გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #2/24555-18 25 ოქტომბერი 2018 წელი
ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე წარმომადგენლები მოპასუხე წარმომადგენლები ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’ პ------–--------------- ი-----–----–-----–---–- შ.პ.ს. ,,ო----------ი’’ მ-----–-–----–---–- ა-----–--–-–--- ს--------------------–---–-
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’ ითხოვს დაეკსიროს შ.პ.ს. ,,ო----------ს’’ ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 955970 ლარის ოდენობით, ასევე დაეკისროს ანგარიშსწორების წესის დარღვევის საფუძველზე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 2658.99 ლარი. მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 01 იანვარს ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს (გამყიდველი) და შ.პ.ს. ,,ო----------ი’’-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მყიდველის შეკვეთილი რაოდენობის საფუძველზე გამყიდველის მიერ სხვადასხვა დასახელების გაზიანი სასმელების მიწოდებას, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ. 2018 წლის 28 მაისს შ.პ.ს ,,ო----------მა’’ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ცალმხრივად, არამართლზომიერად შეწყვიტა ხელშეკრულება. ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’ არ დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტას და მოპასუხეს მიუთითა ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე, ასევე აცნობა მოპასუხეს, რომ ანგარიშსწორების წესის დარღვევის საფუძველზე ერიცხებოდა 0,05% პირგასამტეხლოს სახით 2658.99 ლარი. მოსარჩელემ მოპასუხისგან მოითხოვა ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 955970 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია შ.პ.ს ,,ო----------ი’’-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შ.პ.ს ,,ო----------მა’’ შეწყვიტა ხელშეკრულება, რადგან მხარეთა შორის არ იქნა შეთანხმებული 2018 წლის ხელშეკრულების არსებითი პირობები. ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხე არ იყო ვალდებული განეხორციელებინა პროდუქციის შესყიდვა, მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში უნდა მიეწოდებინა მოსარჩელეს პროდუქცია. სახეზე არ გვაქვს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, არ დასტურდება ზიანის ფაქტი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 2017 წლის 01 იანვარს ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს და შ.პ.ს. ,,ო----------ი’’-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’ ვალდებული იყო მიეწოდებინა და გადაეცა საკუთრებაში შ.პ.ს. ,,ო----------ი’’-სათვის ხელშეკრულების დანართი #2-ში მითითებული პროდუქცია შეკვეთილი ოდენობით და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და წესით. მყიდველი ვალდებული იყო მიეღო პროდუქცია და გადაეხადა საფასური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2017 წლის ბოლოს მოხდებოდა პირობების გადახედვა. მხარეთა შეთანხმებით 2017 წლის 25 იანვარს ხელშეკრულების დანართი #3-ში შევიდა ცვლილებები, რომელიც დაკავშირებული იყო ახალ სავაჭრო ობიექტებთან (ტომი 1, ს.ფ. 25-33, 34). 3.1.2 2017 წლის 01 სექტემბერს ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს და შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა’’-ს შორის გაფორმდა გენერალური დისტრიბუციის და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ს.ს. "კ---------–--------–---------------"-მ შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა"-ს დაუთმო მოთხოვნის უფლება შ.პ.ს. ,,ო----------ი"-ს მიმართ 2017 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით. დისტრიბუციის ხელშეკრულების თანახმად, ს.ს. "კ---------–--------–---------------" და შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა" შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე შეკვეთების შესაბამისად შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა"-ზე გაყიდდა, ხოლო ეს უკანასკნელი შემდგომი რეალიზაციის მიზნით იყიდდა პროდუქციას. 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და შეატყობინა მოთხოვნის დათმობის და დისტრიბუციის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, ამასთან, განუმარტა, რომ 2017 წლის 01 ოქტომბრიდან, 00:01 საათის მდგომარეობით, ნებისმიერი ფულადი ვალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით უნდა გადაეხადა შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა"-ს მიმართ და შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა" უნდა ყოფილიყო მითითებული მიმწოდებლად მოპასუხის სისტემაში ს.ს. "კ---------–--------–---------------"-ს ნაცვლად. (ტომი 1 ს.ფ. 35, 117-134). 3.1.3 2018 წლის 28 მაისის წერილით შ.პ.ს. ,,ო----------ი“-ს წარმომადგენელმა აცნობა ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს, რომ 2018 წლის 28 ივნისიდან ცალმხრივად წყვეტდა მხარეთა შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რადგან ვერ შეთანხმდნენ 2018 წლის თანამშრომლობის პირობებზე. 2017 წლის 01 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, რომ 2017 წლის ბოლოს გადაიხედებოდა 2018 წლის პირობები (ტომი 1 ს.ფ. 36). 2018 წლის 07 ივნისის წერილით ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’ არ დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტას, მიუთითა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული შეწყვეტის არცერთი საფუძველი არ დამდგარა და ხელშეკრულების მოქმედება უნდა გაგრძელებულიყო 2018 წლის 31 დეკემბრამდე. (ტომი 1 ს..ფ. 36). 3.1.4 2018 წლის 15 ივნისის წერილით ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-მ მოპასუხეს აცნობა, რომ ანგარიშსწორების წესის დარღვევის საფუძველზე ერიცხება 0,05% პირგასამტეხლოს სახით 2658,99 ლარი. გარდა ამისა მოსარჩელემ წერილობითი შეტყობინებით 2017 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძველზე მოითხოვა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 955970 ლარს. (ტომი 1, ს.ფ. 40, 20-23). 3.1.5 2018 წლის 02 აგვისტოს შ.პ.ს. ,,ო----------ი’’-ს დირექტორმა მიმართა ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს და შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა“-ს იმაზე მითითებით, რომ შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა“-ს წინაშე არსებული 571545.10 ლარის ანაზღაურების ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული, აღარ არსებობდა პროდუქციის მიწოდების საფუძველზე ფულადი ვალდებულება. მიმართვასთან ერთად მოსარჩელეს გაეგზავნა ურთიერთშედარების აქტი და გადახდის ქვითრები (ტომი 1, ს.ფ. 44-46)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 მოსარჩელე ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს მიერ წარმოდგენილი ს---------–---–---------------–----------“-ს მიერ შესრულებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, აუდიტორის მიერ შედგენილი იქნა სავარაუდო გაანგარიშება შ.პ.ს. ,,ო----------ი“-ს მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შედეგად ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს მიუღებელი შემოსავლის შესახებ, რომლის მიხედვით შ.პ.ს. ,,ო----------ი“-ს მიერ ბოლო შესყიდვა შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ასაგან განხორციელდა 2018 წლის 27 ივნისს, 2018 წლის 01 ივნისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს მიერ შ.პ.ს. ,,ო----------ისათვის“ ხელშეკრულების თანახმად პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში მიუღებელი სავარაუდო შემოსავალი შეადგენს 955970 ლარს დღგ-ს გარეშე, მისაწოდებელი პროდუქციის ასორტიმენტი და მოცულობა აგებულია იგივე ტენდენციით, რაც იყო კონკრაქტის მოქმედების პერიოდში წინა 17 თვის განმავლობაში, გამოკლებული აქვს პროდუქციის თვითღირებულება 3815681 ლარი, ტრანსპორტირების ხარჯი 150970 ლარი და 2017 წლის 01 იანვარს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფაგლებში დარჩენილი მარკეტინგული მომსახურების ღირებულება 197740 ლარი დღგ-ს გარეშე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ანგარიში ცალსახად არ ადასტურებს, რომ შ.პ.ს. ,,ო----------ი“-ს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტით ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს მიადგა ზიანი 955970 ლარი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პროდუქცია მყიდველს მიეწოდებოდა შეკვეთის შემთხვევაში, აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ზიანი განსაზღვრულია 2018 წლის 01 ივნისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში, დადგენილია, რომ პროდუქცია მიწოდებულია ივნისის თვეშიც და ბოლო შესყიდვა განხორციელდა 2018 წლის 27 ივნისს, ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ შ.პ.ს. ,,ო----------ი“-ს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამ გამოიწვია ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს ეკონომიკური დანაკარგი და, რომ შ.პ.ს. ,,ო----------ისათვის“ დამზადებული და განკუთვნილი პროდუქციის რელიზაციის შეფერხებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. . სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 416-418-ე, 477-ე, 494-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მეორე ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. დადგენილია, რომ 2017 წლის 01 იანვარს ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს და შ.პ.ს. ,,ო----------ი’’-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’ ვალდებული იყო მიეწოდებინა შ.პ.ს. ,,ო----------ი’’-სათვის ხელშეკრულების დანართი #2-ში მითითებული პროდუქცია შეკვეთილი ოდენობით და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და წესით, მყიდველი ვალდებული იყო მიეღო პროდუქცია და გადაეხადა საფასური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ივნისს შ.პ.ს. ,,ო-------------“ ცალმხრივად შეწყვიტა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო 2018 წლის პირობების გადახედვა და რადგან აღნიშნული ვერ განხორციელდა, შეწყვიტა ნასყიდობის ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ნასყიდობის ხელშეკრულების 7.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ერთ-ერთი მხარის განცხადებით შეიძლება შეწყდეს ვადამდე შემდეგ შემთხვევებში: ა) მყიდველმა ან გამყიდველმა შეწყვიტა ან შეაჩერა თავისი საქმიანობა; ბ) გამყიდველი დაარღვევს თავის მოვალეობებს; გ) მყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების განხორციელების ვადას გადააცილა 14 სამუშაო დღეზე მეტი ვადით. ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება მეორე მხარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი მთხოვნის გადაცემიდან 14 სამუშაო დღის ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ არის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე კონკრეტულად არ განმარტავს, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რა გარემოება შეიცვალა, რამაც გავლენა მოახდინა მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე და კონკრეტულად ხელშეკრულების რა პუნქტი საჭიროებდა გადახედვას და შეთანხმებას. შესაბამისად, შ.პ.ს. ,,ო-----------ი“-ს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილი იქნა უსაფუძვლოდ. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 6.8 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლო განამრტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015). ამდენად, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასიათის ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება, 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). 6.9 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით, მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის აუცილებელ კუმულატიურ კრიტერიუმთა მოცემულობაში, მოსარჩელეს ევალება ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ს---------–---–-----------------–----------“-ს მიერ შესრულებული აუდიტორული ანგარიში, რომლის მიხედვით, შ.პ.ს. ,,ო----------ისათვის“ პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში მიუღებელი სავარაუდო შემოსავალი შეადგენს 955970 ლარს დღგ-ს გარეშე, მაგრამ, სასამართლოს მიაჩნია, რომ აუდიტორული ანგარიში ცალსახად არ ადასტურებს ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს ზიანს 955970 ლარის ოდენობით. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პროდუქცია მყიდველს მიეწოდებოდა შეკვეთის შემთხვევაში, აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ზიანი განსაზღვრულია 2018 წლის 01 ივნისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში, დადგენილია, რომ პროდუქცია მიწოდებულია ივნისის თვეშიც და ბოლო შესყიდვა განხორციელდა 2018 წლის 27 ივნისს, ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ შ.პ.ს. ,,ო----------ი“-ს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამ გამოიწვია ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს ეკონომიკური დანაკარგი და, რომ შ.პ.ს. ,,ო----------ისათვის“ დამზადებული და განკუთვნილი პროდუქციის რელიზაციის შეფერხებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. მოსარჩელის განმარტებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა, კერძოდ, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რის გამოც სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: 6.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლო. 6.11 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 01 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი #1-ის მიხედვით, მხარები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადამოსული დავალიანების და ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში აღნიშნული არ არის და მოსარჩელე არ მიუთითებს, რა თანხის და რა პერიოდის ვადაგადაცილების გამო ითხოვს პირგასამტეხლოს მოპასუხისგან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 15 ივნისის წერილობითი შეტყობინებით აცნობა მოპასუხეს 2658.99 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს შ.პ.ს. ,,ო----------ი“-ს 2018 წლის 02 აგვისტოს წერილი (თანდართული გადახდის ქვითრებით), რომლითაც აცნობა ს.ს. ,,კ---------–--------–---------------"-ს და შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა“-ს, რომ შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა“-ს წინაშე არსებული 571545.10 ლარის ანაზღაურების ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული, აღარ არსებობდა პროდუქციის მიწოდების საფუძველზე ფულადი ვალდებულება და გაუგზავნა ურთიერთშედარების აქტი დავალიანების არარსებობის შესახებ. წერილს თან ერთვის 2018 წლის 18 ივლისით და 31 ივლისით დათარიღებული გადახდის ქვითრები. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ამასთან, დადგენილია, რომ ს.ს. ,,კ---------–--------–---------------“-მ შ.პ.ს. ,,ო----------ი“-ს მიმართ მოთხოვნა დაუთმო შ.პ.ს. ,,კ---------–--------------–-ა“-ს. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ს.ს. ,,კ---------–--------–---------------"-ს სარჩელი შ.პ.ს. ,,ო----------ი“-ს მიმართ პირგასამტეხლოს _ 2658.99 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს სარჩელი, მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ 2018 წლის 19 ოქტომბერს წარმოდგენილ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებას და მოპასუხის მოთხოვნას წარმომადგენლის ხარჯის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვა მთავრდება მხარეთა პაექრობით და რეპლიკით. განსახილველ შემთხვევაში, საქმის განხილვა დასრულდა 2018 წლის 17 ოქტომბერს და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2018 წლის 25 ოქტომბერს. მოპასუხემ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგინა და წარმომადგენლის ხარჯის ანაზღაურების შესახებ იშუამდგომლა საქმის განხილვის დასრულების შემდეგ. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მხარის მიერ გაღებული ხარჯის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. ერთია, რომ შუამდგომლობა და ხელშეკრულება წარმოდგენილია საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, მეორეა, რომ წარმოდგენილი არ არის იურიდიული მომსახურეობის თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, ყოველივე ზემოთაღნიშნული გამორიცხავს წარმომადგენლის დახმარების ხარჯის ანაზღაურებას. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით, გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. ს.ს. ,,კ---------–--------–---------------’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით. 3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი