გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
330210018002319588
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5651-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაკა ჭედია

სხდომის მდივანი - კახა კომლაძე

 

მოსარჩელე სს "თ-----------"

წარმომადგენელი ნი-------------

 

მოპასუხე ავ--------–--------–---

წარმომადგენელი ბე--------------–---–-

 

დავის საგანი საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნაა:

 

მოპასუხე ავ--------–--------–---ს მოსარჩელე სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისროს:

 

1.1. 2017 წლის 18 იანვრის საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5873.88 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4600.66 ლარი, პროცენტი - 558.34 ლარი და ჯარიმა - 714.88 ლარი.

1.2. 2018 წლის 31 იანვრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4600.66 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 70.92 ლარს.

2017 წლის 18 იანვარს სს „თ-----------ს“ მიერ ავ--------–---------–---ზე გაიცა კრედიტი 5 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 18.5%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 05 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის - 5 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი, ამას დამატებული - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურების მიზნებისათვის წარმოდგენილია გადახდების ისტორია და ბანკის მიერ გაცემული სპეციალური ცნობა.

 

2017 წლის 18 იანვარს ა---------–--------–-ძის მიერ მოხდა საკრედიტო ლიმიტის ათვისება 5 000 ლარის ოდენობით. ა---------–--------–-ძის მიერ ნაწილობრივ ხდებოდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

ავ--------–--------–---მ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2017 წლის 30 ივნისის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ განუხორციელებია გადახდა. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

მოსარჩელემ სასამართლოსთვის სარჩელის მიმართვით შეწყვიტა ხელშეკრულება. მოპასუხეს აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში გადახდილი აქვს 1022.06 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირითადი თანხა - 399.34 ლარი, პროცენტი - 348.27 ლარი და ჯარიმა - 274.45 ლარი.

 

2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ავ--------–--------–---ს 2017 წლის 18 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5873.88 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4600.66 ლარი, პროცენტი - 558.34 ლარი და ჯარიმა -714.88 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ძირითადი მოთხოვნის ნაწილში და არ დაეთანხმა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობას და განმარტა, რომ მხარეებს შორის ზეპირი საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო.

 

2.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 18 იანვარს სს „თ-----------ს“ მიერ ავ--------–---------–---ზე გაცემული კრედიტი 5 000 ლარის ოდენობით, მსესხებელმა აითვისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 38).

 

3.1.2. ავ--------–--------–---ს კრედიტი არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- 03.11.2017 გაფრთხილების წერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „თ------------“ და ავ--------–--------–---ს შორის არ არსებობს წერილობითი შეთანხმება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 328-ე მუხლით თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418.2 მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ხელშეკრულებაში შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, რაც ნიშნავს, მატერიალურ დოკუმენტზე ორივე მხარის მიერ ხელმოწერის არსებობას.

 

ვინაიდან, მხარეთა შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადება მოხდა ზეპირად და აღნიშნული ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, შეთანხმება პირგასამტეხლოზე მიჩნეულ უნდა იქნეს კანონით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418.2 მუხლით დადგენილი ფორმის დაუცველად დადებულ შეთანხმებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418.2 მუხლით პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმების წერილობით ფორმის დაცვის სავალდებულობა გამოწვეულია იმ გარემოებიდან, რომ ვალდებულების დამრღვევი მხარე დაცულ იქნეს არაკეთილსინდისიერი კრედიტორისაგან, ხოლო კეთილსინდისიერი კრედიტორი არაკეთილსინდისიერი მოვალისაგან, ვინაიდან პირგასამტეხლოს ზეპირი ფორმით შეთანხმების შემთხვევაში ყოველთვის სადაო და ძნელად დასადასტურებელი იქნებოდა შეთანხმება პირგასამტეხლოზე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მისი გადახდის და დაკისრების ვადების ათვლაზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე, რის გამოც კანონმდებლის მიერ გამოხატული ნებით შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობითი ფორმის დაცვას.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სს „თ------------“ და ავ--------–--------–---ს შორის შეთანხმებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18.5%.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო მომსახურების უმნიშვნელოვანეს სახეს წარმოადგენს საბანკო კრედიტის გაცემა. კომერციული ბანკებისათვის შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს კრედიტებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული სარგებელი. საბანკო კრედიტი წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების სპეციალურ სახელზე, რომლის მხარეები არიან ერთი მხრივ სპეციალური სუბიექტი -ბანკი და მეორე მხრივ მსესხებელი, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი.

სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელი ანიჭებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მხარეებს უფლებას‚ თვითონ განსაზღვრონ საპროცენტო განაკვეთის სახე, რომელიც შეიძლება იყოს მყარი ან ცვალებადი. კრედიტი ყოველთვის სასყიდლიანია. პროცენტის განსაზღვრა კრედიტის გამცემის პრეროგატივაა, ამიტომ მან უნდა განსაზღვროს პროცენტი სამართლიანობის პრინციპის დაცვით.

მსესხებელი ბანკის მიერ გაცემული კრედიტის ათვისებით, დაეთანხმა სესხისათვის გათვალისწინებული წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობას, რაც გათვალისწინებული იყო ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ------------- განთავსებულ ინფორმაციაში და რაც მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის გაცემის დროისათვის შეადგენდა წლიურ 18.5%-ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.1 მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულების არსებობის პრეზუმფციის ნორმა შეიცავს ისეთ დებულებას, რომლის მიხედვითაც, შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმციას ქმნის. თუ არ არსებობს ვალდებულება, არც შესრულებას ექნება ადგილი. მოპასუხე ავ--------–--------–--- ასრულებდა მისთვის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდულად შესასრულებელ საპროცენტო ვალდებულებასაც.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, ის გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება წლიური საპროცენტო განაკვეთის 18.5%-ის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს ''თ-----------ს'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 361-ე, 868-ე, 411-ე, 412-ე, 68-ე, 59-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს "თ------------” და ავ--------–--------–---ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ზეპირი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკის მიერ გაცემული კრედიტის თანხა აითვისა მსესხებელმა, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა მასზე დარიცხულ წლიურ პროცენტთან ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული ძირითადი მოთხოვნის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის 4600.66 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ან ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტით დადგენილია გარემოება იმის თაობაზე, რომ სს „თ------------“ და ავ--------–--------–---ს შორის გაფორმებული 2017 წლის 18 იანვრის ზეპირი ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18.5%.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დარიცხული პროცენტის ოდენობა გონივრული და თანაზომიერია სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრებას. დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებლის სახით დადგენილია წლიური 18.5%.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო.

 

სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულებამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით. ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი, რაც შეიძლება მიეღო სს ”თ-----------” საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ წლიური საპროცენტო სარგებელი 18.5% არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო სს ”თ------------” ვერ მიიღო სარგებელი, რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 18.5%-ით. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად სარგებლის გადახდა.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ 2017 წლის 18 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმებას - სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 418.2 მუხლით შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოებების 3.2.1 პუნქტით დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოზე არ მომხდარა კანონით დადგენილი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლით გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

 

ამავე კოდექსის 69-ე მუხლის 1-3 ნაწილებით: 1. გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. 2. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. 3. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59.1 მუხლით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, წერილობითი ფორმის დაუცველად დადებული შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ უცილოდ ბათილია. შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას პირგასამტელოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. შესაბამისად, მოპასუხე ავ--------–--------–---ს მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 93.34 ლარის გადახდა.

 

იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა 308.48 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 207.01 ლარის ოდენობით.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „თ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ავ--------–--------–---ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 18 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 4600.66 ლარისა და პროცენტის 558.34 ლარის გადახდა.

 

1.1. 2018 წლის 31 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე, ძირ თანხაზე 4600.66 ლარზე წლიური 18.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 70.92 ლარს.

 

1.2. სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 714.88 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ავ--------–--------–---ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 93.34 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 308.48 ლარის გადახდა იურიდიული ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „თ-----------“ 2018 წლის 19 თებერვლის N-- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 321.81 ლარიდან 207.01 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია