განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
030100118002616953
დავის ტიპი
260 6 ა , 260 3 დ , 262 4 ა , 262 3 გ
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№030100118002616953

№1/234-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

19 ნოემბერი 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივნები:

ალექსანდრე ჩაჩიბაია, ვიქტორ ბერუჩაშვილი, ლევან ქირია, ირაკლი შენგელია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ---- გ--------.

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ----- ს---------,ბრალდებული: ე----- კ----------,მამის სახელი: ფ---------,დაბადებული: 0-.1-.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: მქონე,მცხოვრები: ქ. ფოთში, ნ-----ს ქ. №1-ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ე----- კ----------მ 2018 წლის 08 აგვისტოს უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,22142 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 28 აბი და ნატეხები და უკანონოდ შეინახა შარვლის ჯიბეში.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ე----- კ----------მ 2018 წლის 08 აგვისტოს მის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში მდებარე ხ-----ს დასახლებაში უკანონოდ შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,22142 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 28 აბი და ნატეხები უკანონოდ შემოიტანა საქართველოში სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, სადაც იგი ამოღებულ იქნა 2018 წლის 08 აგვისტოს ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

2.2. საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

დაცვის მხარე წინასასამართლო სხდომაზე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.

ბრალდებულმა ე----- კ----------მ საქმის არსებითი განხილვის საწყის ეტაპზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ნარკოტიკები ჩაუდეს და დანაშაული აღიარა იმის გამო, რომ სთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმებას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, მაგრამ ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.

განსახილველ შემთხვევაში, რაიმე სახის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს ჩაუდეს ნარკოტიკები, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, ამავე დროს წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, შესაბამისად სასამართლო შეიზღუდა გადაამოწმოს ბრალდებულის მიერ მოწოდებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია, საქმის მასალებით მიხედვით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება, ხოლო ბრალდების მხარის წარმოდგენილ მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

აქედან გამომდინარე სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბრალდებულის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს და თვლის, რომ აღნიშნული პოზიცია მისი მხრიდან პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მცდელობაა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს. ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს, ანუ უკანონო ქმედებებს და შესაბამისად - დანაშაულს, რისთვისაც პასუხისმგებლობა დაწესებულია 260-ე მუხლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ნივთიერების უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით, შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება, ხოლო ”ჯ” პუნქტის თანახმად: ”სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა გულისხმობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანას ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანას;

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” 0.12 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

ამრიგად წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული ე----- კ----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ შეადგენს 0.22142 გრამს, განსაკუთრებით დიდი ოდენობას.

ის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ე----- კ----------მ 2018 წლის 08 აგვისტოს უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,22142 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 28 აბი და ნატეხები და უკანონოდ შეინახა შარვლის ჯიბეში, ასევე ე----- კ----------მ 2018 წლის 08 აგვისტოს მის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში მდებარე ხ-----ს დასახლებაში უკანონოდ შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,22142 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 28 აბი და ნატეხები უკანონოდ შემოიტანა საქართველოში სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, სადაც იგი ამოღებულ იქნა 2018 წლის 08 აგვისტოს ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას, ბრალდებულის საბოლოო სიტყვის წარმოთქმამდე, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენდა. მოცემული ფაქტი, აღნიშნულ მომენტამდე, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად.

აქედან გამომდინარე, განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ე----- კ----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: უ--- ძ------ს, შ--–-- ზ---------სა და ზ----- გ---–--ას გამოკითხვის ოქმებით, ე----- კ----------ს პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინით“ და ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 09 აგვისტოს №ქ/480 დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განაჩენით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ე----- კ----------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაში და შენახვაში, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანაში, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

რაც შეეხება ბრალდებულ ე----- კ----------ს ქმედების მუხლობრივ კვალიფიკაციას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი თავისთავად მოიცავს ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენას, ამიტომ ქმედების მუხლობრივი კვალიფიკაციისას საჭირო არ არის სხვა რომელიმე ნაწილით კვალიფიკაციის განსაზღვრა, შესაბამისად ე----- კ----------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის მუხლობრივი კვალიფიკაცია უნდა განისაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე----- კ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

ე----- კ----------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას და აღნიშნავს, რომ იგი ადრე მსჯავრდებულია ნარკოტიკული და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, ნასამართლობის მქონეა, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - თავისუფლების აღკვეთას თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო შეზღუდულია გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო ნაკლებად მკაცრი სასჯელის სხვა სახე ან დანიშნოს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმზე ნაკლები სასჯელი. სწორედ ამიტომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე----- კ----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, შერაცხული მუხლების სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტულ ზომას, სასამართლო განმარტავს, რომ ე----- კ---------- მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა'' ქვეპუნქტით და ნასამართლობის მქონეა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

მოცემულ შემთხვევაში ე----- კ----------ს ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც დანაშაულის რეციდივი და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის მიხედვით დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5. ნივთმტკიცების საკითხი:

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ე----- კ----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 0,22142 გრამი ბუპრენორფინი, რომელიც გადაგზავნილია შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს;

ე----- კ----------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „სამსუნგის“ და „ნოკიას“ ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონის აპარატი, საფულე, ათლარიანი კუპიურა და სამი ცალი საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს ე----- კ----------ს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე----- კ----------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის მუხლობრივი კვალიფიკაცია განისაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

2. ე----- კ---------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე----- კ----------ს საბოლოო მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

ე----- კ----------ს დანიშნული სასჯელის მოხდა ჩაეთვალოს და დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 8 აგვისტოს 19:40 საათიდან.

4. მსჯავრდებულ ე----- კ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

5. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ე----- კ----------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

საადვოკატო საქმიანობის უფლება;

პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

პასიური საარჩევნო უფლება;

იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარები უფლება.

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ე----- კ----------ს 10 წლის ვადით ჩამოერთვას:

საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

6. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას..

7. მსჯავრდებულ ე----- კ----------ს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

8. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ე----- კ----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 0,22142 გრამი ბუპრენორფინი, რომელიც გადაგზავნილია შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს;

ე----- კ----------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „სამსუნგის“ და „ნოკიას“ ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონის აპარატი, საფულე, ათლარიანი კუპიურა და სამი ცალი საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს ე----- კ----------ს.

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე