გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/18155-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - გ--------------–-–---–ი;
წარმომადგენელი - თ-------------–---–ი;
მოპასუხე - ე------------------–---–ი;
წარმომადგენელი - ზ-----------------ა;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ე------------------–---–ს მოსარჩელე გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 11 500 აშშ დოლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველები:
2013 წლის 23 სექტემბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 9000 აშშ დოლარი, რაზეც მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმდა ხელშეკრულება 1 წლის ვადით, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა ზეპირსიტყვიერად. 2015 წლის 29 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს კვლავ ასესხა 1000 აშშ დოლარი და იმავე წლის 24 სექტემბერს 1500 აშშ დოლარი, რომელიც მას უნდა გადაეხადა 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, მაგრამ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და მიუხედავად არაერთი თხოვნისა თავს არიდებს თანხის დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. ე------------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 6500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის მიერ სესხის თანხის ნაწილი დაფარულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს გ--------------–-–---–ს და ე------------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს 1 წლის ვადით სესხის სახით გადასცა - 9000 აშშ დოლარი უპროცენტოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 23 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20).
3.1.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით დგინდება, რომ 2015 წლის 29 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს კვლავ ასესხა - 1000 აშშ დოლარი და იმავე წლის 24 სექტემბერს დამატებით - 1500 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელწერილი (ს.ფ. 17).
3.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 7 ივლისს გ--------------–-–---–ს და ე------------------–---–ს შორის სანოტარო წესით დაიდო ''ვალის აღიარების შესახებ'' ხელშეკრულება, რომლითაც ე------------------–---–მა გ--------------–-–---–ის წინაშე აღიარა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის არსებობა - 11500 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება დაეფარა დავალიანება არაუგვიანეს - 07.01.2017 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 7 ივლისის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 51-55).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე ე------------------–---–მა ვერ დაადასტურა მოსარჩელისათვის სესხის სახით აღებული - 11500 აშშ დოლარიდან სესხის ნაწილის - 5000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტი. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას 11 500 აშშ დოლარის მოპასუხე ე------------------–---–ისათვის დაკისრების თაობაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შედეგად, მათ შორის, ვალის აღიარების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის ე------------------–---–ის დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით მოსარჩელე გ--------------–-–---–ის მიმართ ერთობლიობაში შეადგენს - 11 500 აშშ დოლარს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ე------------------–---–ის განმარტებას მასზედ, რომ მოსარჩელე მხარეს დაუბრუნა სესხის სახით გადაცემული თანხის ნაწილი, რამდენადაც საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ხოლო მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი ცალსახა და უტყუარი მტკიცებულებები მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეში მოიპოვება. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შედეგად, სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის ე------------------–---–ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 11 500 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ერთია, როდესაც მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო მეორე - მიიჩნევა თუ არა აღნიშნული შესრულება კრედიტორის მხრიდან მიღებულად და ვინ უნდა ამტკიცოს ეს (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით იხ.,Palandt, BGB, Beckische Kurs-Kommentar, 62 auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 570).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.
სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის თანხის დაბრუნების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ არსებობს გ--------------–-–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ - სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 361-ე, 427-ე, 429-ე, 623-ე მუხლებით.
6.1. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, გ--------------–-–---–ს და ე------------------–---–ს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობები, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი ხელწერილებით. სესხის ხელშეკრულების გარდა, ვალის აღიარების ხელწერილების თანახმად, კი ე------------------–---–მა აღიარა, რომ მისი დავალიანება გ--------------–-–---–ის მიმართ შეადგენდა საერთო ჯამში - 11500 აშშ დოლარს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვალის აღიარების ხელწერილი ასევე საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები შეესაბამება მხარეთა ნებას და არ არსებობს გამოვლენილი ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი, აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერთი მხარე დამოუკიდებლად კისრულობს მეორე მხარის სასარგებლოდ გარკვეულ შესრულებას. იგი ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულების არსებობისას საკმარისია, რომ დაკმაყოფილდეს კრედიტორის მოთხოვნა და საჭირო აღარაა ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლის გამოკვლევა. ამდენად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგდენილ ყველა პირობას. პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ე------------------–---–ისათვის - 11 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი აწესრიგებს ფულადი ვალდებულებების შესრულებისა და მისი მიღების წესს, რომლის თანახმადაც კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად და ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ დავაზე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი სესხის სახით გაცემული თანხა, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება გარიგების ორივე მხარის მიმართ, ამასთან, რადგანაც თანხის გადაცემის (11500 აშშ დოლარის) ფაქტი უდავოა, სასამართლოს მიაჩნია, რომ თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი, მითითებული ნორმის შესაბამისად, მთლიანად მოპასუხე ე------------------–---–ს უნდა დაეკისროს.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, 6500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ე------------------–---–ს მოსარჩელე გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 370 ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელის ნაწილის ცნობის გათვალისწინებით, ხოლო მოსარჩელე გ--------------–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 485 ლარი, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ნაწილის ცნობის პროპორციულად, მისი ოდენობით გათვალისწინებით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ე------------------–---–ს მოსარჩელე გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 11 500 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხე ე------------------–---–ს მოსარჩელე გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 370 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე გ--------------–-–---–ს დაუბრუნდეს თ-------------–---–ის მიერ 08.05.2018 წელს (საგადასახადო დავალება N0) სს ''თიბისი ბანკში'' გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 470 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი - 300773150.
5. მოსარჩელე გ--------------–-–---–ს დაუბრუნდეს თ-------------–---–ის მიერ 29.05.2018 წელს (საგადასახადო დავალება N0) სს ''თიბისი ბანკში'' გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 375 ლარის ნაწილი - 15 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი - 300773150.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი