გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210118002474925
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16164-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე წარმომადგენელი ნ-----------ე; ნ---------------ე;

მოპასუხე წარმომადგენელი ლ---–---–----–---–ი; გ-----------–----ე;

დავის საგანი სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შევიდეს ცვლილება 2018 წლის 19 აპრილს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში შემდეგი სახით: შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ და 5000 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 500 აშშ დოლარით.

2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხე ლ---–---–----–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განაცხადა, რომ თანახმაა შემცირდეს პირგასამტეხლო 2500 აშშ დოლარამდე, ამასთან განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევიდან გასულია 3 წელი, მას კი თანხა არ დაუფარავს, ამიტომაც სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო ოდენობა გონივრულია.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 29 სექტემბერს ნ---------------ეს, როგორც ნ-----------ის წარმომადგენელს და ლ---–---–----–---–ს, ასევე თა-------–----–---–ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---------------ემ ისესხა ლ---–---–----–---–ისგან 14 000 აშშ დოლარი, ხოლო თ--------–----–---–--აგან 1000 აშშ დოლარი. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 3.37%-ით, სესხის მოქმედების ვადა კი ერთი თვით. სესხის უზრუნველყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ვ-–----–----–----------------------------–--------------------------–-------------------------------, ფართი 31.69 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------. 3.1.2. 2016 წლის 24 თებერვალს, მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად ლ---–---–----–---–მა ი-–-----–----–---–ს დაუთმო მის საკუთრებაში არსებული მოთხოვნის ნაწილი - 4000 აშშ დოლარი, ხოლო 10000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება დაიტოვა თვითონ. 3.1.3. კრედიტორის ლ---–---–----–---–ის განცხადების საფუძველზე 19.04.2018 წელს 2015 წლის 23 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი N1--------, რითაც ნ-----------ეს დაეკისრა თანხის გადახდა კრედიტორ ლ---–---–----–---–ის სასარგებლოდ. კერძოდ, მოვალეს დაეკისრა - სესხის ძირითადი თანხის 10000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 5000 აშშ დოლარის, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის 124.36 ლარის გადახდა. 3.1.4. მხარეები არ დავობენ, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული ნ-----------ის მიერ და მას კრედიტორის მიმართ გააჩნია დავალიანება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-28); - ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ (ს.ფ. 29-31); - 10.05.2017 წლის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 32-34); - წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 35-38) - მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, კერძოდ, ნ-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლით, ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილს ლ---–---–----–---–მა მიმართა ნოტარიუს მ-----–-------–---–ს, რომელმაც გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, აგრეთვე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1% 2015 წლის 24 ოქტომბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი. აღმასრულებლის 20.04.2018 წლის წინადადებით ირკვევა, რომ კრედიტორი მოთხოვნა ჯამში შეადგენს - 15 000 აშშ დოლარს, საიდანაც, 10 000 აშშ დოლარის არის ძირითადი თანხა, ხოლო - 5000 აშშ დოლარი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული ნ-----------ის მიერ და მას კრედიტორის მიმართ გააჩნდა დავალიანება. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. აღნიშნულის გამო, კრედიტორმა მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა - 5000 აშშ დოლარი. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. (თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/3112-14). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. განსახილველ შემთხვევაში, მოვალის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი დავალიანების თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერია მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 5000 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 5-ჯერ, 0.02%-მდე და პირგასამტეხლოს სახით ნ-----------ის მიერ გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს - 1000 აშშ დოლარით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები 7.1. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟს სახით გადახდილ იქნა - 334 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებზე 100 (50+50) ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი, მოსარჩელეს უნდა დაბრუნდეს ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 167 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 166.80 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (50+50) ლარი, საერთო ჯამში - 166.80 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ნ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ გაცემულ 2018 წლის 19 აპრილის N1-------- სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს შემდეგნაირად: პირგასამტეხლო 0.02% პროცენტი, ყოველგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 24 ოქტომბრიდან აღსრულებამდე, შესაბამისად, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობად, ერთობლიობაში განისაზღვროს - 1000 აშშ დოლარი.

 

2.1. 2018 წლის 19 აპრილის ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.

 

3. მოპასუხე ლ---–---–----–---–ს მოსარჩელე ნ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 166.80 ლარის ოდენობით გადახდა.

 

4. მოსარჩელე ნ-----------ეს დაუბრუნდეს გ----------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 31 მაისს სს ''თი---------ში'' გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 334 ლარიდან - 167 ლარი, საგადახდო დავალება N0.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი