გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002499107
N 2/569-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.11.2018 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი: სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე დ-------- ო-------–--ე
წარმომადგენელი მ--–---- ლ----ე
მოპასუხე ლ---- კ------ი
წარმომადგენელი ა---------– ბ----ე
დავის საგანი: სამკვიდრო ქონების მიღებულად აღიარება და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2016 წლის 24 თებერვალს გარდაცვლილი ჯ------- კ------ის დანაშთი სამკვიდრო უძრავი ქონების 1/2 წილის მდებარე ქ. ზ----------–-, წ---–------- ქუჩა N 4 ლ---- კ------ის მიერ ფაქტიური დაუფლების გზით მიღების ფაქტის აღიარება და საჯარო რეესტრში ამ უძრავი ქონების ლ---- კ------ის საკუთრებად აღრიცხვა.
1.საპროცესო ხარჯებისა და რწმუნებულის მოწვევის ხარჯის ანაზღაურება 300 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელის პოზიცია
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე ლ---- კ------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 9650 აშშ დოლარის ოდენობით. გადაწყვეტილება მიექცა აღსასრულებლად. სააღსრულებო ბიუროს მიერ გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხორციელდება, ვინაიდან მოპასუხე ლ---- კ------ს არავითარი სახსრები არ გააჩნია და იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
მოპასუხე ლ---- კ------ი რეგისტრირებულია და ცხოვრობს მისი მამის 2016 წლის 24 თებერვალს გარდაცვლილი ჯ------- კ------ის სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობაში მდებარე ზ----------–-, წ---–------- ქუჩა N4. მოპასუხე ლ---- კ------ის მშობლები გარდაცვლილები არიან. პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მოპასუხე ლ---- კ------ი და მისი და ნ---- კ------ი. მოპასუხე ვინაიდან რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში განზრახ არ იფორმებს მის კუთვნილ წილ სამკვიდრო ქონებას, რომელსაც ფაქტიურად დაუფლებულია და არ აღრიცხავს საჯარო რეესტრში მის საკუთრებად, რათა თავიდან აიცილოს ქონებაზე პასუხისმგებლობის გავრცელება და ვალდებულების შესრულება.
შესაძლებელი რომ გახდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, ცნობილ უნდა იქნეს მიღებულად მოპასუხის მიერ მისი მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/2 წილი და ქონება აღირიცხოს საკუთრების უფლებით მის სახელზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლ---- კ------მა და მისმა წარმომადგენელმა ა---------– ბ----ემ სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ იგი უარს არ აცხადებს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების მოსარჩელისათვის ანაზღაურებაზე, დაწყებული აქვს გადახდა და ანაზღაურებს ეტაპობრივად. შეძლებისდაგვარად ნაწილ-ნაწილ ეტაპობრივად გადაიხდის დავალიანებას, მაგრამ მამის სამკვიდრო ქონების დარეგისტრირებაზე კი წინააღმდეგია, იმიტომ, რომ ამ ქონებაზე მემკვიდრეა ასევე მისი და ნ---- კ------ი. ამასთან მას აქვს ვალდებულება შესასრულებელი თიბისი ბანკის მიმართ და მისი ვალდებულების დაფარვის შემდეგ მოახდენს მოსარჩელის დავალიანების ანაზღაურებას.
მამის გარდაცვალების შემდეგ იგი თვითონ ცხოვრობს აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მუშაობს და მამის ქონებას ფაქტობრივად ფლობდა და განაგებდა მისი და ნ---- კ------ი, რომელიც ასევე გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ და მისი მემკვიდრეები მიიღებენ სამკვიდრო ქონებას. თვითონ მოსარჩელის მიმართ დავალიანებას კი გადაიხდის მისი ხელფასიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე ლ---- კ------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9650 აშშ დოლარის და 500 ლარის გადახდა, რომელიც კანონიერ ძალაშია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 01 მაისის წერილი.
- მხარეთა განმარტება.
3.1.2 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემულ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება 2015 წლის 29 ოქტომბრიდან და ლ---- კ------ი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 01 მაისის წერილი.
- მხარეთა განმარტება.
3.1.3. ლ---- კ------ს დღემდე არ გადაუხდია სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხები დ-------- ო-------–--ისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა- განმარტებები.
3.1.4. ქ. ზ----------–- გრ. ხ-------–-- (წ---–-------) ქუჩა N2(4)-ში მდებარე უძრავი ნივთის მოსარგებლე/მესაკუთრეა ლ---- კ------ის მამა ჯ------- კ------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
- მხარეთა განმარტება.
3.1.5. ლ---- კ------ის მშობლები დედა ქ------- კ------ი გარდაიცვალა 2006 წლის 14 აგვისტოს, ხოლო მამა ჯ------- კ------ი გარდაიცვალა 2016 წლის 24 თებერვალს. ჯ------- კ------ს გარდაცვალების შემდგომ დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე -შვილები : ლ---- და ნ---- კ------ები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დაბადების მოწმობის ასლები;
- ქ------- კ------ის და ჯ------- კ------ის გარდაცვალების მოწმობები;
- მხარეთა განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელ ქონებას დაეუფლა მისი და ნ---- კ------ი. თვითონ ძირითადად ცხოვრობს და მუშაობს აღმოსავლეთ საქართველოში და იშვიათად ჩამოდის ზ----------–-. არის დაავადებული აივ/შიდსის ინფექციით, ციროზით, ქრონიკული C ჰეპატიტით და მკურნალობს თბილისში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N143
- მოპასუხის განმარტება.
3.2.2. მისი მშობლების დანაშთ სამკვიდრო ქონებას იგი არ დაუფლებია, დაუთმო თავის დას და თვითონ ცხოვრობს სხვაგან. ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მისი და ნ---- კ------ი, რომელიც გარდაიცვალა 2018 წლის 02 ოქტომბერს და შესაბამისად ალბად სადავო უძრავ ქონებაზე პრეტენზიას განაცხადებენ მისი მემკვიდრეები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
ნ---- კ------ის გარდაცვალების მოწმობა;
- მოპასუხის განმარტება.
3.2.3. მოპასუხე ლ---- კ------ს ფაქტობრივი ფლობით, მიღებული აქვს მამის ჯ------- კ------ის სამკვიდრო, კერძოდ, ქ. ზ----------–- გრ. ხ-------–-- ქუჩა N4-ში მდებარე უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ასხნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დ-------- ო-------–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1337-ე, 1421-ე, 1433-ე, 1484-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 46-ე, 55-ე მუხლები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2016 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა ჯ------- კ------ი და გაიხსნა კანონით მემკვიდრეობა. გარდაცვლილის შვილები პირველი რიგის მემკვიდრეები ნ---- და ლ---- კ------ები დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას მდებარე ქ. ზ----------–- გრ. ხ-------–-- (წ---–-------) ქუჩა N2(4)-ში. მოპასუხე, რომ სადავო ქონებას ფლობს დასტურდება მის მიერვე წარმოდგენილი შესაგებელი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მოპასუხის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია
ქ. ზესტაფონი გრ. ხ-------–-- (წ---–-------) ქუჩა N2(4), გარდაცვლილი ჯ------- კ------ის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება. ლ---- კ------მა, როგორც მამკვიდრებლის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილმა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო ქონების 1/2 წილი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.
მტკიცებულება, რომ ლ---- კ------მა მისი დის ნ---- კ------ის სასარგებლოდ უარი განაცხადა თავისი კუთვნილი წილი სამკვიდრო ქონების მიღებაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მამის, ჯ------- კ------ის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხეს სამკვიდროს მიღებაზე უარი არ უთქვამს და ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. ვინაიდან ჯ------- კ------ის გარდაცვალების შემდეგ ორი პირველი რიგის მემკვიდრე, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, ნ---- კ------ი და ლ---- კ------ი ითვლებიან თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად. შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ლ---- კ------ი, როგორც აწ. გარდაცვლილი ჯ------- კ------ის შვილი, წარმოადგენს პირველი რიგის მემკვიდრეს მის დასთან ნ---- კ------თან ერთად და მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონების 1/2 წილი _ მდებარე ზ----------–-, გრ. ხ-------–-- ქუჩა N4.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე 2016 წლის 24 თებერვალს გარდაცვლილი ჯ------- კ------ის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი წარმოადგენს მოპასუხე ლ---- კ------ის საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ანუ საკუთრების უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან, რითაც დასტურდება ქონებაზე პირის უფლების წარმოშობა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სავალდებულო წესით რეგისტრაციას ექვემდებარება საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. იმ შემთხვევაში თუ ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება უფლება სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს ასეთი მოქმედების შესრულების განხორციელება.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ლ---- კ------მა მიიღო რა სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი, წარმოეშვა მასზე საკუთრების უფლება. მამკვიდრებლის სამკვიდრო უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ზ----------–- გრ. ხ-------–-- (წ---–-------) ქუჩა N2(4)-ში მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელის მოთხოვნა საპროცესო ხარჯების და რწმუნებულის მოწვევის ხარჯის 300 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. ვინაიდან მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი სარჩელის ფასის 3%, ანუ 750 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე დ-------- ო-------–--ის (ს/კ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს:
დადგენილ იქნეს მოპასუხე ლ---- კ------ის (პ/ნ 1----------) მიერ ფაქტიურად დაუფლების გზით 2016 წლის 24 თებერვალს გარდაცვლილი მამის ჯ------- კ------ის (პ/ნ 1----------) კუთვნილი უძრავი სამკვიდრო ქონების, მდებარე ზ----------–-, გრ, ხ-------–-- ქუჩა N4 (წ---–------- ქუჩა N2), 1/2 წილის მიღების ფაქტი და უძრავი ქონების 1/2 წილი აღირიცხოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ლ---- კ------ის სახელზე.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. მოპასუხე ლ---- კ------ს (პ/ნ 1----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 750 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე დ-------- ო-------–--ეს უარი ეთქვას საპროცესო ხარჯის, რწმუნებულის მომსახურეობის ხარჯის ანაზღაურებაზე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე