გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/93-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. დუშეთი
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს
დუშეთის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - დარეჯან ქაშიაშვილი
მოსარჩელე: ანატოლიი მიხაილიუტა
წარმომადგენელი: ნ-----------------
მოპასუხე: დ------------
წარმომადგენელი: თ-----------–---–-, ა----------–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება
დავის საგანი: მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
1.1. სარჩელის საფუძვლები: 2017 წლის 18 დეკემბერს 09:20 საათზე, დაბა გუდაურში გზის 90-ე კილომეტრზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მოპასუხე დ------------ მართავდა ავტომანქანა "SUBARU FORESTER"-ს, სანომრე ნიშნით - FF329GG, რა დროსაც მან დაარღვია საგზაო უსაფრთხოების წესი და შეეჯახა ავტომანქანა ”PAJERO IO" -ს, სახ. ნომრით IIS832, რომელსაც მართავდა მოსარჩელე ა-------–---------–------. ამ ქმედებისათვის დ------------ დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სმართალდარღვევის ჩადენისათვის. მისი ბრალეული ქმედებით მოსარჩელეს მიადგა 3300 ლარის მატერიალური ზიანი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ-----------------მ სასამართლო სხდომაზე, საპაექრო სიტყვაში დააზუსტა (შეამცირა) მოთხოვნა და იშუამდგომლა მოსარჩელეზე მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 2100 ლარის და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის დავით გაგაძისთვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, დაადასტურეს მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად მოსარჩელეზე ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან მოპასუხე თანახმაა მოსარჩელეს აუნაზღაუროს სარჩელზე დართული ავტოსაგზაო შემთხვევის სქემაში მითითებული დაზიანებების ადექვატური თანხა - 1000 ლარის ოდენობით და არა მოსრჩელის მიერ მოთხოვნილი 2100 ლარი, რამეთუ სხვა დამატებითი მოცულობის ზიანის არსებობა არ დადასტურდა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 18 დეკემბერს, დაბა გუდაურში 09:20 საათზე, გზის 90-ე კილომეტრზე მოპასუხე დ------------ მთვრალ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანა "SUBARU FORESTER"-ს, სანომრე ნიშნით - FF329GG, რა დროსაც შეეჯახა ა-------–---------–------ს კუთვნილ ავტომობილს ”PAJERO IO"-ს, სახ. ნომრით IIS832.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს.ფ.1-15)
- წერილობითი შესაგებელი (ტომი I);
- 2017 წლის 18 დეკემბერს შედგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული სატრანსპორტო საშუალების დაზიანების სქემა (ს.ფ.27-18);
- 2017 წლის 18 დეკემბრის N000023877 ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ;
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
3.1.2. მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე დ------------ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევისათვის და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა, რაც არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2017 წლის 18 დეკემბრის N000023877 ოქმი ადმინსტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ;
- 2017 წლის 19 დეკემბრის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ტომი I, ს.ფ. 29)
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხის კუთვნილ ავტომანქანას ”PAJERO IO" -ს, სახ. ნომრით IIS832, მოპასუხის ბრალით დაუზიანდა მარჯვენა ,,ფარი", ე.წ. ,,სტოპი" და 2017 წლის 18 დეკემბერს შედგენილ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების სქემაში (წინა მარჯვენა ფრთა, ძრავის სახურავი, წინა მოპირკეთება) მითითებული ავტომანქანის ნაწილები და არა ინვოისში ასახული ის დეტალები, რასაც მოსრჩელე უთითებს სასამართლო სხდომაზე. ამასთან, მხოლოდ ზემოხსენებული დეტალების პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო გახდა სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებიც.
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.
3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანი და მისი კონკრეტული მოცულობა უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე დავით გაგაძის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ა-------–---------–------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დაზიანება.
მოპასუხემ სარჩელი ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის 1000 ლარის ანაზღაურების ნაწილში ცნო.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. სარჩელის ცნობა მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურსამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც მის მიერ მოსარჩელის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოვლენილ ნებაში გამოიხატება. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარიგებაა, ვინაიდან მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის 1000 ლარის ანაზღაურების ნაწილში ცნო, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
მოპასუხე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ ნაწილში რა ნაწილშიც მის ბრალეულ ქმედებას არ გამოუწვევია ა-------–---------–------ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებები იმ მოცულობით, რაც ასახულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ინვოისში და რისი დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებაც საქმის მასალებში არ მოიპოვება. მოსარჩელის მიერ, სარჩელზე დართული შპს ”NEW ENWRGY INEST"-ის მიერ, 2017 წლის 19 დეკემბერს გაცემული ინვოისით უტყუარად არ დასტურდება, რომ მასში ასახული ავტომანქანა ,,პაჯერო იოს" ყველა დეტალი, რისი შეცვლაც საჭირო იყო ა.მიხაილიუტას ავტომანქანის შესაკეთებლად, (გარდა იმ ნაწილებისა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის სქემაშიცაა დაფიქსირებული) - დაზიანებულია 2017 წლის 18 დეკემბერს მხარეებს შორის მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ანუ დავით გაგაძის ბრალეული მოქმედებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელისათვის 2100 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოპასუხე ცნობს სარჩელს, კერძოდ 1000 ლარის ფარგლებში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-409-ე, 992-ე, 999-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v Netherlands par.61; Garcia Ruiz v Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par. 81; Hirvisaari v Finland,§32). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში, სამოქალაქო წესით განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
6.4. ამავე კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ წინაპირობებს, რომ დელიქტი გამოვეულია მოპასუხის ბრალეული ქმეებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე დ------------ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მას დაედო სახდელი. ადმინისტრაციულსახდელდადებულ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მის ბრალეულობის საკითხი და დადგენილებაც შესულია კანონიერ ძალაში.
6.6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორივე ავტომობილი, მათ შორის მოსარჩელის ა-------–---------–------ს კუთვნილი ”PAJERO IO”-ს მარკის/მოდელის ავტომობილი. დადგენილია ბრალეული პირი - დ------------ და სახეზეა დამდგარი ზიანი; ამასტანავე, დადგენილია მიზეზობრივი კავშირი ამ უკანასკნელის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რამეთუ ქმედებამ გამოიწვია ”PAJERO IO”-ს მარკის ავტომანქანის დაზიანება. ზემოხსენებული ფაქტების დამადასტურებლად საქმეში საწმოდგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებებ და ლექტრონული საჯარიმო ქვითარი. საქმეშია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შედგენილი სქემა და მისი ფოტოილუსტრაციაც, სადაც ასახულია ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი და იქ მყოფი ინციდენტში მონაწილე დაზიანებული ავტომობილები;
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (დადგენილება დაჯარიმების შესახებ, სამართალდარღვევის შესახებ ოქმი) არ შეიცავს მიყენებული ზიანის გააგნაგრიშებას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ შპს ”NEW ENWRGY INEST"-ის მიერ გაცემული ინვოისი, სადაც ჩამოთვლილია ზემოხსენებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ა-------–---------–------ს ავტომობილის სხვადასხვა დეტალები, რომლებიც საჭიროებს შეკეთებას, საჭირო აღდგენითი სამუშაოები და მათი სავრაუდო ფასი, თუმცა ეს დოკუმენტი სარწმუნოდ ვერ ცემს პასუხს შეკითხვას - თუ რა დეტალები დაუზიანდა მოსარჩელის კუთვნილ ”PAJERO IO”-ს მარკის ავტომანქანას კონკრეტულად განსახილველი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თუ უნდა მივიჩნიოთ, რომ ინვოისში ასახული ყველა დეტალი დაზიანებულია სწორედ ამ შეჯახების დროს და აღდგენითი სამუშაოებიც სწორედ ამისთვისაა საჭირო. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლოში საქმის განხილვისას შეამცირა მოთხოვნა იმ კუთხით, რომ მან დააზუსტა და ინვოისიდან ამორიცხა ის დეტალები, რაც არ დაზიანებულა შეჯახების შედეგად და შესაბამისად შესაკეთებლად საჭირო სამუშაოების ფასიც. კერძოდ მან განმარტა, რომ ინვოისში მითითებული მოსარჩელის ავტომობილის უკანა მხარეს არსებული დაზიანებული დეტალები არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალეული მოქმედებით და ასევე, სათუნუქე/სამღებრო სამუშაოებიც იყო გაცილებით ნაკლები ღირებულების.
6.8. საქმის მასალების, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევისას შედგენილი სქემის, დაზიანებულ ავტომობილთა ფოტოსურათების შესწავლის, მათი ურთთიერთშეჯერების და ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ ზიანის სავარაუდო მოცულობის ამსახველ ერთადერთი დოკუმენტში - ”NEW ENWRGY INEST"-ის მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გაცემულ წინასწარ ინვოისში ასახულია არამარტო 2017 წლის 18 დეკემბერს მოპასუხის ავტომობილთან შეჯახების შედეგად მოსრჩელის ავტომობილისთვის მიყენებული დაზიანებები, არამედ ავტომობილზე არსებული ყველა დაზიანება, რაც შესაძლოა მიყენებული იყოს სხვა დროს და სხვა ვითარებაში, რაც იმ მომენტისათვის საჭიროებდა შეკეთებას. ამდენად, ჩნდება გონივრული ეჭვი მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილ ზემოხსენებულ ინვოისში არის კი უტყარად იდენტიფიცირებული ის დაზიანებები, რაც მოპასუხის ბრალეული ქმედებითაა გამოწვეული. აღნიშნულზე გარკვეულწილად პასუხს ცემს თავდ მოსარჩელე მხარეც, რომელმაც საქმის განხილვის დროს მოთხოვნის დაზუსტების შეუამდგომლობაში დაადასტურა, რომ ინვოისში მითითებული გარკვეული დაზიანებები არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალეულობით, რამეთუ ისინი ამ ვატომობილს მიღებული ჰქონდა ამ ინციდენტამდე. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ გარდა იმ დაზიანებებისა, რაც ასახულია ფოტოილუსტრაციაში და ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ იყოს გამოწვეული მოპასუხის ბრალეულო მოქმედებით.
6.9. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ინციდენტში მონაწილე დაზიანებული ავტომობილების ფოტოსურათებს და შემთხვევის ადგილის სქემას, როელთა შეფასებაც იძლევა საკმაოდ მკავიო სურათს, თ რა ვითარებაში მოხდა სეჯახება და სავარაუდოდ ავტომობილების რა დეტალების დაზიანება შეეძლო გამოეწვია მას. სასამართლოს შეფასებით, ავტომობილების შეჯახების კუთხე და განლაგება სქემაზე (ავტომობილები ურთიერთს ეჯახებიან ერთის მხრივ მარცხენა, ხოლო მეორეს მხრივ მარჯვენა ფრთის არეალში) იძლევა საფუძველს მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ამ შეჯახების დროს მოსარჩელის ავტომობილი დიდი ალბათობით ვერ მიიღებდა დაზიანებას წინა ე.წ. ,,ბაკლის" შუაწელში სანომრე ნიშანთან, როგორც ეს არის გამოსახული ფოტოზე, რამეთუ ასეთი დაზაინების აღმოცენება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სხვა ობიექტთან პირისპირ(ხეზე, ბოძზე და ა.შ.) და არა გვერდულად შეჯახების პირობებში. ამასვე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოპასუხის ავტომობილს, რომელიც ფაქტობრივად იგივე კუთხით ეჯახება მოსარჩელის ავტომობილს, რაიმე დაზაინება არ აქვს მირებული ე.წ. ,,ბაკლაზე", სანომრე ნიშანზე, ზოგადად წინა მოპორკეთებაზე და დაზიანებული აქვს მხოლოდ მარცხენა ფრთის ზედა ნაწილი და ე.წ. ,,ფარი".
6.10. ამდენად შეიძლება დავასკვნათ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისი შეიცავს ავტომანქანის ნაწილების ჩამონათვალს, რომლის შეცვლაც/შეკეთებაც სახელოსნოში წარდგენის მომენტისათვის ესაჭიროებოდა ანატოლი მიხაილიუტას ავტომანქანას, ხოლო მტკიცებულება იმისა, რომ მასში ჩამოთვლილი ყველა დაზიანება მიყენებულია უშუალოდ დავით გაგაძის ავტომობილთან შეჯახებისდროს და მის შედეგად, მოსრჩელეს ასეთი ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მოსარჩელის მიერ აღიარებული თანხის - 1000 ლარის ფარგლებში. ასევე, უდავოდ დადგენილია დავით გაგაძის ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. (2017 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ათ 000023877, საჯარიმო ქვითარი, 2017 წლის 19 დეკემბრის №ათ 000023877 დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების სესახებ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტებები საქართველოს შინაგან სამქეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე), ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დ------------ს ა-------–---------–------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოსარჩელის ითხოვდა 2100 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხემ ცნო 1000 ლარი, რაც შეადგენს ძირითადი მოთხოვნის 47,61%. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახლმწიფო ბაჟის 47,61%, რაც შეადგენს 23,8 ლარს. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, ბაჟის დარჩენილი ნაწილი, რაც წინასწარ გადახდილია მოსარჩელის მიერ დარჩება ბიუჯეტში. მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის 25 ლარის ანაზღაურებაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას. სასამართლოს შეფასებით, განსახილველი საკითხი უნდა გადაწყდეს გონივრულობის ფარგლებში და არამხოლოდ ზემოხსენებული ნორმის(სსსკ-ის 53-ე მუხლი) ანდა მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში, მხედველობაშია მისაღები განხილული დავის კატეგორია, საქმის წონა/მოცულობა, სამართლებრივი დავის სირთულე, მოთხოვნის ფარგლები, პრაქტიკულად გაწეული სამუშაოს მოცულობა და დანახაჯები, თავად მოსარჩელის რისკი და შეხედულება თუ რა უღირს დავის წარმოება, რაც არ უნდა გაცდეს ობიექტურობის/სამართლიანობის ფარგლებს და მოპასუხისადმი იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრება არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ იურიდიული მომსახურების შესახებ მხარეთა შეთანხმებაზე;
ზემოხსეებულიიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 450 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის №2/93-18 განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემო აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 30921-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-------–---------–------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დ------------ს ა-------–---------–------ს სასარგებლოდ დაეკისროს 1000 (ათასი) ლარის გადახდა;
3. ა-------–---------–------ს დაუბრუნდეს 2018 წლის 30 აპრილს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 23,8 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი 300153150 (გადახდის ქვითარი №16613203);
4. დ------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟი 25 ლარის ოდენობით.
5. დ------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის (წარმომადგენლის დახმარების) ასანაზღაურებლად 450 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დუშეთის მაგისტრატი სასმართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს დუშეთის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი