 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 15 სექტემბერის ბრძანება. ს. ფ. 141-142.
მხარეთა განმარტებები.
3.1.10. 2016 წლის 1 ივლისს მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 15 სექტემბერის ბრძანება. ს. ფ. 141-142.
3.1.11. მოსარჩელე სამსახურში გამოცხადდა 2017 წლის დეკემბერში, რა დროსაც მას განუმარტეს, რომ ის სამსახურიდან დათხოვნილია 2016 წლის 1 ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო გარემოებებია:
- მეორე კურსის სწავლების შესახებ მოპასუხის ინფორმირებულობა;
- სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი;
- დისკრიმინაციის ფაქტი.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მეორე კურსის სწავლების შესახებ მოპასუხის ინფორმირებულობა, უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ. მანვე უნდა დაამტკიცოს, რომ მას ჰქონდა სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. თუ მოპასუხემ იცოდა, რომ მოსარჩელე სწავლობდა მეორე კურსზე და მეორე კურსის სასწავლო წელი უნდა გაგრძელებულიყო 2017 წლის ივლისის თვემდე (ან დეკემბრამდე), მაშინ მას უნდა გააჩნდეს მტკიცებულება მასზედ, რომ მოპასუხემ თავიდანვე იცოდა, რომ სწავლება ორწლიანი იყო და რომ სწავლება უნდა გაგრძელებულიყო 2017 წლის დეკემბრამდე. მასვე უნდა გააჩნდეს სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის ამსახველი მტკიცებულება. შესაბამისად უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს მეორე კურსის სწავლების შესახებ მოპასუხის ინფორმირებულობისა და სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
3.2.5. თავის მხრივ მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ არარსებობს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.
3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.7. მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა სარჩელი, წერილობითი მტკიცებულებები და ზეპირი განმარტება.
3.2.8. მოპასუხე სხდომაზე ამტკიცებდა რომ მისთვის ცნობილი არ იყო მოსარჩელის მეორე კურსზე სწავლების შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ მეორე კურსზე სწავლა და სწავლების შესახებ მოპასუხის ინფორმირება, ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცბულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ასეთი ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამიტომაც თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
3.2.9. საქმეში წარმოდგენილია კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის ადმინისტრაციის 2015 წლის 20 ოქტომბერსწერილი, რომლითაც სასწალებელმა აჭარის კულტურის სამინისტროს და ბ--------------–-–--------------–-----–----რს აცნობა, რომ ლ------–ი მიღებულია მათ სასწავლებელში და რომ სწავლება შეადგენს ორ წლიან კურს.
იხ. მიმართვა. ს. ფ. 76-77.
3.2.10. ლ------–ი, რომ მეორე კურსზე სწავლობდა და სასწავლო წელი გრძელდებოდა 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე, აღნიშნულის შესახებ მუსიკალურ ცენტრს წერილობით აცნობა კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის ადმინისტრაციამ.
იხ. მიმართვა. ს. ფ 144-145.
3.2.11. კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის პირველი კურსი ლ------–მა დაასრულა 2016 წლის 30 ივნისს. ლ------–ს კიდევ უნდა ესწავლა მეორე კურსზე. აღნიშნულის გამო ლ------–მა განცხადებით მომართა სსიპ მ-------–------–------------------------ის სამხატვრო ხელმძღვანელს და აცნობა, რომ სწავლას აგრძელებს კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში მეორე კურსზე და მოითხოვა სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით სამუშაო ადგილის შენარჩუნება.
იხ. ლ------–ის განცხადება. ს. ფ. 50;
3.2.12. სსიპ მ-------–------–------------------------ის სამხატვრო ხელმძღვანელმა მარიამ ჯ-------–---–მა 2016 წლის 12 ივლისს სამსახურეობრივი ბარათით მიმართა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და აცნობა, რომ ლ------–ი სწავლობს კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში. პირველი კურსი დაამთავრა 2016 წლის ივნისის თვეში და სწავლას აგრძელებს მეორე კურსზე. ითხოვს სამუშაო ადგილის შენარჩუნებას. სამხატრვრო ხელმძღვანელი მოითხოვს განხილული იქნს რამდენად კანონიერია შტატის შენახვა მეორე წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოხსენებითი ბარათი. ს. ფ 51.
3.2.13. 2016 წლის 6 სექტემბერს ლ------–მა მოპასუხეს მოსთხოვა ხელფასის შესახებ ცნობა. მოპასუხემ ცნობა გასცა და მიუთითა, რომ ლ------–ი ცენტრში მუშაობს 2007 წლის 3 იანვრიდან. 2014 წლის 3 იანვრიდან მისი ხელფასი შეადგენს 800 ლარს. შრომითი ურთიერთობა, ქ. მილანში კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში სწავლებსთან დაკავშირებით შეუჩერდა 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ადასტურებს მას, რომ მოპასუხეს 2016 წლის სექტემბერში გადაწყვეტილი არ ჰქონდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება. წინააღმდეგ შემტხვევაში ამის შესახებ მითითებული იქნებოდა ცნობაში.
იხ. ცნობა, განცახდება. ს. ფ. 149-150;
ანალოგიური ცნობა მოსარჩელემ განმეორებით მოითხოვა 2017 წლის აპრილის თვეში. მოპასუხემ 2017 წლის 19 აპრილს გასცა ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ლ------–ი მუშაობდა ბ--------------–-–--------------–------–------ის საოპერო ცენტრის სოლისტად 2007 წლის 3 იანვრიდან 2016 წლის 30 ივნისამდე. შემდეგში სწავლა გააგრძელა ქ.მილანში კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში. სწავლის დასრულების შემდეგ მისი განცხადების საფუძველზე შესაბამისი წესის დაცვით მიღებული იქნება საოპერო დასის სოლისტად. ფაქტობრივად ლ------–ი, რომ აღარ მუშაობს ბ--------------–-–--------------–------–------ის საოპერო ცენტრის სოლისტად, პირველი ინფორმაცია ამ ცნობაში მოიპოვება. მიუხედავად ამისა მოპასუხე სხდომაზე ამტკიცებს, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან მოპასუხე სამსახურიდან გათავისუფლებულია სამსახურში გამოუცხადებლობის გამო.
იხ. ცნობა. ს. ფ. 151. იხ.
მოპასუხის განმარტებები სხდომის ოქმში
3.2.14. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე წერილობითი გადაწყვეტილება მოპასუხეს არ მიუღია. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მან შეწყვიტა ზეპირად.
3.2.15. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადებები და კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლის ადმინისტრაციის წერილები, ასევე ამ გადაწყვეტილების 3.2.9-3.2.13 ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული მტკიცებულებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ იცოდა, რომ ლ------–ი ჩარიცხული იყო კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში და სწავლება იყო ორ წლიანი. პირველი წლის სწავლების ხელშეწყობის მიზნით მასთან შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იქნა. აღნიშნული ნიშნავს, მას, რომ მოპასუხისათვის მისაღები იყო კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში მოსარჩელის სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება. სწორედ ამიტომაც მოპასუხემ გამოსცა შესაბამისი ბრძანება პირველი წლის სწავლების დაფინანსებისა და შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ. მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოპასუხეს მეორე კურსზე უნდა ესწავლა 2016 წლის ოქტომბრდან 2017 წლის ივნისის თვის ჩათვლით.
3.2.16. ამდენად სასამართლომ დაადგინა რომ მოპასუხე სამუშაოზე არ გამოცხადდა მეორე კუსრსის სწავლების გამო. თუმცა მოპასუხემ თადარიგი დაიჭირა და მუსიკალური ცენტრის ადმინისტრაციას წერილობით აცნობა მეორე კურსის სწავლების შესახებ და მოითხოვა სწავლების გაგრძელებაზე ნებართვა. მოპასუხეს სწავლების გაგრძელებასთან დაკავშირებით დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ გაუცია. მას ასევე მოსარჩელისათვის არ მოუთხოვია სამსახურში გამოცხადება. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
3.2.17. მოსარჩელის სამუშაოზე გამოუცხადებლობის საპატიოობა ერთერთი სადაო გარემოებაა. მისი გამოუცხადებლობა არის თუ არა საპატიო, არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. საპატიოობა სამართლებრივი შეფასების კატეგორიაა და მასზე სასამართლო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
3.2.18. დისკრიმანაციის ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხემ წარმოადგინა რიგი მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებებით დგინდება, რომ ლ------–ი, 2011 წელში ქ.მილანში მიწვეული იყო ჯ--------------ის ოპერა ტრავიატას დადგამასთან დაკავშირებით გამართულ შესარჩევ ქასთინგში მონაწილეობის მისაღევად.
იხ. ლ------–ის განცხადება. მოხსენებითი ბარათი. ს.ფ 140; 100.
შესარჩევი ქასთინგის მოსაწვევი. ს. ფ. 101-102.
3.2.19. 2011 წლის 18 მარტს, ბ--------------–-–--------------–--რმა ცენტრმა, ლ------–ის ქასთინგში მონაწილეობა დააფინანსა და ამ მიზნით გამოუყო 9292,82 ლარი.
იხ. 2011 წლის 18 მარტის ბრძანება. ს.ფ. 104-106;
3.2.20 2014 წლის 21 მაისს, ლ------–მა მოწვევა მიიღო იტალიის ქალაქ მანტოვოდან ლირიკული მომღერლების მოსმენაზე, რომლიც გაიმართა 2014 წლის 14 ივნისს. აღნიშნულთან დაკავშირებით ლ------–მა განცახდებით მიმართა ბ--------------–-–--------------–-----–----რს და მოსთხოვა ხარჯების დაფინანსება. 2014 წლის 23 მაისს, მუსიკალურმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება ლ------–ის საერთასორისო კონკურსზე მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების თაობაზე.
იხ. მოხსენებითი ბარათი. ს. ფ. 110;
მოსაწვევი. ს. ფ 111-112;
2014 წლის 27 მაისის ბრძანება.ს. ფ. 120-122.
3.2.21. 2012-2016 წლებში ბ--------------–-–--------------–------–------იდან საზღავრგარეთ სწავლებასთან და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით წარგზავნილი იქნენ;
- ნ--- კ---------ე - 9 თვით;
- ნ-----–- კ---–--–--ე - 9 თვით;
- შ------ა ა---------ე - 9 თვით;
- ს---–--- ჯ----ი - 10 თვით;
- ო----- ნ---–--ე - 10 თვით და 7 დღით’
- ი-----–- კ----ე - 10 თვით;
- ზ---- ხ------–---–ი - 9 თვით:
- ი--- ჯ-------–---–ი - 6 თით და 4 დღით.
თითოეული მათგანი მივლინებიდან სამუშაოზე დაბრუნდა მივლინების ვადაში.
იხ. მივლინების ამსახველი დოკუმენტები. ს. ფ. 256-302.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებულია შრომის კანონმდებლობის დარღვევით. ის აღდგენილი უნდა იქნას სამუსაოზე და იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქმის მასალებით არ დადგინდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია შრომის კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, სათანადო საფუძველის გარეშე. სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულების შრომის უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც (30-ე მუხლი) შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, განისაზღვრება კანონით. შრომის უფლება დაცულია ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ასევე იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: - პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას.
6.2. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს შრომის კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილ და უზრუნველყოფილ "შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად.
მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ ლ------–ი 2007 წლის 03 იანვრიდან მუშაობს სსიპ ბ---------------–-–----------–----–------–------ის საოპერო დასის სოლისტად. 2014 წლის 03 იანვრიდან ლ------–ის ხელფასი შეადგენს 800 ლარს.(ხელზე ასაღები 640 ლარი). აღნიშნული ნიშნავს მას, რომ ლ------–ი მუსიკალური ცენტრის მიზნებისათვის ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და სანაცვლოდ ღებულობდა შეთანხმებულ ანაზღაურებას. დამსაქმებელმა მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა 2016 წლის 1 ივლისიდან. მისი სამსახურიდან გათავისუფლების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ მოპასუხე მას სამსახურიდან დათხოვნილად მიიჩნევს 2016 წლის 1 ივლისიდან.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ შრომის თავისუფლებას იცავს კანონი. ნებისმეირ დასაქმებულს უფლება აქვს სადაო გახადოს მისი გათავისუფლების კანონიერება და მოითხოვოს სამუშაოზე აღდგენა. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ დამსაქმებელი შეზღუდულია დასაქმებულის ნებისმიერ დროს გათავისუფლებაში. მას უნდა გააჩნდეს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიჩნეული იქნება უკანონოდ გათავისუფლებულად. მოსარჩელე სადაოდ ხდის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას. ამტკიცებს, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს დისკრიმინაციის გამო. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ გულდასმით უნდა შეამოწმოს მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველები მოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში. მოპასუხე თავის შესაგებელში ამტკიცებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. დასახელებული ნორმით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაკისრებული თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელება. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვენ. შესაბამისად მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალდებულებები. ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ აიძულებს გარკვეული მოქმედების შესრულებას ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. მოსარჩელეს, მოვალეობა უნდა შეესრულებინა ჯეროვნად და სრულად, ანუ ისე როგორც ამას მოითხოვს საქ. სსკ-ის 361-ე მუხლი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლ------–ი სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ასრულებდა ჯეროვნად. მის მიმართ პრეტენზია გაჩნდა უცხოეთში სწავლების პერიოდში. დადგენილია, რომ ლ------–ის უცხოეთში სწავლება, მხოლოდ ლ------–ს არ გადაუწყვეტია. სასწალებლად მისი მივლინების საკითხზე 2015 წლის 26 აგვისტოს იმსჯელა ლ------–ის საზღვარგარეთ წარგზავნის და დაფინანსების მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ბ--------------–-–--------------–--რმა ცენტრმა 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით გადაწყვიტა მილანის ჯ--------------ის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურის გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებული მივლინებისათვის ლ------–ს გამოეყოს 2242 ევრო და 1350 ლარი. მართალია ლ------–მა ნაცვლად მილანის ჯ--------------ის სახელობის კონსრევატორიის ასპირანტურისა, ჩააბარა ქ. მილანში კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში, მაგრამ მუსიკალურმა ცენტრმა მოიწონა ამ სასწალებელში მისი მოწყობა და ამის დასტურია ის, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს ბ------------–-–-–--------------–------–------ის დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც 2015 წლის 15 სექტემბერიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ლ------–ს შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა. ბრძანების მიხედვით ლ------–ი სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო პირველი კურსის დასრულების შემდეგ - 2016 წლის 1 ივლისს. უდაოა, რომ ის ამ თარიღის დადგომისას სამსახურში არ გამოცხადებულა. ლ------–ი დასაქმებული პირია და მისი მოვალეობაა შეასრულოს შრომის შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები. ერთერთი ასეთი მოვალეობაა შინაგანაწესით დადგენილ საათებში გამოცხადდეს სამსახურში და შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა. ლოგიკურია მოსაზრება მასზედ, რომ თითოეულმა დასაქმებულმა თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამ ფარგლების უგულებელყოფა, დაარღვევს დამსაქმებლის ინტერესებს. სამსახურში გამოუცხადებლობა ზოგადად შრომითი ურთიერთობის დარღვევაა, მაგრამ სამსახურში გამოუცხადებლობის ყველა შემთხვევა ვერ ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად. სამსახურში გამოუცხადებლობას უნდა გაჩნდეს საპატიო მიზეზი. თუ დასაქმებული სამსახურში ვერ ცხადდება საპატიო მიზეზით, მის გამოუცხადებლობას ვერ მიენიჭება დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთის მხრივ დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება და მეორეს მხრივ დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობის დამრღვევი მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეიქმნას გარკვეული რისკები.
სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის რომელიმე პუნქტის წინაპირობისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციების სტანდარტები და რეკომენდაციები. ერთერთი მათგანია შსო-ს №158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინებს გონივრული საფუძვლის მცნებას. კონვენციის მიხედვით გონივრულობის პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს გონივრული საფუძვლის პრინიციპის კონვენციისეული მნიშვნელობით, შისდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა აკისრია. საქართველოს ეს საერთაშორის ვალდებულება, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მეექვსე მუხლიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა შრომით ურთიერთობებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია. კერძოდ კონვენციის მეოთხე მუხლის თანახმად დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძველის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებს და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს. დასახელებული კონვენცია ორიენტირებულია დასაქმებულის უკანონო საფუძვლით დათხოვნის დაცვაზე, თუმცა ამავდროულად მიზნად ისახავს წონასწორობის დამყარებას. კონვენცია არ ითვალისწინებს დასაქმებულის დაცვას ნებისმიერ დროს. ამ მხრივ კონვენცია შეიცავს სპეციალურ დათქმებს, რაც დამსაქმებელს უფლებას აძლევს გაათავისუფლოს მუშაკი გარკვეული წინაპირობების არსებობისას.
დავის არსისათვის მნიშვნელოვანია კონვენიციის განმატებები დასაქმებულის ქცვებთან მიმართებაში. სწორედ ქცევების პრობლემას უდებს მოპასუხე მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად. კონვენცია მოიცავს რეგულაციას თუ რა ჩაითვლება მუშაკის უკანონო დათხოვნად, ისევე, როგორც რა არ ჩაითვლება უკანონო დათხოვნად. კონვენციის მეოთხე მუხლიდან გამომდინარე მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს:
ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან, ან/და არასათანადო ქცევასთან;
ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან.
ამგვარ კვალიფიკაციების დადგენისას კი უდიდსი მნიშვნელობა ენიჭება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს ექსპერტთა კომიტეტის კომენტარებს, გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს, რომელთაც მართალია სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, მაგრამ განმარტავენ კონვენციის ტექსტს, რეგულირების მასშატაბებს და ისინი შესაძლოა წარმოდგენილი იქნას, როგორც შთაგონების წყარო კანონმდებლობისა და ეროვნილი სასამართლოებისათვის. შსო-ს ექსპერტთა კომისიის 1995 წლის მოხსენებაში მიმოხილულია ,,არასათანადო ქცევის“ კონცეფცია, რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ კომპონენტად:
· მუშა-მოსამსახურის მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება (არასათანადო პროფესიული ქცევა).
· შეუფერებელი ყოფაქცევა.
მუშა-მოსამსახურის მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაში (არასათანადო პროფესიული ქცევა) იგულისხმება:
· სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების უგლებელყოფა;
· შინაგანაწესის დარღვევა;
· დამსაქმებლის ლეგიტიმური ბრძანების დაუმორჩილებლობა;
· არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე დაგვიანება ან გამოუცხადებლობა;
შეუფერებელი ყოფაქცევაში იგულისხმება:
· მთრალ მდგომარეობაში გამოცხადება
· კონფლიქტური სიტუაციების შექმნა;
· არაკოლეგიალური დამოკიდებულებები;
· თანამშრომელთა შეურაცხყოფა
· ეთიკის ზოგადი წესების დარღვევა
· ასევე სხვა ისეთი ქცევა, რაც უარყოფითად მოქმედებს დამსაქმებლის იმიჯზე.
ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლები წარმოადგენს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების გონივრულ, ლეგიტიმურ საფუძველს. სასამართლოს წინაშე დგას გადასაწყვეტი საკითხი: - მოსარჩელის ქცევა წარმოადგენს თუ არა საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისათვის, რომ დამსაქმებელმა მასთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. ამდენად უნდა შეფასდეს მოსარჩელის რა ქმედება, ან უმოქმედება გვაქვს სახეზე, რომელიც შესაძლოა მივიჩნიოთ იმ დოზის შრომით სამართალდარღვევად, რომ მისი გათავისუფლება გონივრული საფუძვლის არეალში მოთავსდეს.
6.6. დასაქმების შეწყვეტის შესახებ 1982 წლის კონვენციის მეოთხე მუხლი, ასევე შსო-ს ექსპერტთა კომისიის რეკომენდაციები, კრძალავს დასაქმებულთან შრომითი ურთირთობის შეწყვეტას თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან. ამავე კონვენციის მეშვიდე მუხლი განმარტავს, რომ დასაქმებულის ქცევასთან ან მის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული მიზეზით დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა არ შეიძლება შეწყდეს თუ მას არ აქვს წარდგენილ მტკიცებაზე საპასუხო დაცვის შესაძლებლობა.
სასამართლომ დაადგინა, რომ:
- მოსარჩელე ირიცხებოდა მილანის ჯ--------------ის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურის აბიტურიენტთა სიაში, იტალიის საელჩომ მისცა სასწავლო ვიზა და საგამოცდო რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადებულიყო 2015 წლის 1 სექტემბერს.
- მოსარჩელე მუშაობდა სსიპ ,,ბ---------------–-–----------–----–------–------ში“ და მისი თანხმობის გარეშე ან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე ვერ გამოცხადდებოდა ასპირანტურის გამოცდაზე;
- მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა მივლინება, ხარჯების დაფინანსება, სამსახურისა და ხელფასის შენარჩუნება;
- ბ--------------–-–--------------–--რმა ცენტრმა 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით, მილანის ჯ--------------ის სახელლობის კონსერვატორიის ასპირანტურის გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებული მივლინებისათვის ლ------–ს გამოუყო 2242 ევრო და 1350 ლარი.
- ლ------–მა ჯ--------------ის სახელობის კონსრევატორიის ასპირანტურაში ვერ ჩააბარა;
- ლ------–მა ჩააბარა ქ. მილანში კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში და გაიარა სპეციალიზირებული ასპირანტურის ორ წლიანი კურსი, რაც დაასრულა 2017 წლის 08 ნოემბერს.
- მუსიკალურმა ცენტრმა მოიწონა ლ------–ის მიერ კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში ჩაბარება და გამოსცა ბრძანება, რომლითაც 2015 წლის 15 სექტემბერიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ლ------–ს შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა. ამ პერიოდში მას არ უნდა მიეცეს შრომის ანაზღაურება.
- კ-–--------------ოს სახელობის მუსიკის სამოქალაქო სკოლაში პირველი კურისის სწავლება მოიცავდა 2015 წლის 15 სექტემბერიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს.
- ლ------–მა პირველი კურსი დაასრულა 2016 წლის 30 ივნისს.
- მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა მეორე კურსის სწავლების პერიოდში შრომითი ურთიერთობის შეჩერება
- ლ------–ი სამსახურში არ გამოცხადდა.
- მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ უცნობები შრომითი ურთერთობის შეჩერებაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხი
- მოპასუხეს არ გაურკვევია მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი;
- მოპასუხემ მოსარჩელე გაურკვეველი თარიღიდან დაითხოვა სამსახურიდან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აღნიშნული ქმედებები შრომითი ხელშეკრულებისა და შრომითი შინაგანაწესის არსებითი, უხეში დარღვა არაა. დადგენილია, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელეს უნდა ესწავლა ორი კურსი. მას, მოსარჩელემ და სასწალებელმაც აცნობა, რომ ლ------–ს სწავლების დასრულებისათვის უნდა გაევლო ორი კურსი. მოპასუხემ გადაწყვიტა, რომ ხელი შეეწყო ლ------–ის განათლებისათვის და ამ მიზნით დააფინანსა მისი პირველი კურსის სწავლება და სამსახურში ადგილიც შეუნარჩუნა. მეორე კურსის დაწყებამდე ლ------–მა თადარიგი დაიჭირა და მოპასუხეს აცნობა, რომ მეორე კურსზე უნდა გაეგრძელებინა სწავლა და ამ პერიოდშიც მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეჩერება. მოსარჩელეს მოპასუხისათვის რომც არ ეცნობებინა მეორე კურსის სწავლების შესახებ, მოპასუხემ ისედაც იცოდა, რომ სწავლება ორ კურსიანი იყო. თუმცა მოსარჩელემ ინფორმირების თვალსაზრისით თადარიგი მაინც დაიჭირა და 2016 წლის 30 ივნისს აცნობა ამის შესახებ. მოპასუხემ მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობა არ შეუჩერა, უფრო მეტიც მას არ აცნობა, რომ აღარ აპირებდა შრომითი ურთიერთობის შეჩერებას, ასევე არ მოსთხოვა სამსახურში გამოცხადება. აღნიშნულის ნაცვლად 2016 წლის 1 ივლისიდან გაათავისუფლა სამსახურიდან. მნიშვნელოვანია მოპასუხის ქმედების ანალიზი სხვა მიმართულებითაც. მოპასუხემ მოსარჩელეს საშუალება მისცა პირველ კურსზე ესწავლა და იგივე საშუალება არ მისცა მეორე კურსზე სწავლისათვის. ასეთ სიტუაციაში იბადება ლოგიკური კითხვა: - თუ მოსარჩელე არ გააგრძელებდა სწავლას და გამოცხადდებოდა სამსახურში, ის დაასრულებდა სასწალებელს? ბუნებრიია ამ კითხვას აქვს მარტივი პასუხი. მოსარჩელე სასწალებელს წარმატებით ვერ დაასრულებდა და მას შეუწყდებოდა სტატუსი. ბუნებრივია მოსარჩელეს თვითონ უნდა გადაეწყვიტა რა უფრო ღირებული იყო - გაეგრძელებინა სწავლა და დაეკარგა სამსახური, თუ თავი დაენებებინა სწავლისათვის და გამოცხადებული სამსახურში. ამ საკითხს მოსარჩელე თავად გადაწყვეტდა, მაგრამ ამისათვის მას სჭირდებოდა მოპასუხის ნების გაგება. რაღაცა ფორმით მას უნდა გაეგო მოპასუხის განზრახულობა. მოპასუხე ვალდებული იყო ეპასუხა მოსარჩელისათვის და განემარტა, რომ დამსაქმებლისათვის მნიშვნელოვანი იყო მისი სამსახურში გამოცხადება. მოსარჩელეს, რომც არ მოეთხოვა პასუხი, მას თავად უნდა გაერკვია რატომ არ ცხადდებოდა მოსარჩელე სამსაურში და ამ იმართულებით უნდა ჩაეტარებინა გარკვეული წარმოება. მოპასუხემ ეს პროცედურები არ დაიცვა და პირდაპირ მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ სიტუაციაში კრიტიკას ვერ უძლებს მოპასუხის ქცევა იმ მიმართულებით, რომ მან მოსარჩელის სწავლების ხარჯი დაფინანსა, მაგრამ სწავლება არ მიაყვანინა ბოლომდე. თუ მას მოსარჩელისათვის არ უნდა მიეცა სწავლის დასრულების საშუალება, მაშინ რა მიზანს ემსახურებობოდა სწავლის დაფინანსება და შრომითი ურთიერთობის შეჩერება? ფაქტიურად თუ მოსარჩელე ვერ დაასრულებდა სწავლას, მაშინ მასზე დახარჯული ფული იქნებოდა ,,თანხის წყალში გადაყრა“. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით მოსარჩელეს ჰქონდა ყველა წინაპირობა იმისა ეფიქრა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა მეორე წელსაც შეჩერებული იყო. სწორედ ამიტომ არ გამოცხადდა ის სამსაურში. ამ გარემოებათა გათვალსწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით.
6.7. სასამართლო განმარტავს რომ შრომის უფლება კონსტიტუციური უფლებაა. თავისუფალ შრომას იცავს კანონი. კანონის წინაშე დამსაქმებელი და დასაქმებული თანასწორნი არიან. დამსაქმებელს უფლება არ აქვს კანონიერი საფუძველის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებული გათავისუფლოს სამსახურიდან. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია. მასში მოიაზრება დასაქმებულის მიერ შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნებოდა, მაშინ დამსაქმებელს უფლება ექნებოდა მოსარჩელესთან ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და გაენთავისუფლებინა სამსახურიდან. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი აქვს, რის გამოც მის გამოცხადებლობას არ უნდა მიენიჭოს ისეთი დარღვევის კვალიფიკცია, რომელიც სამსახურიდან დათხოვნას იმსახურებს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ------–ის ქმედება არ შეიცავს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს. შესაბამისად მოსარჩელესთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა უკანონოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე საფუძვლიანია.
6.8. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს ხელფასი. შრომის ანაზღაურების ვალდებულების საკითხი რეგულირდება შრომის კოდექსის 31-ე მუხლით. დასახელებული ნორმით დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ხელფასი. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ხელფასი შეადგენს თვეში ხელზე ასაღები 640 ლარს. დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, «ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ» საერთაშორისო პაქტის მე-7 და «ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის» 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება. დასაქმებულს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია დასაქმებულისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს _ სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე.
დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ შეწყვიტა 2016 წლის 1 ივლისს. მოსარჩელემ სხდომაზე დააზუსტა, რომ ის ხელფასს არ მოითხოვს იმ პერიოდისათვის, რა პერიოდშიც სამსახურეობრივი ურთიერთბა შეჩერებული უნდა ჰქონოდა და რა პერიოდშიც სამსახურში ვერ გამოცხადდა სწავლის გამო. საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელეს მეორე კურსი უნდა დაესრულებინა 2017 წლის 30 ივნისს. კურსის დასრულების შემდეგ მას ჰქონდა გამოცდები და ასევე ამ პერიოდშიც სამსახურეობრი მოვალეობას ვერ შეასრულებდა. მისი სამსახურში გამოცხადების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ანაზღაურების პერიოდად 2018 წლის 1 იანვრის დადგენა არ ეწინააღმდეგება სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს. შესაბამისად მას იძულებით განაცდური უნდა აუნაზრაურდეს ამ პერიოდიდან.
6.9. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში. ზოგადად დისკრიმინაციის აკრძალვა მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებაშია მოხსენებული. ადამიანის უფლებათა სფეროში უნივერსალურ დონეზე მიღებული აქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. პაქტის მე-2 და 26-ე მუხლები კრძალავენ დისკრიმინაციას. პაქტის მე-2 მუხლი დისკრიმინაციას კრძალავს მხოლოდ პაქტით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში. პაქტის 26-ე მუხლი კი არ არის შეზღუდული მხოლოდ პაქტით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობით, არამედ ეს უკანასკნელი კრძალავს დისკრიმინაციას ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით (ეროვნული თუ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით) გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში. პაქტის 26-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა ანალიზისას ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტმა საქმეზე Broesk v the Netherlands (No.172/1984, IჩჩPღ) დაადგინა, რომ მაშინ როდესაც 'სახელმწიფოები თავიანთი სუვერენული უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ კანონმდებლობას, პაქტის 26 მუხლი მოითხოვს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლება თუ შეღავათი უზრუნველყოფილ იქნეს დისკრიმინაციის გარეშე. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტმა თავის ზოგად კომენტარში განაცხადა, რომ 26-ე მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას აკრძალონ და იმოქმედონ დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ. სწორედ სახელმწიფოში არსებულ კანონდმებლობაზე, აღმასრულებელი და მართლმსაჯულების ორგანოების სწორ პრაქტიკაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის, მიუხედავად მისი სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსისა, თანასწორი ხელმისაწვდომობა სამართლებრივ გარანტიებზე. პაქტის 26-ე მუხლის თანახმად დისკრიმინაციის საფუძვლების ჩამონათვალი ღიად არის დატოვებული. ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტის იურისპრუდენცია ნათლად მეტყველებს, რომ დებულება მიუთითებს დამატებით საფუძვლებზე, რომლებიც მართალია არ არის მითითებული პაქტის 26-ე მუხლში მაგრამ მათ საფუძველზე განხორციელებული დისკრიმინაცია თანაზომიერად არის აკრძალული.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია პირადი მოტივებით (მისი შინაარსი ასე უნდა იქნას გაგებული). დისკრიმინაციის არსი მდგომარეობს მასში, რომ მუსიკალური ცენტრი სასწავლებლად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად უცხოეთში ხშირად აგზავნის სოლისტებს და სხვა პირებს. მათ უნარჩუნებს სამსახურს და უცხოეთიდან დაბრუნების შემდგეგ აძლევს სამსახურის გაგარძელების საშუალებას. მათ მსგავსად ლ------–ი უცხოეთში მივლინებული იყო კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სასწავლებლად, მაგრამ სწავლის პერიოდში არ შეუნარჩუნეს სამსახური და სამსახურიდან გაანთავისუფლეს დასაბუთების გარეშე. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ მუსიკალური ცენტრიდან დასაქმებულ პირთა მივლინება მართლაც ხორციელდება. მოსარჩელის მსგავსად სხვა პირებიც იქნენ მივლინებულნი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ან სასწალებლად. სასამართლომ ინდივიდუალურად შეამოწმა ყველა მივლინებული პირის საკითხი და დაადგინა, რომ ყველა პირი სამსახურში დაბრუნდა იმ ვადაში, რა ვადითაც იყო მივლინებული. მოსარჩელე სამსახურში იმ ვადაში არ დაბრუნდა, რა ვადაშიც მას შეჩერებული ჰქონდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება. შესაბამისად მის მიმართ განვითარებული ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია. სხვა თანამშრომლებს რომელიმე ტიპის უპირატესობა არ მიუღიათ. სწორედ ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს დისკრიმინაციის ფაქტს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოსარჩელე მოითხოვს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. ამ ნაწილში სახ. ბაჟის გამოთვლა უნდა განხორციელდეს საქ.სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. ამ ნაწილში გადასახდელი ბაჟის ოდენობაა 120 ლარი.
მეორე მოთხოვნის ნაწილში სახ. ბაჟი გაანგარიშებული უნდა იქნას საქ.სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რომლის მიხედვითაც სახ. ბაჟი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ბაჟის გაანგარიშებისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ვადიანი გადასახდელის პერიოდად განსაზღვროს 6 თვე. ამ პერიოდში მოსარჩელე მიიღებდა თვეში 3800 ლარს, 6 თვის განმავლობაში მიღებული თანხის 3 % შეადგენს 115.2 ლარს. სარჩელი პირველი და მეორე მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
დისკრიმინაციის ნაწილში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს. ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად ბაჟის გადახდა მოსარჩელეს ეკისრება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. სსიპ ,,ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის” გადაწყვეტილება ლ------–ის სამსახურიდან დათხოვის თაობაზე, ცნობილი იქნას უკანონოდ;
3. ლ------–ი აღდგენილი იქნას სსიპ ,,ბ--------------–-–--------------–------–------ში“ სოლისტის თანამდებობაზე;
4. სსიპ ,,ბ--------------–-–--------------–------–------ს“ დაეკისროს ლ------–ს 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე აუნაზღაუროს იძულებით განაცდური ხელფასი თვეში ხელზე ასაღები 640 ლარი;
5. სარჩელი დისკრიმინაციის დადგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. მოსარჩელეს ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 100 ლარი. მას დამატებით სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 20 ლარის გადახდა;
7. მოპასუხეს სახ. ბაჟის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 235.2 ლარის გადახდა.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ№30) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ№30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე