გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2018
საქმის ნომერი
330210018002443729
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13932-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი - ირმა იმნაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,I------------------ი’’

წარმომადგენელი - ბ--------------ი, ნ-------–---–----ე

 

მოპასუხე - დ------------–---–ი

წარმომადგენელი - თ-------------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დ------------–---–ს დაეკისროს შპს ,,I------------------ი’’-ს სასარგებლოდ 1 034 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო განცხადება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მხარეებს შორის 2015 წლის 10 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება საქონლის მომსახურების შესყიდვაზე. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ჯპს მოწყობილობებისა და საწვავის დონის მზომის მიწოდება-მონტაჟი და პროგრამული უზრუნველყოფა.

 

ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის შესასრულებელი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1 034.74 ლარს.

 

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ასევე სააღსრულებო ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების შეთავაზებისა, მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. იგი დაეთანხმა მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს, თუმცა მიუთითა, რომ მას არ გააჩნია აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელისთვის შესასრულებელი ვალდებულება. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულება ითვალისწინებდა მთელ რიგ ვალდებულებებს, რაც უნდა შეესრულებინა მოსარჩელე მხარეს, იმისთვის რომ სანაცვლოდ მას წარმოშობოდა თანხის გადახდის ვალდებულება. საწვავის დონის მზომი არ იყო მუშა მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულების მთავარ მოტივს წარმოადგენდა, რათა მას ეკონტროლებინა საწვავის მოხმარება ავტომობილის მძღოლის მიერ. მოპასუხის მითითებით, ვინაიდან მას არ მიუღია ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი შესრულება, მის მიერ ხელშეკრულების 5.3 პუნქტის საფუძველზე შეწყდა ხელშეკრულება და ამის თაობაზე ეცნობა მოსარჩელეს. გარდა აღნიშნულისა, მას როგორც მყიდველს, ხელშეკრულების 5.3 პუნქტის საფუძველზე უფლება ჰქონდა არ გადაეხადა მოსარჩელისთვის არასათანადოდ შესრულებული მომსახურების ღირებულება. მოსარჩელის მიერ ასევე მოხდა იმ კოდების დაბლოკვა რითიც მას უნდა ესარგებლა, შესაბამისად იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას რაიმე ფორმით გამოეყენებინა GPS მოწყობილობა. მოსარჩელისვე წარმოდგენილი მისი მხრიდან დაუდასტურებელი ანგარიშფაქტურაც იმის დასტურია, რომ არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება და ამის თაობაზე მოსარჩელე მხარე ინფორმირებული იყო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 10 აგვისტოს შპს ,,I------------------ი’’-ს (გამყიდველი) და დ------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე.

 

ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ერთი ერთეული GPS მოწყობილობისა და ერთი საწვავის დონის მზომის მიწოდება მონტაჟი და პროგრამული უზრუნველყოფა. ამ მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობა, რაც გულისხმობს გადაადგილების მონიტორინგის განხორციელებას წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, მომსახურების საფასური შეადგენს : სააბონენტო გადასახადი - 25 ლარი თვეში ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე დღგ-ს ჩათვლით. სააბონენტო საფასურის გადახდა წინა საანგარიშო თვეში შესასრულებელი მომსახურებისათვის ხორციელდება გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ერთიანი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 საბანკო დღეში.

მოწყობილობის ერთი კომპლექტის (GPS, FLS) ღირებულება შეადგენს 300 აშშ დოლარის ექვივალენტს დღგ-ს ჩათვლით. მოწყობილობების საფასურის ანაზღაურება ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, 5 საბანკო დღეში.

 

ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. ამავე დროს, ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორმა მხარემ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. ამავე ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისას, მყიდველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება ხელშეკრულების 5.4 პუნქტში მითითებული შეტყობინების ვადის დაცვის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.21-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის 2015 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 09 ივნისს.

 

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის 2016 წლის 09 ივნისის მიმართვით მოპასუხეს ეცნობა დავალიანების თაობაზე, ასევე განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად. ამავე მიმართვის თანახმად, მოპასუხეს ეცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხეს მიმართვები ასევე გაეგზავნა 2016 წლის 28 ივნისს და 28 ოქტომბერს. მოპასუხემ მიუთითა მოსარჩელემდე ხელშეკრულების მის მიერ შეწყვეტის ფაქტობრივ გარემოებაზე, თუმცა არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, ასევე არ მიუთითებია კონკრეტულ თარიღზე, რომელი დროიდანაც შეწყდა მის მიერ ხელშეკრულება, შესაბამისად, სასამართლოს წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 09 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ.41-43);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. 2015 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 1 034.74 ლარის ოდენობით.

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ თანხის გადახდის ვალდებულების გამომრიცხველ გარემოებად მიუთითა თავად მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და მიუთითა ხელშეკრულების საგნის ნივთობრივ ნაკლზე. მტკიცების ტვირთის გადანაწილების ფარგლებში გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ მიიღო შესრულება ისე რომ მას პრეტენზია მისი ხარისხის თაობაზე არ განუცხადებია შემსრულებლისთვის. მოპასუხემ ვალდებულების ნაკლოვანი შესრულება სადავო გახადა თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის შემდეგ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნივთის ნივთობრივი ნაკლის დეფინიციის დროს უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას, შესაბამისად უპირველესად უნდა დადგინდეს, რამდენად არის დამზადებული ნივთი მხარეთა მიერ შეთანხმებული თვისებების მატარებელი. ასეთი შეთანხმების არ არსებობისას კი უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მხარეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული მიზანი. ამ უკანასკნელის არ არსებობის შემთხვევაში ნივთი ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება, რომლის თანახმად იგი ვარგისია ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც მოიცავს როგორც თავად ხელშეკრულების საგნის ღირებულებებს ასევე, თითოეული თვის მომსახურების ღირებულებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ანგარიშფაქტურა ავტომანქანის საწვავის საზომის და GPS მოწყობილობის ღირებულების თაობაზე (ს.ფ. 36) მოპასუხეს დადასტურებული აქვს 2016 წლის 27 ოქტომბერს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მიღებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი და მას სადავო არ გაუხდია არც მისი ღირებულების და არც მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილი ანგარიშ ფაქტურები, მხოლოდ მისი ზეპირი მითითება მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც მოპასუხის მხრიდან უარყოფილი არ გამხდარა, ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების, ხოლო მოპასუხის მიერ აღნიშნული შესრულების მიღებას, საიდან გამომდინარეც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 1 034.74 ლარის ოდენობით.

 

ამასთან, სასამართლო ფაქტის დადგენის კუთხით აფასებს ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამონაწერს (ს.ფ.105-110), რომლითაც მისი განმარტებით დასტურდება მოპასუხისთვის გადაცემული მომხმარებლის ე.წ IP მისამართის სისტემაში შესვლა, შესაბამისად მათი მომსახურეობით შეუფერხებელი სარგებლობა. სასამართლო კვლავ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე და განმარტავს, რომ წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტს ვერ მიანიჭებს სათანადო მტკიცებულების ძალას. გარდა იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ფაქტობრივად შესრულებულია არასახელმწიფო ენაზე, ასევე აღნიშნული დოკუმენტაციიდან შეუძლებელია იმის დადგენა, რომელია უშუალოდ მოპასუხის ე.წ IP მისამართი და აღნიშნული რომც დასტურდებოდეს, გულისხმობს თუ არა წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტი მოპასუხის მხრიდან გაწეული მომსახურებით შეუფერხებელ სარგებლობას რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანგარიშის ბარათი (ს.ფ.25-26);

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 27-40).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 361-ე, 400-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, შესაბამისად, დადგენილია, რომ 2015 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 1 034.74 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე ფაქტობრივად სადავოდ არ ხდის ხელშეკრულების ღირებულების გადაუხდელობის ფაქტს, სასამართლოს მიაჩნია, რომ თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი (ს.ფ. 53), შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნულის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 150 ლარის ოდენობით. მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ხარჯის 250 ლარის და სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობის გაცემის საფასურის - 45 ლარის, ჯამში 295 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,I------------------ი’’-ს სარჩელი დ------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

1.2.მოპასუხე დ------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,I------------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 034 ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე დ------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,I------------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

 

3. მოპასუხე დ------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,I------------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯის - 295 ლარის ანაზღაურება;

 

4. მოპასუხე დ------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,I------------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 150 ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია