გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2018
საქმის ნომერი
831310418002631585
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 831310418002631585

საქმე №3/9-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბაღდათი

 

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ---- სო----–---–ი

 

მოპასუხე - მ------- მს----–--ე

წარმომადგენელი - ნ-------- ჩი----–--ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მ------- მს----–--ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაევალოს ჯარიმის თანხის 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - მ------- მს----–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი სრულად ცნო.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა მან სასამართლო სხდომაზეც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის #5899 ბრძანებით, მ------- მს----–--ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2019 წლის 19 სექტემბრიდან. 2016 წლის 19 სექტემბერს მ------- მს----–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2018 წლის #683 ბრძანებით დამტკიცებული #4798/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით და სრულდებოდა 2020 წელს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის #5899 ბრძანება (ს.ფ.15).

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ------- მს----–--ეს შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებულია #4798/16 კონტრაქტი (ს.ფ.16-23).

 

3.1.2. ა/კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობა, კერძოდ: თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტით მოქმედების პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში) ჯარიმის სახით აენაზღაურებინა ,,სამინისტროსათვის“ ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ------- მს----–--ეს შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებულია #4798/16 კონტრაქტი (ს.ფ.16-23).

 

3.1.3. 27.07.2018 წელს მ------- მს----–--ემ პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 10.08.2018 წლის #4752 ბრძანებით, მ------- მს----–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, კონტრაქტის დარღვევით პირადი პატაკის საფუძველზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ------- მს----–--ეს შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებულია #4798/16 კონტრაქტი (ს.ფ.16-23).

- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (ს.ფ.27).

- შეტყობინება ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ (ს.ფ.26).

 

3.1.4. მ------- მს----–--ე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა 10.08 2018 წლიდან, ხოლო 19.09.2016 წლის კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, კერძოდ, ჯარიმის სახით 3000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- გენერალური შტაბის უფროსის 10.08.2018 წლის #4752 ბრძანება (ს.ფ.25).

- 25.07.2018 წლის პირადი პატაკი (ს.ფ. 24).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია,,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო/სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამსახედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მ------- მს----–--ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის თანხის დაკისრების მოთხოვნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დავის საგანს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებიდან გამომდინარეობს თუ არა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე მ------- მს----–--ეს შორის, 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2018 წლის #683 ბრძანებით დამტკიცებული #4798/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (ორიფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით, 2020 წელს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე მ------- მს----–--ეს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

ამრიგად, სასამართლო მიმივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმ პირობებში, როდესაც მ------- მს----–--ე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში, სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. ამასთან მოპასუხემ როგორს შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად, ყოველივე აქედან გამომდინარე არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე მ------- მს----–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მ------- მს----–--ის (პ/ნ 6----------) კუთვნილ ავტოსანტრანსპორტო საშუალებას: M------------------, საიდენტიფიკაციო კოდით W----------------, სახელმწიფო სანომრე ნიშნით BC 189 DB სასარჩელო მოთხოვნის - 3000 ლარის ფარგლებში.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე მ------- მს----–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე მ------- მს----–--ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს - 3000 ლარის გადახდა.

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა №7) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე