გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18104-18
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი
(ამონაწერი)
26 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - სს ,,ს---------------------------------–"
წარმომადგენელი - ს--–------–---–---–---–ი, თ---------------------
მოპასუხე - შპს „მ-----------“
წარმომადგენელი - და------------ი
დავის საგანი - ს------------- პრემიისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 37-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2571, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს----------------------------------–-ის“ სარჩელი შპს „მ-----------ს“ წინააღმდეგ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „მ----------ს“ სს „ს----------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1227 ლარის გადახდა;
3. შპს „მ----------ს“ სს „ს----------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება;
4. სს „ს----------------------------------–-ის“ მოთხოვნა სასამართლოს გარეშე ხარჯის - იურისტის მომსახურების საფასურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571 მუხლის შესაბამისად, აცხადებს გადაწყვეტილების მოტივებს:
საქმეზე დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ:
1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 22.01.2016 წელს 1 წლის ვადით დაიდო ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება მესამე პირების სასარგებლოდ. ხელშეკრულებით ს------------- პრემია განისაზღვრა თვეში 128 ლარით, რომელიც უნდა გადახდილიყო 12 თვის განმავლობაში.
2. მოპასუხემ გადაიხადა ჯამში 524 ლარი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
1. ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეულ პირებს არ მიუმართავთ ს------------- კომპანიისათვის და არ მიუღიათ მომსახურება.
საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, ასევე შესაბამისი ფაქტობრივი გარემობები არ იყო მითითებული საქმის მომზადების დასრულებამდე.
2. დაზღვევის ხელშეკრულება არ მოშლილა.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მოშლა არის ნების გამოვლენა, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად მხარეს უნდა მიუვიდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ ამგვარი ნების გამოვლენა მოხდა და მხარეს მიუვიდა. სხდომაზე გაკეთებული განმარტება იმის შესახებ, რომ კომპანიის დირექტორის და გაგზავნეს ს------------- კომპანიაში, რომელმაც სიტყვიერად აცნობა, რომ დაზღვევა აღარ სჭირდებოდათ, ასეთ ნების გამოვლენად ვერ ჩაითვლება.
რაც შეეხება იმ საკითხს, რამდენად შეიძლება დაზღვევის ხელშეკრულების მოშლა იმ საფუძვლით, რომ დამზღვევს ხელშეკრულება აღარ სჭირდება, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 815-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვითაც დამზღვევმა უნდა გადაიხადოს ს------------- პრემია. 815-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ დაიკარგა დაზღვევის ინტერესი, მზღვეველს შეუძლია, მოითხოვოს იმ პერიოდის პრემიის ანაზღაურება, რა პერიოდზეც გასწია რისკი. მოცემულ შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მზღვეველი ინფორმირებული იყო დაზღვევის ინტერესის დაკარგვის თაობაზე, შესაბამისად, მას შეუძლია, მოითხოვოს მთელი პერიოდის ს------------- პრემიის ანაზღაურება, რადგანც მთელი პერიოდის განმავლობაში აზღვევდა რისკს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ რადგან შეწყვიტა პრემიის გადახდა, ეს უპირობოდ უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი, ისე დაზღვევის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები, კერძოდ კი 818-ე მუხლი, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების მოშლის უფლებამოსილებას უტოვებს კრედიტორს, ანუ ს------------- კომპანიას. როდესაც მოვალე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, არ ახორციელებს რაიმე მოქმედებას და არის მოლოდინში, რომ კრედიტორი თვითონ მოშლის ხელშეკრულებას, შემდგომში იგი ვერ დაეყრდნობა იმ გარემოებას, რომ, რადგან კრედიტორმა ხელშეკრულება არ მოშალა, მას არ ეკისრება თანხის გადახდის ვალდებულება. დამზღვევმა თავად უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესი, თუ არ სჭირდება დაზღვევა, დროულად უნდა აცნობოს ამ თაობაზე დამზღვევს და მოშალოს ხელშეკრულება.
რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რაც წინასწარ სავარაუდოა მხარეებისათვის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალი ექვემდებარება ანაზღაურებას. სახეზეა ორ მეწარმე სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულება. მოპასუხეს გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის ს------------- კომპანია, მეწარმე სუბიექტი, ორიენტირებული მოგების მიღებაზე, რომელიც ს------------- პრემიის სახით მიღებულ თანხებს იყენებს მოგების მიღების მიზნით, ქმნის საბრუნავ კაპიტალს და ახორციელებს ყველა შესაბამის ეკონომიკურ მოქმედებას. ერთ-ერთი ფორმა მოგების მიღების არის ანაბარზე თანხის განთავსება. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელეს ჰქონდა ანაბრები განთავსებული საბანკო დაწესებულებებში, შესაბამისად, არ იკვეთება ის გარემოება, რომ ზიანი წინასწარსავარაუდო და დასაშვები არ იყო, რის გამოც მიუღებელი შემოსავალი უნდა ანაზღაურდეს.
რაც შეეხება პროცესის ხარჯებს, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 37-ე მუხლებით, რის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელე უნდა აუნაზღაუროს მხოლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებასა და საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება იურისტის მომსახურების ხარჯებს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კომპანიის ინტერესებს იცავენ მისი თანამშრომლები, რომლებიც შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან მოსარჩელესთან და იღებენ შესაბამის შრომის ანაზღაურებას, ამდენად, რაიმე დამატებითი ხარჯი კომპანიის მიერ გაწეული არ არის.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ხათუნა ბუცხრიკიძე