გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
330210018002474360
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/16286-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე – შპს ''ყ--------------------–--ი'';

წარმომადგენელი – თ----------------ე;

მოპასუხე – შპს ''ჯ------ი'';

წარმომადგენელი - გ----------–-----ა;

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს ''ჯ------ის'' შპს ''ყ--------------------–--ის''სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით - 142.70 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 01 ივლისს ქ. თბილისში კ-------------------------------------------------------------ედ შპს ''ჯ------ი'' აწარმოებდა გზის საფარის სარემონტო სამუშაოებს რა დროსაც დაზიანდა შპს ''ყ--------------------–--ის'' კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 40მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანების თაობაზე, რის საფუძველზეც კომპანიის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 142.70 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, შპს ''ჯ------ი'' არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად არ ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და არ ანაზღაურებს კომპანიისათვის მიყენებულ ზიანს, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის - 142.70 ლარის გადახდის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. შპს ''ჯ------იმ'' წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მითითებით, 2017 წლის 1 ივლისს კო-----------------------თან შპს ''ჯ------ი'' ნამდვილად ასრულებდა გზის საფარის სარემონტო სამუშაოებს, თუმცა ამ სამუშაოების შესრულების დროს არ დაზიანებულა მოსარჩელის კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 40მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 01 ივლისს ქ. თბილისში კ-------------------------------------------------------------ედ შპს ''ჯ------ი''აწარმოებდა გზის საფარის სარემონტო სამუშაოებს რა დროსაც დაზიანდა შპს ''ყ--------------------–--ის'' კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 40მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ტელეფონოგრამა (განაცხადი) (ს.ფ. 23);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ კომპანიის საავარიო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანების თაობაზე, რის საფუძველზეც კომპანიის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა - 142.70 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ტელეფონოგრამა (განაცხადი) (ს.ფ. 23);

- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 24);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე მხარეს ზიანის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება -იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების, მათ შორის მხარეთა ასხნა-განმარტებებზე დაყრდნობით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ შპს ''ჯ------ის'' არ უღიარებია გაზსადენის დაზიანების ფაქტი, ამიტომ იგი არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, ასევე დაზიანებული მილები განთავსებული იყო ტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევით. მოპასუხის მიერ აღნიშნული გარემოებების რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელი პირია შპს ''ჯ------ი''.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, მოცემულ შემთხვევაში კი განმცხადებელს მტკიცების მაღალი სტანდარტით ევალება დაადასტუროს სადავო ფაქტობრივი გარემოება.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, საავარიო სამსახურში შესული განაცხადის, რომელშიც მითითებულია, რომ მისამართზე გზის საფარის სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა შპს ''ჯ------ი'', პროექტის მენეჯერი ნი----–------------ი, რომელიც მოპასუხის განმარტებით ნამდვილად წარმოადგენს მის თანამშრომელს და უფლებამოსილ პირს დასტურდება, რომ შპს ''ჯ------ი'' წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს. ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის უტყუარი, სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც უდავოდ დადასტურდებოდა, რომ დაზიანებული მილები განთავსებული იყო ტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევით. მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებები კი ცალსახად და სარწმუნოდ არ ადასტურებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, შპს ''ყ--------------------–--ის'' მიერ დადგენილი ნორმებისა თუ რეგლამეტის დარღვევის ფაქტების არსებობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს ''ყ--------------------–--ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების საფუძველზე, საქმე გვაქვს არასახელშეკრულებო ზიანთან.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმა წარმოადგენს არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ამ ნორმის ანალიზის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზე გვაქვს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობები: ა) დამდგარი ზიანი, ბ) ზიანი მიყენებული უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, გ) პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამდგარ ზიანთან და წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, დ) პირის ბრალეული ქმედება.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან სარჩელის ფაქტობრივ წინაპირობებს და გადაწყვეტილების 3.1. პუნქტით დადგენილია, რომ შპს ''ყ--------------------–--ის'' საერთო ჯამში მიადგა - 142.70 ლარის ოდენობით ზიანი. გადაწვეტილების 3.2. პუნქტით ასევე დადგენილია, რომ ზიანის მიაყენა მოპასუხე მხარემ.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ დაზიანებული მილები განთავსებული იყო ტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევით, ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე, ვინაიდან, აღნიშნულის რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელი პირია შპს ''ჯ------ი''. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც საჭიროა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ შპს ''ყ--------------------–--ის'' სარჩელი - 142.70 ლარის შპს ''ჯ------ისთვის'' დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''ყ--------------------–--ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ''ჯ------ის'' მოსარჩელე შპს ''ყ--------------------–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს - 142.70 ლარის გადახდა.

 

3. შპს ''ჯ------ის'' მოსარჩელე შპს ''ყ--------------------–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი