გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1877-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1.11.2018 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს “ე---------------+”
წარმომადგენელი გიორგი თათარაშვილი
მოპასუხეები ე-–---- გ---------ი
ს----- ე-–-----ი
წარმომადგენელი დარეჯან ბუცხრიკიძე
დავის საგანი: სესხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე-–---- გ---------ის და ს----- ე-–-----ისათვის სოლიდარულად 5248,22 ლარის დაკისრება;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2017 წლის 24 თებერვალს შპს “ე---------------+”-სა და ე-–---- გ---------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 4080 ლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 5%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 5 კალენდარული დღით ჩათვლით გადაცილებისათვის თითოეულ გადაცილებულ დღეზე 12 ლარს, გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 6 ლარს. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი ჰონდა СR-V სარეგისტრაციო ნომერი A--------.
ს----- ე-–-----სა და შპს „ე---------------+“-ს შორის 2017 წლის 24 თებერვალს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილია ე-–---- გ---------თან დადებული სესხის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 24 000 ლარი.
მსესხებელმა სესხი არ დააბრუნა, რის გამო მან გამსესხებლის მოთხოვნით დააბრუნა ავტომობილი, რომელიც 2018 წლის 21 მაისს გასხვისდა 3300 ლარად. მიღებული თანხა ვალის დასაფარად შემდეგნაირად განაწილდა: გაიქვითა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო 724 ლარი სრულად, ნაწილობრივ გაიქვითა დარიცხული სარგებელი 2576 ლარი. ძირითადი თანხის დასაფარად თანა საკმარისი არ იყო. ავტომობილის რეალიზაციის დროს სესხის დავალიანება იყო 4705 ლარი ძირითადი თანხა, ასევე გადასახდელი დარჩა რეალიზაციამდე სესხზე დარიცხული სარგებელი 207,97 ლარი. სესხს კვლავ დაერიცხა სარგებელი, ავტომობილის რეალიზაციიდან გასულია ერთი თვე, რის გამოც ერთი თვის სარგებელი - სესხის 5% შეადგენს 235,25 ლარს, სულ გადასახდელი სარგებელია 443,22 ლარი.
მოსარჩელის მოთხოვნიდან სესხის ძირითადი თანხაა 4705 ლარი, სარგებელი 443,22 ლარი, ავტომობილის შეფასების საფასური 100 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, მოსარჩელის მოთხოვნით მსესხებელმა ავტომობილი დაუბრუნა გამსესხებელს, რის გამოც მას არ მიეცა ავტომობილის გასხვისების შესაძლებლობა. თავად მოსარჩელემ ავტომობილი გაყიდა 3000 ლარად, სინამდვილეში მისი უფრო მაღალ ფასად გაყიდვა შეიძლებოდა. ამასთან, ავტომობილისგან მიღებული თანხით საერთოდ არ შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
(25.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 24 თებერვალს შპს “ე---------------+”-სა და ე-–---- გ---------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 4080 ლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 5%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 5 კალენდარული დღით ჩათვლით გადაცილებისათვის თითოეულ გადაცილებულ დღეზე 12 ლარს, გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 6 ლარს. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი ჰონდა СR-V სარეგისტრაციო ნომერი A--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-29. ტომი 1)
3.1.2. ს----- ე-–-----სა და შპს „ე---------------+“-ს შორის 2017 წლის 24 თებერვალს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა მსესხებელთან თანაბარწილად სესხის დაბრუნების ვალდებულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 24 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ხელშეკრულების ასლი (30-33. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ე-–---- გ---------მა არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. მას სესხის თანხა და სარგებელი საერთოდ არ გადაუხდია. შპს „ევროკრედიტ+“-მა გაასხვისა სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებული ავტომობილი 3300 ლარად, რომლითაც შემცირდა სესხის დავალიანება.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ე---------------+“-მა ე-–---- გ---------ს მოსთხოვა დაგირავებული ავტომობილის გადაცემა. მსესხებელმა დაგირავებული ნივთი იძულებით აღსრულების გარეშე, ნებაყოფლობით დაუბრუნა მოსარჩელეს.
დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის მიზნით მოსარჩელეს შეაფასა იგი. GA GROUP-ის შემფასებლის იოსებ პავლიაშვილის მიერ შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულება დასკვნაში მოცემული ფაქტების გათვალისწინებით 2017 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით დამრგვალებით შეადგენს 3800 ლარს, ხოლო ლიკვიდური ფასია 3000 ლარი.
მოპასუხეების მხრიდან სადაოა ავტომობილის შეფასების აქტში მითითებული ღირებულება, რადგან მათი განმარტებით შესაძლოა უფრო მაღალ ფასად გაესხვისებინათ ავტომობილი. ავტომობილის ღირებულების შეფასების საკითხზე სასამართლოში მტკიცებულება წარმოდგენილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. მოპასუხეების მიერ მტკიცებულებებით უარყოფილი არ არის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამ მტკიცებულებაში მითითებული ღირებულება, ავტომობილის ღირებულების შესახებ მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ, რის გამოც შეფასების აქტის საფუძველზე დადასტურებულია, რომ ავტომობილის სალიკვიდაციო ღირებულება იყო 3000 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილი 2018 წლის 20 მაისს 3300 ლარად შეიძინა ნინო ჭურაძემ. მიღებული თანხა შპს „ე---------------+“-მა მიმართა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისკენ შემდეგი გაანგარიშებით: გაიქვითა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო 724 ლარი, ნაწილობრივ გაიქვითა დარიცხულია სარგებელი 2576 ლარი. ავტომობილის რეალიზაციის დროს სესხის დავალიანება იყო 4705 ლარი ძირითადი თანხა, ხოლო გადასახდელი დარჩა რეალიზაციამდე სესხზე დარიცხული სარგებლიდან 207,97 ლარი. ამასთან, სესხს კვლავ დაერიცხა სარგებელი, ავტომობილის რეალიზაციიდან სარჩელის აღძვრამდე განვლილ ერთ თვეში. ერთი თვის სარგებელი - სესხის 5% 235,25 ლარი.
ამდენად, ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხით შემცირდა სესხის სარგებლის დავალიანება 2576 ლარით, 724 ლარით პირგასამტეხლო. სესხის ძირითადი თანხის დავალიანება არ შემცირებულა, რადგან მოსარჩელის განმარტებით ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იყო საკმარისი ვალის სრულად დასაფარად. მოსარჩელის განმარტებით, 724 ლარით პირგასამტეხლო გადახდილია სრულად.
ამდენად, ავტომობილის რეალიზაციის დროისათვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანება იყო 4705 ლარი, ხოლო სარგებლის დავალიანება მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე იყო 2783.97 ლარი, რადგან მოსარჩელის განმარტებით ავტომობილის რეალიზაციის შემდეგად გადასახდელი სარგებელია 207.97 ლარი, ხოლო სარგებელში ჩაითვალა 2576 ლარი. ამდენად, ავტომობილის რეალიზაციის დროისათვის კრედიტორის მიერ დარიცხული სარგებელი იყო 2783.97 ლარი.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს. სესხის ხელშეკრულების 6.6 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ რომელიმე საკრედიტო შეთანხმებით გათვალისწინებული სესხის გადახდის ორ კვირიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა, დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის ნებაყოფლობით მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში მსესხებელს აღარ დაეკისრება ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო.
მსესხებელმა მოსარჩელეს ნებაყოფლობით დაუბრუნა დაგირავებული ავტომობილი, კრედიტორმა ავტომობილი დაიბრუნა იძულებით აღსრულების ღონისძიების გარეშე, რის გამოც ხელშეკრულების ზემოთაღნიშნული დებულების საფუძველზე მსესხებელს სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო არ ეკისრება. შესაბამისად, ავტომობილის რეალიზაციის დროისათვის კრედიტორმა ხელშეკრულების პირობების დარღვევით დაარიცხა სადაო სესხს პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-29. ტომი 1)
- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 30-32. ტომი 1)
- ავტომობილის შეფასების აქტის დედანი (ს.ფ.33-40. ტომი 1)
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 48. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-10. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 79-83. ტომი 1)
- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები (25.10.2018 სხდომის ოქმი CD დისკი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
კრედიტორმა გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით არასწორად შეამცირა სესხის დავალიანება, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი არ არსებობდა, ამასთან არ დაიცვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თანმიმდევრობა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 276-ე მუხლი,2811-ე, 388-ე, 448-ე, 450-ე, 256-ე, 463–ე, 464–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 316-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით (2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია და შეადგენს თვეში 5%-ს. ამდენად, მსესხებელს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულება. ეს ვალდებულება მსესხებელმა არ შეასრულა. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დარიცხვისაგან გათავისუფლების საფუძველი. კერძოდ, დაგირავებული ავტომობილის გამსესხებლისათვის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში მსესხებელს პირგასამტეხლო არ დაერიცხება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლის მიხედვით, 1. მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა; 2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; 3. სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მფლობელობაში გადაცემისათვის სხვადასხვა მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში გირავნობის საგანი გადაეცემა იმ მოგირავნეს, რომელსაც აქვს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება; 4. გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას; 5. მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება; 6. მოგირავნისათვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს; 7. მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე.
კრედიტორმა მოპასუხის სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისა დაგირავებული ავტომობილი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის და სესხის ხელშეკრულების 6,4 პუნქტის საფუძველზე ვალდებულება სრულად დაკმაყოფილებულად არ ითვლება და დარჩენილი დავალიანების გადახდის შესახებ მოპასუხეების პასუხისმგებლობა ძალაშია.
განსახილველ შემთხვევაში სადაოა ის თუ კრედიტორმა როგორ მიმართა დაგირავებული ნივთის რეალიზაციით მიღებული თანხა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კერძოდ, მიღებული თანხით კრედიტორმა შეამცირა მოპასუხის ვალდებულება შემდეგი რიგითობით: სრულად გადახდილად ჩათვალა დარიცხული პირგასამტეხლო. ნაწილობრივ შეამცირა სარგებლის დავალიანება. სესხის ძირითადი თანხა არ შემცირებულა.
სესხის ხელშეკრულების 6,4 მუხლის მიხედვით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე, იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში. ხელშეკრულების 6,12 პუნქტის მიხედვით, მოგირავნის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე უფლების გამოყენების შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე მეტი, მოგირავნე ვალდებულია, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ზემოთ არსებული თანხა გადასცეს მესაკუთრეს გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მე-13 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე მეტი, გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება აღნიშნული ნამეტი თანხით უზრუნველყოს მსესხებლის ან/და მასთან დაკავშირებული პირების გამსესხებლის წინაშე არსებული სხვა სასესხო ვალდებულების შემცირება-გადახდა, რაზეც მსესხებელი/მესაკუთრე ხელშეკრულებაში ხელმოწერით აცხადებს თანხმობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები.
ამ ნორმით გათვალისწინებული წესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულების რიგითობისათვის კანონით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან განსხვავებული წესის დადგენა. მხარეთა უფლება, შეთანხმდნენ ვალდებულებათა შესრულების რიგითობაზე, ვრცელდება მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. აღნიშნული წარმოების დაწყების შემდეგ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის შეცვლა დაუშვებელია.
ხელშეკრულების 8,8 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას სესხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს, ჯარიმის და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამსესხებლის იურიდიული მომსახურების, სანოტარო ხარჯები და სასამართლო ბაჟი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ სესხი და სხვა გადასახდელები. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს გამსესხებლის შეხედულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე აწესრიგებს კრედიტორის მიერ მოთხოვნის იძულებითი დაკმაყოფილების მიზნით მოქმედებების დაწყების შემდეგ გადახდილი თანხის დავალიანების გადასახდევინებლად მიმართვის პრინციპს, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება სასამართლო ხარჯების დაფარვას, ხოლო შემდეგ გადახდევინება წარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით - ძირითადი თანხა და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით გათვალისწინებულ სასამართლო ხარჯებში იგულისხმება როგორც საპროცესო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და სხვა საპროცესო ხარჯები), ასევე აღსრულების ხარჯები. სასამართლო ხარჯები და სააღსრულებო ხარჯი კრედიტორის საჯარო-სამართლებრივი ვალდებულების შედეგად გაღებული ხარჯია, რომელიც წარმოშობილია მოვალის მიერ კერძო-სამართლებრივი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ამდენად, ამ ვალდებულების შესრულების მიზნებს ემსახურება. მისი უპირატესად დაფარვის არსებითი საფუძველია ის ფაქტი, რომ მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილებისათვის ამ ხარჯების გაღება კრედიტორის კანონით დაკისრებული ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების გარეშე იგი მოთხოვნას იძულებით ვერ დაიკმაყოფილებს (გამონაკლისია სახელმწიფო ბაჟის და აღსრულების საფასურისგან გათავისუფლების შემთხვევები). სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების ხარჯს წარმოადგენს დაგირავებული ავტომობილის შეფასებისათვის გაწეული ხარჯიც, რადგან მისი მიზანია კრედიტორმა მოახდინოს დაგირავებული ნივთის რეალიზაცია, მიუხედავად იმისა თუ ხელშეკრულების 6,2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების რომელ წესს აირჩევს კრედიტორი. დაგირავებული ნივთის ამა თუ იმ წესით რეალიზაცია ნიშნავს იმას, რომ მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას და კრედიტორმა უნდა გასწიოს ხარჯები და ძალისხმევა მოთხოვნის იძულებით დასაკმაყოფილებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების 8,8 პუნქტით გათვალისწინებული ვალის დაფარვის წესი ეწინააღმდეგება 388-ე მუხლს, რომლის მიხედვით იძულებითი აღსრულების შემდეგ ვადის დაფარვის რიგითობა არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით. ამდენად, 388-ე მუხლით დადგენილი წესი გამოყენება მოთხოვნის იძულებით შესრულების შედეგად გადახდევინებული თანხებიდან ვალის დაფარვის შემთხვევაში. 388-ე მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როცა მოვალე ნებაყოფლობით ასრულებს ვალდებულებას, თუმცა არაჯეროვნად, სრულად არ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას - სესხის ძირითად თანხას, სარგებელს და ვადის გადაცილების გამო დარიცხულ სარგებელს. ეს ნორმა აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როცა კრედიტორი მიმართავს იძულებით ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში იგი გასწევს დაგირავებული ნივთის იძულებით ჩამორთმევის ხარჯებს, იხდის სააღსრულებო საფასურს, სახელმწიფო ბაჟს, ქონების შეფასების ხარჯებს, გირავნობის მოწმობის საფასურს.
ამ შემთხვევაში მოვალემ 3300 ლარი არანებაყოფლობით გადაიხადა, კრედიტორმა ავტომობილი დაიბრუნა მისი იძულებით რეალიზაციის მიზნით, რის გამოც ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობის საკითხი უნდა მოწესრიგდეს 388-ე მუხლით.
მოსარჩელემ ამ წესის დარღვევით გადახდილად ჩათვალა თავდაპირველად პირგასამტეხლო, შემდეგ პროცენტი და ბოლოს ძირითადი თანხა. ამასთან, არ დაიცვა ხელშეკრულების ის დებულება, რომლის მიხედვით, დაგირავებული ავტომობილის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში სესხს არ ერიცხება პირგასამტეხლო. ხელშეკრულების 6.6 პუქნტთი მხარეები შეთანხმდნენ ვალის ნაწილობრივ პატიების პირობაზე. კერძოდ, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს პატიებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ავტომობილს ნებაყოფლობით გადასცემს კრედიტორს მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის მიხედვით, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. ამავე კოდექსის 450-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალის პატიება ძირითადი მოვალისათვის ათავისუფლებს თავდებ პირებსაც. ვალის პატიება ვალდებულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია, ხოლო ვალის პატიება შეიძლება ვალდებულებას სრულად შეეხებოდეს ან ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია ვალდებულების დარღვევის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლოს პატიება, თუკი დაგირავებული ნივთი იძულებით აღსრულების ღონისძიებების გარეშე გადაეცემა კრედიტორს. ამდენად, ამ შემთხვევაში ძირითადი მოვალის და თავდების მიმართ ვრცელდება პირგასამტეხლოს პატიების შესახებ შეთანხმება.
მოსარჩელის განმარტებით 2018 წლის 21 მაისისათვის (ავტომობილის რეალიზაციის დრო) გადასახდელი იყო ძირითადი თანხა 4705 ლარი, სარგებელი 2783,97 ლარი, ქონების შეფასების საფასური 100 ლარი. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დავალიანება მოპასუხეებს არ გააჩნდათ, რადგან მსესხებელმა ავტომობილი ნებაყოფლობით დააბრუნა და სესხის ხელშეკრულების 6,6 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო სესხს არ ერიცხება. ამდენად, რეალიზაციით მიღებული თანხიდან არასწორად „გაიქვითა“ პირგასამტეხლო 724 ლარი.
ავტომობილის რეალიზაციიდან მიღებული თანხით გადახდილად უნდა ჩაითვალოს სესხის დავალიანება შემდეგი თანმიმდევრობით - ავტომობილის შეფასების საფასური 100 ლარი, შემდეგ ძირითადი თანხა და შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დავალიანება. 2018 წლის 21 მაისისათვის შეფასების საფასურის და ძირითადი თანხის დავალიანება იყო 4805 ლარი, რასაც უნდა გამოაკლდეს 3300 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხაა 1505 ლარი. ავტომობილის რეალიზაციის დროისათვის გადასახდელი სარგებელი იყო 2783,97 ლარი. შესაბამისად, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ გადასახდელი დავალიანებაა 4288,97 ლარი.
სესხის ხელშეკრულების 3,5 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს რომელიმე საკრედიტო შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის თითოეული ნაწილის დაბრუნების ვალდებულება, აგრეთვე გამსესხებლის სასარგებლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოსა ან/და სხვა ნებისმიერი გადასახდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა. ამასთანავე, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის თითოეული ნაწილის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.
გამსესხებელი მოითხოვს ავტომობილის რეალიზაციიდან სარჩელის აღძვრამდე გასული ერთი თვის განმავლობაში სარგებლის - რეალიზაციის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის დავალიანების 5%-ის დაკისრებას. ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის დავალიანებაა 1505 ლარი, პროცენტი ამ თანხიდან უნდა განისაზღვროს, რაც შეადგენს 75,25 ლარს.
ამდენად, შესასრულებელი სასესხო ვალდებულებაა 4364,22 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ს----- ე-–-----ს მსესხებელთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს თანხის გადახდა, რადგან ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მსესხებელს და სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეებს სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებიათ, რის გამოც მათ უნდა დაეკისროთ სესხის გადაუხდელი ნაწილის დაბრუნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
მოსარჩელის მოთხოვნაა 5248,22 ლარის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს დაეკისრა 4364,22 ლარი, რაც არის მოთხოვნის 80%. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 157,44 ლარი, რომლის 80% არის 125,95 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს "ე--------------- +"-ის სარჩელი;
1.1. ე-–---- გ---------სა და ს----- ე-–-----ს დაეკისროთ შპს "ე--------------- +"-ისათვის 4288,97 ლარის სოლიდარულად გადახდა;
2. ე-–---- გ---------სა და ს----- ე-–-----ს დაეკისროთ შპს „ე--------------- +“-ისათვის სახელმწიფო ბაჟის 125,95 ლარის სოლიდარულად გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი