გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13620-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს ''ს----------–------------ა'';
წარმომადგენლები: მ------------–--ე, ნ-----–-------–--–-–---–ი;
მოპასუხე - ლ----------ა;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ----------ას დაეკისროს მოსარჩელე შპს ''ს----------–-----------ის'' სასარგებლოდ 650 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 18 მარტს, შპს "ს----------–-----------ა"-სა (შემდგომში "დამსაქმებელი") და ლ----------ას (შემდგომში "დასაქმებული") შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ვრცელდებოდა მხარეთა შორის შრომით ურთიერთობაზე 2016 წლის 1 მარტიდან. დასაქმებული დაინიშნა შპს "ს----------–-----------ა"-ს სერვისცენტრების მართვის დეპარტამენტში კურიერის თანამდებობაზე. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა წერილობითი კორესპონდენციების ჩაბარება ადრესატებზე, რასაც ასრულებდა შპს "ს----------–-----------ა"-ს კუთვნილი სკუტერი-მონდეალ 125-ით სახ. ნომრით C------, რომელიც მას დამსაქმებლისგან გადაეცა 2016 წლის 01 მარტს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 2016 წლის 01 მარტის სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ დასაქმებულისათვის სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესასრულებლად გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება, სკუტერი-მონდეალ 125-ით სახ.ნომრით C------, იყო გამართულ მდგომარეობაში, ყოველგვარი დეფექტის გარეშე. დასაქმებულმა 2017 წლის 07 ივლისს მოსარჩელის კუთვნილ ავტოფარეხში ჩააბარა მის მფლობელობაში არსებული სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სკუტერი-მონდეალ 125-ით სახ.ნომრით C------). 2017 წლის 13 ივლისს შპს "ს----------–-----------ა"-ს მონიტორინგის სამსახურს წერილობით მიმართა ტექნიკური მომსახურების ჯგუფის უფროსმა, რა----------------–---–მა, დასაქმებულის მიერ ჩაბარებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, სკუტერი-მონდეალ 125-ით სახ. ნომრით C-------ის, დაზიანების თაობაზე.
შპს "ს----------–-----------ა"-ს მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების (ჩატარების დრო 13.07.2017- 17.07.2017) შედეგად დადგინდა, რომ დასაქმებულის მიერ სკუტერის ავტოფარეხში ჩაბარების შემდგომ აღმოჩნდა სკუტერის ჩარჩო დაზიანებული, ხოლო შემდგომ თვითნებურად შეკეთებული. რის შემდგომაც, ზიანის ზუსტი რაოდენობით განსაზღვრისათვის შპს "სა--------–---–---------------------------მა" შეაფასა დაზიანებული სკუტერი და 2017 წლის 24 ივლისის ანგარიშით დაადგინა, რომ არასწორის შედუღების შედეგად სატრასპორტო საშუალების ზიანმა ჯამში შეადგინა 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი. ლ----------ას მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დასაქმებულის საკუთრებაში არსებული უხარისხოდ და არასწორად აღდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სკუტერი-მონდეალ 125-ით სახ. ნომრით C------) შემდგომი ექსპლოატაციისათვის უვარგისია. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულს მიადგა ქონებრივი ზიანი 650 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ----------ამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 18 მარტს, შპს "ს----------–-----------ა"-სა (შემდგომში "დამსაქმებელი") და ლ----------ას (შემდგომში "დასაქმებული") შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ვრცელდებოდა მხარეთა შორის შრომით ურთიერთობაზე 2016 წლის 1 მარტიდან. დასაქმებული დაინიშნა შპს "ს----------–-----------ა"-ს სერვისცენტრების მართვის დეპარტამენტში კურიერის თანამდებობაზე. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა წერილობითი კორესპონდენციების ჩაბარება ადრესატებზე, რასაც ასრულებდა შპს "ს----------–-----------ა"-ს კუთვნილი სკუტერი-მონდეალ 125-ით სახ. ნომრით C------, რომელიც მას დამსაქმებლისგან გადაეცა 2016 წლის 01 მარტს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3.1.2. 2016 წლის 01 მარტის სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ დასაქმებულისათვის სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესასრულებლად გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება, სკუტერი-მონდეალ 125-ით სახ.ნომრით C------, იყო გამართულ მდგომარეობაში, ყოველგვარი დეფექტის გარეშე.
3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 07 ივლისს, მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილ ავტოფარეხში ჩააბარა მის მფლობელობაში არსებული სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სკუტერი-მონდეალ 125, სახ.ნომრით C------).
3.1.4. შპს "ს----------–-----------ა"-ს მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების (ჩატარების დრო 13.07.2017-17.07.2017წ.წ.) შედეგად დადგინდა, რომ სკუტერის ჩარჩო არის დაზიანებული, ხოლო შემდგომ თვითნებურად შეკეთებული. რის შემდგომაც, ზიანის ზუსტი რაოდენობით განსაზღვრისათვის შპს "სა--------–---–---------------------------მა" შეაფასა დაზიანებული სკუტერი და 2017 წლის 24 ივლისის ანგარიშით დაადგინა, რომ არასწორის შედუღების შედეგად სატრასპორტო საშუალების ზიანმა ჯამში შეადგინა 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.07.2017 წლის ანგარიში ჩატარებული მონიტორინგის შესახებ (ს.ფ. 17-18);
- 13.07.2017 წლის ცნობა, აქტი (ს.ფ. 19-21);
- დასკვნა მიყენებული ზარალის შეფასების ანგარიში (ს.ფ. 22-25);
- შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ. 26-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება -იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამიასად, საქმეზე არ დგინდება მოპასუხე ლ----------ას მიერ შპს ''ს----------–-----------ისათვის'' ზიანის მიყენების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მართალია წარმოადგინა მტკიცებულებები რომელიც ადასტურებს მისი ქონების დაზიანების ფაქტს, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ქონების დაზიანებასა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილი სს ''ს----------–-----------ის'' მიერ 18.07.2017 წელს ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშით დგინდება, რომ სკუტერი ავტოფარეხში ჩაბარებულ იქნა 2017 წლის 7 ივლისს, ასევე დგინდება, რომ მოპასუხე ლ----------ა აღარ იყო სს ''ს----------–-----------ის'' თანამშრომელი 2017 წლის 04 ივლისიდან (ბრძანება N15-02/930, 03.07.2017წ.), თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით უდავოდ არ დგინდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ უშუალოდ ლ----------ას მიერ მოხდა ნივთის დაზიანება და შემდეგ მისი თვითნებურად აღდგენა.
მართალია საქმის მასალებით დასტურდება და არც მოპასუხე უარყოფს ნივთის დაზიანების ფაქტს, თუმცა ეს დაზიანება, რომ სწორედ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოხდა, აღნიშნულის დამადასტურებელი უცილო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მისი კუთვნილი ქონების დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა შპს ''ს----------–-----------ის'' სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ნივთის დაზიანების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშეკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, მაგრამ არ დგინდება მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი და არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ დადგინდა მოპასუხე მხარის ბრალეული ქმედება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მხარე უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა მოპასუხისათვის ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება - 2 000 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე შპს ''ს----------–-----------ის'' მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ''ს----------–-----------ის'' სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი