გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/777-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 აგვისტო, 2018წ. ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ვ-–------------------–ი
წარმომადგენლები:
1. ჟ------------ი
2. ქ------------------–ი
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ-------------–---ა
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–ი
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაუთვალოს ვ-–------------------–ს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად სავალდებულო სამხედრო სამსახურში 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე და შინაგან საქმეთა სამინისტროში 2001 წლის 19 აპრილიდან 2002 წლის 24 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდები.
მოსარჩელის განმარტებით, 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, მინისტრის პირველი მოადგილის 1993 წლის 08 ოქტომბრის ბრძანებით, იგი ჩაირიცხა 2---- სამხედრო ნაწილის სიაში, შ--------------------------ილის თანამდებობაზე და 2001 წლამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 2001-2002 წლებში იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მივლინებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შინაგან ჯარების სარდლის განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2002 წლის 24 სექტემბრის №3-- ბრძანებით, ვ-–------------------–ი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.
მოსარჩელის განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, მას შეიარაღებული ძალების ნამსახურობაში უნდა ჩაეთვალოს სავალდებულო სამხედრო სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივლინების პერიოდი, თუმცა აღნიშნულზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა. ადმინისტრაციული ორგანოს დაანგარიშებით, ვ-–------------------–ის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის პერიოდი გამოდის 10 წელზე ნაკლები, შესაბამისად, იგი მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად ვერ ჩაეთვლება ვერც 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი და ვერც 2001 წლის 19 აპრილიდან 2002 წლის 24 სექტემბრამდე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის პერიოდი, რამდენადაც არცერთი მათგანი არ წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელის განმარტებით, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, ვ-–------------------–ს არ უნდა ჩაეთვალოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული პერიოდები, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო. მისივე განმარტებით, ვ-–------------------–ი საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ჩაირიცხა 1993 წლის 17 სექტემბრიდან (ბრძანება №1---) 2001 წლის 19 აპრილამდე. 2001 წლის 19 აპრილიდან იგი მივლინებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, შს საჯარისო სამსახურის უ--------დ. აღნიშნული თანამდებობიდან იგი გათავისუფლდა 2002 წლის 24 სექტემბერს, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო (შს ჯარების სარდლის №3-- პ/შ ბრძანება). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 23 იანვრის №1----- აქტით დაიანგარიშა მის მიერ ნამსახურები წლები და ვ-–------------------–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობად ჩაეთვალა 2001 წლის 19 აპრილიდან 2002 წლის 24 სექტემბრამდე შს საჯარისო სამსახურის უ--------დ მუშაობის პერიოდი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ვ-–------------------–ი სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 1969 წლის 04 მაისს, საქართველოს სსრ გ--------ის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. მსახურობდა 1969 წლის 20 მაისიდან, დათხოვნილ იქნა თადარიგში 1971 წლის 26 მაისს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო და ამოირიცხა ნაწილის სიებიდან. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი მოიცავს 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე პერიოდს.
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მინისტრის პირველი მოადგილის 1993 წლის 8 ოქტომბრის №1--- ბრძანებით, ვ-–------------------–ი ჩაირიცხა 2---- სამხედრო ნაწილის სიაში, შ--------------------------ილის თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 14 სექტემბრის №4-- ბრძანებით ვ-–------------------–ს მიენიჭა მორიგი სამხედრო წოდება „ვიცე-პოლკოვნიკი“.
ვ-–------------------–ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2001 წლის 19 აპრილს მივლინებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში და დაინიშნა ს/ნ 2----ის საჯარისო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველოს (შინაგანი ჯარების სარდლის) 2002 წლის 24 სექტემბრის №3-- პ/შ ბრძანებით, შინაგანი ჯარების ვიცე-პოლკოვნიკი ვ-–-----------–------ ჩ--------–ი - ს/ნ 2----ის საჯარისო სამსახურის უფროსი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში, სამსახურის გავლის შესახებ დებულების IX თავის IV მუხლის „ა“ პუნქტით (ზღვრული ასაკის მიღწევა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საინჟინრო მესანგრეთა სასწავლო ბატალიონის 1993 წლის 8 ოქტომბრის №-- ბრძანება (ს.ფ. 20);
- ამონაწერი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 25 მარტის №----- ბრძანებიდან (ს.ფ. 21);
- ამონაწერი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 14 სექტემბრის №4-- ბრძანებიდან (ს.ფ. 22);
- ამონაწერი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 23 დეკემბრის №--- ბრძანებიდან (ს.ფ. 23);
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვ-–------------------–ის ნამსახურობის ნუსხა (ს.ფ. 25-32);
- ამონაწერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2001 წლის 03 ივლისის №--- პ/შ ბრძანებიდან (ს.ფ. 103);
- ამონაწერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2002 წლის 24 სექტემბრის №3-- პ/შ ბრძანებიდან (ს.ფ. 104).
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 24 თებერვლის №------ გადაწყვეტილებით ვ-–------------------–ს 2015 წლის 02 თებერვლის №------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობა არ შეადგენს სავალდებულო 20 წლიან მინიმუმს, ასევე, შს ორგანოებში ნამსახურობა ვერ ჩაეთვლება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად, ზღვრული ასაკით დათხოვნის შემთხვევაში მასზე ვერ ვრცელდება „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 24 თებერვლის №------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 19).
3.3. ვ-–------------------–მა 2015 წლის 20 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საბუთების გაფორმება მოითხოვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის M---------------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ-–------------------–ის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, კერძოდ, წარდგენილი საბუთებისა და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში მას ნამსახურები აქვს 7 წელი, 8 თვე და 9 დღე (1993 წლის 8 ოქტომბრიდან 2001 წლის 19 აპრილამდე) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 04 ივნისის ბრძანებით, 2001 წლის 19 აპრილიდან მივლინებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამსახურის გასავლელად. ამასთან, იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია შინაგანი ჯარების სარდლის 2002 წლის 04 ივნისის №---- ბრძანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17).
3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 23 იანვრის M-------------- წერილით ვ-–------------------–ს განემარტა, რომ წელთა ნამსახურობაში შედის: სამხედრო სავალდებულო სამსახური: 20/05/1969 – 26/05/1971წწ. – 02 წელი - 00 თვე - 06 დღე; სამსახურის გავლის პერიოდი: 03/10/1993 – 24/09/2002 წწ. – 08 წელი - 11 თვე - 21 დღე.
ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, წელთა ნამსახურობა უნდა შეადგენდეს სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის 20 ან 20-ზე მეტ წელს, ამის შემდგომ (საერთო სტაჟში) ითვლება სწავლა და შეღავათიანი პერიოდი (არსებობის შემთხვევაში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 23 იანვრის M----------------- წერილი (ს.ფ. 42).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ-–------------------–ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში, ვ-–------------------–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე, კერძოდ, იგი მოითხოვს დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაუთვალოს ვ-–------------------–ს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე და შინაგან საქმეთა სამინისტროში 2001 წლის 19 აპრილიდან 2002 წლის 24 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე, სახეზეა მავალდებულებელი სარჩელი, რომლის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარკვეული ქმედების განხორციელების დავალდებულება, რაც მოსარჩელისთვის იურიდიული ინტერესის მატარებელია. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურობის წლების დათვლის წესს.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის ნამსახურობის წელთა მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ესენია: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით); პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს; მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები; გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები; სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ-–------------------–მა გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, გარკვეული წლების განმავლობაში იგი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველოს (შინაგანი ჯარების სარდლის) 2002 წლის 24 სექტემბრის №3-- პ/შ ბრძანებით, შინაგანი ჯარების ვიცე-პოლკოვნიკი ვ-–-----------–------ ჩ--------–ი ს/ნ 2----ის საჯარისო სამსახურის უფროსი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.
დადგენილია, რომ ვ-–------------------–მა 2015 წლის 20 მაისს მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს და მოითხოვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საბუთების გაფორმება.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის M---------------- გადაწყვეტილებით ვ-–------------------–ს განემარტა, რომ წარდგენილი საბუთებისა და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში მას ნამსახურები აქვს 7 წელი, 8 თვე და 9 დღე (1993 წლის 8 ოქტომბრიდან 2001 წლის 19 აპრილამდე) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 04 ივნისის ბრძანებით, 2001 წლის 19 აპრილიდან მივლინებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამსახურის გასავლელად. ამასთან, იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია შინაგან საქმეთა ჯარების სარდლის 2002 წლის 04 ივნისის №---- ბრძანებით.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
დადგენილია, რომ ვ-–------------------–ი მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაზე და განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვს, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეს, რომელსც აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსარჩელის ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1993 წლის 8 ოქტომბრიდან 2001 წლის 19 აპრილამდე პერიოდს (7 წელი, 8 თვე და 9 დღე) შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უსაფუძვლოა.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე. აღნიშნული ნორმით დადგენილია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, კერძოდ: 1) სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; 2) ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; 3) საქართველოს შეიარაღებული ძალების ის მოსამსახურეები, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ზემოხსენებული ნორმის ბოლო ნაწილის განმარტების შედეგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობა უკავშირდება, კერძოდ, პირი სამხედრო სამსახურში ჩარიცხული უნდა იყოს 1991-1995 წლებში, დათხოვნილი უნდა იქნეს ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, უნდა ჰქონდეს შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, ასევე, დათხოვნილი უნდა იყოს სამხედრო სამსახურიდან.
სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ-–------------------–ი სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 1969 წლის 04 მაისს საქართველოს სსრ გ--------ის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ და მსახურობდა 1969 წლის 20 მაისიდან, ხოლო 1971 წლის 26 მაისს დათხოვნილ იქნა თადარიგში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო და ამოირიცხა ნაწილის სიებიდან. იგი მსახურობდა სამხედრო ჯარების დაჯგუფებაში გერმანიაში, მე-18 ცალკეული სატანკო ბატალიონის სადაზვერვო ოცეულის 21-ე მოტომსროლელი დივიზიის მე-2 გვარდიის სატანკო არმიაში. წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მინისტრის პირველი მოადგილის 1993 წლის 8 ოქტომბრის №1--- ბრძანებით, ვ-–------------------–ი ჩაირიცხა 2---- სამხედრო ნაწილის სიაში, შ--------------------------ილის თანამდებობაზე. იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, 2001 წლის 19 აპრილამდე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2001 წლის 19 აპრილს მივლინებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში და დაინიშნა ს/ნ 2----ის საჯარისო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ვ-–------------------–ი მითითებულ სამმართველოში მსახურობდა 2002 წლის 24 სექტემბრამდე, რამდენადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველოს (შინაგანი ჯარების სარდლის) 2002 წლის 24 სექტემბრის №3-- პ/შ ბრძანებით შინაგანი ჯარების ვიცე-პოლკოვნიკი ვ-–-----------–------ ჩ--------–ი ს/ნ 2----ის საჯარისო სამსახურის უფროსი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში, სამსახურის გავლის შესახებ დებულების IX თავის IV მუხლის „ა“ პუნქტით (ზღვრული ასაკის მიღწევა).
ამდენად, საქმეში არსებული მასალების თანახმად, ვ-–------------------–ი 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პერიოდი მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის წლებში.
ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2001 წლის 19 აპრილიდან 2002 წლის 24 სექტემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში მივლინების პერიოდის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად ჩათვლასთან დაკავშირებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დგინდება, რომ ვ-–------------------–ი მივლინებული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო 2002 წლის 24 სექტემბერს შინაგანი ჯარების სარდალმა ზღვრული ასაკის გამო გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვა შეიარაღებული ძალების თადარიგში. სასამართლო მიუთითებს საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (მოქმედებს 1997 წლის 31 ოქტომბრიდან) 2001-2002 წლებში მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მართალია სამხედრო ძალების შემადგენლობა შედგებოდა როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებისაგან, მაგრამ ისინი სხვადასხვა ფორმირებებს წარმოადგენდნენ, შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას, რომ შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად ჩაეთვალოს 2001 წლის 19 აპრილიდან 2002 წლის 24 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის პერიოდი. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგანს სცდება შინაგანი ჯარების სარდლის მიერ ვ-–------------------–ის შეიარაღებული ძალების თადარიგში დათხოვნის უფლებამოსილებთან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტა.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–------------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ჩაუთვალოს ვ-–------------------–ს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობას სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი - 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, 331 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–------------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაუთვალოს ვ-–------------------–ს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი - 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე