გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.08.2018
საქმის ნომერი
330310018002424233
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
21.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2641-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

მოსარჩელე - ბ---------–---–-

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - მ---------------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის №0--------- გადაწყვეტილება;

1.2. დაევალოს მოპასუხეს მოცემულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ---------–---–-ს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2-.0-.2016 წლის განაჩენით ბ---------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ჯ-----------------–---- ეპიზოდი), სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ჯ----–--–------- ეპიზოდი), სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ამირან ციცქიშვილის ეპიზოდი), სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ზ-------–-–--–---–-- ეპიზოდი), სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ზ------------------- ეპიზოდი), სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ზურაბ ბარბაქაძის ეპიზოდი). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 100-106)

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის ოქმი (ზეპირი მოსმენის გარეშე) (ს.ფ. 93-99)

-№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს დამტკიცებული ბ-----------------------–---–-- დახასიათება (ს.ფ. 85-92)

 

3.1.2. ბ---------–---–- აღიარებს დანაშაულს. იგი განხორციელებულ ქმედებას უკავშირებს გარემოებათა თანხვედრას, განიცდის დაწესებულებაში გატარებულ პერიოდს. მსჯავრდებულის განცხადებით, დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე, სამი არასრულწლოვანი შვილი, დედა, ძმა. მ----------- გარდაცვლილები არიან. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. ოჯახის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა.

 

მოსარჩელე მუშაობდა N14 პენიტენციური დაწესებულების სამეურნეო მომსახურეობაში. სასჯელის მოხდის პერიოდში შეისწავლა მეფილე-მომპირკეთებლის და კალატოზის პროფესია.

 

ბ---------–---–თან ინტერვიურებისას განსაკუთრებული სახის რისკ-ფაქტორები არ გამოვლენილა. რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, იგი დიალოგში ერთვება მიზანმიმართულად, კომუნიკაბელურია, გარეგნულად მოწესრიგებული, მომავლის მიმართ განწყობილია პოზიტიურად. ავლენს ახლობელი ადამიანების მიმართ მზრუნველობას და პასუხისმგებლობის გრძნობას.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 100-106)

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის ოქმი (ზეპირი მოსმენის გარეშე) (ს.ფ. 93-99)

-№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს დამტკიცებული ბ-----------------------–---–-- დახასიათება (ს.ფ. 85-92)

 

3.1.3. ბ---------–---–- წარსულში ნასამართლობის მქონეა. მსჯავრდებულთა რეესტრის თანახმად, 30.0--2010 წლის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კიდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. 2-.0-.2011 წელს გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.

 

01.0-.2012 წლის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი). მსჯავრდებულთა რეესტრის თანახმად, 16.01.2015 წელს გათავისუფლდა სასჯელის მოხდით.

 

31.0-.2015 წლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელებში. ბ-------–--ლის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას და 9 თვის ვადით პირობით მსჯავრს დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან ნაწილი 4 თვის და15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე რეალურად მოსახდელად სასჯელი, ხოლო 9 თვე პირობით, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელიდან ნაწილი- 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა რეალურად, ხოლო 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 100-106)

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის ოქმი (ზეპირი მოსმენის გარეშე) (ს.ფ. 93-99)

-№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს დამტკიცებული ბ-----------------------–---–-- დახასიათება (ს.ფ. 85-92)

 

3.1.4. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ბ---------–---–- 2016 წლის 8 ივნისს ხმაურობდა საკანში, იგინებოდა დაწესებულების თანამშრომლების მისამართით. განკ. N4----- მოთავსებული იქნა ,,სამარტოო საკანში“ 7 დღე/ღამით. 2017 წლის 27 ივლისს ყვიროდა, ითხოვდა სხვა დაწესებულებაში ეტაპირებას, განკ. N5----- შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება 2 თვით.

 

მსჯავრდებული ბ---------–---–- არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არის კონფლიქტური და აგრესიული.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 100-106)

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის ოქმი (ზეპირი მოსმენის გარეშე) (ს.ფ. 93-99)

-№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს დამტკიცებული ბ-----------------------–---–-- დახასიათება (ს.ფ. 85-92)

 

3.1.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ 2018 წლის 2- მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ---------–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (არაერთი ეპიზოდი), იმის მიერ, ვინც ორჯერ არ მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის. ამასთანავე, მსჯავრდებული არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არის კონფლიქტური და აგრესიული. სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ გამოყენებული იქნა არაერთი დისციპლინური სახდელი. მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია მსგავსი ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ბ---------–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 100-106)

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2- მარტის ოქმი (ზეპირი მოსმენის გარეშე) (ს.ფ. 93-99)

-№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს დამტკიცებული ბ-----------------------–---–-- დახასიათება (ს.ფ. 85-92)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა–განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ურთიერთშეაჯერა ფაქტობრივი გარემოებები და თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება'' (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 08 ივლისის N320 ბრძანებით).

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო აქტის გამოცემის მომენტისთვის წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - ბ---------–---–-ს უფლებებსა და მოვალეობებს. ამასთან, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საბჭოს გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა სხდომის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

ხსენებული კოდექსის მე-40 მუხლში რეგლამენტირებულია სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებაზე'', რომლის პირველი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში– საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.

 

მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. ამავე დებულების მესამე მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიულ განსჯადობას, რომლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული უფლებამოსილება გადაწყვეტილება მიეღო სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამასთან დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას. ამასთან, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების'' შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის ორი სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. აღნიშნული დებულების მე-15 მუხლის თანახმად სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე ტარდება მხოლოდ საბჭოს წევრების და საბჭოს აპარატის თანამშრომლის მონაწილეობით. საბჭოს გადაწყვეტილებით, სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა მოწვეულ იქნეს სპეციალური ცოდნის (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგი ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის) მქონე პირი. საბჭოს სხდომაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს წევრმა. საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით.

 

აღნიშნული დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის ჩატარების დროს იწარმოება სხდომის ოქმი. ოქმში ფიქსირდება საბჭოს თითოეული წევრის ხმა მსჯავრდებულთან მიმართებაში და საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ აწარმოა სხდომის ოქმი, გამოკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემობები. ამდენად, სასამართლო ადგენს, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემის დროს, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა წარმოების სათანადო სახის დაცვით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ხოლო მეოთხე მუხლი განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ დაასაბუთა გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით. ამასთან, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებულია გასაჩივრების უფლებასა და წესზე.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების'' მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. აღნიშნული მუხლის თანახმად შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის გარკვევა. კანონის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოყენებული ტერმინი „დისკრეციული უფლებამოსილება“, იგი გამოიხატება სიტყვებით - ადმინისტრაციულ ორგანოს „შეუძლია“, „უფლება აქვს“ ან „უფლებამოსილია“. მთელ რიგ შემთხვევებში, ეს გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან. ამის საპირისპიროდ, როდესაც კანონმდებელი უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო „ვალდებულია“, „უნდა განახორციელოს“, „უფლება არა აქვს“, „უნდა აიკრძალოს“ და ა.შ. ასეთ შემთხვევებში აშკარაა კანონმდებლის ნება: ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი მას აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება; გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა სადავო საკითხის განხილვის მომენტისათვის წარმოადგენდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით''.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საბჭოს შეფასება სრულად შეესაბამება მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შეფასება ხდება ზემოხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ ბ---------–---–- წარსულში ნასამართლევია არაერთხელ, მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის. ამასთან, მსჯავრდებული არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არის კონფლიქტური და აგრესიული. სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ გამოყენებული იქნა არაერთი დისციპლინური სახდელი. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ბ---------–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, მათ შორის მნიშვნელოვანია ოჯახისა და ახლობლების მხარდაჭერა, როგორც მორალური, ასევე მატერიალური კუთხითაც. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული მისივე განმარტებით დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე, სამი არასრულწლოვანი შვილი, დედა, ძმა. მ----------- გარდაცვლილები არიან. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბ---------–---–-ს მიერ პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა. კერძოდ, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (არაერთი ეპიზოდი), იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ არ მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის. ამასთან, მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია მსგავსი ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი - ფორმალური და მატერიალური კანონიერება, შესაბამისად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

ამდენად, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ემყარება სწორ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცულია სადავო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა მოპასუხისათვის ბ---------–---–-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 271-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ---------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი