გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2266-18
(საქმე N190210118002571946)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - სს ,, კ------------ი ‘’
წარმომადგენელი - ბ--- ნ---------
მოპასუხე - ხ---- ი-----–-–---–ი, ი--- ლ---–----ე, ლ-- ი-----–-–---–ი, ლ----- ტ-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1463.09 აშშ დოლარის (საიდანაც 919.53 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 90.31 აშშ დოლარი- სესხზე დარიცხული სარგებელი, 34,86 აშშ დოლარი - დაზღვევის თანხა, ხოლო ჯარიმა - 0,27, პროცენტი - 372,41 აშშ დოლარი და ჯარიმა 5% - 45.98 აშშ დოლარი) გადახდა.
1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 107.42 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად ასევე დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახ. ბაჟი - 50 ლარი.
1.3. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი 21 ლარი. ასევე ამონაწერის განახლებისთვის გადახდილი 11 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - ხ---- ი-----–-–---–მა, რომლითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ და დაეთანხმა სესხის ხელშეკრულებაზე ძირი თანხის დაკისრებას, ხოლო სესხზე დარიცხულ პროცენტს, დაზღვევის თანხას და ჯარიმას მოპასუხე არ ცნობს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ხ---- და ლ-- ი-----–-–---–ებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ სარგებელისა და დაზღვევის თანხის ნაწილშიც და განმარტეს, რომ ისინი თანახმა არიან ამ სესხის ხელშეკრულებაზე გადაიხადონ სესხის ძირი თანხა 919,53 აშშ დოლარი, მისთვის გათვალისწინებული სარგებელი 90,31 აშშ დოლარი და დაზღვევის თანხა 34.86 აშშ დოლარი.
ხ---- და ლ-- ი-----–-–---–ებმა სარჩელი არ ცნეს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) თანხის ნაწილში და განმარტეს, რომ შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები ი--- ლ---–----ე და ლ---- ტ-------ე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 23 მარტს სს ,,კ------------სა" და ხ---- ი-----–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 2 300 ლარი 24 თვით - 2017 წლის 01 აპრილის ჩათვლით. ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 1.55 პროცენტით. ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 21-23)
3.1.2. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა (რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით), ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად (სს ,, კ------------ის’’ მსესხებლის სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი’’-ში ,,საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები’’ შესახებ შეთანხმების 4.3.2. პუნქტის, ასევე 28.11.14 შეთანხმებით ნათლად ჩანს, რომ სადაზღვევო პრემიას იხდის დამზღვევი, ანუ სს ,,კ------------ი’’. შესაბამისად, გადახდის გრაფიკში მითითებული თანხა მსესხებელმა უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს) ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ,,გამსესხებელი’’ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,მსესხებელს’’, სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისთვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა) სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22)
- ბ) შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მისი დანართი 3 - საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები’’ და 2014 წლის 28 ნოემბრის შეთანხმება; 2016 წლის 29 თებერვლის შეთანხმება (ს.ფ. 24-48)
3.1.3. მსესხებელს ჰყავს თავდებები, კერძოდ, ი--- ლ---–----ე, ლ-- ი-----–-–---–ი და ლ----- ტ-------ე, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებებით თავდებმა პირებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინ კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითია აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. ხელშეკრულების ზღვრული ოდენობა, რაც ჯამში შეადგენს მაქსიმუმ 3500 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები და განცხადებები (ს.ფ. 52-57)
3.1.4. მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 01 სექტემბრის შემდგომ. ამდენად, მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები. გაფრთხილების წერილები მათ ჩაბარდათ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა, მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება.
ხელშეკრულების 7.1 და 7.4 პუნქტების შესაბამისად ,,გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა’’ წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში კი ,,გამსესხებელს’’ უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ( ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება’’. წინამდებარე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი არღვევს ხელშეკრულების პირობებს, გამსესხებელს ასევე აქვს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის და ამ ხელშეკრულების 8.2 მუხლში მითითებული თანხების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები და განცხადებები (ს.ფ. 58-65)
3.1.5. მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება შეადგენს: 1463,09 აშშ დოლარს (საიდანაც 919.53 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 90.31 აშშ დოლარი- სესხზე დარიცხული სარგებელი, 34,86 აშშ დოლარი - დაზღვევის თანხა, ხოლო ჯარიმა- 0,27 პროცენტი - 372,41 აშშ დოლარი და ჯარიმა 5 პროცენტი - 45.98 აშშ დოლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 66)
3.1.6. მოსარჩელემ 2016 წლის 09 სექტემბერს განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, კერძოდ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო’’ 2016 წლის 09 სექტემბრიდან გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდ’’, ასევე მოსარჩელემ შეიცვალა სახელი და გახდა სს ,,კ------------ი’’ სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი კი დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 72-74)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მართალია მოპასუხეები არ დაეთანხმნენ პირგასამტეხლოს თანხის სრულად გადახდას, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი, მათ სასამართლოსგან მოითხოვეს, რომ პირგასამტეხლო , როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შემცირებულიყო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ და ასევე მთავარ სხდომაზე დავალიანების ძირითადი თანხის, სარგებელის და დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ მისი ცნობის გამო და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის, სარგებლის და დაზღვევის თანხის გადახდა (იმ ოდენობით, რაც ცნეს მოპასუხეებმა ხ---- და ლ-- ი-----–-–---–ებმა).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის ა--–--–----–-- მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ,,კ------------სა" და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 23 მარტს მოპასუხე ხ---- ი-----–-–---–სა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს" (ამჟამად სს ,,კ------------ი") შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 2300 აშშ დოლარის ოდენობით. ხოლო 2015 წლის 20 მარტსა და 23 მარტს მოპასუხეებს ი--- ლ---–----ეს, ლ-- ი-----–-–---–ს და ლ---- ტ-------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის შესაბამისად მათ ძირითად მოვალესთან ერთად იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ სესხზე, თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 3500 აშშ დოლარით.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს" (ამჟამად სს ,,კ------------ი") მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. ამასთან, ორმა მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო დავალიანების ძირი თანხის, დზღვევის და პროცენტის ნაწილში. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის, სარგებელის და დაზღვევის თანხის ანაზღაურების ნაწილში , ჯამში 1044,7 ლარის ოდენობით უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის გამო.
6.3. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადეს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) თანხის ოდენობა და მიუთითეს, რომ პირგასამტეხლოს ( ჯარიმის ) ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებმა ლ-- და ხ---- ი-----–-–---–ებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიუთითეს, რომ ეთანხმებიან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი, სარგებელისა და დაზღვევის თანხის - ჯამში 1044,70 აშშ დოლარის დაკისრებას, ხოლო პირგასამტეხლოს ( ჯარიმის ) ნაწილში მიიჩნიეს,რომ ჯარიმა - 0,27, პროცენტი - 372,41 აშშ დოლარი და ჯარიმა 5% - 45.98 აშშ დოლარის ოდენობით უნდა შემცირდეს. ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო, რომელიც მოთხოვნილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ჯარიმა - 0,27, პროცენტი - 372,41 აშშ დოლარი და ჯარიმა 5% - 45.98 აშშ დოლარის ოდენობით, სასამართლოს მოსაზრებით, არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - 55.3 აშშ დოლარი .
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძებისათვის და 107,42 ლარი სასარჩელო მოთხოვნებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 76,47 ლარი და უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 4.38 ლარის ოდენობით დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 26.57 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ასევე მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილია მოპასუხე ი--- ლ---–----ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის კი მოსარჩელის მიერ გადახდილია ჯამში 11 ლარი საიდანაც 10 ლარი არის საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების საფასური, თანახმად საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის 509 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების‘’ მე-3 მუხლის ‘’ა’’ ქვეპუნქტისა, ხოლო 1 ლარი არის მომსახურების საკომისიო.
ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდგომ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილია 21 ლარი, რაც ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს .
- უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 70-71)
- უძრავი ქონების ამონაწერის განახლების დამადასტურებელი ელექტრონული განაცხადი (ს.ფ. 67-69)
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს,, კ------------ის’’ სარჩელი მოპასუხეების ხ---- ი-----–-–---–ის, ი--- ლ---–----ის, ლ-- ი-----–-–---–ის და ლ----- ტ-------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე .
2. მოპასუხეებს ხ---- ი-----–-–---–ს, ი--- ლ---–----ეს, ლ-- ი-----–-–---–ს და ლ----- ტ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ 1100 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა, (საიდანაც 919.53 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, სარგებელი - 90.31 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 34.86 აშშ დოლარი, 55.3 აშშ დოლარი შემცირებული პირგასამტეხლო) .
3. მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს 363.09 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
4. მოსარჩელე სს ,, კ------------ს‘’ დაუბრუნდეს უკან მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 107,42 ლარიდან (ხაზინის ერთიანი ანგარიში 300063150, სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, საგადახდო დავალება No - 309580) 76.47 ლარი, და 2018 წლის 31 ივლისს უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიში 300063150, სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, საგადახდო დავალება No - 309581).
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 107.42 ლარიდან 26.57 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. მოპასუხეებს ხ---- ი-----–-–---–ს, ი--- ლ---–----ეს, ლ-- ი-----–-–---–ს და ლ----- ტ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სასამართლო ხარჯი 32 ლარის ოდენობით.
7. მოპასუხეებს ხ---- ი-----–-–---–ს, ი--- ლ---–----ეს, ლ-- ი-----–-–---–ს და ლ----- ტ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ 4.38 ლარის ანაზღაურება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი