გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.11.2018
საქმის ნომერი
330310018002614087
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5615-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დავით წერეთელი

სხდომის მდივანი - სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - სო--- ბუ–-----–-–---–-

წარმომადგენლები - ვა---– მე--------

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მა----- ღუ--–----

 

დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 24 ნოემბერს დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–-სთვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ ვინაიდან სამინისტროს არ წარმოქმნია კანონით გათალისწინებული შემთხვევაში მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–-სთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის უფლებამოსილება და არ გადაუცია საცხოვრებელი ფართი, შესაბამისად არ წარმოქმნილა გადაუცემელ ფართზე საკუთრების გადაცემის საფუძველი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ არის ვალდებული შეასრულოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, მის წინაშე ნაკისრი ვალდებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 24 ნოემბერს 5 წლის ვადით დაიდო „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.

 

აღნიშნული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

 

მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–მა, მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე და დადგენილი პირობების შესაბამისად, გაიარა სამხედრო სამსახური, ხოლო მას იმავე ხელშეკრულების შესაბამისად, საცხოვრებელი ბინა არ გადასცემია. მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–მა, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნით, სასამართლოს მომართა 2018 წლის 03 სექტემბერს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი (ს.ფ. 11-18);

- სარჩელი (ს.ფ. 2-10);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სო--- ბუ–-----–-–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და მისი პირველი დამატებითი ოქმი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ხოლო იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გამომდინარეობს, თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან.

 

6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

ამრიგად, დავის განხილვისას, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს უარი ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 24 ნოემბერს 5 წლის ვადით დაიდო „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება (კონტრაქტი) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 317-ე მუხლზე, რომელთა მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

 

ამრიგად, მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 24 ნოემბერს დადებული კონტრაქტის საფუძველზე, მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–ს 2012 წლის 24 ნოემბერს წარმოეშვა უფლება მფლობელობაში მიეღო საცხოვრებელი ბინა, რომელიც მას საკუთრების უფლებით გადაეცემოდა კონტრაქტის ვადის ამოწურვისთანავე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

მითითებული კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–მა სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 03 სექტემბერს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 24 ნოემბერს დადებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილი, მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–-ს უძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნა წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის დაცვით, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა, მისთვის უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით გადაცემის დავალებასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

დადგენილია, რომ სო--- ბუ–-----–-–---–-ს მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

7.2. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ, გაწეული ხარჯების გადახდა მოპასუხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მისი სარჩელი დაკმაყოფილდება, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარემ, საქმის სირთულის გათვალისწინებით, უნდა აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები - 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სო--- ბუ–-----–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 24 ნოემბერს დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–-სთვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.

 

3. მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ, 2018 წლის 03 სექტემბერს №- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე სო--- ბუ–-----–-–---–-ს სასარგებლოდ, წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი. გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით წერეთელი