გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
190210018002443773
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1446-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "მ----–--ნ"

წარმომადგენელი ნინო დათუკიშვილი

მოპასუხე დ----- ფ--–-–---–ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დ----- ფ--–-–---–ისათვის 1503 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 24 მაისს შპს „KAPI”-სთან“ დ----- ფ--–-–---–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N L-43870 მართვის ავტომატური სისტემების გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 501 ლარი. სესხი გაიცა 20 დღის ვადით 2016 წლის 13 ივნისამდე, სესხის სარგებელი შეადგენს 53.78 ლარს. ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის და სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ძირითადი თანხის 1%-ს .

 

მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, სესხი და სარგებელი არ გადაიხადა. ვადის გადაცილება შეადგენს 689 დღეს. ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოა 3451.89 ლარი. 2017 წლის 7 აპრილს შპს ΚΑPI-სა და შპს მ----–--ნს შორის დაიდო დ----- ფ--–-–---–ის მიმართ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. მსესხებლის მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებული იყო საქმე გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების მიზნით, სადაც საქმე შეწყდა და სააპლიკაციო საფასური მოსარჩელეს არ დაუბრუნდა.

 

მოსარჩელე მოითხოვს ძირითადი თანხის 501 ლარის, სარგებლის 53.78 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლო 948.22 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაცო საფასურის გადახდას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობითი შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი დავალიანებასთან მიმართებაში და უნდა შემცირდეს მთლიანად. მოპასუხემ თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 24 მაისს შპს „KAPI”-სთან“ დ----- ფ--–-–---–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N L-43870 მართვის ავტომატური სისტემების გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 501 ლარი. სესხი გაიცა 20 დღის ვადით 2016 წლის 13 ივნისამდე, სესხის სარგებელი შეადგენს 53.78 ლარს. ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის და სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ძირითადი თანხის 1%-ს .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

– სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-22)

– სარჩელი (ს.ფ. 2-5)

– შესაგებელი (ს.ფ. 42-45)

 

3.1.2. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, სესხი და სარგებელი არ გადაიხადა. ვადის გადაცილება შეადგენს 689 დღეს. ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოა 3451.89 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

– სარჩელი (ს.ფ. 2-5)

– შესაგებელი (ს.ფ. 4-45)

 

3.1.3. 2017 წლის 7 აპრილს შპს ΚΑPI-სა და შპს მ----–--ნს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც დ----- ფ--–-–---–ის მიმართ მოთოვნის უფლება გმსესხებელმა დაუთმო შპს «მ----–--ნს».

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

– მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 26-27)

 

3.1.4 დ----- ფ--–-–---–ის მიმართ შპს მ----–--ნმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა განცხადება გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების მიზნით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ, სადაც საქმე შეწყდა და გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარი მოსარჩელეს არ დაუბრუნდა. .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 2-5)

- შესაგებელი (ს.ფ. 42-45)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 501 ლარი, ხოლო მისი დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არა აქვს. სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია და სესხის სარგებელი შეადგენს 53.78 ლარს.

 

მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა 2016 წლის 13 ივნისამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი გარემოებები საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნა, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა 501 ლარი და პროცენტი 53.78 ლარი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ თანხის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ, რადგან მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1%-ის ოდენობით. სარჩელით მოთხოვნილია 948.22 ლარის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 501 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 948.22 ლარი. მოპასუხემ საერთოდ არ შეასრულა ვალდებულება, სრულად გადაუხდელია სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლის მიხედვით, ერთ დღეში გადასახდელი პირგსამატეხლოა 5.01 ლარი, რაც სესხის ძირითადი თანხის მცირე ოდენობის გათვალისწინებით არაგონივრულად მაღალი თანხაა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შემცირებული პირგასამტეხლო, მაგრამ მოთხოვნილი პირგასამტეხლოც მაღალია, რადგან თითქმის სესხის ორმაგი ოდენობისაა და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება. პირგასამტეხლო დარიცხულია 2016 წლის 13 ივნისიდან 689 დღის ვადაგადაცილების პერიოდში. მოთხოვნილი პირგასმატეხლო ამ პერიოდის მანძილზე დარიცხულია დღში 1,37 ლარის ოდენობით.

 

420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გონივრულობა ნიშნავს იმ ფარგლებს, როცა პირგასამტეხლოს თანხა მის დანიშნულებას - ვალდებულების დარღვევის პრევენციას და შესაძლო ზიანის ანაზღაურებას ამართლებს. პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

მიუხედავად ვადის გადაცილების ხანგრძლვი პერიოდისა, მოვალისათვის ეს გარემოება არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია გასესხებული თანხის ოდენობის და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის თანაფარდობის აშკარა შეუსაბამობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სესხის საერთოდ არ დააბრუნა, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მეტისმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება ისეთ ვითარებაში, როცა სესხის თანხაა 501 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია 948.22 ლარი. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის სესხის დავალიანება თითქმის ორმაგი თანხა.

 

სესხის დაბრუნების ვალდებულება თითქმის 2 წელია არ შესრულებულა, რის გამო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-თ, რაც ერთ დღეში არის 0.35 ლარი, ვადის გადაცილებულის 689 დღის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლოა 241.63 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ვალდებულება თითქმის 2 წელზე მეტი დროის განმავლობაში საერთოდ არ შესრულებულა, სესხის ძირითადი დავალიანების ოდენობაა 501 ლარი, ამ ოდენობის პირგასამტეხლო გონივრულია კრედიტორისათვის შესაძლო ზიანის კომპენსირების ინტერესის დასაცავად და უზრუნველყოფს მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ფულადი საჯარიმო სანქციის დაკისრებას იმ ოდენობით, რაც არ გაართულებს სადაო სასესხო ვალდებულების შესრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელებიდან რაც საკმარისი არ არის მთელი ვადამოსული ვალის გადასახდელად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ ძირითადი შესრულება ( ვალი) და ბოლოს პროცენტები.

 

ამ ნორმით დადგენილია პრინციპი რომლის მიხედვით, ვალდებულების შესრულებისას პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა, ხოლო სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ხარჯს არ გულისხმობს და მასში იგულისხმება მოთხოვნის იძულებით აღსრულებისათვის გაწეული ხარჯები.

 

შპს მ----–--ნის“ მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადახდილია სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხის პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა, ხოლო ასეთ შემთხვევაში "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ამავე მოთხოვნაზე სს „საქართველოს ბანკმა“ სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხის პროტესტი საფუძვლიანი არ აღმოჩნდა. სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, გასწია ხარჯი დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით, რაც უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა 1503 ლარი, საიდანაც მოპასუხისათვის დაკისრებული 896.41 ლარი არის მოთხოვნის 60%, რის გამოც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გადახდილი სახელმწიფ ბაჟის 60% - 30 ლარი. მოპასუხემ დაკისრებული თანხიდან ცნო 554.78 ლარი, რაც არის დაკისრებული თანხის 70%. 30 ლარის 70% არის 21 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის 9 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მ----–--ნის“ სარჩელი;

1.1. დ----- ფ--–-–---–ს დაეკისროს შპს „მ----–--ნისათვის “ 896.41 ლარის გადახდა;

 

2. დ----- ფ--–-–---–ს დაეკისროს შპს „მ----–--ნისათვის“ 9 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. შპს "მ----–--ნს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 2 მაისს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 21 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე საქართველოს ფინანსტა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N1525252310) ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი