გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/28128-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - სს „თე-–--ი“
წარმომადგენელი - ზა----------ა
მოპასუხე - შპს „ჯი-----ი“
წარმომადგენელი - გი---------–-----ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს “ჯი-----ისათვის“ მოსარჩელე სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ დაზიანებული კაბელების აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯის 944,88 ლარისა და დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს „თე-–--ის“ მიერ ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის გამო მიუღებელი შემოსავლის 4,78 ლარის, საერთო ჯამში 949,66 ლარის (დღგ-ის გარეშე) ანაზღაურება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს თბილისში, ქე-------–-------–ის გამზირზე, №- კორპუსის მიმდებარედ, შპს „ჯი-----ის“ მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა სს „თე-–--ის“ კუთვნილი საკაბელო ტრასა ს/ჯ 5--------. დაზიანებული საკაბელო ხაზი აღადგინა სს „თე-–--მა“.
2017 წლის 11 სექტემბრის №--- ხარჯთაღრიცხვის და 2017 წლის 13 სექტემბრის №--- გაანგარიშების თანახმად, დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით სს „თე-–--ის“ მიერ გაწეულმა სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა 944,88 ლარი (დღგ-ის გარეშე), ხოლო დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს „თე-–--ის“ მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის გამო მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 4,78 ლარი (დღგ-ის გარეშე). საერთო ჯამში, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 949,66 ლარს.
სს „თე-–--ის“ ისნის საექსპლუატაციო რაიონის უფროსის კ. კო----ის 2017 წლის 01 სექტემბრის წერილით ირკვევა, რომ მოპასუხეს ეცნობა თბილისში, კო-------ის ქუჩაზე სამუშაოების წარმოების არეალში არსებული კაბელების მდგომარეობის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელის მიერ არ არის გამოკვლეული ის გარემოება, რომ კაბელები დაზიანდა მოპასუხის მიერ. ასევე კაბელების ვარგისიანობაზე არ არის ექსპერტიზა ჩატარებული. შესაბამისად, სახეზე არაა ზიანის განსაზღვრისათვის აუცილებელი მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ხაზოვანი ობიექტი საკადასტრო კოდით 0--01.8--- ელექტროგადამცემი ხაზი, 6-10 კვ საკაბელო ხაზი, 200 მ, დაფარვის ზონა ს.ქ №-----დან ს.ქ-------მდე, ქე-------–-------–ის გამზ №--ის მიმდ/ი. ფა-----ს ქ №---ის მიმდებარედ, ირიცხება სს „თე-–--ის“ საკუთრებაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 114-115).
3.1.2. 2017 წლის 31 აგვისტოს სს „თე-–--ის“ კუთვნილი საჰაერო და საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების №-- აქტის თანახმად, 2017 წლის 31 აგვისტოს თბილისში, ქე-------–-------–ის გამზირის №--ის მიმდებარედ 06:30 საათზე შპს „ჯი-----ის“ მიერ დაზიანდა კაბელი ს------------------, 6კვ.
აქტის მიხედვით დაზიანების გარემოებებია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.
აქტს ხელს აწერს „დამზიანებელი ფირმის“ უფლებამოსილი პირი.
„დამზიანებელი ფირმის“ უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნამდვილობა შპს „ჯი-----ის“ წარმომადგენელს არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია.
მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული აქტი და არც ამ აქტში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 31 აგვისტოს საჰაერო და საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების №-- აქტი (ს.ფ. 21).
3.1.3. 2017 წლის 31 აგვისტოს შესრულებული სამუშაოების აქტების თანახმად, 2017 წლის 31 აგვისტოს განხორციელდა 5-------- კაბელის აღდგენა და ქუროს მონტაჟი.
2017 წლის 11 სექტემბრის №--- ხარჯთაღრიცხვის თანახმად, დაზიანებული მ/ძ კაბელის აღდგენის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 944,88 ლარი.
მოპასუხის წარმომადგენელს არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია დაზიანებული კაბელის აღდგენის ღირებულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 31 აგვისტოს შესრულებული სამუშაოების აქტები (ს.ფ. 22-23).
- 2017 წლის 11 სექტემბრის №--- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 24-25).
3.1.4. 2017 წლის 13 სექტემბრის №--- გაანგარიშების თანახმად, ს/ჯ 5-------- (5742) დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს „თე-–--ის“ მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის გამო მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 4,78 ლარი (119 კვტ.სთ * 0,04019 ლარი / კვტ.სთ = 4,78 ლარი) (დღგ-ის გარეშე).
ელექტროენერგიის შესყიდვაზე და რეალიზაციაზე 2017 წელს მოქმედი ტარიფების გათვალისწინებით (სემეკ-ის გადაწყვეტილების შესაბამისად) სს „თე-–--ის“ მარჟა შეადგენს საშუალოდ 0,04019 ლარს / კვტ.სთ.
ქსელის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის ოდენობა - 125 კვტ.სთ. 6/10-0,4 კვ ქსელში 4,8% ტექნიკური დანაკარგის გათვალისწინებით (ქსელის განვითარების სამსახურის წერილი 0-------) მიუწოდებელი ელექტროენერგია შეადგენს 119 კვტ.სთ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 13 სექტემბრის №--- გაანგარიშება (ს.ფ. 26).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2017 წლის 31 აგვისტოს შპს „ჯი-----ის“ მიერ დაზიანდა თბილისში, ქე-------–-------–ის გამზირის №--ის მიმდებარედ მდებარე სს „თე-–--ის“ კაბელი ს------------------, 6კვ.
მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა ფაქტი, იმის შესახებ, რომ შპს „ჯი-----ი“ არ წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს კაბელის დაზიანებისათვის, რამდენადაც, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, უშულოდ მოპასუხის ქმედებით კაბელის დაზიანების ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფარგლებში, სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს 2017 წლის 31 აგვისტოს სს „თე-–--ის“ კუთვნილი საჰაერო და საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების №-- აქტი, რომლის მიხედვით 2017 წლის 31 აგვისტოს თბილისში, ქე-------–-------–ის გამზირის №--ის მიმდებარედ 06:30 საათზე შპს „ჯი-----ის“ მიერ დაზიანდა კაბელი ს------------------, 6კვ. აქტის მიხედვით დაზიანების გარემოებებია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. აქტს ხელს აწერს დამზიანებელი ფირმის უფლებამოსილი პირი. ხელმოწერით დადასტურებული იქნა დაზიანების ფაქტი, თუმცა ზიანის ანაზღაურებაზე შპს „ჯი-----იმ“ განაცხადა უარი.
დამზიანებელი ფირმის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნამდვილობა შპს „ჯი-----ის“ წარმომადგენელს არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია.
ამასთან, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება იმის შესახებ, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს თბილისში, ქე-------–-------–ის გამზირის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა შპს „ჯი-----ი“.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, ასევე სს „თე-–--ში“ დასაქმებულმა პირმა არ---------------მა განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ჯი-----ი“.
ამდენად, სასამართლო, სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტის შესაბამისად, სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
სასამართლოს, მოწმეთა ჩვენებების, 2017 წლის 31 აგვისტოს სს „თე-–--ის“ კუთვნილი საჰაერო და საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების №-- აქტის საფუძველზე და მოპასუხე მხარის შედავებაზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს თბილისში, ქე-------–-------–ის გამზირის №--ის მიმდებარედ შპს „ჯი-----ის“ მიერ დაზიანდა სს „თე-–--ის“ მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი კაბელი ს------------------, 6კვ. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
3.2.2. შპს „ჯი-----იმ“ სამუშაოები წარმართა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ №347 დადგენილების მე-10 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ №366 დადგენილების მე-4 მუხლის მეორე და მეხუთე პუნქტების მოთხოვნები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, ასევე სს „თე-–--ში“ დასაქმებულმა პირმა არ---------------მა განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას შპს „ჯი-----ის“ უფლებამოსილი საქმის მწარმოებლები მიწის სიღრმეში ჩავიდნენ 5 მეტრზე, კაბელი კი დაახლოებით იყო 30 სმ-ის სიღრმეში მიწის ქვეშ, ასფალტის საფარის გარეშე, მისი მოხსნის შემდეგ. სამუშაოების დაწყებამდე მწარმოებლები გაფრთხილებულნი იქნენ კაბელების განლაგების სიღრმის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, სს „თე-–--ში“ დასაქმებულმა პირმა მი----–-------–---–მა განაცხადა, რომ მის ვალდებულებას წარმოადგენს კონკრეტულ ტერიტორიაზე მომუშავე ჯგუფებისათვის კაბელების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. განსახილველ შემთხვევაში, რაიონის სამსახურის უფროსმა კო----------ემ სარეაბილიტაციო სამუშაოების საქმის მწარმოებელ პირს გააცნო საკაბელო ხაზის მდებარეობის სქემა და განუმარტა, თუ სად გადიოდა მიწისქვეშა კაბელი. მოწმემ განმარტა, რომ მიწისქვეშა კაბელის განლაგების სიღრმესთან დაკავშირებით სამუშაოების მწარმოებლებს 30სმ-ის სიღრმეზე ჩარევისაგან თავის შეკავებას ურჩევენ.
2017 წლის 31 აგვისტოს სს „თე-–--ის“ კუთვნილი საჰაერო და საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების №-- აქტი, რომლის მიხედვით შპს „ჯი-----ის“ მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად აღნიშნულია მაღალი ძაბვის კაბელების მდებარეობა ზედაპირიდან 30 სმ-ის სიღრმეზე. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ შპს „ჯი-----ი“ მიწისქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე, დაახლოებით 5 მეტრის სიღრმეზე. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოწმის არ---------------ის მიერ მითითებული გარემოება 5 მეტრის სიღრმეზე სამუშაოების წარმართვის შესახებ, სადავოდ არ გაუხდია.
№366 დადგენილება განსაზღვრავს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებს, რაც მიწისქვეშა საკაბელო ხაზისათვის განისაზღვრება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთით, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან დაშორებულია მანძილით 1 კვ-ის ზევით - 1 მეტრი ორივე მხრიდან (მე-3 მუხლის „ბ).ა)“ და „ბ.ა.ა)“ ქვეპუნქტები).
ასევე დასახელებული დადგენილება განსაზღვრავს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობებს (მუხლი მე-4). ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია მიწის სამუშაოთა წარმოება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ხოლო სახნავში - 0.45 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ასევე მანქანა-მექანიზმების მეშვეობით გრუნტის მოშანდაკება (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ)“ ქვეპუნქტი).
№366 დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში აწარმოებს ნებისმიერი სახის აფეთქების, სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარეკონსტრუქციო, აგრეთვე სხვა სამუშაოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება, ვალდებულია აღნიშნული ქსელის მფლობელ პირს ელექტრული ქსელის დაცვის მიზნით შეუთანხმოს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები, აგრეთვე სამუშაოთა დაწყების თარიღი 1 კვ ძაბვაზე მაღალი ელექტრული ქსელის შემთხვევაში - სამუშაოების დაწყებამდე 12 დღით ადრე.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ №347 დადგენილების მე-10 მუხლი განსაზღვრავს მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოების პირობებს.
აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისქვეშა კომუნიკაციების ზონაში (ელექტროკაბელები, გაზსადენები და სხვა) მიწის სამუშაოების წარმოება დაშვებულია მხოლოდ ამ კომუნიკაციების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში. ნებართვას თან უნდა დაერთოს კომუნიკაციების ადგილმდებარეობისა და ჩალაგების სიღრმის აღმნიშვნელი გეგმა (სქემა). სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია მიწისქვეშა კომუნიკაციების ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ნიშნების დაყენება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მიწის სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების მოქმედების ზონაში უნდა წარმოებდეს ოსტატის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული კაბელების დაცვის ზონაში, აგრეთვე ელექტრომეურნეობის მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ.
ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სს „თე-–--მა“ ზეპირი ფორმით განუმარტა შპს „ჯი-----ის“ საქმის მწარმოებლებს, სადენების მოწყობის შესახებ. მოსარჩელის წარმომადგენელი კი მიუთითებს მოპასუხისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელიც დათარიღებულია 2017 წლის სექტემბრით.
როგორც აღინიშნა, ელექტროსადენები დაზიანდა 2017 წლის 31 აგვისტოს. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ჯი-----ი“ ვალდებული იყო 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე 12 დღით ადრე ქსელის მფლობელ პირთან, სს „თე-–--თან“ ელექტრული ქსელის დაცვის მიზნით შეეთანხმებინა სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები, აგრეთვე სამუშაოთა დაწყების თარიღი. თავად სამუშაოთა მწარმოებლის ვალდებულებას წარმოადგენდა მოეპოვებინა ამგვარი შეთანხმება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაც არათუ მხარეთა შეთანხმებას, არამედ თუნდაც ამგვარი შეთანხმების მიღწევის წინმსწრებ ურთიერობას დაადასტურებდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ჯი-----ის“ მიერ დაირღვა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები და მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოების პირობები (№366 დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ)“ ქვეპუნქტი), №347 დადგენილების მე-10 მუხლი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 411-ე, 992-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: ზიანი - დადგენილია, რომ სს „თე-–--ს“ მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებაში; სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - შპს „ჯი-----ის“ მიერ დაირღვა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები და მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოების პირობები (№366 დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ)“ ქვეპუნქტი), №347 დადგენილების მე-10 მუხლი); არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა შპს „ჯი-----ის“ მიერ შესაბამისი წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა სს „თე-–--ის“ ელექტროგადამცემი ხაზი და შესაბამისად, სს „თე-–--ს“ არ მიადგებოდა ზიანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დადგომისათვის დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
დადგენილია, რომ სს „თე-–--ისათვის“ ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებით მიყენებული ზარალი განისაზღვრა 944,88 ლარით. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი სრულად 944,88 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სს „თე-–--ის“ წინაშე მოპასუხე შპს „ჯი-----ი“ წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს, რომელსაც უნდა დაეკისროს 944,88 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.2. მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის 4,78 ლარის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრებას.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა და დაამტკიცა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მასზედ რომ მოსარჩელე წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს, შესაბამისად მისი საქმიანობა ორიენტირებულია მოგების მიღებაზე.
სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, „მიუღებელი შემოსავალი“ არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ, სუსგ საქმეზე №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, შემოსავლის გაანგარიშების აქტი (ს.ფ. 26), სს „თე-–--ის“ კომერციული მიზნების გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავლის დასადასტურებლად წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რაც ქმნის ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, მოსარჩელის მიერ დადასტურებულია სამეწარმეო ურთიერთობის ფარგლებში (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი 4,78 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟი 50,00 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თე-–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს :
1.1. მოპასუხე შპს „ჯი-----ის“ მოსარჩელე სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 944,88 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე შპს „ჯი-----ის“ მოსარჩელე სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4,78 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს „ჯი-----ის“ მოსარჩელე სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50,00 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე