გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/16535-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------------------------ი"
წარმომადგენელი - ინ-----------ა
მოპასუხე - ზა--------------ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზა--------------ს დაეკისროს სს ,,სა---------–--------------------------ის" სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით - 3 835 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მოსარჩელესა და საქ--------–-----------------------------------------ას შორის გაფორმებული დაზღვევის მომსახურების 2017 წლის დეკემბრის ხელშერკულების საფუძველზე დაზღვეულ იქნა კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ტოიოტა კოროლა, რაზეც გაიცა შესაბამისი სადაზღვევო პოლისი.
2018 წლის 02 თებერვალს მოპასუხე ზა--------------ის ბრალეული ქმედებით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა ზემოაღნიშნული ა/მანქანა, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი ვე-------------–---–ი. მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე საჯარიმო ქვითრის მიხედვით, სამართალდამრღვევად, ანუ შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად მიჩნეულ იქნა მოპასუხე ზა--------------ი და იგი დაჯარიდმა 250 ლარით. ავტომანქანის აღდგენის საერთო ღირებულებამ შეადგინა - 3 835 ლარი. მანქანა შეკეთებულ იქნა მზღვეველის პროვაიდერ ცენტრში, რომელსაც 2018 წლის 16 თებერვალს მზღვეველის მიერ მითითებული თანხა სრულად გადაერიცხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს გადახდილი თანხის სუბროგაციის წესით მოპასუხისათვის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომელითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კი სარჩელი ცნო - 1 300 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, მოთხოვილი ზიანის მოცულობა ხელოვნურად არის გაზრდილი და არ შეესაბამება საბაზრო ღირებულებებს, ვინაიდან მის მიერ გადამოწმდა დაზიანებული ნაწილების ფასები და იგი ბევრად ნაკლებია მოსარჩელის მიერ გაკეთებულ შეფასების აქტში მითითებულ ფასებთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 02 თებერვალს ქ. თბი-–--–ი მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა საქ--------–-----------------------------------------ის კუთვნილი ავტომანქანა ''ტოიოტა კოროლა'', სახ. ნორმით Z------, რომელიც დაზღვეული იყო სს ,,სა---------–--------------------------ის" მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფიო შესყიდვების ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23)
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ზა--------------ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით.
- საჯარიმო ქვითარი, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 34-40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
3.1.3. დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, ზიანის ანაზღაურების მიზნით სს ,,სა---------–--------------------------მა" 2018 წლის 16 თებერვალს აუნაზღაურა დამზღვევს - 3 835 ლარი.
- ზარალის დარეგულირების აქტი, აქტი N1805(ს.ფ. 43-44);
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 45);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა სს ,,სა---------–--------------------------ის" სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს, სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ ''...აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....'' (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).
ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტული განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო -სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.
როგორც აღინიშნა, სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის, მომსახურების ხარიხსი, შინაარსი და მოცულობა წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, სს ,,სა---------–--------------------------ს" და დამზღვევს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულება, ითვალისწინებს ავტომანქანის შეკეთებას დამზღვევის ინტერესის შესატყვისად. აღნიშნული პირობა შესაძლებელია ზრდის ასანაზღაურებელი სადაზღვევო ზიანის მოცულობას და ამავდროულად გავლენას ახდენს სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება და ინტერესები. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოდგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შეცილებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში.
როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებლის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''. ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს, როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში ზა--------------მა აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა შეედავა მოთხოვილ ოდენობას და აღნიშნა, რომ ზიანის მოცულობა შეადგენდა - 1 300 ლარს. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოდ არის გამხდარი დანაკლისის ოდენობა, შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს ''სი---------–ის'' შეფასების აქტი N1805, რომელიც შეიცავს პროდუქტის სუბიექტურ ფასებს, კერძოდ, გასაყიდი საქონლის გამყიდველის პირად შეფასებს, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ჭრილში. რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, მისი ფორმირება ხდება საბაზრო კონკურენციის პირობებში და ასახავს საქონლის ღირებულებას, რომელიც ყალიბდება არა მომხმარებლის, ან გამყიდველის შეხედულებით, არამედ ბაზრის მიერ. ამგვარად, სს ,,სა---------–--------------------------ის" მიერ წარმოდგენილი ფასების ჩამონათვალი, როგორც მტკიცებულება, არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტებთან, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სრულყოფილად და მოპასუხის აღიარებული მოცულობა - 1300 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე“. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა....“, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5 000 ლარს“.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის ფასი შეადგენს 3 835 ლარს, რის გამოც იგი განეკუთვნება მაგიტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა კატეგორიას. შესაბამისად, სსსკ-ის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა უნდა განახევრდეს და ზედმეტად გადახდილი 57.52 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ (1300 ლარის ნაწილში). შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი (19.45 ლარი) უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ადვოკატის ხარჯის - 700 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ასეთი ხარჯის გაწევის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,სა---------–--------------------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ზა--------------ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------------------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს - 1 300 ლარის გადახდა.
3. სს ,,სა---------–--------------------------ს" დაუბრუნდეს მის მიერ სს ''თი---------–ი'' 27/04/2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 115.05 ლარიდან - 76.97 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება №1524836773. დარჩენილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე