გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14599-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - შსს სა---------–-------–-–-------------------ი
წარმომადგენელი - ა--------------, ე---------
მოპასუხე - სს ,,ს--------------------------–-----"
წარმომადგენელი - გ------- ს--------–--ე
დავის საგანი - დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს სს „ს--------------------------–----ს“ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების - AF---------------------------------------A, აღდგენა-შეკეთება შპს „ჯ-----------------“ მიერ შედგენილ აქტებში მითითებული დაზიანებებისა და ღირებულებების შესაბამისად.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმდა დაზღვევის N-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დაზღვეულია შსს სა---------–-------–-–-------------------ის თბილისის მთავარი სამმართველოს ბალანსზე რიცხული „ფ------ პ---–---------------------“ მარკის 4 ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით AF---------------------------------------A. აღნიშნული ავტომანქანები დაზიანდა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურების დროს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის დაზიანებები გამოწვეულია ძლიერი წვიმის დროს დაგუბებულ წყალში ექსპლუატაციის გამო. 01.11.2016 წელს სამინისტრომ მიმართა მოპასუხეს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ მოპასუხემ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ინფორმირება დაგვიანებით მოხდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიურ უბედურებასა და ავტომანქანების დაზიანებას შორის. მოსარჩელეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 24 საათში უნდა მიემართა სადაზღვევო კომპანიისათვის. მზღვეველის ინფორმირება მნიშვნელოვანი დაგვიანებით განხორციელდა, კერძოდ, პირველად 2015 წლის 27 ოქტომბერს მიმართა მოსარჩელემ მხოლოდ წერილობითი შეტყობინებით.
მოპასუხე ასევე მიიჩნევს, რომ N-- ხელშეკრულების დანართი N4-ის დათქმა, რომლის თანახმადაც რომელიმე ზემოხსენებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარისი (მაგიერ) დოკუმენტად ჩაითვლება დამზღვევის ოფიციალური წერილი, სადაც მითითებული უნდა იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც მზღვეველი ვერ იღებს ზემოხსენებული საბუთის წარუდგენლობის გამო, არის ბათილი, ვინაიდან, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ, საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 31 მარტს შსს სა---------–-------–-–-------------------სა (დამზღვევი) და სს „ს--------------------------–----ს“ (მზღვეველი) შორის დაიდო ს----–-–------–----------ს შესახებ N-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მზღვეველმა დააზღვია დამზღვევის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის „ფ------ პ---–---------------------“ მარკის 4 ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით AF---------------------------------------A, ნულოვანი ფრანშიზით ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ხელშეკრულების ხუთი დანართი, მათ შორის, ფასების ცხრილი (დანართი 1), სადაზღვევო რისკები და ტარიფები (დანართი 2), ზარალის (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას შემდეგი ინსტრუქციების და ზარალის ანაზღაურების პირობების სქემა (დანართი 4, ზარალის ანაზღაურების პირობები), ასევე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები და ტექნიკური დავალება.
დაზღვეული რისკები მოიცავდა როგორც ავტოსაგზაო შემთხვევას, ისე სტიქიურ უბედურებებს.
ხელშეკრულება მოქმედებდა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ს----–-–------–----------ს შესახებ N-- ხელშეკრულება და დანართები (ს.ფ.59 -92);
- ტექნიკური დავალება (ს.ფ 93-95);
- ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (ს.ფ. 96-106).
3.1.2. 2015 წლის 13 აგვისტოს მოსარჩელემ „ჯ----------------ის“ „ფ------ის“ სერვის-ცენტრში წარადგინა დაზღვეული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A--------. ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოყოლილი იყო წყალდიდობაში და წყლის ზემოქმედებით დაზიანებული ჰქონდა საჭის მექანიზმის ელექტრონული ნაწილი, საჭის გამაძლიერებელი მექანიზმი. მოსარჩელეს განემარტა, რომ დაზიანებაზე გარანტია არ ვრცელდებოდა. სერვის-ცენტრის მიერ შედგენილი იქნა პროფორმა-ინვოისი, დაზიანებებისა და ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური აღწერით. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 7 330,68 ლარით.
2015 წლის 23 ივლისს მოსარჩელემ ჯ----------------ის“ „ფ------ის“ სერვის-ცენტრში წარადგინა დაზღვეული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A--------. ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოყოლილი იყო წყალდიდობაში და წყლის ზემოქმედებით დაზიანებული ჰქონდა საჭის მექანიზმის ელექტრონული ნაწილი, საჭის გამაძლიერებელი მექანიზმი და წინა წევა. მოსარჩელეს განემარტა, რომ დაზიანებაზე გარანტია არ ვრცელდებოდა. სერვის-ცენტრის მიერ შედგენილი იქნა პროფორმა-ინვოისი, დაზიანებებისა და ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური აღწერით. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 7 912,84 ლარით.
2015 წლის 13 აგვისტოს მოსარჩელემ „ჯ----------------ის“ „ფ------ის“ სერვის-ცენტრში წარადგინა დაზღვეული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A--------. ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოყოლილი იყო წყალდიდობაში და წყლის ზემოქმედებით დაზიანებული ჰქონდა კოლოფის ბალიში და ღვრიდა ზეთს. მოსარჩელეს განემარტა, რომ დაზიანებაზე გარანტია არ ვრცელდებოდა. სერვის-ცენტრის მიერ შედგენილი იქნა პროფორმა-ინვოისი, დაზიანებებისა და ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური აღწერით. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 1040,23 ლარით.
2015 წლის 1 ივლისს მოსარჩელემ „ჯ----------------ის“ „ფ------ის“ სერვის-ცენტრში წარადგინა დაზღვეული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A--------. ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოყოლილი იყო წყალდიდობაში და წყლის ზემოქმედებით დაზიანებული ჰქონდა წინა ხიდის კორპუსი და ღვრიდა ზეთს. მოსარჩელეს განემარტა, რომ დაზიანებაზე გარანტია არ ვრცელდებოდა. სერვის-ცენტრის მიერ შედგენილი იქნა პროფორმა-ინვოისი, დაზიანებებისა და ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური აღწერით. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 8320,41 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- „ჯ----------------ის“ N19/08-1ა წერილი, ინვოისი, ფოტოილუსტაცია;
- „ჯ----------------ის“ 23.07.2015 წლის წერილი, ინვოისი, ფოტოილუსტაცია;
- „ჯ----------------ის“ N19/08-2ა წერილი, ინვოისი, ფოტოილუსტაცია;
- „ჯ----------------ის“ N6TM02/07-1 წერილი, ინვოისი.
3.1.3. 2015 წლის 27 ოქტომბერს დამზღვევმა მიმართა მზღვეველს შეკითხვით ექვემდებარებოდა თუ არა ანაზღაურებას „ფ------ პ---–---------------------“ მარკის 4 ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომრით AF---------------------------------------A მიყენებული ზიანი.
მზღვეველის 2015 წლის 4 დეკემბრის წერილით დამზღვევს ეცნობა, რომ სადაზღვევო კომპანია ზარალს არ აანაზღაურებდა, ვინაიდან მზღვეველის ინფორმირება მოხდა მნიშვნელოვანი დაგვიანებით, გარდა ამისა, დამზღვევს არ წარუდგენია სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რის გამოც, შეუძლებელი იყო სადაზღვევო ანაზღაურებისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა, მათ შორის, დაზიანების გამომწვევი მიზეზების, ფაქტობრივად განცდილი ზარალის ოდენობის, მძღოლის ვინაობის, მისი მდგომარეობის შემთხვევის დადგომის მომენტში და ა.შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 27.10.2015 წლის წერილი;
- 04.12.2015 წლის წერილი.
3.1.4. 2016 წლის 1 ნოემბერს დამზღვევმა მიმართა მზღვეველს და მოითხოვა 2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობის დროს დაზიანებული „ფ------ პ---–---------------------“ მარკის ავტომანქანებზე სახელმწიფო ნომრით AF---------------------------------------A მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
წერილს თან ერთვოდა 27.10.16 წლის N------- ექსპერტიზის დასკვნა.
2017 წლის 17 მაისის წერილით მზღვეველმა უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე ვინაიდან მზღვეველის ინფორმირება მოხდა მნიშვნელოვანი დაგვიანებით, გარდა ამისა, დამზღვევს არ წარუდგენია სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რის გამოც, შეუძლებელი იყო სადაზღვევო ანაზღაურებისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა, მათ შორის, მოხდა თუ არა შემთხვევა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად განცდილი ზარალის ოდენობა, მძღოლის ვინაობა, მისი მდგომარეობა შემთხვევის დადგომის მომენტში და ა.შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 01.11.2016 წლის წერილი;
- 17.05.2017 წლის წერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანები სახელმწიფო ნომრით AF---------------------------------------A დაზიანდა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ამგვარად მიიჩნევა ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს.
აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთისაგან მხარეთა გათავისუფლების კონკრეტული შემთხვევა: მხარეებს არ ეკისრებათ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების მტკიცების ვალდებულება.
ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის ფაქტის „საყოველთაოდ ცნობილობა“ სუბიექტური შეფასების საგანი არაა. ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ, ობიექტური გარემოებების შედეგად, მის შესახებ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა ინფორმირებული. როგორც ცნობილია, ადამიანებს, თავიანთი ასაკის, სოციალური თუ სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ და განსხვავებულ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ კონკრეტული ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად ჩაითვალოს, უნდა შეფასდეს მისი გავრცელების ფორმა, არეალი და მნიშვნელობა. საყოველთაოდ ცნობილად ისეთი ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს, რომელზეც ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ერთნაირად მიუწვდება ხელი და თითოეულ მათგანს ერთნაირად შეიძლება მოეთხოვოს მისი ცოდნა, ასაკისა თუ სტატუსის მიუხედავად. ამ ტიპის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, ქვეყანაში არჩევნების ჩატარება, ვინაიდან, აღნიშნულთან დაკავშირებული აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის, მედიასაშუალებების მიერ მიწოდებული ინფორმაციის, აგრეთვე, სხვადასხვა პირების თუ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, თუნდაც მინიმალურ ინფორმაციას მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა ფლობს, მათ შორის ის ფენებიც, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ ღებულობენ (იხ სუსგ №ას-1320-1246-2012).
მედიით თუ სოციალური ქსელებით ინფორმაციის მიწოდების ინტენსივობის, ჩატარებული მრავალმხრივი ღონისძიებების, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიებების თუ მოხალისეთა აქტივობების, აღმასრულებელი თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების და ა.შ. გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს: საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2015 წლის 13 ივნისს ღამით თბილისში მოხდა სტიქიური უბედურება - წყალდიდობა, რომლის დროსაც დაიტბორა დედაქალაქის არაერთი უბანი. წყალდიდობას მოჰყვა მსხვერპლი და დაზიანდა არაერთი შენობა-ნაგებობა თუ სხვა ობიექტი. 13-14 ივნისის ღამის საათებში უწყვეტად მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაციები და სხვადასხვა საგანგებო ღონისძიებები სტიქიასთან გასამკლავებლად, რაშიც საპატრულო პოლიციაც მონაწილეობდა. წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციას, მათ შორის, დატბორილი ტერიტორიების დასუფთავებას, დასჭირდა არაერთი დღე.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის შედავებას და მის მიერ წარმოდგენილ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობას, რომლის თანახმადაც 2015 წლის 13 ივნისს 21:45 საათიდან 14 ივნისის 01:35 საათამდე თბილისში აღინიშნა ძალიან ძლიერი წვიმა. უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენილი არ არის სადაზღვევო კომპანიის წერილი და სასამართლოსათვის უცნობია, რა შეკითხვით მიმართა მოპასუხემ სააგენტოს, გარდა ამისა, აღნიშნული ცნობა შეეხება მხოლოდ იმას, დროის რა მონაკვეთში წვიმდა თბილისში და არა წყალდიდობას.
ამავე მიზეზით სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ თუ საპატრულო პოლიციის მანქანები ზუსტად ამ საათებში არ ახორციელებდნენ პატრულირებას, თანაც გმირთა მოედნის მიმდებარედ, ისინი ვერ მიიღებდნენ დაზიანებას წყალდიდობის შედეგად. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს: წყალდიდობა არ დასრულებულა წვიმის შეწყვეტასთან ერთად და არც ლოკალიზებული ყოფილა მხოლოდ თბილისის ერთ კონკრეტულ უბანსა თუ ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ავტომანქანების დაზიანებას წყალდიდობის შედეგად: საქმეში წარმოდგენილია ლე---------------–--------–----ს ექსპერტიზის ე---------–----------- N0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა დაზღვეულ ავტომანქანებს დაზიანების გამოწვევის მიზეზებისა და მძღოლის ბრალეულობის გასარკვევად. დასკვნის მიხედვით, ავტომობილებზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია საავტომობილო გზაზე დაგუბებულ წყალში ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში. დაზიანების თავიდან აცილება, ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილის მძღოლებზე არ იყო დამოკიდებული. დასკვნის კვლევით ნაწილში (იხ. დასკვნის 2/5 გვერდი) ასახულია, რა დაზიანებები აღენიშნებოდა თითოეულ ავტომანქანას, კერძოდ, ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით A-------- გატეხილი აქვს გადაცემათა კოლოფის კორპუსი და აღინიშნება ზეთის გაჟონვის კვალი. ავტომანქანის იატაკი და სავალი ნაწილი მთლიანად დაფარულია ლაფის მაგვარი მასით. დაზიანება გამოწვეულია ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზაზე შემოტანილი სხვადასხვა კატეგორიის გრუნტის ზედაპირზე ავტომანქანის ექსპლუატაციის პირობებში. ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით A-------- დაზიანებული აქვს საჭის მართვის მექანიზმი მართვის ბლოკი. ავტომანქანის იატაკი და სავალი ნაწილი მთლიანად დაფარულია ლაფის მაგვარი მასით. დაზიანება გამოწვეული უნდა იყოს ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზაზე დაგუბებულ წყალში ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში. ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით A-------- დაზიანებული აქვს გადაცემათა კოლოფის წინა მარჯვენა თვლის წამყვანი ღერძის ჩობალი, რომლიდანაც ჟონავს ზეთი, ასევე დაზიანებულია გადაცემათა კოლოფის ქვედა სამაგრი. ავტომანქანის იატაკი და სავალი ნაწილი მთლიანად დაფარულია ლაფის მაგვარი მასით. დაზიანება გამოწვეულია ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზაზე შემოტანილი სხვადასხვა კატეგორიის გრუნტის ზედაპირზე ავტომანქანის ექსპლუატაციის პირობებში, ხოლო ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით A-------- დაზიანებული აქვს საჭის მართვის მექანიზმი მართვის ბლოკი. ავტომანქანის იატაკი და სავალი ნაწილი მთლიანად დაფარულია ლაფის მაგვარი მასით. დაზიანება გამოწვეული უნდა იყოს ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზაზე დაგუბებულ წყალში ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში.
ექსპერტის მიერ აღწერილი დაზიანებები, მთლიანობაში, ემთხვევა „ჯ-----------------“ ინვოისებსა და წერილებში მითითებულ დაზიანებებს. მნიშვნელოვანია, რომ დამზღვევმა სერვის-ცენტრს 2015 წლის 1 და 23 ივლისს, ასევე 2015 წლის 13 აგვისტოს წარუდგინა ავტომანქანები (დეტალურად იხ. 3.1.2 პუნქტი). წყალდიდობასა და სერვის-ცენტრში მანქანების მიყვანას შორის გასული მოკლე დროის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზიანება სწორედ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურებითაა გამოწვეულია, ვინაიდან დროის ამ მონაკვეთში მსგავსი მოვლენა თბილისში არ განმეორებულა და ავტომანქანები ასეთი ხასიათის დაზიანებებს სხვაგვარად ვერ მიიღებდნენ.
სასამართლო, ექსპერტიზის დასკვნასა და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, დამატებით, მიუთითებს სა---------–-------–-–-------------------ის 02.03.2018 წლის ცნობასა და განწესების ფურცლებზე, საიდანაც ირკვევა, რომ დაზღვეული ავტომანქანები 2015 წლის 13 ივნისს დროის სხვადასხვა მონაკვეთში ხაზზე იმყოფებოდა, ასევე, ავტომანქანები სახელმწიფო ნომრით A-------- და A-------- ხაზზე იმყოფებოდნენ 2015 წლის 14 ივნისსა და 25 ივნისს, როცა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები.
3.2.2. მზღვეველს არ ეკისრება დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.2.1 პუნქტის თანახმად, დამზღვევი უფლებამოსილია, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისა და მისი აღდგენის გზით, ასევე სრული განადგურების ან/და ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობის შემთხვევაში ახლის შეცვლით.
აღნიშნულ პირობაზე მითითებით სასმართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაზღვევო ანაზღაურების ერთ-ერთი ფორმა იყო დაზიანებული ავტომანქანის შეკეთება, ხოლო ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულება.
ზარალის ანაზღაურების პირობების 1-ლი პუნქტის თანახმად, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებით მესამე პირებისათვის ზიანის მიყენებისთანავე, შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით დაზიანებული ავტომანქანის მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი უკავშირდება სადაზღვევო კომპანიის 24 საათიან საინფორმაციო სამსახურს.
დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებს თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში დამზღვევის მოქმედების წესს და მზღვეველისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას (ზარალის ანაზღაურების პირობები (დანართი 4), ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები), მაგრამ ხელშეკრულებით ცალკე არ არის გამოყოფილი სტიქიური უბედურების შედეგად ავტომანქანის დაზიანებისას რა ვადაში რა დოკუმენტები უნდა წარუდგინოს დამზღვევმა მზღვეველს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაზე ვრცელდება არა ზარალის ანაზღაურების პირობების მე-3 პუნქტი სრულად, არამედ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.1.13 და 9.1.19 პუნქტები. 9.1.13 პუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია, წინამდებარე პირობებითა და სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის პოლისით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას მზღვეველს წარუდგინოს წერილობითი განაცხადი ზიანის დადგომის შესახებ, სადაზღვევო პოლისის დამოწმებული ასლი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, მძღოლის მართვის მოწმობის ასლი. 9.1.19 პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისას ან განადგურებისას სხვა მიზეზების შედეგად დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს წარუდგინოს ცნობა კომპეტენტური ორგანოებიდან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მითითებით. 9.1.8 პუნქტის თანახმად კი, დამზღვევი ვალდებულია წარუდგინოს მზღვეველს ზიანის ოდენობისა და სხვა მონაცემების განსაზღვრისათვის აუცილებელი ყველა არსებული დოკუმენტი და მასალა.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 10.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა დაზღვევის ყველა საჭირო მონაცემის განსაზღვრის შემდეგ, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის ფაქტისა და ზიანის ოდენობის დადგენის, ანაზღაურების ფორმისა და ოდენობის განსაზღვრის შემდგომ. 10.3 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისას ზიანის ოდენობა ანგარიშდება დანართი N4-ით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად.
დანართი N4-ის მე-3 პუნქტის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში - ტელეფონის მეშვეობით, მზღვეველის ზარალების რეგულირების ექსპერტი დამზღვევს აძლევს ინფორმაციას კომპანიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის მეშვეობით, რომელსაც დამზღვევი წარუდგენს შემთხვევის დადგომიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში.
როგორც აღინიშნა, დაზღვევის ხელშეკრულებით, სხვა სადაზღვევო შემთხვევებისაგან განსხვავებით, დეტალურად არ არის მოწესრიგებული, სტიქიური უბედურების შედეგად ზიანის მიყენებისას დამზღვევის ქცევის წესი.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 337-338 მუხლების საფუძველზე დასაშვებია ხელშეკრულების ბუნდოვან დებულებათა განმარტება.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული (იხ. სუსგ Nა-2135-შ-46-2015).
ხელშეკრულების შევსებითი განმარტების შედეგად სასამართლო ასკვნის: სტიქიური უბედურების შედეგად დაზღვეული ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში დამზღვევს დაზიანებისთანავე უნდა ეცნობებინა სატელეფონო შეტყობინებით მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ და 4 დღის ვადაში მიეწოდებინა წერილობითი განაცხადი 9.1.13 და 9.1.19 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებთან ერთად, მათ შორის, ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად. დამზღვევს არ ევალებოდა დანართი 4-ის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენა, ვინაიდან, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ისინი ეხება მხოლოდ ავტოავარიას (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი, მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი. საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლი).
სპეციფიკური პირობების 2.17 პუნქტი ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერებას ფორს-მაჟორის დროს. ფორს-მაჟორის ცნება მოცემულია ამავე პუნქტით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 13 ივნისს მოსარჩელე იმყოფებოდა ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში, რის გამოც, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე ვერ აცნობებდა მზღვეველს. თავისთავად, სტიქიური უბედურება ქმნის ფორს-მაჟორს, თუ ის აბრკოლებს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას, ამასთან, როგორც აღინიშნა, საპატრულო პოლიცია ჩართული იყო სამაშველო თუ სხვა ოპერაციებში, რაც გულისხმობდა როგორც სტიქიური უბედურების შედეგად მოქალაქეთა დაზიანების თავიდან აცილებას, ისე სტიქიის ნარჩენების ლიკვიდაციას. სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ ფორს-მაჟორი არ ნიშნავს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების განუსაზღვრელი ვადით გადადებას. მხარემ ფორს-მაჟორის დასრულების შემდეგ, შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან ისარგებლოს ხელშეკრულებით მინიჭებული მოთხოვნის უფლებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზღვეული ავტომანქანები დამზღვევმა „ფ------ის“ სერვის-ცენტრში წარადგინა 2015 წლის 1 ივლისს, 23 ივლისსა და 13 აგვისტოს (დეტალურად იხ. 3.1.2 პუნქტი), ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ, სულ მცირე, 2015 წლის ივლისისათვის, მოსარჩელეს ობიექტურად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ეცნობებინა მზღვეველისათვის და წარედინა ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი. საპირისპირო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
მოსარჩელემ მზღვეველს პირველად 2015 წლის 27 ოქტომბერს მიმართა, ისიც შეკითხვით, ექვემდებარებოდა თუ არა წერილში მითითებული ავტომანქანებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას. რაიმე დოკუმენტაცია წერილთან ერთად მოსარჩელეს მზღვეველისათვის არ წარუდგენია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არც ანაზღაურებაზე უარის მიღების შემდეგ წარუდგენია მოსარჩელეს რაიმე დოკუმენტაცია მოპასუხისათვის, მით უმეტეს, რომ 04.12.25 წლის წერილით მას განემარტა ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო რა ინფორმაცია არ მიუღია მზღვეველს.
დაზღვეულმა მზღვეველს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 2016 წლის 1 ნოემბერს მიმართა და არც ამ შემთხვევაში წარუდგენია ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტები. წერილს ერთვოდა მხოლოდ ექსპერტიზის N------- დასკვნა, რომელიც საქმეში არ არის წარმოდგენილი და სასამართლოსათვის უცნობია, რა ინფორმაციას შეიცავდა. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ N0-------- დასკვნა, სადაც არ არის მითითებული, როდის დადგა სადაზღვევო შემთხვევა (მით უფრო, რომ სადაზღვევო პერიოდი ამ დროს დასრულებული იყო) და არც ზიანის ოდენობის გამოთვლის შესაძლებლობას იძლევა.
ვინაიდან დამზღვევმა არ წარადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, მზღვეველს, სპეციფიკური პირობების 10.1 პუნქტის თანახმად, არ წარმოშობია ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე, 821-ე, 823-ე, 839-ე, 814-ე, 830-ე, 319-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ამავე კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით, ხოლო 821-ე მუხლის მიხედვით კი, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. 823-ე მუხლის თანახმად, სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამოქალაქო კოდექსის 839-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოიცავდა როგორც ქონების, ისე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას.
სტიქიური უბედურების შედეგად ავტომანქანის დაზიანება ექცევა ქონების დაზღვევის სფეროში და სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით.
მართალია, სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ხელშეკრულების ისეთ პირობაზე, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ სადაზღვევო ანაზღაურების რამდენიმე ალტერნატიულ ფორმაზე, მათ შორის დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისა და მისი აღდგენის გზით, შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ წარმოდგენილი სახით, სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს დაზღვევის ხელშეკრულებიდან და მოსარჩელეს არ გააჩნია ავტომანქანის შეკეთების (აღდგენის) მოთხოვნის უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად კი მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ არ შეატყობინა მზღვეველს და არც სადაზღვევო შემთხვევისა და მოვალეობის მოცულობის დადგენისათვის საჭირო დოკუმენტები წარუდგენია, რაც, მხარეთა შეთანხმებით, მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მოვალეობისაგან ათავისუფლებდა.
სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელის თანახმადაც მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობის შემთხვევაში მზღვეველი ზიანს აანაზღაურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მის ინტერესებს არსებითად არ ლახავს.
სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან დაკავშირებით შეასრულოს მზღვეველის მითითებები.
განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია თითქმის სამი წელი, მზღვეველის ინფორმირება სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე მოხდა მნიშვნელოვანი დაგვიანებით, ხოლო ავტომანქანები ექსპერტიზის ჩასატარებლად წარდგენილია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 10 თვის გასვლის შემდეგ და კვლავ იმყოფებოდა იმავე მდგომარეობაში, როგორც წყალდიდობის შემდეგ (ლაფისმგავრაი მასით დაფარული და ა.შ). სასამართლოსათვის უცნობია, რა ზომები მიიღო დამზღვევმა ზიანის შესამცირებლად და რა პირობებში იმყოფებოდა ამ დროის მანძილზე დაზღვეული ავტომანქანები. ასეთ ვითარებაში ზიანის ანაზღაურება მზღვეველის ინტერესებს არსებითად შელახავს.
6.2. მოპასუხე მიუთითებს, რომ დანართი N4-ის დათქმა, რომლის თანახმადაც რომელიმე ზემოხსენებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარისი (მაგიერ) დოკუმენტად ჩაითვლება დამზღვევის ოფიციალური წერილი, სადაც მითითებული უნდა იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც მზღვეველი ვერ იღებს ზემოხსენებული საბუთის წარუდგენლობის გამო, არის ბათილი, ვინაიდან, ეს არის ხელშეკრულების სტანდარტული პირობა, რომელიც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ, საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
სასამართლო არ არის ვალდებული, დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები ან შეაფასოს მხარეთა ის პოზიციები დავის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით, რომლებსაც მნიშვენლობა არ აქვს დავის გადაწყვეტისათვის.
სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ დანართი 4-ის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ეხება მხოლოდ ავტოავარიას (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი, მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი. საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლი). ამავე პუნქტის სადავო დათქმა კი ითვალისწინებს მხოლოდ ჩამოთვლილი დოკუმენტების ნაცვლად დამზღვევის ოფიციალური წერილის წარდგენას, სადაც მითითებული უნდა იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც მზღვეველი ვერ იღებს ზემოხსენებული საბუთის წარუდგენლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში, დავა არ ეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, არამედ სტიქიური უბედურების შედეგად ქონების დაზიანებას, შესაბამისად, ბათილია თუ არა ხელშეკრულების ეს პირობა, ამ გარემოების დადგენას დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
7. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო ხარჯების განაწილების საფუძველი არ არსებობს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 46-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შ--------------- სამინისტროს სა---------–-------–-–-------------------ის სარჩელი მოპასუხე სს „ს--------------------------–-----ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია