გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2018
საქმის ნომერი
160310017001900313
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310017001900313

№ 3/72-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.04.2018წ ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი

მოსარჩელე: მა----------------ი;

მოსარჩელის წარმომადგენელი: დი----------–--–-–--ლი;

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

მოპასუხის წარმომადგენელი: კახ---------------–-ძე;

მესამე პირი: 1. დმ---სის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

წარმომადგენელი მა-–-----------ნი;

2.გო---------------ი;

წარმომადგენელი ემზ----------–--ლი;

თარჯიმ--- სუ-------------–--ლი, ნა--–------------ვა;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 უძრავ ნივთზე - ს.კ 82.01.08.0-- 2001 წლის 4 ნოემბერს განხორციელებული კო----–----–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა;

 

1.2 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის N882017019817-15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.3 2017 წლის 24 მაისის N07/1762 წერილისა და 2017 წლის 19 მაისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთის ადგილზე დათვალიერების N33 ოქმის ბათილად ცნობა;

 

1.4 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალდებულება განახორციელოს მა----------------ის საკუთრების უფლება უძრავი ნივთზე, ს.კ 82.01.08.0-- მდებარე ქ. დმ---სი, არ------------ა N5;

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელემ 1988 წლის 5 იანვრის, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 27460 მანეთად შეიძინა ქ.დმ---სში, შა------ის ქუჩა N5 (ამჟამად არ------------ა N5) სადაო უძრავი ქონება, რომელიც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მის სახელზე დარეგისტრირდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2017 წლის აპრილის თვეში მოსარჩელემ ქონების დარეგისტრირების მიზნით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა, იმ საფუძვლით, რომ უძრავი ნივთზე 2001 წლის 4 ნოემბერს განხორციელდა კო----–----–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო 2003 წლის 18 მარტის მდგომარეობით, დმ---სის რაიონის გამგეობის N41 დადგენილებით იგი გადაეცა გო---------------ს, საჯარო რეესტრმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც მიაჩნია უკანონოდ და მოითხოვს მის გაუქმებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სადაო ქონებაზე პირველადი რეგისტრაცია განახორციელა იმ პერიოდში მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშული გარემოებიდან გამომდინარე კი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის განმარტებით, სადაო უძრავი ქონება არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და იგი მას გადაეცა 1999 წლის 15 მარტის შ.პ.ს. დმ---სის მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრების ოქმის N3 საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენდა შ.პ.ს. დმ---სის მუშა-მოსამსახურეთა საკუთრებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ნივთზე განხორციელებული მისი საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ 1988 წლის 5 იანვარს დაიდო საცხოვრებელი სახლის და სამეურნეო ნაგებობების ყიდვა-გაყიდვის ტიპიური ხელშეკრულება, ერთის მხრივ - სამომხმარებლო კოოპერატივის სხვა სახელმწიფო ორგანიზაცია ან დაწესებულება, შემდგომში წოდებული ,,მეურნეობა“ მთავარი ბუღალტერი ტა--------ი ძე სა-------ის სახით და მეორე მხრივ მახმუდ გუ-----------–ი მა-------ს შორის, რომლის მიხედვითაც მეურნეობა ყიდის, ხოლო თანამშრომელი ყიდულობს საცხოვრებელ სახლს საერთო ფართით 81,64 კვ.მ მათ შორის საცხოვრებელი ფართი 51,53 კვ.მ დამხმარე ნაგებობებით 43,07 კვ.მ განლაგებული ქ. დმ---სში შა------ის ქუჩაზე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, თანახმად ს/დ ქალ. საბჭოს 5.III.1985 წლის N3 გადაწყვეტილებისა, გასაყიდი საცხოვრებელი სახლის საბალანსო ღირებულება 28 460 მან.

 

აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო შემდეგი პირობებით: ა) თანამშრომელი იხდის საცხოვრებელი სახლის საბალანსო ღირებულების 50 პროცენტს (ნარჩენი) რაც შეადგენს თოთხმეტიათას ორასოცდაათ მანეთს.

 

ბ) აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება 25 წლის განმავლობაში ყოველთვიურად წლიური გადასახადიდან არანაკლებ 1/12-ი, აღნიშნული ვალდებულება უნდა მოხვდეს საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების რეგისტრაციის შემდეგ თვის დასაწყისიდან მომდევნო თვემდე.

 

ვ) საცხოვრებელი სახლის მყიდველ თანამშრომელს მეურნეობის ვალი შეუძლია დაფაროს ვადაზე ადრე, ასევე ანგარიში გაუსწოროს სრულად მათ გადახდის ვადის ამოწურვის დადგომამდე.

გ) საცხოვრებელი სახლის შემდგომში გასხვისება შეიძლება მოხდეს ნოტარიულად დადგენილი წესით აკრძალვის მოხსნის შემდეგ.

 

დ) საცხოვრებელი სახლი, შეძენილი თანამშრომლის მიერ, ექვემდებარება დადგენილი წესით სახელმწიფო დაზღვევას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1988 წლის 5 იანვრის საცხოვრებელი სახლის და სამეურნეო ნაგებობების ყიდვა-გაყიდვის ტიპიური ხელშეკრულება;

- საინვენტარიზაციო გეგმა;

 

4.1.2. დადგენილია, რომ მა----------------ს ხელფასიდან უკავდებოდა თანხა რომელიც განკუთვნილი იყო ნაყიდი საცხოვრებელი სახლის სესხის დასაფარად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1989 წლის ცნობები;

 

4.1.3. დადგენილია, რომ 1988 წლის 5 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება მა----------------ს შესრულებული არ აქვს სრულად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აპრილს მა----------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. დმ---სი, არ------------ა N5 (ყოფილი შა------ის ქუჩა), რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2017 წლის 11 აპრილს უარი უთხრა მა----------------ს ვინაიდან უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 82.01.08.0-- რეგისტრირებულია კო----–----–-–---–ის საკუთრების უფლება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 5 აპრილის განცხადება;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აპრილის N882017272720-03 გადაწყვეტილება;

 

4.1.5 დადგენილია, რომ 2010 წლის 2 სექტემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გო---------------ის პირადობის მოწმობის მონაცემებში შეიტანა შესწორება, კერძოდ გვარი დევ---------სა - მიეთითა დე---------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 2 სექტემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა;

 

4.1.6 დადგენილია, რომ 1999 წლის 15 მარტის შპს დმ---სის ორგანიზაციის მუშა მოსამსახურეთა საერთო კრების N3 ოქმის მიხედვით, მეურნეობის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. დმ---სი, არ------------ა N5 (ყოფილი შა------ის ქუჩა) ს/კ 80.01.08.0-- გადაეცა საკუთრების უფლებით გო---------------ს, როგორც მრავალშვილიანი ოჯახიდან გამოყოფილ ახლად დაოჯახებულს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1999 წლის 15 მარტის შპს დმ---სის ორგანიზაციის მუშა მოსამსახურეთა საერთო კრების N3 ოქმი;

- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N33.

 

4.1.7. დადგენილია, რომ 2001 წლის 4 ნოემბერს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ. დმ---სი, არ----ს ქუჩაზე 0.186 ჰა) ს.კ 82.01.08.0-- მიწის-მიღება ჩაბარების N3463 აქტის საფუძველზე, დარეგისტრიდა კო----–----–-–---–ის ოჯახის საკუთრებად. 2017 წლის 5 აპრილის სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი ქვემო ქართლის კომისიის 2017 წლის 5 აპრილის N24 სხდომის ოქმის მე-19 საკითხად განხილული იქნა გო---------------ის განცხადება, კომისიამ წარდგენილი და მოძიებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე დაადგინა, რომ სააღრიცხო ბარათზე მითითებულია მცდარი მონაცემი და იგი ეკუთვნის გო---------------ს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის უძრავი ქონების სააღრიცხო ბარათი;

- 2017 წლის 5 აპრილის სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი ქვემო ქართლის კომისიის 2017 წლის 5 აპრილის N24 სხდომის ოქმი;

 

4.1.8. დადგენილია, რომ 2001 წლის 4 ნოემბერს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ. დმ---სი, არ----ს ქუჩაზე 0.186 ჰა) ს.კ 82.01.08.0-- მიწის-მიღება ჩაბარების N3463 აქტის საფუძველზე, დარეგისტრიდა გო---------------ის ოჯახის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის უძრავი ქონების სააღრიცხო ბარათი;

 

4.1.9. დადგენილია, რომ 2003 წლის 18 მარტი დმ---სის რაიონის გამგეობის N41 დადგენილებით შესყიდული ინდივიდულაური საცხოვრებელი სახლი, მდებარემ ქ.დმ---სში, არ------------ა N5, რომელიც ჩააბარა მოქალაქე რი--------–---ს, მიეცა სარგებლობის უფლებით მოქალაქე გო---------------ს, რაზეც შედგა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2003 წლის 18 მარტი დმ---სის რაიონის გამგეობის N41 დადგენილება;

- საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი;

- ცნობა-დახასიათება;

 

4.1.10. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 მაისს დმ---სის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებით დაადგინა, რომ 2001 წლის 4 ნოემბერს გაცემული მიწის (უძრავი ნივთის) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა იდენტურია ი/მ ,,ამ----------------ს“ მიერ შესრულებულ აზომვითი ნახაზის, რომელიც მდებარეობს ქ. დმ---სი, არ------------ა N5-ში და ეკუთვნის გო---------------ს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N33 ოქმი.

 

4.1.11. დადგენილია, რომ 2017 წლის 11 იანვარს გო---------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ.დმ---სი, არ------------ა N5-ში, განცხადებას თან დაურთო პირადობის მოწმობის ასლი, მიღება-ჩაბარების აქტი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხელშეკრულება, ინვოისი, ცნობა-დახასიათება. 2017 წლის 31 მაისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882017019817-15 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გო---------------ის განცხადება და დმ---სი, კ. არ------------ა N5 მდებარე უძრავი ქონება აღირიცხა საკუთრების უფლებით გო---------------ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 11 იანვრის განცხადება;

- 2017 წლის 31 მაისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882017019817-15 გადაწყვეტილება;

 

5.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.1.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 1988 წლის 5 იანვარს პირობადადებული ხელშეკრულების შედეგად საკუთრება შემძენზე არ გადასულა.

 

5.1.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

8. სამართლებრივი შეფასება;

 

8.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში რეგლამენტირებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალურ-ნორმატიული დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს;

 

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო - ადმინისტრაციული აქტის ავტორი; სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან; ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას; საჯარო დაწესებულების ნების შესაბამისად, კონკრეტული ღონისძიება მიმართული უნდა იყოს უშუალო სამართლებრივი შედეგის ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით, უცილობლად წარმოშობისაკენ. ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებულ ნორმაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტები არა ალტერნატიული, არამედ კუმულაციური სახით არის რეგლამენტირებული.

 

დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც იგი სრულად შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა, სამართლებრივად გამორიცხავს კონკრეტული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევას. გარდა ამისა, ამა თუ იმ დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ამ დოკუმენტს შეეძლოს გარკვეული სამართლებრივი შედეგის დამოუკიდებლად გამოწვევა, რაც უშუალოდ განსაზღვრავს გასაჩივრებისადმი იმავე დოკუმენტის დამოუკიდებლად დაქვემდებარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ ქცეული გადაწყვეტილებები - წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

8.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არა არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

8.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

8.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დადგენილია რომ, 1988 წლის 5 იანვარს სამომხმარებლო კოოპერატივის სხვა სახელმწიფო ორგანიზაცია ან დაწესებულება, შემდგომში წოდებული ,,მეურნეობა“ (გამყიდველი) და მა----------------ს (მყიდველი) შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის და სამეურნეო ნაგებობების ყიდვა-გაყიდვის ტიპური ხელშეკრულება გარკვეული პირობებით, კერძოდ, შემძენი საკუთრების უფლებას უძრავი ნივთის საფასურის სრულად გადახდის შედეგად მოიპოვებდა.

 

8.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

8.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილია რომ, 1988 წლის 5 იანვარს სამომხმარებლო კოოპერატივის სხვა სახელმწიფო ორგანიზაცია ან დაწესებულება, შემდგომში წოდებული ,,მეურნეობა“ (გამყიდველი) და მა----------------ს (მყიდველი) შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის და სამეურნეო ნაგებობების ყიდვა-გაყიდვის ტიპური ხელშეკრულება გარკვეული პირობებით. დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელეს სადაო ნივთზე საკუთრების უფლება საბოლოოდ არ მოუპოვებია, ამასთან, ირკვევა, რომ 1999 წლის 15 მარტს შ.პ.ს. დმ---სის მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრების ოქმის N3 საფუძველზე, ხელშეკრულების საგანი (საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. დმ---სი, არ------------ა N5 (ყოფილი შა------ის ქუჩა) გადაეცა გო---------------ს.

 

8.9 საჯარო რეესტრის შესახებ მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

8.10. საჯარო რეესტრის შესახებ მე-11 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

 

დადგენილია, რომ 2001 წლის 4 ნოემბერს, 82.01.08.0-- საკადასტრო კოდზე განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია გო---------------ის სახელზე.

 

დადგენილია ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2017 წლის 31 მაისს მიიღო N882017019817-15 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს.კ N82.01.41.177დაარეგისტრირა გო---------------ის საკუთრების უფლება.

 

დადგენილია ასევე, რომ ს.კ N82.01.08.0-- რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, კერძოდ მისი ადგილმდებარეობა იდენტურია გო---------------ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი აზომვით ნახაზში ასახული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის, რომელიც შესრულებულია ი.მ ამ----------------ს მიერ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას, რომლის დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.

 

„საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

 

კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის და რეგისტრირებული უფლების დაცვის ფუნქცია აკისრია საჯარო რეესტრს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმავე კანონის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ხოლო 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს, შესაბამისად მნიშვნელოვანია საჯარო რეესტრის წარმოებისას მწარმოებელმა ორგანომ კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე უფლებამოსილება განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გახდებოდა გო---------------ის განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი არ გააჩნდა.

 

8.11. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტი გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში:

 

ა)ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას;

ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის;

გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას;

დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს;

ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას;

ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;

 

მოცემულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ შესრულებული სადაო უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

8.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 31 მაისს გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომელსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვებამ შემოწმება, შეფასება და ა.შ.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებენით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშული მითითებულია როგორც ადმინისტრაციულ ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. იქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უძრავ ნივთზე - ს.კ 82.01.08.0-- 2001 წლის 4 ნოემბერს განხორციელებული კო----–----–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის N882017019817-15 გადაწყვეტილების, 2017 წლის 24 მაისის N07/1762 წერილისა და 2017 წლის 19 მაისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთის ადგილზე დათვალიერების N33 ოქმის ბათილად ცნობასთან და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, მა----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. მა----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.ბოლნისი, სულხან – საბა ორბელიანის ქ.№113) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე