გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002487952
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე - ი-----–------–----ე
მოპასუხე - შუახევის მუნიციპალიტეტის ს------–------–------------ სკოლა:
წარმომადგენელი - თ-------------ე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
წარმომადგენელი - პ-–----------------–---–-
დავის საგანი - უფლების და სამართლებრივი ურთიერთობის - მოსარჩელის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----–-- საშუალო სკოლის (ამჟამად ს------–------–------------ სკოლა) - სრული ზოგადი განათლების პროგრამის გავლის აღიარება და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის დადგენა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. აღიარებულ იქნას სამართლებრივი ურთიერთობა მსაედ, რომ ი-----–------–----ემ (პ/ნ6----------) 1992-2003 წლებში გაირა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----–-- საშუალო სკოლის (ამჟამად ს------–------–------------ სკოლა) სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა, რაზეც 2003 წელს გაცემულია ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის ს------–------–------------ სკოლას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და პოზიცია არ დაუფიქსირებია. სასამართლო სხდომაზე სკოლის წარმომადგენელმა, დირექტორმა თ-------------ემ ცნო სარჩელი;
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. სასამართლო სხდომაზე მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, კერძოდ, განმარტა, რომ მათ კანონით განსაზღვრული აქვთ რა შემთხვევაში უნდა გაიცეს დაკარგული ატესტატის დუბლიკატი, ვინაიდან არქივში არ აღმოჩნდა ყველა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა ატესტატის გასაცემათ, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვის ჩვეშ არ აყენებენ მოსარჩელის მიერ სკოლის დამთავრების ფაქტს, კანონის თანახმად არა აქვთ უფლება გასცენ ატესტატი.
4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ი-----–------–----ე 1992 წლიდან 2003 წლამდე სწავლობდა შუახევის რაიონის ს------–------–------------ სკოლაში, 2003 წელს ი-----–------–----ემ დაასრულა შუახევის მუნიციპალიტეტის ს------–------–------------ სკოლის სრული კურსი და მიიღო საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი N ნ-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შუახევის მუნიციპალიტეტის ს------–------–------------ სკოლის მიერ გაცემული ცნობა.
4.1.2. 2017 წლის 15 დეკემბერს ი-----–------–----ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.1.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმეტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N----- ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის 16 პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ ვერ ხერხდება მოქალაქე ი-----–------–----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. აღნიშნულის გამო უარი ეთქვა ატესტატი დუბლიკატის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 08.01.2018 წლის N6------ გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის განხილვის დროს არ გამოვლენილა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–------–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე;
7.2. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ შუახევის რაიონის სოფელ ბ----–-- საშუალო სკოლაში 1992-2003 წლებში სწავლის, სრული ზოგადი განათლებისა და ატესტატის მიღების ფაქტი.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები;
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ი-----–------–----ემ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო.
7.6. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი - ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია გარემოება, რომ ი-----–------–----ემ 2003 წელს დაამთავრა ბ----–-- საჯარო სკოლა და მიიღო ატესტატი.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა
7.7. სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
7.8. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობასა და გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ საშუალო განათლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსისბ 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად -იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას - 2018 წლის 01 ივნისს - გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ შუახევის მუნიციპალიტეტის ს------–------–------------ სკოლამ ცნო სარჩელი მთავარ სხდომაზე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, ხოლო ნახევარი ასანაზღაურებლად დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
2. მოსარჩელე ი-----–------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
3. აღიარებულ იქნას სამართლებრივი ურთიერთობა მსაედ, რომ ი-----–------–----ემ (პ/ნ6----------) 1992-2003 წლებში გაირა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----–-- საშუალო სკოლის (ამჟამად ს------–------–------------ სკოლა) სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა, რაზეც 2003 წელს გაცემულია ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი.
4. მოსარჩელე ი-----–------–----ეს (პ/ნ6----------) დაუბრუნდეს 2018 წლის 01 ივნისს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 (ორმოცდათი) ლარი ( საგადახასადო დავალება N0, სს ,,საქართველოს ბანკი'', ანგარიში/სახაზინო კოდი - 3--------).
5. მოპასხუხე ს------–------–------------ სკოლას მოსარჩელე ი-----–------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 50 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 358).
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე