გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310018002277283
N3/10-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09.08.2018 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე: ა--------–--------ვი
წარმომადგენელი: ნ----------–ია
მოპასუხე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი: შ------------ავა, მ------------ია
მესამე პირი: ი-------------ძე
წარმომადგენელი: ე-------------–აძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 14 აპრილის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განკარგულება და საკუთრების უფლების მოწმობა N105, ასევე 2017 წლის 21 დეკემბრის N639 განკარგულება.
1.2. ი-------------ძის სახელზე N882016234483 რეგისტრაციის გაუქმება.
1.3. ა--------–--------ვის 448.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას უკანონოდ ფლობდა კონსტანტინე ლიჩინსკი. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში დატოვა სააპელაციო ინსტანციამ და უზენაესმა სასამართლომ, სადაო ქონება გადაეცა ა--------–--------ვს. მოსარჩელის განმარტებით ქონების დაუფლების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქონების ნაწილს კონსტანტინე ლიჩინსკისთან მიღწეული შეთანხმებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ი-------------ძე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე, 601-ე და 96-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 33-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების პირველი მუხლით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.''
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: ა)მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ)თვითნებურად დაკავებული.''
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.''
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.''
6.5. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.''
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა--------–--------ვი არის დაუფლებული მისი ძმის ანტიპ შიროკოვის სამკვიდრო ქონებას. 1997 წლის მიღება-ჩაბარების N494 აქტის მიხედვით ანტიპ შიროკოვს გადაცემული აქვს 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კონსტანტინე ლიჩინსკის საკუთრებაში დარეგისტრირებული აქვს 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთანავე ა--------–--------ვზე დარეგისტრირებულია 1511 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოპასუხე მხარე აღიარების კომისია მიუთითებს, რომ ა--------–--------ვი მესაკუთრე გახდა 2016 წლის 02 მარტს, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებაში გარკვევით არის მითითებული, რომ ა--------–--------ვი დაეუფლა ანტიპ შიროკოვის მემკვიდრეობას და ეს მოხდა 2016 წლამდე გაცილების ადრე. ამდენად მოპასუხე მხარემ უნდა შეისწავლოს ოზურგეთის რაონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, შეაჯამოს ეს გარემოებები იმ მტკიცებულებებთან, რასაც წარადგენენ მხარეები და მოიკვლევს თავად ადმინისტრაციული ორგანო და მხოლოდ აღნიშნული შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება 448 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ა--------–--------ვის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 14 აპრილის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განკარგულება და საკუთრების უფლების მოწმობა N105, ასევე 2017 წლის 21 დეკემბრის N639 გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ი-------------ძის სახელზე N882016234483 რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი N27.16.41.443.
1.3. დაევალოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესწავლის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი როგორც ა--------–--------ვის, ასევე ი-------------ძის ნაწილში.
2. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დაეკისროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე