გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18367-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,სა---------–-------–------–-ა“
წარმომადგენელი: თა-------------–---ი
მოპასუხე: შპს ,,რე–-----–ი“
წარმომადგენლები: მა-----------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს ,,რე–-----–ი“-სათვის მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ა“-ს სასარგებლოდ 4000 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ მიერ კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2017 წლის 31 აგვისტოს შპს ,,სა---------–-------–------–-ასა“ და შპს ,,რე–-----–ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა ფერადი კარტრიჯები შემსყიდველისათვის, ხოლო შემსყიდველმა იკისრა ვალდებულება - მიეღო მოთხოვნილი საქონელი და გადაეხადა მისი ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. მიწოდებულმა კარტრიჯებმა ექსპლუატაციის პროცესში გამოავლინა ხარვეზები. კერძოდ, ვერ ბეჭდავდა მისთვის ტექნიკური პარამეტრებით განსაზღვრული რესურსის მინიმალურ რაოდენობასაც. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე (წუნდებული საქონლის შეცვლა) შპს ,,რე–-----–ის“ დირექტორს ეცნობა რამოდენიმეჯერ, რაზედაც რეაგირება მიმწოდებლის მხრიდან არ მოხდა.
(მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა. იხ. სარჩელი, ს.ფ. 4-7, მოისმინეთ 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:41:58).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე კომპანიის გარდა იგივე პარტიისა და ანალოგიური ხარისხის პროდუქცია შეძენილია სხვა კომპანიების მხრიდან, რაზეც ხარისხზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. უფრო მეტიც, მოსარჩელემ საკითხი სადავოდ გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდებიდან 9 თვის შემდეგ, რაც დამატებით კითხვებს ბადებს მოსარჩელის საწინააღმდეგოდ.
გარდა ამისა, მოპასუხე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელე კომპანიის მიერ საკუთარი თანამშრომლების მეშვეობით მომზადებულ დოკუმენტს (დეფექტურ აქტს) პროდუქციის წუნდებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ იგი ვერ ჩაითვლება ნეიტრალურ და ობიექტურ მტკიცებულებად.
(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 43-46, მოისმინეთ 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:56:11);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 31 აგვისტოს შპს ,,სა---------–-------–------–-ასა“ და შპს ,,რე–-----–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,რე–-----–მა“ იკისრა ვალდებულება, 30 კალენდარულ დღეში შპს ,,სა---------–-------–------–-ისათვის“ მიეწოდებინა ფერადი კარტრიჯები.
ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული იქნა მისაწოდებელი საქონლის დასახელება, განზომილება, რაოდენობა და ერთეულის ფასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21);
- ხელშეკრულების დანართები (ს.ფ. 22-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2017 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 6790 ლარით.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულება უნდა გადაეხადა 10 სამუშაო დღის ვადაში ყოველ ეტაპზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე.
ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლი ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე, ხოლო ჩაბარების აქტი დგება საქონლის (ან მისი ნაწილის) ყოველი მიწოდების დასრულების შემდეგ.
მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის (ან მისი ნაწილის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
ხელშეკრულების მე-8 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ საგარანტიო პერიოდში აღმოჩნდება ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებული იქნება შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 3 კალენდარულ დღეში განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2017 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული იქნა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი - მხარეთა შეთანხმებით შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებენ: ცენტრალური საწყობის უფროსი და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი (ინსპექტირების ჯგუფი);
ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია: გაუწიოს კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადების დაცვას; დაადგინოს მიწოდებული საქონლის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან; გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი მიმწოდებელთან და უზრუნველყოს მიწოდებული საქონლის მიღება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. შპს ,,რე–-----–მა“ 2017 წლის 31 აგვისტოს №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემსყიდველ შპს ,,სა---------–-------–------–-ას“ მიაწოდა შეთანხმებულ ვადაში – 2017 წლის 29 სექტემბერს, რაზეც გაფორმდა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი.
შპს ,,სა---------–-------–------–-ას“ მიწოდებული საქონლის ღირებულება გადახდილი აქვს სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 28-29);
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 30-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. 2017 წლის 28 დეკემბერს და 2018 წლის 15 თებერვალს შპს ,,სა---------–-------–------–-ამ“ წერილობით მიმართა შპს ,,რე–-----–ი“-ს და მოითხოვა წუნდებული საქონლის შეცვლა.
შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ე-–-------------ის, ტექნიკური დახმარების განყოფილების უფროსის ი-----–---------–--ისა და პროექტების მომზადების უფროსი სპეციალისტის თ---------------ის მიერ შედგენილი იქნა დეფექტური აქტი მასზედ, რომ საწყობში არსებული Ricoh MP C2011-ის თავსებადი კარტრიჯების 4 კომპლექტი (4 ფერი ერთ კომპლექტში) არ ბეჭდავს მისთვის განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის ფურცელს, კარტრიჯებს ექსპლუატაციის პროცესში აქვს ხარვეზები და გამოუსადეგარია გამოყენებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ წერილები (ს.ფ. 32-33);
- დეფექტური აქტი (ს.ფ. 34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის შპს ,,რე–-----–ი“-ს მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს №------ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკლიანი საქონლის მიწოდების ფაქტი.
მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი, კერძოდ, მოსარჩელე თანხის დაკისრების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტზე, რომ შპს ,,რე–-----–ი“-ს მიერ მიწოდებული პროდუქცია (4 კომპლექტი) იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, რის გამოც შპს ,,სა---------–-------–------–-ა“ უფლებამოსილია მოითხოვოს საქონლის ღირებულების ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით. აღნიშნული ნორმა განამტკიცებს მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის თანაბრად გადანაწილებას, ორივე მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს წარდგენილი სარჩელისა თუ შესაგებლის საფუძვლიანობა. მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებასა და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილია და ვალდებული, თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და, შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს.
სასამართლოს მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ შპს ,,რე–-----–ი“-ს მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს N------ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებულ იქნა ნაკლიანი საქონელი.
მხარეები სადავო არ ხდიან, რომ შპს ,,რე–-----–მა“ 2017 წლის 31 აგვისტოს №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემსყიდველ შპს ,,სა---------–-------–------–-ას“ მიაწოდა შეთანხმებულ ვადაში – 2017 წლის 29 სექტემბერს, რაზეც გაფორმდა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი.
ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მისი №1 დანართის შესაბამისად, მოპასუხისათვის მიწოდებული საქონელი ზუსტ შესაბამისობაშია შეთანხმებით გათვალისწინებული საქონლის დასახელებასთან და ოდენობასთან.
ხარისხთან დაკავშირებით სხვა მოთხოვნა მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმებული, აღნიშნული კი, საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის პირობებში ადასტურებს, რომ შპს ,,რე–-----–მა“ მოსარჩელეს მიაწოდა ნივთობრივად უნაკლო საქონელი.
რაც შეეხება მოსარჩელის მსჯელობას, რომ საქონელი მიჩნეულ უნდა იქნეს ნაკლის მქონედ იმის გამო, რომ შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი იქნა დეფექტური აქტი, სასამართლო განმარტავს რომ აღნიშნული აქტი არ ადასტურებს მიწოდებული საქონლის ნაკლოვანებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ დოკუმენტს (დეფექტური აქტი, რომლითაც დადგინდა რომ კარტრიჯების 4 კომპლექტი არ ბეჭდავს მისთვის განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის ფურცელს), ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი შედგენილი და მომზადებულია თავად მოსარჩელე მხარის მიერ, შესაბამისად, ამ დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალა არ შეიძლება შეფასებული იქნეს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე თავად მხარის ახსნა-განმარტება, მითუმეტეს, რომ მითითებული დოკუმენტი (დეფექტური აქტი) არ შეიცავს ნასყიდობის საგნის ტექნიკური კვლევის იმგვარ ობიექტურ მონაცემებს, რაც მიანიშნებდა ხარვეზების აშკარა ფაქტებზე.
მოსარჩელეს მართებდა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა იმ პოზიციის და არგუმენტის გასამყარებლად, რომ ნივთს გააჩნდა ხარვეზი. ამგვარი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ (მაგ: ექსპეტრიზის დასკვნა) საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო მხარის (მოსარჩელე) ახსნა-განმარტება, არ არის საკმარისი მტკიცებულება ამ სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის.
სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ნივთის ნაკლოვანების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,სა---------–-------–------–-ა“-ს სარჩელი არ უნდა დაკამყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477-ე და 487-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამავე კოდქესის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამასთან ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. ამდენად, ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით, კანონით გათვალისწინებულ პირობას ნასყიდობის ფასის გადახდა წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,რე–-----–მა“ შპს ,,სა---------–-------–------–-ას“ მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი, კარტრიჯები, ხოლო მოპასუხეს წარმოეშვა მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია - 2017 წლის 31 აგვისტოს №------ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკლიანი საქონლის მიწოდების ფაქტი. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მისი დანართი #1-ის შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის მიწოდებული საქონელი ზუსტ შესაბამისობაშია შეთანხმებით გათვალისწინებული საქონლის დასახელებასთან და ოდენობასთან. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ შპს ,,რე–-----–მა“ მოსარჩელეს მიაწოდა ნივთობრივად უნაკლო საქონელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხემ ნივთობრივად უნაკლო საქონელი მიაწოდა მოსარჩელეს, ამიტომ არ არსებობს მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები.
6.4. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი გაზიარებული იქნება მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დეფექტური აქტი, მაინც არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თავდაპირველი სარჩელის რედაქციით ითხოვდა 6790 ლარის დაკისრებას, რაც შეადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულებას. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მას შემდეგ რაც მოწმის სახით დაიკითხნენ დეფექტურ აქტზე ხელმომწერი პირები - თ---------------ე და ი-----–---------–--ე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს, რომ Ricoh MP C2011-ის თავსებად კარტრიჯებს გააჩნდათ მხოლოდ ხარვეზი. მოწმის არჩილ კერესელიძის განმარტებით, Ricoh MP C2011-ის თავსებადი კარტრიჯების კომპლექტი სულ იყო 5 ცალი. როდესაც მან კარტრიჯის შეცვლა განახორციელა, ერთი კომპლექტი უკვე გახარჯული იყო. მან გახსნა და შეამოწმა მხოლოდ 2 კომპლექტი, რომელიც არ ბეჭდავდა, ხოლო დარჩენილი ორი კომპლექტი დღემდე გაუხსნელია და არ შემოწმებულა.
საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების N1 დანართით დასტურდება, რომ Ricoh MP C2011-ის თავსებადი კარტრიჯების 5 კომპლექტის ღირებულება შეადგენს ჯამში 4000 ლარს. თითოეულ კომპლექტში შედის 4 ფერის კარტრიჯი, ხოლო თითოეული კარტრიჯის ღირებულება შეადგენს 200 ლარს. შესაბამისად Ricoh MP C2011-ის თავსებადი კარტრიჯის (1 კომპლექტის) ღირებულება შეადგენს 800 ლარს.
როგორც უკვე აღინიშნა, თავად მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმემ, რომელიც არის შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ ტექნიკური დახმარების განყოფილების უფროსი, დაადასტურა, რომ მან შეამოწმა მხოლოდ კარტრიჯების ორი კომპლექტი, რომელზეც მისი განმარტებით ხარვეზი იქნა აღმოჩენილი, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ ორ კომპლექტს დღემდე გაუხსნელია და მისი შემოწმება არ განხორციელებულა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში როდესაც ერთი კომპლექტის ღირებულება შეადგენს 800 ლარს, ხოლო მოწმის სახით დაკითხული ი-----–---------–--ის განმარტება უარყოფს დეფექტური აქტით განსაზღვრული დაზიანებული კარტრიჯების რაოდენობას, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დეფექტური აქტის გაზიარების შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მოწმის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ხარვეზიანი კარტრიჯების (ორი კომპლექტი) ღირებულება შეადგენს 1600 ლარს, ნაცვლად მოთხოვნილი 4000 ლარისა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 203,70 ლარი (იხ. ს.ფ. 36);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ამ“ სასამართლოს მთავარ სხდომამდე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 2790 ლარით (სასარჩელო მოთხოვნის 41,09%), 83,70 ლარი მოსარჩელის მიერ მოთხოვნის შემცირების გამო, უნდა დაექვემდებაროს ბიუჯეტიდან დაბრუნებას.
მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 120 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,რე–-----–ი“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. შპს ,,სა---------–-------–------–-ა“-ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 83,70 ლარი.
(გადახდის თარიღი - 14/06/2018; საგადახდო დავალება N404; გადამხდელი - შპს ,,სა---------–-------–------–-ა“; გადამხდელის ბანკი - სს ,,ს----------–---------“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი