გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
330210017002117966
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26797-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს „A---------“

წარმომადგენელი ალ-----------------–----

მოპასუხე ავ--------–------–--

წარმომადგენელი ქე-------------ა, გი---------------–---–-

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა-------–------–---ათვის მოსარჩელე შპს „A---------”-ს სასარგებლოდ 100 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

2012 წლის 25 ივნისს მოსარჩელემ ავ--------–------–--ს სესხის სახით გადასცა 100 000 აშშ დოლარი განუსაზღვრელი ვადით. მსესხებელს არ დაუბრუნებია მიღებული სესხის თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 67-79). მხარეებს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს, შპს „A---------“, ავ--------–-------–---ათვის ჩარიცხული თანხით, მოპასუხის ბიძას ნ----–-------–-ას უბრუნებდა პირად თანხებს, რომელიც მასთან, როგორც ბანკირთან ინახებოდა და შპს „კ----–-“ ჩადებული თანხის ნაწილს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 25 ივნისს შპს „A---------“-მ ავ--------–------–--ს ანგარიშზე გადაურიცხა 100 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.(ს.ფ. 33).

მოპასუხის ახსნა-განმარტება.(ს.ფ. 70).

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 49-54).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 626-ე, 365-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ავ--------–------–--სთან სესხის ხელშეკრულების დადებასა და მისთვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას- სესხის სახით თანხის მოპასუხისათვის გაცემას. ვინაიდან დასახელებული გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას მოსარჩელეს ეკისრება აღნიშნულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი. სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. დასახელებული ნორმისა და სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება. რაც შეეხება ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის სახით თანხის გადაცემაში გამოიხატება ხელშეკრულების დადება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურების მიზნებისათვის მოპასუხისათვის თანხის 100 000 აშშ დოლარის ოდენობით გადაცემის ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გადარიცხვის დოკუმენტით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

 

ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის),უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი). მოპასუხემ კი მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა უარყოს თანხის გადაცემის ფაქტი ან დაადასტუროს გადაცემის ფაქტი, მაგრამ გამორიცხოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებული მისი ვალდებულების არსებობა ამ შესრულების მიმართ. იმ პირობებში, თუ დადასტურდება მოსარჩელის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი, იგულისხმება, რომ არსებობს მოპასუხისაგან ამ თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო თუ მითითებული თანხის გადაცემით არ წარმოშობილა მისი დაბრუნების ვალდებულება, მოპასუხემ აღნიშნული ფაქტი სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს.

 

ამ შემთხვევაში, მოპასუხე ადასტურებს თანხის გაცემის ფაქტს, მაგრამ გადაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულების გამოსარიცხად მიუთითებს, რომ მხარეებს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს და ამ თანხის მოპასუხისათვის ჩარიცხვით, მოსარჩელის დირექტორმა მესამე პირს - მოპასუხის ბიძას ნ----–-------–-ას დაუბრუნა მისი კუთვნილი თანხა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელისაგან მიღებულ თანხაზე მისი საკუთრების უფლებას. ამ შემთხვევაში, საპირისპირო მტკიცების ტვირთი, რომლითაც გამოირიცხებოდა სადავო თანხაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, მოპასუხის მხარეზეა, რომელიც სადავო თანხის მოსარჩელის პირად ანგარიშზე მოხვედრის გარემოებას იმით ხსნის, რომ ეს თანხა მას გადაცემული ჰქონდა შესანახად მოპასუხის ბიძისაგან. მოპასუხის მითითებულ პოზიციას, მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი პრეზუმფციის გაქარწყლების საფუძვლად სასამართლო არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: შესაგებელზე დართული თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 25 ივნისს შპს „A---------“-მ ნ----–-------–-ას ჩაურიცხა 200 000 აშშ დოლარი. 2012 წლის 03 ივლისს ა---------–-------–იამ ნ----–--------–იას უნაღდო ანგარისწორებით გადაურიცხა 100 000 აშშ დოლარი.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ნ----–-------–-ას თანხა ჩაურიცხა 16:14:37 საათზე, ავ--------–-------–--- - იმავე დღეს 16:16:37 საათზე, თუ მოსარჩელემ 2012 წლის 25 ივნისს ნ----–--------–იას ჩაურიცხა 200 000 აშშ დოლარი, გაურკვეველია რამ შეუშალა ხელი მას იმავე დღეს ერთი ტრანზაქციით შეესრულებინა ნ----–-------–-ას წინაშე თანხის დაბრუნების ვალდებულება და გადარიცხულ თანხასთან ერთად დამატებით 100 000 აშშ დოლარი ჩაერიცხა. ამდენად, აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხისათვის გადარიცხული თანხაც ნ----–-------–-ასთან დასაბრუნებელ მის კუთვნილ თანხას წარმოადგენდა, საფუძველსაა მოკლებული. რაც შეეხება მოსარჩელისაგან თანხის მიღების შემდეგ, ამ თანხის განკარგვას ავ--------–------–--ს მიერ, ეს გარემოება, მოსარჩელისადმი გადარიცხული თანხის კუთვნილების გასაქარწყლებლად სასამართლოს მიერ არ არის გაზიარებული.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის განმარტებას, სადავო თანხის დაბრუნების ვალდებულების წარმოშობის გამოსარიცხად, სასამართლო არ იზიარებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რეალურად მხარეთა შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით დასაშვებია. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულების დადება დასტურდება, მოპასუხის მიერ თანხის გადაცემის ფაქტით.

 

ამდენად, სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შპს „A---------“-მ მოპასუხეს ავ--------–------–--ს საკუთრებაში გადასცა ფულადი თანხა 100 000 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ავ--------–------–--ს მოსარჩელის წინაშე ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ავ--------–------–--ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს 100 000 აშშ დოლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „A---------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1.დაეკისროს მოპასუხე ავ--------–------–--ს მოსარჩელე შპს „A---------“-ს სასარგებლოდ 100 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ავ--------–------–--ს მოსარჩელე შპს „A---------“-ს სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია