გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210117001926833
# 2-1657/2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: შპს ,,I G-- ოპ-----------"
წარმომადგენელი: ეკ--------- გე–---, და---- ტუ-----, და---- მუ--–---
მოპასუხე: შპს ,,Ma--Tr------------
წარმომადგენელი: სუ-–--- ფა-–-------–---–-
დავის საგანი: დავალიანების დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
- მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების თანხის - 18535 ლარის ანაზღაურება;
- მოპასუხეს დაეკისროს 2016 წლის 15 ოქტომბრიდან (თარიღი, რომლის მდგომარეობითაც მოპასუხეს ფულადი ვალდებულებები შესრულებული უნდა ჰქონოდა) გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ის ოდენობით;
მოსარჩელის წარმომადგენლები სარჩელს ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:
- 2015 წლის 02 ნოემბერს შპს შპს ,,I G-- ოპ----------სა" და შპს ,,Ma--Tr-------------ს შორის დაიდო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ მოპასუხეს მიაწოდებდა ჯიპიეს მოწყობილოებს და საწვავის მზომ ხელსაწყოებს, დაამონტაჟებდა მათ და მოახდენდა მოპასუხის პროგრამულ უზრუნველყოფას.
- ხელშეკრულებით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი და პირობები, კერძოდ: ჯიპიეს სისტემებით მომსახურებისათვის სააბონენტო გადასახადი განისაზღვრა ყოველთვიურად 55 ლარით (დღგ-ს გათვალისწინებით) ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის შესაბამისი ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 5 საბანკო დღეში, ხოლო ერთი ერთეული საწვავის დონის მზომი ხელსაწყოს ღირებულება განისაზღვრა 150 აშშ დოლარით (დღგ-ს გათვალისწინებით);
- ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ განახორციელა ჯიპიეს სისტემების და საწვავის მზომი ხელსაწყოების მონტაჟი მოპასუხის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ახდენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მონიტორინგს, უწევდა ჯიპიეს სისტემებით მომსახურებას, რაც დასტურდება სხვადასხვა დროს გამოწერილი და მოპასუხის მიერ დადასტურებული დღგ საგადასახადო ანგარიშფატურებით. მხარეთა შორის ეტაპობრივად, ჯიპიეს სისტემებისა და საწვავის მზომი ხელსაწყოების გადაცემა-მონტაჟის პარალელურად ფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რითაც ასევე დასტურდება მოწყობილობების მოპასუხისათვის მიწოდების და მის კუთვნილ
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მონტაჟის ფაქტები;
- მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო 11 813,97 ლარის ღირებულების. მომსახურების ღირებულების ჩათვლით კი თანხა შეადგენს 18 565 ლარს და სარჩელის აღძვრის დროისათვის ასანაზღაურებელი თანხაა 18 535 ლარი.
- მოსარჩელე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წლის მარტის თვეში წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იურიდიული პირის დეპოზიტებზე ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 7,5%-ს, მოპასუხის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით კი მას ადგება ზიანი, ვერ იღებს სარგებელს, რომელსაც იგი მიიღებდა მოპასუხის მიერ თანხის გადახდისა და ამ თანხის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში.
- მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა დავალიანების დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტი შეწყდებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს ვალდებულებები არ შეუსრულებია.
- სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა ასევე განმარტეს, რომ მოპასუხეს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, ხელშეკრულების მოშლამდე რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებიათ. გარდა აღნიშნულისა, ჯიპიეს სისტემები მონტაჟდება ავტომანქანის კაბინაში და მისი მოხსნის შემდეგ იგი ვარგისია შემდგომი ექსპლუატაციისათვის. რაც შეეხება საწვავის მზომ ხელსაწყოებს, ისინი მონტაჟდება ავტომანქანის საწვავის ავზში და მოხსნისათვის საჭიროა ავზის გახვრეტა, თან მისი შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, რადგან იცვლება ზომები მონტაჟისას და სხვა ავტომანქანაზე დაყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის განხორციელების შემთხვევაშიც, დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული და გაუმართლებელია. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საწვავის მზომი ხელსაწყოები დარჩა მოპასუხის კუთვნილ ავტომანქანების საწვავის ავზებში დამონტაჟებული და მათი ღირებულებაც აქვს მოპასუხეს გადასახდელი.
(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ:
- მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელეს, რომ 2015 წლის 02 ნოემბერს შპს ,,I G-- ოპ----------სა" და შპს ,,Ma--Tr-------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ მოპასუხეს მიაწოდებდა ჯიპიეს მოწყობილობებს და საწვავის მზომ ხელსაწყოებს, დაამონტაჟებდა მათ და მოახდენდა მოპასუხის პროგრამულ უზრუნველყოფას. თუმცა აღნიშნულ ხელშეკრულებას მიიჩნევს მხოლოდ ნარდობის ხელშეკრულებად და გამორიცხავს მხარეებს შორის ნასყიდობას საწვავის მზომი ხელსაწყოების ნაწილში;
- მოპასუხე ეთანხმება ჯიპიეს სისტემებით მომსახურებისათვის სააბონენტო გადასახადის განსაზღვრას ყოველთვიურად 55 ლარით (დღგ-ს გათვალისწინებით) ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ მიუთითებს, რომ ფაქტობრივად მოწყობილობები დამონტაჟდა 35-ის ნაცვლად 28 ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და ყოველთვიური სააბონენტო მომსახურების საფასური განისაზღვრა 1540 ლარით დღგ-ს ჩათვლით.
- მოპასუხე განმარტავს, რომ კონტრაქტის 1.2. პუნქტის თანახმად, ჯიპიეს მოწყობილობები ,,გამყიდველის" საკუთრებაა და მოპასუხეს გადაცემული ჰქონდა კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში. პარალელურად, ამავე კონტრაქტის 4.5. პუნქტით განისაზღვრა საწვავის მზომი ხელსაწყოების ყიდვის შესაძლებლობა და წესი, თუმცა ყიდვა არ განხორციელებულა იმის გამო, რომ მომსახურების ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ამასთან მომსახურების შეწყვეტის გამო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე მათი გამოყენება შეუძლებელია და მის გარეშე მოპასუხისათვის რაიმე ღირებულება არ გააჩნია, შეუძლებელია მათი შემდგომში გაყიდვაც. შესაბამისად, მოპასუხისათვის ეს ხელსაწყოები ღირებული იქნებოდა, თუ მოსარჩელე გააგრძელებდა მომსახურების გაწევას.
- მოსარჩელის მოთხოვნილი 18 565 ლარიდან, თავად მოსარჩელის მიერ მითითებული 28 ჯიპიეს მოწყობილობის ღირებულება შეადგენს 11 813,97 ლარს, თუ მოთხოვნილ მთლიან თანხას ეს გამოაკლდება, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში მომსახურების სააბონენტო გადასახადი იქნებოდა 6 751 ლარი. მოპასუხის მიერ კი 2016 წლის 08 თებერვალს და 08 აპრილს გადახდილია საერთო ჯამში 4 650 ლარი, შესაბამისად დარჩენილია მომსახურების გადასახადი 2101 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვალდებულებასაც იგი ეთანხმება;
- მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელის წარმომადგენლებმა 28-ვე მოწყობილობა ავტომობილებს მოხსნეს და წაიღეს, მოპასუხეს საკუთრებაში არ გადასცემია;
- მოპასუხე ასევე არ ეთანხმება საწვავის მზომი ხელსაწყოების საფასურის დაკისრებას, განმარტავს, რომ ეს ხელსაწყოებიც უკან დაიბრუნა მოსარჩელემ, მისმა წარმომადგენლებმა მოხსნეს და წაიღეს, როცა მოიშალა ხელშეკრულება;
- მოპასუხე არ ეთანხმება ზიანის ანაზღაურებას, ზიანის არსებობა, გამოწვეული იმით, რომ წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის სახით იურიდიული პირის დეპოზიტებზე თანხის განთავსებიდან გამომდინარე, ვერ განათავსა რა ეს თანხები დეპოზიტზე და ზიანი გამოწვეულია ამ სარგებლის მიუღებლობით, უსაფუძვლოა, რადგან ეს არ წარმოადგენს მოსარჩელის სამეწარმეო პრაქტიკის ნაწილს;
- სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით ადგილი რომც ჰქონოდა საწვავის მზომი ხელსაწყოების ნასყიდობას, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მოშლიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს რესტიტუცია და ეს ხელსაწყოები მაინც უნდა დაებრუნებინა მოსარჩელეს, გამომდინარე აქედან საწვავის მზომი ხელსაწყოების ღირებულების დაკისრების შესახებ მოთხოვნა ამ მხრივაც უსაფუძვლოა.
(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 02 ნოემბერს შპს შპს ,,I G-- ოპ----------სა" და შპს ,,Ma--Tr-------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ მოპასუხეს მიაწოდებდა ჯიპიეს მოწყობილობებს და საწვავის მზომ ხელსაწყოებს, დაამონტაჟებდა მათ და მოახდენდა მოპასუხის პროგრამულ უზრუნველყოფას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. მხარეთა შეთანხმებით, ჯიპიეს სისტემებით მომსახურებისათვის სააბონენტო გადასახადი განსაზღვრა ყოველთვიურად 55 ლარით (დღგ-ს გათვალისწინებით) ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული ჯიპიეს მოწყობილობა და 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო, რომლებიც დამონტაჟებული იქნა 28 სატრანსპორტო საშუალებაზე. მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელის წარმომადგენლებმა 28-ვე ჯიპიეს მოწყობილობა ავტომობილებს მოხსნეს და წაიღეს, მოპასუხეს საკუთრებაში არ გადასცემია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- დღგ საგადასახადო ანგარიშფატურები, მიღება-ჩაბარების აქტები;
3.1.4. დადგენილია, რომ ჯიპიეს მოწყობილობები და საწვავის ხელსაწყოები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. მხარეებს შორის ასევე სადავო არ არის საწვავის მზომი ხელსაწყოების ღირებულება და 28 ერთეულის ჯამური ღირებულება შეადგენს 11 813,97 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- დღგ საგადასახადო ანგარიშფატურები, მიღება-ჩაბარების აქტები;
3.1.5. მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე 2016 წლის 08 თებერვალს და 08 აპრილს გადახდილია მომსახურების საფასური, საერთო ჯამში 4 650 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:
- 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო, რომლებიც დამონტაჟებული იქნა მოპასუხის კუთვნილ 28 სატრანსპორტო საშუალებებზე, ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მიყიდა თუ არა მოპასუხეს და ხელშეკრულების მოშლის შემდეგ მოხდა თუ არა მისი მოსარჩელისათვის უკან დაბრუნება და თუ არა, ექვემდებარება თუ არა რესტიტუციას, თუ მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს მისი საფასური;
- მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, უნდა დაეკისროს თუ არა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით;
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში, ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, მოპასუხემ დაუბრუნა თუ არა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო მოსარჩელეს, ამის მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ განხორციელდა საწვავის მზომი ხელსაწყოების დემონტაჟი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებიდან და გადაეცა მოსარჩელეს. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოპასუხის ინტერესში შედის და მისი დამტკიცება მხოლოდ მისთვისაა შესაძლებელი.
3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.3. მოსარჩელე უარყოფს საწვავის მზომი ხელსაწყოების დემონტაჟს ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებიდან და მასზე უკან გადაცემას, მიუთითებს, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, დემონტაჟის შედეგად ეს ხელსაწყოები ზიანდება და მათი გამოყენება აღარ შეიძლება. ამიტომაც იქნა ხელშეკრულებით გათვალისიწნებული მათი მოპასუხეზე მიყიდვა და რომლის საფასურიც მოპასუხეს გადასახდელი აქვს. მოპასუხე კი ამტკიცებს რომ საწვავის მზომი ხელსაწყოების, გარდა 2 ერთეულისა, დემონტაჟი მოხდა მოსარჩელის მიერ და წაიღო მოსარჩელემ. აღნიშნულის დასასტურებლად, გარდა ახსნა-განმარტებისა, მან წარმოადგინა მოწმეებიც, თუმცა ამის უარსაყოფად მოწმეები წარმოადგინა მოსარჩელემაც. ფაქტიურად, მხარეებმა დავის ამ ნაწილში წარმოადგინეს თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით.
ზოგადად ფაქტის არარსებობის მტკიცებულება არ არსებობს.
როგორც ძველი რომის სამართალშია განმარტებული, რომ არსებობს მხოლოდ ფაქტის არსებობის მტკიცებულება. თუ ვერ დადასტურდება ფაქტის არსებობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მითითებულ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ განხორციელდა საწვავის მზომი ხელსაწყოების დემონტაჟი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებიდან და გადაეცა მოსარჩელეს.
სსკ-ის 102-ე მუხლით: 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. (8.05.2012. N6145) 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოპასუხემ ვერ წარმოადგინა უფრო მყარი მტკიცებულებები ამის დასამტკიცებლად, ანუ ვერ შეასრულა მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე თავისი ვალდებულება. ამდენად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას და დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო, რომლებიც დამონტაჟებული იქნა მოპასუხის კუთვნილ 28 სატრანსპორტო საშუალებებზე, მოსარჩელეს არ განუხორციელებია მისი დემონტაჟი და არ წაუღია უკან, დარჩა მოპასუხესთან, რომლის საფასურიც არ არის გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- დღგ საგადასახადო ანგარიშფატურები, მიღება-ჩაბარების აქტები;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო 11 813,97 ლარის ღირებულების. კონტრაქტის 4.5. პუნქტით განისაზღვრა საწვავის მზომი ხელსაწყოების მოპასუხეზე მიყიდვა, ხოლო მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ჯიპიეს მოწყობილობების ექსპლუატაციასთან ერთად მათი პროგრამული მომსახურების უზრუნველყოფა და მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების საფასურზეც. მოპასუხეს საწვავის მზომი ხელსაწყოების საფასური ანაზღაურებული არ აქვს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ ყიდვა არ განხორციელებულა იმის გამო, რომ მომსახურების ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ამასთან მომსახურების შეწყვეტის გამო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე მათი გამოყენება შეუძლებელია და მის გარეშე მოპასუხისათვის რაიმე ღირებულება არ გააჩნია, შეუძლებელია მათი შემდგომში გაყიდვაც. შესაბამისად, მოპასუხისათვის ეს ხელსაწყოები ღირებული იქნებოდა, თუ მოსარჩელე გააგრძელებდა მომსახურების გაწევას, - რადგან მას პრეტენზია მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით მოსარჩელისათვის არ განუცხადებია, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. გარდა აღნიშნულისა, დადგენილია, რომ ჯიპიეს მოწყობილობები და საწვავის ხელსაწყოები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და მოპასუხეს შეეძლება მიიღოს მესამე პირისაგან პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება ან თავად განახორციელოს ეს, დამონტაჟებული საწვავის მზომი ხელსაწყოები ვარგისია ექსპლუატაციისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- დღგ საგადასახადო ანგარიშფატურები, მიღება-ჩაბარების აქტები;
3.2.5. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა წერილი 2016 წლის 10 ოქტომბერს და 2016 წლის 15 ოქტომბრამდე მოითხოვა დავალიანების თანხის სრულად დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა. მხარეები არ დავობენ, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილია, მათ შორის სადავოა ვალდებულების ოდენობა და მისი დარღვევის ბრალეულობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენები;
- 2016 წლის 10 ოქტომბრის წერილი;
3.2.6. ამდენად დადგენილია მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის საფასურის, ასევე ვალდებულების დარღვევის - შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილის გადაუხდელობის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება;
- დღგ საგადასახადო ანგარიშფატურები, მიღება-ჩაბარების აქტები;
- მოწმეთა ჩვენები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2016 წლის 10 ოქტომბრის წერილი;
3.2.7. სადავო საკითხები, რომლებიც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე, ექვემდებარება თუ არა რესტიტუციას ნასყიდობის საგანი (საწვავის მზომი ხელსაწყოები), ან მოპასუხე ვალდებულია თუ არა გადაუხადოს მოსარჩელეს მისი საფასური, ასევე ვალდებულების დარღვევის გამო, უნდა დაეკისროს თუ არა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით, - წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების კატეგორიას და სასამართლო მასზე იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილად მიჩნეულ გარემოებას სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ:
- მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის საგნის საფასურის - 11 813,97 ლარის გადახდა, ასევე მომსახურების საზღაურის სახით დარჩენილი დავალიანების - 2101 ლარის გადახდა;
- მოსარჩელეს მომსახურების საზღაურის სახით 4620,03 ლარის დაკისრების ნაწილში და ზიანის სახით 2016 წლის 15 ოქტომბრიდან (თარიღი, რომლის მდგომარეობითაც მოპასუხეს ფულადი ვალდებულებები შესრულებული უნდა ჰქონოდა) გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ის ოდენობით დაკისრებაზე მოთხოვნაზე სარჩელის ნაწილში უარი უნდა ეთქვას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 .საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მან 2015 წლის 02 ნოემბერს დადებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელა ჯიპიეს სისტემების და საწვავის მზომი ხელსაწყოების მონტაჟი მოპასუხის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ახდენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მონიტორინგს, უწევდა ჯიპიეს სისტემებით მომსახურებას, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო 11 813,97 ლარის ღირებულების. მომსახურების ღირებულების ჩათვლით კი თანხა შეადგენს 18 565 ლარს და სარჩელის აღძვრის დროისათვის ასანაზღაურებელი თანხაა 18 535 ლარი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა დავალიანების დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტი შეწყდებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს ვალდებულებები არ შეუსრულებია.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ, კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სასამართლო მხარეთა მიერ 2015 წლის 02 ნოემბერს დადებულ ხელშეკრულებას განიხილავს, როგორც შერეული სახის ხელშეკრულებას, ნასყიდობაზე და ნარდობაზე დადებულ გარიგებას. კერძოდ, ნასყიდობას - საწვავის მზომი ხელსაწყოების მიყიდვის მონტაჟის ჩათვლით მოპასუხის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ხოლო ნარდობას - ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მონიტორინგის, ჯიპიეს სისტემებით მომსახურების შესრულებაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 02 ნოემბერს დადებული იქნა საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მოსარჩელემ განახორციელა ჯიპიეს სისტემების და საწვავის მზომი ხელსაწყოების მონტაჟი მოპასუხის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ახდენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მონიტორინგს, უწევდა ჯიპიეს სისტემებით მომსახურებას, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო 11 813,97 ლარის ღირებულების. მხარეთა შეთანხმებით, ჯიპიეს სისტემებით მომსახურებისათვის სააბონენტო გადასახადი განსაზღვრა ყოველთვიურად 55 ლარით (დღგ-ს გათვალისწინებით) ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა რა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო 11 813,97 ლარის ღირებულების, რაც მოპასუხეს დღემდე ანაზღაურებული არ აქვს. ასევე დადგენილია, რომ გაწეული მომსახურების საზღაურის თანხიდან - 6721,03 ლარიდან მოპასუხეს მოსარჩელეზე 2016 წლის 08 თებერვალს და 08 აპრილს გადახდილი აქვს მომსახურების საფასური, საერთო ჯამში 4 650 ლარი და დღეისათვის დარჩენილია გადასახდელი 2101 ლარის ოდენობით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოსარჩელემ სეასრულა თავისი ვალდებულება, გადასცა საწვავის მზომი 28 ერთეული ხელსაწყო მოპასუხეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებზე დამონტაჟებით, რომლის ჯამური ღირებულებაა 11 813,97 ლარი. მართალია, 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 15 ოქტომბრიდან, მაგრამ ხელშეკრულება შეწყდა მომსახურების (ნარდობის) ნაწილში, ხოლო ნასყიდობის ნაწილში ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემით და არ არსებობს რესტიტუციის საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ნასყიდობის საფასურის გადახდაც.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეცა შესრულება. მოპასუხე კი მას აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. სამუშაოები ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ გადახდის სერთიფიკატის, მიღება-ჩაბარების აქტისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. მოსარჩელემ ხელშეკრულების სეწყვეტამდე პერიოდისათვის შეასრულა თავისი ვალდებულება, ხოლო მოპასუხეს გაწეული მომსახურების საზღაურის თანხიდან - 6721,03 ლარიდან მოსარჩელეზე 2016 წლის 08 თებერვალს და 08 აპრილს გადახდილი აქვს მომსახურების საფასური, საერთო ჯამში 4 650 ლარი და დღეისათვის დარჩენილია გადასახდელი 2101 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს დარჩენილი საზღაურის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, ნაასყიდობის და ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს სრულყოფილი შესრულება. მაგრამ ვალდებულია მიიღოს შესრულება და გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება. მოსარჩელეს, ვალდებულების შესრულების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვს შესრულების მიღება და მისი ღირებულების ანაზღაურება. ორივე მხარე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ მოსარჩელემ უნდა გადასცეს ნასყიდობის საგანი საკუთრებაში, სამუშაოები შეასრულოს სამუშაო ასევე ხელშეკრულების პირობების დაცვით. მოპასუხე კი ვალდებულია გადაიხადოს ნასყიდობის საფასური და მიიღოს შესრულება, აანაზღაუროს საზღაური. ასეთი მოვალეობა მათ უჩნდებათ ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება.
მოპასუხე მოვალეა ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს ნასყიდობის საფასური -11 813,97 ლარი, ასევე აუნაზღაუროს ნარდობის საზღაურის დარჩენილი ნაწილი - 2101 ლარი.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.9. მოსარჩელე მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე, გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ის ოდენობით მოპასუხეზე დაკისრებას. თავის მოთხოვნას აფუძნებს იმაზე მითითებით, რომ მოპასუხე თუ არ დაარღვევდა ვალდებულებას და გადაიხდიდა ნასყიდობის საფასურს და მომსახურების საზღაურს, მას შეეძლო ეს თანხები განეთავსებინა საბანკო დეპოზიტზე და მიიღებდა შემოსავალს დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ის ოდენობით. აქედან გამომდინარე ის ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც მან განიცადა და განიცდის, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების გადახდა არ მოხდება მოპასუხის მიერ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის), ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი (ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა), ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოპასუხეებისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ზიანის თაობაზე, მოპასუხისათვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი, ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ის ამ შემოსავალს აუცილებლად მიიღებდა. სასამართლო მხედველობაში რებულობს იმ გარემოებას, რომ, მიუხედავად იმისა, მოსარჩელე მოქმედი მეწარმე სუბიექტია, იგი არ წარმოადგენს საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებას და საბანკო ანგარიშებზე თანხების განთავსება სარგებლის მიღების მიზნით არ არის მისი სამეწარმეო პრაქტიკა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევა, რათქმაუნდა, ზოგადად გულისხმობს კრედიტორისათვის ზიანის მიყენებას, მაგრამ ზიანისათვის, როგორც მიუღებელი შემოსავლისათვის თანხის დაკისრებისათვის არაა საკმარისი ვალდებულების დარღვევა, ამისათვის აუცილებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მიუღებელ შემოსავალს, რომელიც არ მიუღია პირს, იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, ასევე ეს ზიანი მოპასუხისათვის წინასწარ უნდა იყოს სავარაუდო და წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამის დასადასტურებლად კი უფრო მყარი, პირდაპირი მტკიცებულების არსებობაა საჭირო, ვიდრე წარმოდგენილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 2101 ლარის დაკისრების ნაწილში.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სსკ-ის 39-ე, 49-ე, და 53-ე მუხლების საფუძველზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სსკ-ის 199-ე მუხლით, ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით”.
8.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განჩინებით შპს ,,I G-- ოპ-----------ს" განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. კერძოდ ყადაღა დაედოს შპს ,,Ma- - Tr-------------ს საკუთრებაში არსებულ შემდეგ ავტომობილებს:
- მარკა, მოდელი - SAMRO ST39 VJPA, სახელმწიფო ნომერი SZ292, გამოშვების წელი 2003, საიდენტიფიკაციო ნომერი VK1ST39VJPA300190;
- მარკა, მოდელი - GENERAL TRAILERS GT, სახელმწიფო ნომერი MZ511, გამოშვების წელი 2003, საიდენტიფიკაციო ნომერი VNGTX34CF23FX0055;
- მარკა, მოდელი - KOEGEL SNCO 24, სახელმწიფო ნომერი - BA701B, გამოშვების წელი 2004, საიდენტიფიკაციო ნომერი - WK0SNCO2450736170;
- მარკა, მოდელი - KRON E SD, სახელმწიფო ნომერი - BS035S, გამოშვების წელი 2006, საიდენტიფიკაციო ნომერი WKESDP27061276258;
- მარკა, მოდელი - SCHMIT S01, სახელმწიფო ნომერი - RT805T, გამოშვების წელი 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი - WSM00000003020438.
ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, დაეკისრა რა მოპასუხეს თანხების გადახდა, გამოყენებული უზრუნველყოფა ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,I G-- ოპ-----------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს ,,Ma- - Tr-------------ს მოსარჩელის შპს ,,I G-- ოპ-----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობის საფასურის - 11 813,97 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ,,Ma- - Tr-------------ს მოსარჩელის შპს ,,I G-- ოპ-----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს ნარდობის საზღაურის გადაუხდელი ნაწილის - 2101 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე შპს ,,Ma- - Tr-------------ს სარჩელი ნარდობის საზღაურის სახით 4 650 ლარის დაკისრების ნაწილში და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე, გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის, წლიური 7,5%-ის ოდენობით მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. საქართველოს სსკ-ის 49-ე, 53-ე მუხლების საფუძველზე,მხარეების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება გადანაწილდეს შემდეგნაირად:
5.1. მოსარჩელე შპს ,,I G-- ოპ----------ს" სახელმწიფო ხაზინიდანდაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (681,16 ლარი) 63,03 ლარი. (საგადასახადო დავალება #1, 15/05/2017, გადამხდელი ირ---–- ჭუ-–------, პ/ნ 18001022---, გადამხდელის ბანკი-სს ,,თიბისი ბანკი", მიმღების ანგარიში - 300693150, ბანკის კოდი - TRESGE22).
5.2. მოპასუხე შპს ,,Ma- - Tr-------------ს მოსარჩელის შპს ,,I G-- ოპ-----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (681,16 ლარი) 417,45 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, გამარტივებული წარმოებისათვის აპლიკაციის საფასურის - 133,34 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურიდან - 856,68 ლარის ანაზღაურება, ჯამში 1457,47 ლარის გადახდა.
5.3. მოსარჩელეს შპს ,,I G-- ოპ----------ს" სახელმწიფო ბაჟი 200,68 ლარის ოდენობით, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან, ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩეს ძალაში, უცვლელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30)
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე