გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №3/5781-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - ა---------------–---ი
წარმომადგენლები - გ---------–-----ე, ა----------------ი
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენლები - თ-------–----------ა, გ-------------------
მესამე პირი (16.2.) - ს-----–-----–------ა
წარმომადგენელი - ა---------–------–-ია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის №9-- განკარგულება, რომლითაც ს-----–-----–------ას საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ს---–--------------–ვ--–----------ში მდებარე 289 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 2, ს.ფ. 153-162).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირმა - ს-----–-----–------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის (აქტის ჩანაწერი №6--) თანახმად, ს-----–-----–------ა და თ---------------–---ი დაქორწინდნენ 1981 წლის 10 ნოემბერს, ხოლო განქორწინების მოწმობის (აქტის ჩანაწერი №3--) თანახმად, მათი ქორწინების შეწყვეტის თარიღია 1983 წლის 06 სექტემბერი.
4.1.2. ქ. თბილისის 26-----------ის რაიონის სახალხო სასამართლოს 1988 წლის 05 ნოემბრის №2-------- გადაწყვეტილებით (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით) დგინდება, რომ სასამართლოს სარჩელით მიმართა ს-----–--ა ნ-----–----ის ასულმა ლ-------მ, მოპასუხეების - თ----- ს---- ძე ტ-------–---ის, ფ-------ა ლ----ის ასული ტ-------–---ისა და ა----- ს---- ძე ტ-------–---ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეების ბინაში შესახლება, მისამართზე - ქ. თბილისი, დ----ა–---–------------. აღიშნული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ს-----–-----–------ა თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლდა მოპასუხე ტ-------–---ების სადავო ბინაში ოჯახის ყოფილი წევრის უფლებით ყველა სათავსოების გამოყენებით. ს-----–-----–------ას შესახლების ფაქტს ასევე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის 26-----------ის რაიონის სახალხო სასამართლოს აღმასრულებლის 1989 წლის 27 ნოემბრის №4ა აქტიც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1981 წლის 10 ნოემბრის ქორწინების მოწმობის (ტომი 1, ს.ფ. 119);
- 1983 წლის 06 სექტემბრის განქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 120);
- ქ. თბილისის 26-----------ის რაიონის სახალხო სასამართლოს 1988 წლის 05 ნოემბრის №2-------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 17-18);
- ქ. თბილისის 26-----------ის რაიონის სახალხო სასამართლოს აღმასრულებლის 1989 წლის 27 ნოემბრის აქტი №4ა (ტომი 1, ს.ფ. 84).
4.1.3. 2016 წლის 07 ნოემბერს ს-----–-----–------ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, დ-----–---–-- ქ. №18-ში მდებარე 289 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის №1---- წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ს-----–-----–------ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, თბილისი, ს. დო---–---–---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-----–-----–------ას 2016 წლის 7 ნოემბრის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 210-217);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის №1---- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 148).
4.1.4. 2017 წლის 02 ივნისს ა----- თ-------–---ის წარმომადგენელმა - ა----------------მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ს-----–-----–------ას განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მე-3 პირად ჩართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა----- თ-------–---ის წარმომადგენლის - ა-----------------ის 2017 წლის 02 ივნისის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 269)
4.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის №9-- განკარგულებით, ს-----–-----–------ას განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ს---–--------------–ვ--–-------ში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საერთო ფართი - 289 კვ.მ.) მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - უსასყიდლო და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა ს-----–-----–------ას საკუთრების უფლება.
4.1.6. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის №9-- განკარგულების საფუძველზე, ამავე კომისიის მიერ 2017 წლის 29 ივლისს გაიცა №1--- და საკუთრების უფლების მოწმობა ს-----–-----–------ას სახელზე და ქ. თბილისში, ს---–--------------–ვ--–-------ში მდებარე 289 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: №0--------------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 289 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3), 2017 წლის 12 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ს-----–-----–------ას სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის №9-- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 11-12);
- 2017 წლის 29 ივლისის №1--- საკუთრების უფლების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 69);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 12.09.2017 (ტომი 1, ს.ფ. 72).
4.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №M---------- გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, დ-----–---–-- ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიულ ობიექტებს მიენიჭა ნუმერაცია აღნიშნული გადაწყვეტილების №1 დანართის შესაბამისად, რომლის თანახმად, დო---–---–--------- გახდა დ-----–---–-- ქ. №20 დ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №M---------- გადაწყვეტილება და №1 დანართი (ტომი 1, ს.ფ. 16-17).
4.1.8. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 16 მაისს ნოტარიულად დამოწმებული აღმოსავლეთ მაკედონია-თრაკის პერიფერიის გენერალური მდივნის 2002 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების თარგმანი, რომლითაც ირკვევა, რომ ა----- ს---- ძე თ-------–---მა შეიცვალა გვარი და გახდა თ-------–---ის. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნულ რეპატრიანტებს ენიჭებათ საბერძნეთის მოქალაქეობა საბერძნეთის მოქალაქის ფიცის დადებისა და წინამდებარე გადაწყვეტილების სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნებიდან ერთი წლის ვადაში.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ა---------------–---ი 1996 წლის 18 მარტიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე თბილისი, ს---–--------------–ვ--–------------- რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მითითებული არ არის.
2018 წლის 21 თებერვალს ა---------------–---ზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე გაცემული იქნა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 მაისს ნოტარიულად დამოწმებული აღმოსავლეთ მაკედონია-თრაკის პერიფერიის გენერალური მდივნის 2002 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების თარგმანი (ტომი 2, ს.ფ. 64-65);
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (ტომი 2, ს.ფ. 166-167);
- ა---------------–---ის პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი (ტომი 2, ს.ფ. 168).
4.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ს-----–-----–------ას სარჩელი დაკმაყოფილდა და აბრაამ ტეოფილიდისის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ს-----–-----–------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება , მდებარე ქ. თბილისი, ს---–--------------–ვილის ქ, N20დ (ყოფ. N18) მიწის ნაკვეთი -289 კვ.მ, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა-ნაგებობები, ს/კ 0---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 05.04.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტ.3. ს.ფ. 28-32)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------------–---ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის №9-- განკარგულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
7.2. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან(ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 07 ნოემბერს ს-----–-----–------ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, დო---–---–----------ში მდებარე 289 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია, ხოლო აღნიშნული განცხადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის №1---- წერილობითი მიმართვით გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში სარეგისტრაციო წარმოება.
7.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღიარების კომისიის მიერ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერთან არსებულ შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
7.4. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ- მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიის ვალდებულებას წარმოადგენდა პირველ რიგში იმის გამოკვლევა აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ს-----–-----–------ას მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, მიწის ნაკვეთი ს-----–-----–------ას გარდა ხომ არ წარმოადგენდა ასევე სხვა პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ ან სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რამეთუ აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებულ განკარგულებაში მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციითა და სხდომაზე დაფიქსირებული ახსნა-განმარტებების შედეგად დადასტურდა მხოლოდ ს-----–-----–------ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ აღნიშნულის მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ა---------------–---ი წლებია ცხოვრობს საბერძნეთში და არის საბერძნეთის მოქალაქე, რაც გამორიცხავდა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების შესაძლებლობას და მის კანონიერ ინტერესს სადავო უძრავი ქონების მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო მიუთითებს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ქ. თბილისის 26-----------ის რაიონის სახალხო სასამართლოს 1988 წლის 05 ნოემბრის №2-------- გადაწყვეტილებაზე (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით), რომლითაც დგინდება, რომ სასამართლოს სარჩელით მიმართა ს-----–--ა ნ-----–----ის ასულმა ლ-------მ, მოპასუხეების - თ----- ს---- ძე ტ-------–---ის, ფ-------ა ლ----ის ასული ტ-------–---ისა და ა----- ს---- ძე ტ-------–---ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეების ბინაში შესახლება, მისამართზე - ქ. თბილისი, დ----ა–---–------------. აღიშნული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ს-----–-----–------ა თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლდა მოპასუხე ტ-------–---ების სადავო ბინაში. უდავო გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ მოცემულ დავაში მოსარჩელეს წარმოადგენს სწორედ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მითითებული ა---------------–---ი, რომლის ინტერესიც სადავო უძრავი ქონების მიმართ ცალსახაა და რომლის სახელზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, 2018 წლის 21 თებერვალს, გაიცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მხარეები სადავოდ არ ხდიან ასევე იმ ფაქტს, რომ 1996 წლამდე მოსარჩელე ცხოვრობდა და დღეის მდგომარეობითაც ცხოვრობს საქართველოში იმ მისამართზე არსებულ უძრავ ქონებაში, რომელიც აღიარებული იქნა ს-----–-----–------ას საკუთრებად. ამასთან, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ მოსარჩელე მხარეს საკუთრება არასოდეს მიუტოვებია და საბერძნეთში ცხოვრების დროს ის ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, თუმცა საყურადღებოა ადმინისტრაციულ ორგანოს არც აღნიშნული გარემოებები გამოუკვლევია.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ მოუხდენია საქმის გარემოების შესწავლა, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ არის საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული განკარგულება მიწის ნაკვეთზე ს-----–-----–------ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რომლითაც ქ. თბილისში, ს---–--------------–ვ--–-------ში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საერთო ფართი - 289 კვ.მ.) მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - უსასყიდლო და საკუთრების უფლება ეღიარა ს-----–-----–------ას.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2017 წლის 25 ივლისის №9-- განკარგულება, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის’’ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ს-----–-----–------ას განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის №9-- განკარგულება და მოპასუხეს უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს-----–-----–------ას განცხადებასთან დაკავშირებით. საკითხის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, სარცელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე ა---------------–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის №9-- განკარგულება და მოპასუხეს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს-----–-----–------ას განცხადებასთან დაკავშირებით.
3. მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე - ა---------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი