გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/35--8-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქ---------ი 20-8 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართალოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - შპს „ს------------“
წარმომადგენელი - მ----------–--------------------–--
მოპასუხე - ზ----------------ე
წარმომადგენელი - ზ------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ----------------ეს, შპს „ს------------“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 15 873 აშშ დოლარის გადახდა;
1.2 ზ----------------ეს შპს „ს------------“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 4 480 აშშ დოლარის გადახდა;
1.3 ზ----------------ეს შპს „ს------------“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 1 800 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
20-7 წლის 05 იანვარს, ზ----------------ემ შპს „ს------------“-სგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა მდებარე: თბილისი, გ-----–---–-ს ქუჩა N21, ბინა N26. 20-7 წლის 03 ივლისს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მყიდველს უნდა გადაეხადა ნასყიდობის საგნის დარჩენილი საფასური 15 873 აშშ დოლარის ოდენობით, არაუგვიანეს 20-7 წლის პირველი აგვისტოსი. 20-7 წლის 03 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა 0.2 % - ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 31.7 აშშ დოლარს. საერთო ჯამში პირგასამტეხლოს ოდენობაა 4 480 აშშ დოლარი. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზ----------------ემ წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ 20-7 წლის 05 იანვარს მოსარჩელისგან მართლაც შეიძინა საცხოვრებელი ბინა. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ემყარება 20-7 წლის 05 იანვარს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც თავის მხრივ დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
მოპასუხის განმარტებით, მხარეებს შორის არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე უზრუნველყოფდა ზ----------------ის სასარგებლოდ სს „საქართველოს ბანკი“-ს მიერ იპოთეკური კრედიტის დაბალ პროცენტში გაცემას. 20-7 წლის 03 ივლისს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის შინაარსობრივი ნაწილი უცნობი იყო ზ----------------ისთვის, რამდენადაც ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფარგლებში მას ეცნობა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობდა საბანკო კრედიტზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. ამდენად, მოცემული ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს მოპასუხის შეცდომაში შეყვანის შედეგს და არავითარი შემხებლობა არ აქვს 20-7 წლის 05 იანვარს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან.
20-7 წლის 05 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, გ-----–---–-ს ქუჩა N 21, ბ N 6 გადავიდა მოპასუხის საკუთრებაში, ამასთან შეთანხმებული 31 530 აშშ დოლარი სრულად იქნა გადახდილი. ხელშეკრულების ნამდვილობა დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-7 წლის 05 იანვრის მდგომარეობით.
20-7 წლის 03 ივლისს, გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს------------“-ის მიერ მოხდა ზ----------------ის საკუთრებაში არსებული ქონების განმეორებით მასზე მიყიდვა. ხელშეკრულება დადებულია სანოტარო წესით, თუმცა, სანოტარო მოქმედება მოიცავდა მხოლოდ გარიგებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებას. ნოტარიუსის მიერ განმარტებულ იქნა, რომ ხელშეკრულების შინაარსზე და სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მის მიერ დამოწმდა მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობა.
ამდენად, მოპასუხის განმარტებით, 20-7 წლის 03 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებას. რამდენადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეუძლებელია შესრულდეს, ასევე მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დაფიქსირდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნული უზრუნველყოფდა საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-7 წლის 05 იანვარს შპს „ს------------“-ს და ზ----------------ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ვ-–-–-------ი, ვ. გ-----–---–-ს ქუჩა N 21, სართული 4, ბინა N 26, ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 31 530 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 80 - 81)
3.1.2. 20-7 წლის 05 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ვ-–-–-------ი, გ-----–---–-ს ქუჩა N21, სართული 4, ბინა N26, აღირიცხა ზ----------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 82 -85)
3.1.3. 20-7 წლის 03 ივლისს შპს „ს------------“-ს და ზ----------------ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (შიდა განვადება).
ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანია უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ვ-–-–-------ი, ვ. გ-----–---–-ს ქუჩა N21 ფართი 52.55 კვ.მ. ღირებულება 1 კვ.მ 715 აშშ დოლარი, სულ 37 530 აშშ დოლარი ან გადახდის დღისთვის არსებული ოფიციალური კურსით ეროვნული ვალუტა - ლარში.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან „მყიდველმა“ - „გამყიდველის“ შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ბანკში მოიპოვა იპოთეკური კრედიტი, მყიდველის კრედიტუნარიანობიდან გამომდინარე 21 700 აშშ დოლარი.
20-7 წლის 03 ივლისის, ხელშეკრულების დადების მომენტში მყიდველის დაუფარავმა ვალდებულებამ გამყიდველის მიმართ შეადგინა 15 873 აშშ დოლარი. უძრავი ქონება მყიდველის სახელზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 20-7 წლის პირველ აგვისტომდე დარჩენილი თანხის სრულად დაფარვის პირობით.
მხარეთა შეთანხმებით ნარჩენი ღირებულების ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში - მყიდველი ათავისუფლებს ბინას და ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ უძრავი ნივთის მესამე პირზე გაყიდვას.
ამასთან, გაყიდვის შედეგად შემოსული თანხიდან პირველ რიგში კმაყოფილდება გამყიდველის კანონიერი მოთხოვნა ნარჩენ ღირებულებაზე პლუს ნარჩენი ღირებულების 10 % ჯარიმა, ხოლო დანარჩენი თანხა დაუბრუნდება მყიდველს - ზ----------------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17 - 20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ზ----------------ესა და შპს „ს------------“-ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენს ვალის აღიარების დოკუმენტს;
3.2.2. ზ----------------ის დავალიანება შპს „ს------------“-ის მიმართ შეადგენს 15 873 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს სახით - 1 000 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- 20-7 წლის 03 ივლისის ხელშეკრულება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად აღიარებული დავალიანების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის მე-8, 50-ე, 341-ე,316-ე, 317-ე, მე-400, 417-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს დამოუკიდებელ, ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. ვალის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულების არსებობა საკმარისია რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა და საჭირო აღარ არის ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლის გამოკვლევა. ამასთან, ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება, როგორც ნებისმიერი ხელშეკრულება, უნდა აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ). არსებითად კი ითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომელზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომელიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფულადი ვალდებულების აღიარებისას განმსაზღვრელია მოვალის მიერ მკაფიოდ და ცალსახად გამოხატვა ნებისა იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულებას კისრულობს გადაუხადოს კრედიტორს აღიარებული თანხა.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 20-7 წლის 03 ივლისის ხელშეკრულება, მისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებას.
როგორც აღინიშნა, ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და საკმარისია ერთი პირის ნების გამოვლენა. მოთხოვნის აღიარებად მიიჩნევა მხოლოდ მოვალის აქტიური მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ვალის აღიარებას. ვალდებული პირის მოვალეობის აღიარებაში იგულისხმება ვალდებული პირის ისეთი მოქმედებები, რითაც გამოხატულია მისი ნება, შეასრულოს ვალდებულება; მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ თანხის ნაწილის გადახდას ან ვალდებული პირის ნებას, მომავალში ვალდებულებების შესრულების შესახებ ან ამ ვალდებულებების სხვადასხვა პირობებით შესრულების შემოთავაზება.
20-7 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებით ზ----------------ის მხრიდან სწორედ ზემოაღნიშნულ ქმედებებთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ის ავლენს ნებას და ასრულებს აქტიურ მოქმედებებს შპს „ს------------“-ის სასარგებლოდ, ამასთან, დამატებით კისრულობს ვალდებულებას მისი მხრიდან პირობების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება დასათაურებულია როგორც უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გავლენას არ ახდენს თავად დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების ნამდვილობაზე. შესაბამისად, ზ----------------ეს უნდა დაეკისროს აღიარებული ვალდებულების შესრულება - 15 873 აშშ დოლარის გადახდა;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ ზ----------------ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ზ----------------ემ იკისრა ვალდებულება შპს „ს------------“-ის მიმართ, ამასთან გამოავლინა ნება ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.2 % -ის დარიცხვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 000 აშშ დოლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ს------------“-ის სარჩელის ფასი შეადგენს 20 353 აშშ დოლარს. სარჩელი წარმოდგენილია 20-7 წლის 13 დეკემბერს. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით 20-7 წლის 13 დეკემბრისათვის 1 აშშ დოლარის ღირებულება შეადგენდა 2.6258 ლარს. (). შესაბამისად, სარჩელის ფასი ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 53 443 ლარს. სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კი შეადგენს - 1603.29 ლარს.
შპს „ს------------“-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 16 873 აშშ დოლარის ნაწილში. (83 %) შესაბამისად, ზ----------------ეს შპს „ს------------“-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს შესაბამისი პროპორციით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 330.74 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
შპს „ს------------“-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1800 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 146.71 ლარი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-7 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს------------“-ის შუამდგომლობა და ზ----------------ეს (------------ აეკრძალა უძრავი ქონებების მდებარე: თბილისი, გ-----–---–-ს ქ. 21, ბინა 26, საკადასტრო კოდი 0-.10.10.0--.1--.03.0-.0-- და თბილისი, დ--------------ს დასახლება მე-3--------------------------------------1, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ს------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ზ----------------ეს შპს „ს------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს, 15 873 აშშ დოლარის გადახდა;
3. ზ----------------ეს შპს „ს------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს 1 000 აშშ დოლარის გადახდა;
4. ზ----------------ეს შპს „ს------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1 330.74 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის გადახდა;
5. შპ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 12/12/20-7 წელს ს------------------- N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 800 ლარიდან 146.71 ლარი;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ცისანა სირბილაძე