გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4482-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08.11.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნი--- სო----–---–-
მოპასუხე - ცო---- ჩა----
წარმომადგენლები - ბუ---- რა--–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ცო---- ჩა----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს ჯარიმის თანხის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურება.
1.2 ცო---- ჩა----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე- ცო---- ჩა----მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ცო---- ჩა----ს შორის, 2014 წლის 09 მარტს, 8 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ 2006 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულება (კონტრაქტი) (ს.ფ. 14-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. 2018 წლის 27 თებერვალს მოპასუხე ცო---- ჩა----მ პატაკით მიმართა პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურს და განუმარტა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, რაც გამომდინარეობდა შესაბამისი ხელშეკრულებიდან, სურდა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 მარტის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის S---------------–--------------------------ი ოფიცერი, მაიორი ცო---- ჩა---- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცო---- ჩა----ს 2018 წლის 27 თებერვლის პატაკი (ს.ფ. 20);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 მარტის ბრძანება (ს.ფ. 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცი--- უზრუნველყოფას გულისხმობს. ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ცო---- ჩა----სთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დავის საგანს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებიდან გამომდინარეობს თუ არა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო მოსამსახურის პროფესიული მომზადებისათვის, ტექნიკური აღჭურვისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფოლი ფინანსური რესურსები საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით არის დეტერმინირებული. შესაბამისად, აღნიშნული დიდი საჯარო მიზნიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურესთან დადებული სამხედრო სამსახურის კონტრაქტში პირგასამტეხლოს გათვალისწინება, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ გაითვალისწი---ს უსაფუძვლოდ სამხედრო სამსახურის შეწყვეტის და მის პროფესიულ განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრების უშედეგობის დაუშვებლობა, რაც ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს, როგორც ფინანსური, ისე თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ცო---- ჩა----ს შორის, 2014 წლის 09 მარტს 8 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ცო---- ჩა----ს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება სამხედრო მოსამსახურის მივლინების შესახებ, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის და განმარტავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა- არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება - დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების უდავო საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ცო---- ჩა----ს შორის 2014 წლის 09 მარტს გაფორმებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ ხელშეკრულების 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 თებერვალს მოპასუხე ცო---- ჩა----მ პატაკით მიმართა პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურს და განუმარტა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, რაც გამომდინარეობდა შესაბამისი ხელშეკრულებიდან, სურდა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 მარტის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის S---------------–--------------------------ი ცო---- ჩა---- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტში მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხები.
ამრიგად, სასამართლო მიმივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმ პირობებში, როდესაც ცო---- ჩა---- პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში და სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე ცო---- ჩა----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ჯარიმის სახით 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარისა და 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ცო---- ჩა----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარისა და 2018 წლის 19 მარტიდან, დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი