გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2545-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - რ----- მ-----
მოსარჩელის წარმომადგენელი - ა---------- ს-----------
მოპასუხე - დ-------- გ----------ი
მოპასუხის წარმომადგენელი - ქ------- კ-----–-----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე დ-------- გ----------ისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის თანხის 7000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს 2016 წელს ასესხა გარკვეული თანხა, თანხის ნაწილი გადახდილია, გადასახდელი დარჩა 7000 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეწყო 2017 წლის თებერვლიდან, თუმც ვალდებულება არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა არასწორია, შეთანხმების მიხედვით, მოპასუხეს თანხა უნდა ეხადა ეტაპობრივად, ყოველთვიურად დაახლოებით 300 აშშ დოლარამდე, ისიც ოქტომბრის თვის შემდგომ და არა სარჩელის წარდგენის მომენტისთვის.
ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დაახლოებით 2016 წელს დ-------- გ----------მა მოსარჩელისგან მიიღო სესხის სახით გარკვეული თანხა . კონკრეტული თანხის ოდენობა მოსარჩელეს არ ახსოვს. თანხის ნაწილი მოპასუხემ გაისტუმრა და დარჩა გადასახდელი 7000 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, მხარეთა ახსნა-განმარტება. ს.ფ.15
3.1. 2. მოპასუხე სადავოდ არ ხდის და აღიარებს რომ შეთანხმებული თანხა 7000 დოლარი არ გადაუხდია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ვალის დაბრუნება მოპასუხეს უნდა დაეწყო 2017 წლის თებერვლიდან ნაწილ - ნაწილ თვეში 300 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია.
2018 წლის 7 აგვისტოს მოპასუხემ დაწერა ხელწერილი, რომლითაც აღიარა ვალი 7000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა ვალი ნაწილ - ნაწილ თვეში 300 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ასევე არ შესრულებულა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, მხარეთა ახსნა-განმარტება. ს.ფ.15
აღნიშნული ხელწერილით დასტურდება, რომ მხარეთა შორის 2016 წელს დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ვალის ნაწილი გაისტუმრა, ხოლო დარჩენილ ნაწილზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალის არსებობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელწერილით აღიარების საფუძველზე დადასტურებულია, რომ რ----- მ-----სთან დადებული სესხის ხელშეკრულების შესასრულებლად დ-------- გ----------ს 7000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა აქვს მოსარჩელისთვის გადასახდელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ მეორე მხარის მიერ მითითებული გარემოების არსებობის დადასტურება შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მხარის აღიარება ამ ფაქტის მტკიცებისათვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს, თუკი ამ გარემოების დადასტურების კანონით დადგენილი სპეციალური წესი არ არის დადგენილი. მხარის აღიარებად ითვლება მხარის ისეთი განმარტება, როცა იგი ნათლად და გარკვევით ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ ფაქტს და მოსაზრებას.
მოსარჩელემ კონკრეტულად დაასახელა თანხის ოდენობა, რაც მოპასუხისაგან უნდა მიიღოს და ასევე მიუთითა ამ თანხის მიღების დრო.
მოპასუხე დ-------- გ----------ი დაეთანხმა თანხის ოდენობას, მაგრამ არ ეთანხმება ვალის დაბრუნების დროს. იგი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს შედგენილი ხელწერილით მას ვალის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა 2018 წლის ოქტომბრის შემდგომ და თანაც ნაწილ-ნაწილ, დაახლოებით 300 აშშ დოლარამდე ყოველთვიურად და მოსარჩელეს არა აქვს ჯერ-ჯერობით ამ მომენტისთვის ვალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება და თანაც სრული მოცულობით. მას შეუძლია მხოლოდ 300 დოლარის დაკისრება მოითხოვოს 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელწერილი ერთგვარი შეთანხმება იყო მხარეთა შორის ვალის დაბრუნების გრაფიკზე, თუმც მოვალის დ-------- გ----------ის მხრიდან იგი დაირღვა და ამდენად, მოსარჩელეს ჰქონდა უფლება მოპასუხისთვის ვალის დაბრუნება დაუყოვნებლივ და სრულად მოეთხოვა .
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით რ----- მ-----სა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოსარჩელე ადასტურებს , რომ მას აქვს მოპასუხისგან 7000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება დაუყოვნებლივ, რის დასადასტურებლად წარმოადგინა ხელწერილი.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას, რომ ხელწერილის საფუძველზე მოპასუხეს ვალის დაბრუნების ვალდებულება აქვს 2018 წლის ოქტომბრის შემდგომ და მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს შემდეგი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის და ნებისმიერ სხვა ფორმით გათვალისწინებული აღიარებისაგან განსხვავდება იმით, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა (იხ, სუსგ, საქმე №ას-839-890-2011, 8 ნოემბერი, 2011 წელი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალის არსებობის აღიარებისას, როგორც ახალი ხელშეკრულების დადებისას, დაცული უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნები ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეთა მიერ რაიმე ფორმით ნების გამოვლენა ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ და ახალ ხელშეკრულებად, რომელიც წარმოშობს დამოუკიდებელ მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2018 წლის 07 აგვისტოს გაფორმებული ხელწერილი არ შეიცავს სსკ-ის 327-ე მუხლით მოთხოვნილ პირობებზე მითითებას, რაც შეიძლებოდა ხელშეკრულების არსებით პირობად მიჩნეულიყო და რაც მხარეთა შორის ამ ხელწერილს ვალის არსებობის აღიარებისათვის დამახასიათებელ სამართლებრივ ხასიათს შესძენდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარებად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ, სუსგ, საქმე №ას-839-890-2011, 8 ნოემბერი, 2011 წელი).
მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა გაფორმებული ხელწერილით, განსაზღვრეს, 2018 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით, შესასრულებელი, არსებული დავალიანების ოდენობა და შეთანხმდნენ, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე განისაზღვრებოდა 7000 დოლარით და გადახდის ვადაზე, რაც დაირღვა მოვალის მიერ.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელწერილი არ შეიძლება შეფასდეს ვალის არსებობის აღიარებად და ახალ, დამოუკიდებელ ხელშეკრულებად; თავად ხელწერილის შინაარსიდან გამომდინარე და მხარეთა ახსნა-განმარტებების მიხედვით, ამ ხელწერილით განისაზღვრა მხარეთა შორის უკვე არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი (სესხის) ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ფარგლები, გადასახდელი დავალიანების ოდენობა.
რაც შეეხება ხელწერილში მითითებულ დროს, რომ დ-------- გ----------ი გადაიხდიდა ყოველთვიურად დაახლოებით 300 აშშ დოლარამდე ვალს, არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის მომართვისა და ვალის მთლიანი თანხის დაკისრების მოთხოვნას, რადგან თავად ეს ხელწერილი არ წარმოადგენს ახალ, დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, მასში მითითებული ზემოაღნიშნული ფრაზაც (გადახდის ვადასთან დაკავშირებით) არ ჩაითვლება მხარეთა შორის შეთანხმებულ ახალ პირობად. ამ ხელწერილით მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ შორის არსებული სამოქალაქო -სამართლებრივი ურთიერთობა სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მოვალემ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ვალდებულება ჰქონდა კრედიტორის წინაშე შესასრულებელი. მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2018 წლის 21 სექტემბერს, მოპაუხეს ამ პერიოდისთვისაც არ ჰქონდა რაიმე თანხა დაბრუნებული. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს ხელწერილით დ-------- გ----------ს რაიმე ახალი ვალდებულებები არ დაკისრებია, ვალის არსებობას იგი აღიარებს, თუმც მას არც 2018 წლის აგვისტო-სექტემბერში გადაუხდია მოსარჩელისთვის რაიმე თანხა, თუნდაც 300 აშშ დოლარამდე თანხა, ხოლო არც ხელწერილში და არც მოსარჩელის განმარტებით არ დასტურდება, რომ ვალის გასტუმრება მოპასუხეს 2018 წლის ოქტომბრის შემდგომ უნდა დაეწყო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ არ ცნო სარჩელი , შესაბამისად, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-3, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ----- მ------ სარჩელი მოპასუხის დ-------- გ----------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე დ-------- გ----------ს რ----- მ------ სასარგებლოდ დაეკისროს 7000 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხე დ-------- გ----------ს რ----- მ------ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 545 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით .
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი