გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
190210017002081059
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2061-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.10.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ს--- თ-------------ა

წარმომადგენელი გვანცა საკანელაშვილი

მოპასუხე ს------ ბ-----ი

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს------ ბ-----ისათვის არასრულწლოვანი შვილების ვ--------- ბ-----ის დაბადებული 2002 წლის 5 აგვისტოს, მ-----– ბ-----ის დაბადებული 2006 წლის 16 თებერვალს, რ----- ბ-----ის დაბადებული 2004 წლის 23 მაისს, ნ-----–---- ბ-----ის დაბადებული 2011 წლის 2 სექტემბერს, კ------------- ბ-----ის დაბადებული 2013 წლის 15 ივლისს, სარჩენად ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად თითოეული შვილისათვის 150 ლარის ოდენობით.

(09.10.2018წ და 24.10.2018წ სხდომის ოქმები)

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მხარეებს ჰყავთ 5 არასრულწლოვანი შვილი. მშობლები 2014 წლიდან განქორწინებული არიან და ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან ქალაქ რუსთავში. შემდგომ მხარეები შერიგდნენ და ერთად ცხოვრონდნენ 2017 წლის იანვრამდე. მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტები, რის გამოც დაშორდა მოპასუხეს და შვილებთან ერთად ცხოვრობს ქალაქ რუსთავში. მოპასუხე მაინც მოდის მის საცხოვრებელ ადგილზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მასზე. მეუღლის სახლიდან წამოსვლის შემდეგ მოპასუხე არანაირად არ ზრუნავს შვილებზე. მოსარჩელეს მშობლებთან ერთად მარტოს უწევს ბავშვებზე ზრუნვა. მოპასუხე მუშაობს ტაქსების კომპანიაში, ერთობლივი ცხოვრების დროს მისი შემოსავალი დღეში 100 ლარი იყო, რის გამო მას შესწევს უნარი შვილების სარჩენად გადაიხადოს თითოეულისათვის 250 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა ალიმენტის თითეოული შვილისათვის 50 ლარის, საერთო ჯამში 250 ლარის გადახდაზე. მოპასუხის განმარტებით, მას არა აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ყოველთვიურად 250-250 ლარი გადაიხადოს ალიმენტის სახით. მისი შემოსავლის წყაროა თუმცა აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რაც პერიოდულად რთულდება და ამ დროს მუშაობას ვერ ახერხებს. ამასთან, ბავშვები მას დაჰყავს ავტომობილით ცეკვის სტუდიაში, ბავშვები შაბათ კვირას მასთან ჩამოდიან თბილისშია, რა დროსაც მათი მოვლა-პატრონობისათვის ხარჯებსაც გასწევს.

(11.09.2018წ და 21.09.2018წ სხდომის ოქმები CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. ს--- თ-------------ა და ს------ ბ-----ი განქორწინდნენ 2014 წლის 22 დეკემბერს, რის შემდეგ მათი არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ ქალაქ რუსთავში, დედასთან მოსარჩელე ს--- თ-------------ასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)

- განქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 23. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 48-51. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. ს--- თ-------------ას და ს------ ბ-----ს ჰყავთ 5 არასრულწლოვანი შვილი.

 

დაბადების მოწმობების თანახმად, ვ--------- ბ-----ი დაბადებულია 2002 წლის 5 აგვისტოს, მ-----– ბ-----ის დაბადებულია 2006 წლის 16 თებერვალს, რ----- ბ-----ის დაბადებულია 2004 წლის 23 მაისი, ნ-----–---- ბ-----ის დაბადებულია 2011 წლის 2 სექტემბერს, კ------------- ბ-----ის დაბადებულია 2013 წლის 15 ივლისს მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ს--- თ-------------ა, მამა – ს------ ბ-----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 16-20. ტომი 1).

 

3.2.2. ს--- თ-------------ა შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული არ არის და მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. მის ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას.

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ს--- თ-------------ას ოჯახის სარეიტინგო ქულაა 4790 და ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას 400 ლარს. ოჯახის წევრები არიან ს--- თ-------------ა, ვ--------- ბ-----ი, რ----- ბ-----ი, მ-----– ბ-----ი, ნიკოლაოს ბ-----ი, კ------------- ბ-----ი. ქულა მინიჭებული აქვს 2018 წლის 10 აგვისტოს.

 

მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ს--- თ-------------ა დასაქმებული არ არის და შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად არ იღებს ხელფასს.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ს--- თ-------------ა არის სოციალურად დაუცველი, მისი მატერიალური მდგომარეობა მძიმეა. მას არა აქვს სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი. იგი შვილებთან ერთად იღებს საარსებო შემწეობას სახელმწიფოსაგან.

 

აღიშნული მტკიცებულეებით დასტურდება ს--- თ-------------ას მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რადგან ”სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში_ საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N 126 დადგენილების მე-8 მუხლის მიხედვით, 1. მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. 2. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

 

ს--- თ-------------ა არის სოციალურად დაუცველი, მისი ოჯახის სოციალური-ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულა მიუთითებს იმაზე, რომ მას სტაბილური და მუდმივი შემოსავალი არა აქვს, მისი შემოსავალი არის მცირე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი (ს.ფ. 14-. ტომი 1).

 

3.2.3. ს------ ბ-----ი შრომისუნარიანია, ტაქსით მომსახურების საქმიანობით სტაბილურად გამოიმუშავებს შემოსავალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი შრომისუუნარო არ არის.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2017 11 ივლისის ცნობის თანახმად, ს------ ბ-----ი აღრიცხვაზეა სოციალური მომსახურების საქალქო ცენტრის დიდიბე0ჩუღირეთის სერვის ცენტრში როგორც სოციალური პაკეტის მიმღები შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით. მისი ყოველთვიური გასაცემელი შეადგენს 100 ლარს.

 

მოპასუხის მიერ წამოდგენილია სამედიცინო დოკუმენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შპს „ალ ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ 2017 წლის 15 ნოემბრის ცნობაში მითითებულია, რომ ს------ ბ-----ი კლინიკაში მკურნალობდა 2017 წლის 12 ნოემბრიდან 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით დიაგნოზით პეპტიური წყლულის გართულებული სისხლდენა. გართულება მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია. ცნობაში მითითებულია, რომ 12 წლის ასაკში 12გოჯა ნაწლავის წყლულიდან სისხლდენის გამო გაკეთებული აქვს ოპერაცია, რის შემდეგ ჩამოუყალიბდა პეპტიური წყლული. ხშირად აქვს სისხლდენით გართულება, უკანასკნელად სტაციონარში მკურნალობდა 2016 წლის დეკემბერში. პაციენტს ჩაუტარდა ინფუზიოთერაპია, ჰემოტრტრანსფუზია, გასტროპროექცია, ჰემოსტაზური მკურნალობა, ვიტამინოთერაპია. მკურნალობის ფონზე მდგომაროება წარიმართა დამაკმაყოფილებლად გართულებების გარეშე. სისხლდენის ეპოზოდი არ განმეორებულა. პაციენტს მიეცა მედიკამენტური დანიშნულება. რეკომენდირებულია 1 თვის შემდეგ საკონტროლო ენდოსკოპიური კვლევა.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 3 თებერვლის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომლის თანახმად, ს------ ბ-----ს შეუჩერდა მართვის უფლება 2018 წლის 3 თებერვლიდან 6 თვის ვადით. ს------ ბ-----მა ჩაიდინა ასკ 116-1 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა- ავტოსატარანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთრვალის მდგომაროებაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება.

 

მოპასუხე მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობს დასტურად ამ მტკიცებულებასთან ერთად მიუთითებს 2018 წლის 24 მაისს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაია სვის კაპიტალსთან“ დადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით სს სვის კაპიტალის სასარგებლდო დაგირავებულია მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი მოდელი ოპელ ვექტრა, გამოშვების წელი 1999, სახელმწიფო ნომერი V------- ავტომობილით უზრუნველყოფილია ს------ ბ-----ის სასესხო ვალდებულება, ხოლო საკრედიტო ხაზის ლიმიტია 2755 ლარი. სესხი 1750 ლარი გაცემულია 2018 წლის 24 აპრილს 2021 წლის 24 აპრილამდე ვადით, ხოლო ყოველთვიური გადასახადია 101,81 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებს მოპასუხის უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე და მისი იმგვარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ მისი დასაქმების შესაძლებლობა მკვეთრად შემცირებულია. მოპასუხის განმარტებით, მას შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს ბავშვობიდან კუჭის წყლულოვანი დაავადების გამო. მოპასუხის განმარტებით ასევე დასტურდება, რომ მისი ძირითადი საქმიანობაა ტაქსით მომსახურების გაწევა. ამგვარი საქმიანობის შესაძლებლობა არ ეზღუდება მისი დაავადების გამო. სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, ს------ ბ-----ს პერიოდულად აღენიშნება დაავადების გამწვავება სისხლდენით, რომლის მკურნალობის მიზნით საჭიროა სტაციონარულად გარკვეული ქირურგიული ღონისძიებების ჩატარება, თუმცა ამის შემდეგ რეკომენდებულია მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა და პროფილაქტიკური გამოკვლევები. ხანგრძლივი ვადიანი წოლითი რეჟიმი ან სხვა სახის სპეციფიური სამკურნალო ღონისძიებების აუცილებლობა სამედიცინო დოკუმენტებით არ დასტურდება.

 

მოპასუხის მძიმე მატერიალურ მდგომაროებას არ ადასტურებს ასევე მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, რომლითაც მას 2018 წლის 3 თებერვლიდან 6 თვით ჰქონდა შეჩერებული მართვის უფლება. ამ პერიოდში მოპასუხე ვერ შეძლებდა ავტომობილის მართვას, თუმცა ამის მიზეზი არ იყო მოპასუხის ნების გარეშე განვითარებული მოვლენები ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კვეთრი გაუარესება. მოპასუხეს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამედიცინო ცნობის ასლი (ს.ფ. 58. ტომი 1)

- სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 57, ტომი 1)

- სახდელის დაკისრების დადგენილება (ს.ფ. 59. ტომი 1 )

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 60-73. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 100-100 ლარით.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1234-ე, 1245-ე მუხლები.

გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების უპირატესი მნიშვნელობა აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.

 

მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 50-50 ლარის დაკისრების ნაწილში, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს არაგონივრულად მცირე თანხაა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 100-100 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო ერთერთ გარემოებად იმ ფაქტს მიუთითებს, რომ ნებაყოფლობით ასრულებს შვილის რჩენის ვალდებულებას, მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში, საკუთარი ავტომობილით უზრუნველყოფს მათ გადაადგილებას ცეკვის სტუდიაში მეცადინეობაზე, ამ დროს ხარჯავს მატერიალურ სახსრებს ბავშვებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის თანახმად, 1. ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით. 2. ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის ფულადი თანხა, რომელსაც ვალდებული პირი იხდის პირის სარჩენად. ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, ხოლო მშობელი მოვალეა არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, შესაბამისად, მშობლის საალიმენტო ვალდებულება ძალაშია შვილის სრულწლოვანემდე.

 

ალიმენტის განსაზღვრის საკითხში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებას, რადგან ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა და არა ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება განსაზღვრულია ასევე ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით, შესაბამისად, რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე.

 

ალიმენტის, როგორც განსაკუთრებული ქონებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით, ალიმენტის გადახდა იწყება სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან (1234-ე მუხლის), ასევე ის პრინციპი, რომლის მიხედვით დასაშვებია წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება სარჩელის საფუძველზე. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე ბავშვის რჩენის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრებას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე განვლილი დროისათვის, ხოლო მისი გადახდის ვალდებულება ძალაშია ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

ამდენად, საალიმენტო ვალდებულებას აქვს დროში განგრძობადი ხასიათი და მისი გადახდის ვალდებულება ერთჯერადად ვალდებულების შესრულებისკენ მიმართული ქმედებით არ სრულდება. სწორედ აქედან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის გადახდის დაკისრებას იმ შემთხვევაშიც, როცა პირი მატერიალურად ეხმარება შვილს და იხდის თანხას მისი რჩენისათვის.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მოპასუხე და მისი ნათესავები ბავშვების მიმართ ყურადღებიან და მზრუნველ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, პერიოდულად ბავშვეები მიჰყავთ მოპასუხეს, ბავშვები მის ოჯახში რჩებიან, თუმცა ეს გარემოება სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე სახელმწიფოსგან იღებს საარსებო შემწეობას, თვეში 400 ლარს. მოსარჩელეს სხვა სტაბილური შემოსავლის წყარო არა აქვს. ბავშვები ძირითადად მოსარჩელესთან ცხოვრობე და იზრდებიან.

 

ბავშვებს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, მოზარდი ასაკის გამო სწორი ფიზიკური განვითარების საჭიროების გამო აქვთ განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი სასწავლო ნივთები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა ვერ მოხდება მცირედი მატერიალური დახმარებით.

მართალია მოპასუხე უზრუნველყოფს ბავშვების გადადგილებას თბილისში ცეკვის სტუდიაში ცეკვის გაკვეთილებზე, მაგრამ ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით ალიმენტის განსაზღვრისათვის ეს საკმარისი არ არის.

 

მოპასუხე დასაქმებულია, მას აქვს შემოსავლის სტაბილური წყარო, მისი ჯანმრთელობოს მდგომარეობა მისი დასაქმების შესაძლებლობას არ ზღუდავს.

 

მოსარჩელე სახელმწიფოსგან იღებს საარსებო შემწეობას, რაც მის უკიდურესად ძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამდენად, მოსარჩელეს მცირე შემოსავლის გამო მცირედი დახმარებით შვილების მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია.

 

მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობას არ ადასტურებს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკრედიტო ვალდებულების არსებობა შვილის რჩენის ვალდებულებას არ ამცირებს, რადგან მცირეწლოვანი შვილის რჩენა მშობლის მთავარი ვალდებულებაა. საკრედიტო ვალდებულება მოპასუხის მიერ მისი ინტერესებისათვის აღებული ფულადი რესურსია, გამოყენებულია მისი მატერიალური ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რადგან არ დასტურდება რა გადაუდებელი საჭიროებისათვის (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამედიცინო ხარჯის ასანაზღაურებლად) აიღო კრედიტი. ამდენად, საკრედიტო, საგადასახადო ან კომუნალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ არის ისეთი ვალდებულება, რის გამოც შვილის რჩენისათვის გადასახდელი ალიმენტი შეიძლება შემცირდეს.

 

ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა, რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლების უნარების და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რადგან ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს ამის მიხედვით ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.

 

კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის, კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები. ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობისათვის შეუსაბამოდ მაღალი თანხაა 150-150 ლარის დაკისრება, რაც საერთო ჯამში 750 ლარის დაკისრებას ნიშნავს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. მართალია იგი იღებს საარსებო შემწეობას, მაგრამ საქმის განხილვის დროს არ გამოიკვეთა რაიმე გარემოება, რაც ობიექტურ დაბრკოლებას უქმნის მოპასუხეს, რათა დასაქმდეს და მიიღოს შემოსავალი.

აღნიშნული გარემოებების გამო, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ოჯახური პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ალიემნტის გონივრული ოდენობაა 100-100 ლარი. ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 11 სექტემბრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ამდენად, საქმეში ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ს--- თ-------------ას სარჩელი;

1.1. ს------ ბ-----ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2002 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ვ--------- ბ-----ის, 2006 წლის 16 თებერვალს დაბადებული მ-----– ბ-----ის, 2004 წლის 23 მაისს დაბადებული რ----- ბ-----ის, 2011 წლის 2 სექტემბერს დაბადებული ნ-----–---- ბ-----ის, 2013 წლის 15 ივლისს დაბადებული კ------------- ბ-----ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 100 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2017 წლის 11 სექტემბრიდან;

 

2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი