გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.11.2018
საქმის ნომერი
150310018002594122
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 150310018002594122

3/33-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

შესავალი ნაწილი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - არარატ ესოიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მაგდა ბერიძე

 

მოპასუხე - რ-----------------ნი (პ/ნ 0----------)

 

დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რ-----------------ნს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა ჯამში 1044.85 (ათას ორმოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც საიჯარო ქირის თანხაა 822.24 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 222.61 ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე რ-----------------ნს წერილობით შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოსა და რ-----------------ნს შორის 2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რ-----------------ნს სარგებლობაში გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 63.12.33.0--). ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი სარგებლობის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 15 წელი და ითვალისწინებდა 63.12.33.0-- ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის 1830 ლარის ყოველი წლის 31 დეკემბრამდე გადახდის ვალდებულებას, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 სექტემბერის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ.13-20);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-26).

 

3.2. მოპასუხე რ-----------------ნის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს წერილი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. შედეგად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს 2018 წლის 05 მარტის N1/2-65 ბრძანებით შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრსა და რ-----------------ნს შორის 2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. შესაბამისად, გაუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოპასუხის სარგებლობის უფლება დასახელებულ მიწის ნაკვეთზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მითითებული N1/2-65 ბრძანება (ს.ფ. 63-64).;

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს წერილი წერილები (ს.ფ. 32, 35, 50, 53, 55, 67);

- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.61, 62);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.3. იჯარის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული იქნა მოიჯარის ვალდებულება გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარედგინა ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად.

ამავე ხელშეკრულების 3.1.6 მუხლით მოიჯარე ვალდებული იყო 3.1.1. მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, უზრუნველეყო 3.1. მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა მეიჯარისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენა.

მოპასუხეს ეკისრება აღნიშნული იჯარის ხელშეკრულების 3.1.6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ამავე ხელშეკრულების 6.5 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით.

მოპასუხის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირისა და მისი გადაუხდელობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენს:

2017 წლის 22 სექტემბრიდან 2018 წლის 5 მარტამდე გადასახდელი საიჯარო ქირა შადგენს 822.24 ლარს (ერთი წლის საიჯარო ქირა მოსარჩელის მიერ გადახდილია, წარმოდგენილია საფინანსო სამსახურის წერილი).

2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 05 მარტამდე გადასახდელი პირგასამტეხლო (საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო) შეადგენს 122.61 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს ეკისრება საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შემდეგი ოდენობით: საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება - 822.24 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება - 222,61 ლარის ოდენობით (122.61+100), სულ 1044,85 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 სექტემბერის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ.13-20);

- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.61, 62);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეებს, აკეთებს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (მუხლი 2), ასევე განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხებს პირველი ინსტანციის სასამართლოში (თავი VIII). ამ კოდექსის პირველი მუხლი ადგენს კოდექსის მოქმედების სფეროს და ამბობს, რომ ,,ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი''. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი კი აკეთებს ჩამონათვალს იმ საქმეებისა, რაც შეიძლება იყოს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, კერძოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ხოლო მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რაც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური მიზნის განსახორციელებლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს სარჩელის სხვადასხვა ფორმები და საპროცესო მოქმედებები. იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ამ პირთა ქმედითი სამართლებრივი დაცვა, შეიქმნა სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა ფორმები, როგორც ადეკვატური პროცესუალური საშუალებები, რა ფორმის სარჩელი უნდა იქნეს აღძრული დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნისათვის იღწვის მოსარჩელე. პირმა, რომელიც საჭიროებს სამართლებრივ დაცვას, პირველ რიგში თვითონ უნდა შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ამავდროულად ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია გაუწიოს ამ პირს სათანადო მხარდაჭერა, ამასთან, დავის საგნის განსაზღვრა მთლიანად მოსარჩელის კომპეტენციაა, იგი განსაზღვრავს სარჩელის შინაარს და მოცულობას. სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში. სარჩელის წარდგენის უფლების არსებობის შესახებ მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი პირის მიერ შემოტანილი სარჩელები, ანუ ხელი შეეშალოს იმას, რომ ნებისმიერ პირს ვისი უშუალო კანონიერი ინტერესიც არ შელახულა არ შეეძლოს სარჩელის აღძვრა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ, ან მის მიღებაზე უარის თქმის ან ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის შემთხვევაში.

კომპეტენციის გამიჯვნის პოზიტიური ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით სზაკ-ის 2.1 მუხლი იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. ამასთანავე, კომპეტენციის განსაზღვრის ზოგადი ნიშნის გამოყენებით (ენუმერაციის მეთოდი) კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის. ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას.

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს-1394-1377(კ-11) განჩინება).

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში (იჯარით) გადაცემა, მისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი, ასევე აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების (ვალდებულებების/პასუხისმგებლობის) აღსრულება ხორციელდება/განპირობებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანით.

შესაბამისად, მოცემული დავა განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამასთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლოსამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში (იჯარით) გადაცემა ასევე რეგულირდება სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა (მაგალითად, 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შესრულება. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ვალდებულება არ წყდება და როგორც წესი, შედეგად იწვევს ვალდებულების დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. თუ როგორი შესრულებაა ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულებით განისაზღვრება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და რ-----------------ნს შორის გაფორმებული იჯარის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, თუმცა დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ვალდებულება არ იქნა შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავისთავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, კერძოდ, ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განაკვეთს, ამ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს - ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, ასევე საჯარო ინტერესს.

ამდენად დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვათ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვალდებულება, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებულია იყო გადაეხადა იჯარის თანხა 822.24 ლარის ოდენობით, რაც მის მიერ არის გადახდილი, ასევე ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაკისრებული პირგასამტეხლო 222.61 ლარის ოდენობით, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა (იხ. 3.1.2. და 3.1.3.), რის გამოც სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს, ამასთან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო, შესაბამისად მოპასუხე რ-----------------ნს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 251-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. რ-----------------ნს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 1044 ლარისა და 85 თეთრის გადახდა (საიდანაც: 822 ლარი და 24 თეთრი საიჯარო ქირის თანხაა, ხოლო 226 ლარი და 61 თეთრი პირგასამტეხლო);

1.2. მოპასუხე რ-----------------ნს დაევალოს დაკისრებული თანხა გადაიხადოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 03 (სამი) თვის ვადაში;

2. მოპასუხე რ-----------------ნს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 ლარის ოდენობით (სახელმწიფო ხაზინა 220101222, ანგარიშის #200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300603150);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალქალაქი მ. მაშტოცის ქ. №110) მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: არარატ ესოიან