გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.10.2018
საქმის ნომერი
190210118002271281
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/225-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 ოქტომბერი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ----------ი"

წარმომადგენელი ნინო ხელაია

მოპასუხეები ლ--–- მ----–--ე

მ----- გ---–-------–---–ი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგსამატეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

ლ--–- მ----–--ეს და მ----- გ---–-------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ

1.1. 1440.38 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1227.06 აშშ დოლარი, პროცენტი -104.48 აშშ დოლარი, ჯარიმა - 103.98 აშშ დოლარი და დაზღვევა -4.86 აშშ დოლარი.

1.2. 2017 წლის 27 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1227.06 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 21% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს- 21.47 აშშ დოლარს.

1.3. 2017 წლის 27 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1227.06 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შერულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1.22 აშშ დოლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა.

(08.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელის საფუძვლები

 

სს „თ----------სა“ და ლ--–- მ----–--ეს შორის 2014 წლის 19 დეკემბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა კრედიტი 4750 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის ვადამ შეადგინა 36 თვე. ხელშეკრულებით განისაზღვრა ასევე წლიური საპროცენტო განაკვეთი 21%, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის დავალიანების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.

 

2014 წლის 19 დეკემბრის სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებით მ----- გ---–-------–---–მა ძირითად მსესხებელ - ლ--–- მ----–--ესთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 6175 აშშ დოლარი.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობები მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა. მას 2017 წლის ივლისიდან კრედიტი არ დაუფარია. 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხეებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება -1440.38 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1227.06 აშშ დოლარი, პროცენტი -104.48 აშშ დოლარი, ჯარიმა - 103.98 აშშ დოლარი და დაზღვევა -4.86 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ----- გ---–-------–---–მა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე განაწილვადებით.

(08.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

მოპასუხე ლ--–- მ----–--ეს წერილობით შესაგებელი არ წარმოუდგენია. მას სარჩელის შინაარსი და სასამართლო უწყება ჩაბარდა საჯარო შეტყობინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 19 დეკემბერს სს ბანკ კონსტანტასა (უფლებამონაცვლეა სს „თ----------ი“) და ლ--–- მ----–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 4750 აშშ დოლარი 36 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.1%, ასევე გათვალისწინებულია დაზღვევის საფასური 83.88 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-31. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 4-6)

 

3.1.2. 2014 წლის 19 დეკემბერს მანან გ---–-------–---–ის განცხადების საფუძველზე სს „თ----------სა“ და მანა გ---–-------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ლ--–- მ----–--ის სესხის ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება მსესხებელთან ერთად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 6175 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- თავდებობის განაცხადი და თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 32-36. ტომი 1)

- მოპასუხის განმარტებები (08.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი

 

3.1.3. 204 წლის 19 დეკემბერს ლილ მ----–--ესა და სს თ----------ს შორის დადებული საკრედიტო ხელშერკულება მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა, დააბრუნა ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილი, 2017 წლის 3 ივლისიდან კრედიტის დაბრუნების მიზნით თანხა აღარ გადაუხდია. მსესხებელს ჯამურად გადახდილი აქვს ძირითადი თანხა 3522,94 აშშ დოლარი, პროცენტი 1670,41 აშშ დოლარი. საკრედიტო დავალიანებაა ძირითადი თანხა 1227 აშშ დოლარი, პროცენტი 138,92 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 103,98 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა 4,86 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 37-38, ტომი 1 )

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 39. ტომი 1 )

- სარჩელი (ს.ფ. 4-6)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 893-ე, 895-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოპასუხე ლ--–- მ----–--ეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა. მას სარჩელის შინაარსი და სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ამ ნორმის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სესხის ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების პირობების შეთანხმების და სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, დამტკიცებულად ითვლება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ლ--–- მ----–--ის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, ამ საქმეზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი, რადგან მოსარჩელე მოითხოვს ვალდებულებოს სოლიდარულად დაკისრებას და მისი მოთხოვნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. სოლიდარული ვალდებულების არსიდან გამომდინარე იგი საერთო ვალდებულებაა და ასეთ დავაზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 19 დეკემბერს დადებული საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო 4750 აშშ დოლარი 36 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 21 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა, მსესხებელმა გადაიხადა კრედიტის ნაწილი და მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 1227,06 აშშ დოლარი და სარგებელი 104,48 აშშ დოლარი.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მსესხებლთან ერთად სოლიდარულად იკისრა თავდებმა მოპასუხე მ----- გ---–-------–---–მა, რის გამოც მოპასუხეთა ვალდებულება სოლიდარულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მოვალესთან ერთად სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში მ----- გ---–-------–---–თან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ლ--–- მ----–--ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, გადახდილია სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილი, მსესხებელმა გადააცილა კრედიტს დაბრუნების ვადა, რადგან მას ვალდებულება სრულად უდა შეესრულებინა 2017 წლის 19 დეკემბრამდე, ამასთან კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად თანხის გადახდით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხეებს არ მიუთითებიათ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

ამდენად, ლ--–- მ----–--ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების პირობები ჯეროვნად შესრულებული არ არის, გადაცილებულია სესხის დაბრუნების ვადა და კრედიტი სრულად დაბრუნებული არ არის.

 

მოპასუხე მ----- გ---–-------–---–მა ცნო სესხის ძირითადი თანხის 1227,06 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მისთვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გამოიყენეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე, რაც მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია.

 

რაც შეეხება სარგებლის დაკისრების მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. საკრედიტო ურთიერთობაში კრედიტის დაბრუნება ნიშნავს არა მარტო კრედიტის ძირითადი თანხის გადახდას, არამედ სარგებლის გადახდასაც. ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ როგორც კრედიტის ძირითადი თანხის 1228,06 აშშ დოლარის, ისე სარგებლის 104,48 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა.

 

მოპასუხეებს ასვეე უნდა დაეკისროთ დაზღვევის საფასურის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი 4,86 აშშ დოლარის გადახდა. საკრედიტო ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულია ბანკის უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს კლიენტს ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შემცველი სადაზღვევო პოლისის ბანკისთვის წარდგენა. ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს თავად უზრუნველყოს კლიენტის ან/და ქონების დაზღვევა ბანიკისათვის მისაღები პირობების შესაბამისად და ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადაიხადოს პრემია ბანკის მიერ შერჩეული სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი ოდენობით. ამდენად, ხელშეკრულებით მხარებს შორის დადებულია შეთანხმება მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის შესახებ, რომლის სადაზღვევო პრემია გადახდილია ბანკის მიერ, ხოლო სადაზღვევო პრემიის სახით გადახდილი თანხის დავალიანება, რაც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა, შეადგენს 4,86 აშშ დოლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს 103,98 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასმატეხლოს დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%-ს. პირგასმატეხლოს გადახდა მსესხებელს ეკისრება სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის. მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის აღძვრამდე პერიოდში დარიცხულ პირგასამტეხლოს 103,98 აშშ დოლარს, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დარიცხვის გაგრძელებას არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა. ამდენად, ჯამურად მოთხოვნილია 603,98 აშშ დოლარის პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 103,98 აშშ დოლარი არის გონივრული და ვალდებულების დარღვევის გარემოებების შესაბამისი პირგასამტეხლოს თანხა, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ჯამურად 500 აშშ დოლარი დაკისრება გამოიწვევს მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვის არათანაზომიერ ფულადი პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოპასუხემ მიღებული კრედიტის დაბრუნების ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ შეასრულა. 4750 აშშ დოლარიდან დაბრუნებულია 3522,94 აშშ დოლარი, ასევე გადახდილია სარგებლის ძირითადი ნაწილი და გადასახდელად დარჩენილია სარგებლის მცირე თანხა 104,48 აშშ დოლარი. ჯამურად საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი დავალიანებაა 1331,54 აშშ დოლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ დავალიანების ოდენობის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტის თითქმის 2/3 ნაწილი გადახდილია, 103,98 აშშ დოლარის პირგასამტეხლო არის გონივრული ფულადი სანქცია ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამასთან, ამ ოდენობის პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციასაც, რადგან სარგებლის დავალიანება 104,48 აშშ დოლარია, ამასთან, ბანკი მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასაც გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრის მთავარი დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე «ზეწოლა», რათა მომავალში ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მიიღოს ზომები ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რადგან ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობის გამო მას პრევენციის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დროს შესაძლოა სასამართლოს შეფასების საგანი გახდეს ვალდებულების გარემოებებისადმი შესაბამისი გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა თუ არა მოთხოვნილი. პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.

 

საკრედიტო ხელშეკრულების სტანდატრული პირობების, ხელშეკრულების 14,6 პუნქტის თანხამდ, ბანკის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძლედება ვალდებულების სრულ შესრულებამდე და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალინების დაფარვის მიზნით იძულებით ანდა კლიენტის მიერ ნებაყოფლობით შესრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით იმ შემთხვევაშიც, თუ ბანკი ცალმხრივად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას, მაგრამ არაუმეტეს შეწყვეტის თარიღიდან 90 დღისა. ამდენად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობის მიხედვით, ბანკის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება შეწყვეტიდან არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში. ბანკი მოითხოვს პირგასატეხლოს დარიცხვის გაგრძელებას ყოველდღიურად დავალიანების 0,1%-ის ოდენობით, არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა, რაც არის 409 დღის პირგასამტეხლო, ეს ხელშეკრულების 14,6 პუნქტის დებულების საწინააღმდეგოა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის (ადგილი აქვს ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებას) გათვალისწინებით 103,98 აშშ დოლარის პირგასამტეხლო გონივრული თანხაა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დარიცხვის გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.

 

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი ვადა ამოიწურა 2017 წლის 19 დეკემბერს. სარჩელი აღძრულია 2018 წლის 24 იანვარს, რის გამოც სახეზე არ არის ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. ამასთან, სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი მოვალემ დააბრუნა. გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებით ზიანის თანხის დარიცხვა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წელი, ვიდრე კრედიტორი სააღსრულებო ფურცელს არ მიიღებს, რის გამოც მიუღებელი შემოსავლის სახით ბანკი აინაზღაურებს რეალურ დავალიანებაზე რამდენჯერმე მეტ თანხას.

 

ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა).

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების 14,1 პუნქტი გათვალისწინებულია, რომ ბანკის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პროცენტის დარიცხვა გრძელდება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის არსებულ სრულ დავალიანებაზე, მაგრამ არაუმეტეს შეწყვეტის დღიდან 90 დღისა. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ბანკი უფლებამოსილია დავალიანების თანხას დაარიცხოს სარგებელი გაზრდილი ოდნეობით. ხელშეკრულების ეს დებულება შეეხება ვადამდე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვის წესს და მხარეთა მიერ შეთანხმებულია, რომ სარგებელი სესხს დაერიცხება ხელშეკრულების შეწყვტიდან არაუმეტეს 90 დღის ვადაში და არ ხელშეკრულების დარჩენიი ვადის განმავლობაში სრულად. ეს დებულება ნიშნავს მხარეთა შეთანხმებას ზღვრულ ვადაზე, როცა კრედიტს დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაშიც კი, სესხის სარგებლის დარიცხვა მხოლოდ 90 დღემდე გაგრძელდება, მიუხედავად დარჩენილი ვადისა. ეს შეთანხმება არ ადგენს ვალდებულების შეუსრულებლობით ბანკისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს. ამდენად, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ზემოთდასახელებული ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

ამ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების ვადა ამოწურულია, საკრედიტო ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი მოვალემ შეასრულა, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ზიანის გადამეტებული ოდენობით მოთხოვნაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეეებს უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურება 2017 წლის 27 ოქტომბრიდან ერთი წლის ფარგლებში ბანკის მიერ მიუღებელი სარგებლის დაკისრებით. მოსარჩელე მოითხოვს თვეში 21,47 აშშ დოლარი გადახდას (სესხის დავალიანების 1227,06 აშშ დოლარის წლიური 21%), რაც 12 თვის პერიოდში არის 257,60 აშშ დოლარი.

 

ამდენად, მოპასუხეების მერ ბანკისათვის გადასახდელია 1697,98 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1227,06 აშშ დოლარი, პროცენტი 104,48 აშშ დოლარი, პირგასმატეხლო 103,98 აშშ დოლარი, დაზღვევის საფასური 4,86 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავლის თანხა არაუმეტეს 257,60 აშშ დოლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 2197,38 აშშ დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეებს დაეკისრათ 1697,98 აშშ დოლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 68%. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 283,52 ლარის ამ პროპორციით ანაზღაურება, რაც შეადგენს 192,79 ლარს. დაკისრებული თანხიდან ერთმა მოპასასუხემ ცნო 1227,06 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 75%. მოპასუხემ ეს მოთხოვნა ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მხარეები ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან და სახელმწიფო ბაჟიდან ამ პროპორციულობით თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 75% არის 144,59 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს სს “თ----------ს“. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი 48,2 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად. მ----- გ---–-------–---–ს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება. სახელწმიფო ბაჟის შეადგენს 50 ლარს, რომლის 75% 34,68 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, ხოლო 15,32 ლარის უნდა დაეკისროს მ----- გ---–-------–---–ს გადახდა, რადგა ეს საპროცესო მოქმედება მხოლოდ მას შეეხება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ----------ის“ სარჩელი;

 

2.1. ლ--–- მ----–--ესა და მ----- გ---–-------–---–ს დაეკისროთ სს „თ----------ისათვის“ 1440,38 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა;

 

2.2. ლ--–- მ----–--ესა და მ----- გ---–-------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----------ისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 24,47 აშშ დოლარი გადახდა 2017 წლის 27 ოქტომბრიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში - 257,6 აშშ დოლარის ოდენობით;

2.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 27 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ;

 

2. ლ--–- მ----–--ესა და მ----- გ---–-------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 48,2 ლარის გადახდა;

 

3. მ----- გ---–-------–---–ს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 15,32 ლარის გადახდა;

 

4. სს თ----------ს დაუბრუნდეს 2018 წლის 17 იანვარს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 144,59 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 34,68 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N65 და N40).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი