გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.10.2018
საქმის ნომერი
330310018002492345
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/3601-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - სს „თ--–---“

წარმომადგენელი - ზ------------

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ--------–--ე

 

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - ი----------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილების #2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან საფარზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი), სს „თ--–---ს“ 2017 წლის 15 ივნისის N1--------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ--–---“ წერილობითი მოთხოვნა და გაიცა თანხმობა ქ.თბილისში, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებისათვის. #1 დანართში მონიშნული სავარაუდო მონაკვეთზე, #2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, #3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აღნიშნული დანართის მე-11 პუნქტის თანახმად, ს-------–---–---------------------- #0-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტურის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი, ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილება და შესაბამისად №2 დანართი მიღებულია სააგენტოს მიერ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის (ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები) პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში (სხვა შესაბამისი პირობებით), ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

 

მითითებული ნორმებიდან ცხადია, რომ კანონის თანახმად, გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ტროტუარი აღდგენილი უნდა იქნას თხრილის ფარგლებში, ხოლო იმისათვის, რომ პირს დაეკისროს კანონით განსაზღვრულზე განსხვავებული სამუშაოს შესრულების პირობა (ტროტუარის მთლიან ფართზე მოეწყოს ახალი ასფალტის საფარი), კანონის თანახმად, დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწესების აუცილებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით ადგილი არ ჰქონია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირობა კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობით, გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რასაც გასწევდა კომპანია იმ შემთხვევაში თუკი ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ტროტუარი აღდგებოდა თხრილის ფარგლებში.

 

2017 წლის 15 ივნისს, მოსარჩელე მხარის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართა 2017 წლის 27 ივნისს, თუმცა ზემოდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი მოითხოვა სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ს--------–----- #Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.

 

3.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–---ს” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისი, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, აქტი ძალაში შედის მისი გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. (ელექტრონული ფორმით გაცემული აქტის გაცნობისთვის დაინტერესებულ მხარეს განესაზღვრება ვადა სააგენტოს მიერ აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული პირი აქტს არ გაეცნობა, აქტი ითვლება ძალადაკარგულად).

 

ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე განივი კვეთისას ასფალტის საფარი აღდგეს სამუშაოს დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ხოლო სხვა საფარი - 20 (ოცი) დღის ვადაში 2017 წლის 27 მარტიდან 16 აპრილამდე.

 

ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ქ. თბილისი, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარედ, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 26-30).

 

3.3. 2017 წლის 15 ივნისს, მოსარჩელე მხარის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ზეპირი მოსმენა გაიმართა 2017 წლის 27 ივნისს, თუმცა ზემოდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჩივარი (ს.ფ. #33-42)

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 ივნისის N1------------ შეტყობინება (ს.ფ. 44)

 

3.4. გლდანის რაიონი, ა----–-----------–--–---–-----–------–- ზ.თ.ზ-ს“ #312 ხარჯთაღრიცხვის აქტის თანახმად, ქ. თბილისი, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარედ, ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3167,82 ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტტეის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით, ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 10102,84 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გლდანის რაიონი, ა----–-----------–--–---–-----–------–- ზ.თ.ზ-ს“ #312 ხარჯთაღრიცხვის აქტი (ს.ფ. #45-46).

 

3.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყლამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის #1----------- წერილის თანახმად, კომუნალური ქსელი პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში კვეთს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ნაკვეთს ან/და გზას, რის გამოც შეუძლებელი ხდება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთი სარკმლის პრინციპის დაცვა, რის გამოც იზრდება სამუშაოს შესრულების ვადები და ხარჯები, ასევე ფერხდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და მათის განხორციელება. კომუნალური ქსელების მშენებლობის ადმინისტრაცულ ორგანოებთან შეთანხმება პირდაპირ არის დაკავშირებული ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით და სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილური მომარაგებისა და ახალი შესბამის ქსელზე დროულ მიერთებასთან. ამასთან, ქსელზე მიერთების საკითხები იმყოფება საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგადად საქართველოს სახელმწიფო სტაბიურობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის ჩამოყალიბებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყლამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის #1----------- წერილი (ს.ფ. #57-58)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სს „თ--–---ს“ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქონების მართვის სააგენტოს წესდება(დებულება)’’, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ,სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი), სს „თ--–---ს“ 2017 წლის 15 ივნისის N1--------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულება)’’ 2.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა; ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

6.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა)კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის(ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვასახის თანხმობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით გასაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით. თუმცა ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს--------–------ #Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისში, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ--–---ს“ წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, აქტი ძალაში შედის მისი გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. (ელექტრონული ფორმით გაცემული აქტის გაცნობისთვის დაინტერესებულ მხარეს განესაზღვრება ვადა სააგენტოს მიერ აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული პირი აქტს არ გაეცნობა, აქტი ითვლება ძალადაკარგულად).

 

ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი აღდგენა განისაზღვრა სამუშაოს დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში 2017 წლის 14 ივნისიდან 19 ივნისამდე.

 

ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე განივი კვეთისას ასფალტის საფარი აღდგეს სამუშაოს დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ხოლო სხვა საფარი - 20 (ოცი) დღის ვადაში 2017 წლის 27 მარტიდან 16 აპრილამდე.

 

ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ქ. თბილისი, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარედ, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ. თბილისი, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გადათხრითი სამუშაოების წარმოების მიზნით, თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა განხილული და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ,- როგორც აღინიშნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,თ--–---’’) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებისათვის (სს ,,თ--–---’’) კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ ასეთ შემთხვევში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია, - შესაბამისობაში არ არის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის (სს,,თ--–---’’) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი დ უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მიერ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით (ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა) გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რაც მათ მიერ გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ელექტრომამარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი.

 

სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნდა უფლებამოსილება ქ. თბილისი, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორიცლებაზე 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირობით სს ,,თ--–---’’-სათვის მიეცა შესაბამისი თანხმობა, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ამ კუთხით არ არის დასაბუთებული. კერძოდ,- როგორც აღინიშნა იგი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს „თ--–---“) კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), არ არის მსჯელობა იმაზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ თხრილის ფარგლებში ტროტუარის აღდგენა გამოიწვევს ახალი ასფალტის დაზიანებას, რაც ზიანის მომტანი იქნება როგორ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ასევე მოსახლეობისთვის და მიუთითებს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-2 მუხლზე, რომლის პირველ პუნტში მითითებულია, რომ ამ წესის შესაბამისად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. ამ წესის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ან ამ წესით გათვალისიწნებული სამუშაოების დასრულებიდან ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანილი ტერიტორიის 1 წლის ვადაში დაზიანება ან/და ჩავარდნა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექისის 1523 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

ამდენად, ცალსახაა, რომ მითითებული დადგენილება დასაშვებად მიიჩნევს, ტროტუარის ასფალტის საფარის აღდგენას მხოლოდ ამოღებული თხრილის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისიწნებს განმცხადებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან თუ თხრილის ამოღება და მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ყველა შემთხვევაში ზიანს მიაყენებს ასფალტის საფარს, მაშინ გაუგებარია რატომ შეიცავს მითითებული დადგენილება მხოლოდ ტროტუარის თხრილის ფარგლებში მოწყობის შესაძლებლობას (მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მხოლოდ ზოგადი აპელირება ასფალტის საფარის დაზიანების თაობაზე, საფუძვლად ვერ დაედება სადავო აქტის მე-11 პუნქტის ჩანაწერის კანონიერებას.

 

6.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ხოლო მე-7 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა)მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ. თბილისი, ს-------–---–---------------------- #0-------ის მიმდებარე ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის მოწყობა,- როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღნიშნულ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სს „თ--–---ს“ „თ--–---ს“ 2017 წლის 15 ივნისის N1--------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, (ე.წ. ვირტუალური უარი). მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 15 ივნისს, მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც ზეპირი მოსმენა გაიმართა 2017 წლის 27 ივნისს, თუმცა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილების #2 დანართის მე-11 პუნქტი, გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება (სს „თ--–---ს“ 2017 წლის 15 ივნისის N1--------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ვირტუალური უარის კანონშეუსაბამობაც ამ ნაწილში სახეზეა, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოსარჩელე სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,თ--–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან საფარზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება, სს „თ--–---ს“ 2017 წლის 15 ივნისის N1--------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოსარჩელე - სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლ. გოგიშვილი