გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.11.2018
საქმის ნომერი
330310018002610867
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5560-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - ან------ ამ----–---–-

წარმომადგენელი - სე----- მა-------

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - სი---- ბე------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ან------ ამ----–---–-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №0------- წერილობითი მიმართვა;

 

1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის 2016 წლის 9 დეკემებრიდან აღდგენის შესახებ;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2011 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, 2016 წლის 9 დეკემბერს, შედგა მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის ოქმი და მის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ ვერ ხერხდებოდა ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ოქმში მიეთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა წარმომადგენლმა, მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახში სამჯერ განახორციელა ვიზიტი, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით, თუმცა ვერ მოხერხდა ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა, კერძოდ ვიზიტი განხორციელდა 2016 წლის 9 ნოემბერს, 2016 წლის 8 დეკემბერს და 2016 წლის 9 დეკემბერს. ამასთან, თოთოეული ვიზიტის ფაქტი, ხელმოწერით დაადასტურეს იმავე სოფელში მცხოვრებმა პირებმა ლ---–-------–---–მა, პ-------------–---–მა და ნ--–---------–---–მა.

 

პ----- და ნ--–---------–---–ებმა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, 2017 წლის 7 დეკემბერს მიცემულ ახსნა-განმარტებაში განმარტეს, რომ 9 დეკემბერს მათთან იმყოფებოდა სოციალური აგენტი მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით, ხელი მოაწერინა მათ რამოდენიმე ეგზემპლარზე და იკითხა მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს თაობაზეც. ამასთან, პ-------------–---–მა ვერ გაიხსენა 8 დეკემბერს იმყოფებოდა, თუ არა სოციალური აგენტი მასთან.

 

ლ---–-------–---–მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, 2017 წლის 6 დეკემბერს მიცემულ ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ 2016 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნოდა, თუმცა ვერ იხსენებდა რა საკითხთან დაკავშირებით მოაწერა ხელი. ამასთან, მცხეთის რაიონულ სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს ლ---–-------–---–მა აღნიშნა, რომ მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახის თაობაზე, მას სოციალურ აგენტთან საუბარი არ ჰქონია.

 

მოსარჩელე ან------ ამ----–---–მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ პ----- და ნ--–---------–---–ების ოჯახი ცხოვრობს სოფელ მუხრანში, თუმცა მისი სახლიდან შორს, სხვა უბანში და მის უბანთან და მასთან კომუნიკაცია არ აქვთ.

 

2018 წლის 7 მაისს, მოსარჩელე ან------ ამ----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის ოქმის და მის საფუძველზე, მისი ოჯახისათვის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების კანონიერების შემოწმება მოითხოვა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 ივლისის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ან------ ამ----–---–ს განემარტა, რომ მისი ოჯახისათვის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება კანონის შესაბამისად განხორციელდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის ოქმი (ს.ფ. 18);

- ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 77-79);

- გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 63);

- ან------ ამ----–---–-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №0------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ან------ ამ----–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 მაისს, მოსარჩელე ან------ ამ----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის ოქმის და მის საფუძველზე, მისი ოჯახისათვის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების კანონიერების შემოწმება მოითხოვა. შესაბამისად, მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს აღნიშნული განცხადება, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საჩივარს წარმოადგენდა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 ივლისის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ან------ ამ----–---–ს განემარტა, რომ მისი ოჯახისათვის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება კანონის შესაბამისად განხორციელდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის ოქმი და ან------ ამ----–---–-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №0------- წერილობითი მიმართვა, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც აღდგება მისი ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში.

 

6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სოციალური დახმარების მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ქმნის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

 

მითითებული წესის მე-12 მუხლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში (დემოგრაფიული ცვლილება), შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა, მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო ადგილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

მითითებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით; ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2011 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ოჯახს დანიშნული საარსებო შემწეობა და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში ბ) ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, გ) შემოსავლების გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში - „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე, დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ოჯახს მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლით შეიძლება შეუწყდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ "მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მიხედვით, საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია: ა) ოჯახის განცხადება; ბ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება; გ) თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას“. დ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესზე“, რომლის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.

 

მითითებული წესის მე-14 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში – „შეწყვეტის ოქმი“) (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ: ა) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; ბ) ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი; გ) ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს; დ) ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას; ე) ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე; ვ) ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა; ზ) ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები; თ) სხვა მიზეზი, როცა ვიზიტის დროს რაიმე გარემოების გამო სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ან როდესაც შეუძლებელია ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ. განაცხადში მითითებული მისამართი არ არსებობს ან მითითებულ მისამართზე არ მდებარეობს შენობა-ნაგებობა).

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამი ვიზიტის განხორციელების შემდეგ ვერ შეძლებს ოჯახთან ან ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრას. ამ შემთხვევაში შეწყვეტის ოქმის „A“ ბლოკის შესაბამისი გრაფა მოინიშნება მას შემდეგ, რაც სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სრულად იქნება შევსებული შეწყვეტის ოქმის „B“ ბლოკი. ამ საფუძვლით შეწყვეტის ოქმის შევსებისას სააგენტოს პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს განხორციელებულ პირველ და მესამე ვიზიტებს შორის დროის მონაკვეთი არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები, შეწყვეტის ოქმის შევსების თარიღად უნდა მიეთითოს სააგენტოს პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელებული მესამე ვიზიტის თარიღი, შეწყვეტის ოქმში არ არის სავალდებულო მიეთითოს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, „B“ ბლოკის თითოეული გრაფის შევსებისას სასურველია ფიქსირდებოდეს იმ პირის მონაცემები (სახელი, გვარი, კავშირი ოჯახთან (მეზობელი, ნათესავი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი ან სხვა) და ხელმოწერა), რომელიც დაადასტურებს სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის ფაქტს. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის შეწყვეტა არ არის ოჯახისათვის ერთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის აკრძალვის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, 2016 წლის 9 დეკემბერს, შედგა მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის ოქმი და მის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ ვერ ხერხდებოდა ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ოქმში მიეთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა წარმომადგენლმა, მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახში სამჯერ განახორციელა ვიზიტი, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით, თუმცა ვერ მოხერხდა ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა, კერძოდ ვიზიტი განხორციელდა 2016 წლის 9 ნოემბერს, 2016 წლის 8 დეკემბერს და 2016 წლის 9 დეკემბერს. ამასთან, თოთოეული ვიზიტის ფაქტი, ხელმოწერით დაადასტურეს იმავე სოფელში მცხოვრებმა პირებმა ლ---–-------–---–მა, პ-------------–---–მა და ნ--–---------–---–მა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პ----- და ნ--–---------–---–ებმა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, 2017 წლის 7 დეკემბერს მიცემულ ახსნა-განმარტებაში განმარტეს, რომ 9 დეკემბერს მათთან იმყოფებოდა სოციალური აგენტი მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით, ხელი მოაწერინა მათ რამოდენიმე ეგზემპლარზე და იკითხა მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს თაობაზეც. ამასთან, პ-------------–---–მა ვერ გაიხსენა 8 დეკემბერს იმყოფებოდა, თუ არა მასთან სოციალური აგენტი, ხოლო მოსარჩელე ან------ ამ----–---–მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ პ----- და ნ--–---------–---–ების ოჯახი ცხოვრობს სოფელ მუხრანში, თუმცა მისი სახლიდან შორს, სხვა უბანში და მის უბანთან და მასთან კომუნიკაცია არ აქვთ. ამასთან, ლ---–-------–---–მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, 2017 წლის 6 დეკემბერს მიცემულ ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ 2016 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნოდა, თუმცა ვერ იხსენებდა რა საკითხთან დაკავშირებით მოაწერა ხელი. ამასთან, მცხეთის რაიონულ სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს ლ---–-------–---–მა აღნიშნა, რომ მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახის თაობაზე, მას სოციალურ აგენტთან საუბარი არ ჰქონია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ნამდვილად სამჯერ იმყოფებოდა მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით და ვერ მოახერხა ოჯახის წევრთან შეხვედრა, რამდენადაც სადავო ოქმში მითითებული პირების დასტურები გაქარწყლებულია, თვით ამ პირთა ზემოთ აღნიშნული განმარტებებით.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოს კანონით დადგენილი წესით არ განუხორციელებია მოსარჩელე ან------ ამ----–---–-ს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და ამ მიზნით, ზემოთ აღნიშნული ნორმებით დადგენილი წესით არ განუხორციელებია ვიზიტი მის საცხოვრებელ სახლში, რის გამოც, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა იქნეს ბათილად ცნობილი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის ოქმი და ან------ ამ----–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №0------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ან------ ამ----–---–თან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით და ვადაში.

 

რაც შეეხება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ან------ ამ----–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის ოქმი და ან------ ამ----–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №0------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ან------ ამ----–---–თან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით და ვადაში.;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი