გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
330210017001902502
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11044-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - რა---------------ე

წარმომადგენლები - ხვ----------–--–---–ი, გო---------–--–---–ი

მოპასუხე - სა--------------------ი

წარმომადგენელი - ნუ--------------–--ი, გი---------------–---ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სა--------------------ის რა---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ჯამში - 29 584.89 ლარის, 83 672 აშშ დოლარისა და 4 400 ევროს გადახდა.

1.2. სა--------------------ის რა---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით - 10 000 ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 16 მაისს დაახლოებით 23:50 საათზე სა--------------------ი მართავდა რა ავტომობილს, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა და არასწორი მანევრის შედეგად დაეჯახა რა---------------ის მართვის ქვეშ მყოფ მოტოციკლს. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე №008170515005 და ვინაიდან ავტოავარიის შედეგად რა---------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით, სა--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ავტოავარიით მიღებული დაზიანებების გამო, რა---------------ე შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, უგონო მდგომარეობაში, გადაიყვანა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა პოლიტრავმა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სუბდურული ჰემატომა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის ბლაგვი ტრავმა - ორმხრივი დაჟეჟილობა, კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასპირაციული სინდრომი და მარჯვენა იდაყვის სახსრის დაჟეჟილობა. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში რა---------------ეს 17.05.2015წ-დან 22.06.2015წ. ჩათვლით რეანიმაციულ და სტაციონარულ განყოფილებებში ჩაუტარდა როგორც ქირურგიული, ისე თერაპიული სხვადასხვა სახის პროცედურები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 23 625 ლარი. აღნიშნული თანხიდან 17 300 ლარი დაფინანსდა სახელმწიფოსა და მუნიციპალური ორგანოების მიერ, ხოლო 6325 ლარი გადაიხადეს რა---------------ის ოჯახის წევრებმა. გაწერის შემდგომ პაციენტს დაენიშნა მედიკამენტებით მკურნალობა.

 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოდან გაწერის შემდგომ, 22.06.2015წ.-დან 28.06.2015წ.-მდე რა---------------ემ გაიარა მოკლევადიანი რეაბილიტაციის კურსი შპს „ნიუ-----------–ში“, საიდანაც გაეწერა დედის მოთხოვნით ოჯახური მდგომარეობის გამო. მას სახლის პირობებში უგრძელდებოდა რეაბილიტაცია, რის ფონზეც აღენიშნებოდა დადებითი დინამიკა. სტაციონარში 06 დღის განმავლობაში გაწეული მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა -1653.48 ლარი, რაც გადახდილია პაციენტის მიერ.

 

2015 წლის 30 ივლისს 21:00 საათზე რა---------------ე სა----------------------------–ის კლინიკიდან მდგომარეობის გაუარესების გამო, რაც გამოიხატა კრუნჩხვით სინდრომში, მოთავსდა აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში და დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდგომი პერიოდი, მარჯვენა შუბლ-საფეთქლის მიდამოს სუბდურული ჰემატომის ევაკუაციის შ/პ, რეზექციული ტრეპანაციის შ/პ, პოსტტრავმული ჰიდროცეფალია, პოსტტრავმული კონვულსიები. რა---------------ეს 30.07.2015წ.-დან 03.08.2015წ.-მდე პერიოდში ჩაუტარდა 1 დონის მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 03.08.2015წ.-დან 08.08.2015წ.-მდე, კი კონსერვატიული მკურნალობა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 2000 ლარი, რომლის 30% - 600 ლარი პაციენტის გადასახდელი იყო, თუმცა ვერ გადაიხადა და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ. გაწერის შემდგომ პაციენტს დაენიშნა მედიკამენტებით მკურნალობა.

 

მოულოდნელად განვითარებული ტონურ-კლონური გულყრის შედეგად, 13.09.2015წელს რა---------------ე განთავსებულ იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა ვინაიდან მას ესაჭიროებოდა მაღალკვალიფიციური ინტენსიური თერაპიის გაგრძელება, ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, გადაწყდა მისი სასწრაფო გაგზავნა თურქეთში, კერძოდ ქალაქ სტამბოლის კლინიკაში.

 

სტამბოლის ჰი---------------–-------------------–ში მოთავსების მიზნით, რა---------------ე თბილისის ცენტრალური სავადმყოფოდან ს.დ.ბ.-ის მიერ გადაყვანილ იქნა სარფში, საიდანაც „რედ სტარ ჰავაჯილიკ ჰიზმეტლერი ა.ს.“-ის რეანომობილით მიიყვანეს სტამბოლში, ჰი---------------–-------------------–ში 30.09.2015 წელს. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის შედეგად, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ინფექციური ფონი და 14.10.2015 წელს ჩაუტარდა შუნტირების ოპერაცია. ოპერაციის შემდგომ, გრძელდებოდა პოსტოპერაციული მკურნალობა/რეაბილიტაცია და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, რა---------------ე გაწერეს ჰოსპიტალიდან და იგი დაბრუნდა საქართველოში,ჰი---------------–-------------------–ში რა---------------ის ტრანსპორტირების ხარჯმა სარფიდან სტამბოლამდე შედგინა 4 400 ევრო, რაც სრულად გადაიხადა რა---------------ის ოჯახმა, ხოლო მკურნალობის ხარჯმა, კი შეადგინა 83 672 აშშ დოლარი, საიდანაც 30 500 აშშ დოლარი გადახდილი აქვს რა---------------ის ოჯახს, ხოლო დარჩენილი თანხა - 53 172 აშშ დოლარის ოდენობით ერიცხებათ ვალად.

 

ჰი---------------–-------------------–იდან დაბრუნებისთანავე, სტაციონარული რეაბილიტაციის კურსის გავლის მიზნით, რა---------------ე მოთავსდა შპს „ნიუ-----------–ში“, სადაც გაწეულმა მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 10 642.51 ლარი, საიდანაც 7 142.51 ლარი გადაიხადა რა---------------ის ოჯახმა. მოსარჩელის წარმომადგენლს მითითებით, ეს თანხა სასარჩელო მოთხოვნაში არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის მიერ, რადგან სწორედ მოპასუხის მხრიდან გადახდილი 10 000 ლარის ანგარიშში იქნა გამოკლებული.

 

2016 წლის 31 მარტს რა---------------ე ინტრაკრანიალური ტრავმების შედეგებით გამოწვეული გართულების ფონზე, მოთავსდა შპს „ლა-–---ში“, სადაც გაუკეთდა ოპერაცია კრანიოპლასტიკა და გაეწია კონსერვატიული მკურნალობა. კლინიკაში დაჰყო 2016 წლის 08 აპრილამდე და გაეწერა ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობისა და მკურნალობის პირობით. კლინიკის მიმართ წარმოეშვა ფინანსური დავალიანება 1286.05 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 03 აგვისტოს რა---------------ე მოთავსდა შპს „ი-----ში“, სადაც 4 აგვისტოს გაუკეთდა განმეორებითი ვენტრიკულოპერიტონული შუნტირება და პოსტოპერაციულად კლინიკაში, 2016 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, გაეწია სხვადასხვა სახის მკურნალობა. პაციენტმა სრულად გადაიხადა ოპერაციისა და მკურნალობის ღირებულება - 4 130 ლარის ოდენობით. გაწერის შემდგომ პაციენტს დაენიშნა მედიკამენტებით მკურნალობა.

 

2016 წლის 23 აგვისტოს რა---------------ე ს.დ.ბ.-ის მიერ გადაყვანილ იქნა კ. ერი-------------–----------------------–ი ქირურგიის ცენტრში, სადაც მოხდა შუნტის რევიზია ლაპარასკოპიული მეთოდით და ჩაუტარდა სხვადასხვა დონის ინტენსიური მკურნალობა. 08.09.2016წ. პაციენტი პოსტტრავმული ჰიდროცეფალიის. ბაქტერიული მენინგიტისა და სხვადასხვა დაავადებების დიაგნოზით, კვლავ მოთავსდა ამავე კლინიკაში, საიდანაც გაეწერა 12.10.2016წ. ამის შემდგომ, რა---------------ე 2-ჯერ მოთავსდა ამავე კლინიკაში და სულ ბოლოს 28.10.2016წ.-დან 02.11.2016წ.-მდე მას გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება.

 

სს “კ. ერ------------------------------–--------–---------------------------------–--–------ში“ რა---------------ის მიმართ წარმოებული სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 22 316.36 ლარი, საიდანაც სახელმწიფომ აანაზღაურა 17 491.50 ლარი, პაციენტმა გადაიხადა 240 ლარი და კლინიკის მიმართ პაციენტს ვალად ერიცხება 4 584.86 ლარი.

05.11.2016წ. რა---------------ე ს.დ.ბ.-ის მიერ მიყვანილ იქნა შპს „წმ------------–--------------–------------–-------------–---------–------–----------------------ოში“ ღრმა სოპორის დიაგნოზით, ძლიერი ჰაერის უკმარისობითა და სუნთქვის გაძნელებით. პაციენტი გადაიყვანეს ზ/რეანიმაციის განყოფილებაში და ჩაუტარეს მკურნალობა 1-ლი დონის ინტენსიური თერაპიის კოდით. გაწეული მკურნალობის ღირებულებიდან 194 ლარის გადახდა მართებს რა---------------ეს. გაწერის შემდგომ პაციენტს დაენიშნა მედიკამენტებით მკურნალობა.

 

ავტოავარიით მიღებული მრავლობითი დაზიანების მკურნალობის მიზნით, ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტებისა და აუცილებელი სამედიცინო საშუალებების შეძენაზე 2015 წლის მაისიდან დღეის ჩათვლით დაიხარჯა 5944 ლარი, რომლის ოდენობა იზრდება, ვინაიდან რა---------------ე კვლავ აგრძელებს მედიკამენტებით მკურნალობას ექიმის დანიშნულებისამებრ.

 

ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმის გამოკვლევის, ზუსტი დიაგნოზის დასმისა და სათანადო მკურნალობის წარმართვის მიზნით, რა---------------ეს 2015 წლის მაისიდან დღეის ჩათვლით ჩაუტარდა სხვადასხვა სახის გამოკვლევები, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 3454.50 ლარი.

 

რა---------------ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირებაზე დაიხარჯა 923 ლარი.

 

ავტოავარიით მიღებული ტრავმის მკურნალობასთან დაკავშირებით, რა---------------ეს ჩაუტარდა არაერთი ქირურგიული ოპერაცია საერთო ანესთეზიით, რამაც გამოიწვია პაციენტის კბილების დაავადება, რომლის აღდგენა-რესტავრაციას დასჭირდა 490 ლარი.

 

2016 წლის 11 იანვარს სამედიცინო დაწესებულება შპს „მედკაპიტალ“ დიდუბის ექიმი-სპეციალისტების მიერ რა---------------ეს ჩაუტარდა სპეციალური შემოწმება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად დადგინდა სსე დიაგნოზი, სადაც მითითებულია ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის, სუბდურული ჰემატომის ევაკუაციის, ვენტრიკულ-პერიტონეარული შუნტირების შემდგომი მდგომარეობა, ტრავმული ენცეფალოპათია, მარცხენამხრივი მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მიტიზმი. შრომითი შესაძლებლობის მხრივ შესაბამის გრაფაში აღნიშნულია, რომ რა---------------ეს აქვს შრომითი საქმიანობის, გადაადგილების, ურთიერთობის, თვითდახმარების მე-3 ხარისხის შეზღუდვა, საჭიროებს მუდმივ გარეშე მომვლელს. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგინდა უვადოდ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 15.05.2015წ. №1035633 ბრძანების საფუძველზე, რა---------------ე დაინიშნა შსს სსიპ და–--------–-–----------------------------–------–-–------------------------–--------–---–-----------------–----------------–--------–-------------------ის თანამდებობაზე. თუმცა, ავტოავარიის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებების გამო, რა---------------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 27.01.2016წ. №197505 ბრძანების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თუმცა, მან მხოლოდ აბსტრაქტულად, შესაბამისი დასაბუთების გარეშე მიუთითა, რომ არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ამასთან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა იმ გარემოების თაობაზე, რომ მკურნალობის ხარჯები არ არის გადახდილი რა---------------ის მიერ. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ მას გააჩნია ამ თანხების გადახდის ვალდებულება, რის გამოც მას არ აქვს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 16 მაისს დაახლოებით 23:50 საათზე სა--------------------ი მართავდა ავტომობილ „მერსედესს“ და მოძრაობდა ქ. თბ--–--–-------–--–----–----------------ზე, ვეფხი და მოყმის ძეგლის მხრიდან აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და არასწორი მანევრის შესრულების დროს მას დაეჯახა რა---------------ის მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლი. შეჯახების შედეგად რა---------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაზარალებულად ცნობილ იქნა რა---------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 28.06.2016წ. განაჩენი (იხ. ს.ფ. 196-197);

- 23.12.2015წ. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (იხ. ს.ფ. 198-199);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით, სა--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2015 წლის 16 მაისს ავტოავარია მოხდა სა--------------------ის ბრალით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 28.06.2016წ. განაჩენი (იხ. ს.ფ. 196-197);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 16.05.2015წ. მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, რა---------------ე შემთხვევის ადგილიდან, უგონო მდგომარეობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: პოლიტრავმა T07; ქალა-ტვინის დახურული ტრავმა S06; სუბდურული ჰემატომა S06.5; ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის ბლაგვი ტრავმა-ორმხრივი დაჟეჟილობა S29; კომა R40; სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0; ასპირაციული სინდრომი J95.4; მარჯვენა იდაყვის სახსრის დაჟეჟილობა S50,0. შესაბამისად, რა---------------ეს რეანიმაციულ და სტაციონარულ განყოფილებებში ჩაუტარდა როგორც ქირურგიული, ისე თერაპიული მკურნალობა. იგი საავადმყოფოდან გაწერილ იქნა 22.06.2015წ.-ს.

 

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში რა---------------ისათვის გაწეული მკურნალობის საერთო ღირებულებამ შეადგინა 23 625 ლარი, საიდანაც 17 300 ლარი დაფინანსებულ იქნა სა-----------------–----–-------ს გამგეობის, თბილისის მერიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. ხოლო, 6325 ლარი გადახდილ იქნა რა---------------ის ოჯახის წევრების მიერ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.06.2015წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 200);

- 24.04.2017წ. პროფორმა ინვოისი (იხ. ს.ფ. 201);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. 22.06.2015წ.-დან 28.06.2015წ.-მდე რა---------------ემ გაიარა მოკლევადიანი სტაციონარული რეაბილიტაციის კურსი შპს „ნიუ-----------–ში“. სტაციონარში 06 დღის განმავლობაში გაწეული მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა - 1653.48 ლარი, რომელიც გადახდილ იქნა პაციენტის მიერ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ნიუ-----------–ის“ 20.01.2016წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 202);

- კალკულაცია (იხ. ს.ფ. 203);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. 30.07.2015წ. 21:00 საათზე რა---------------ე მდგომარეობის გაუარესების გამო, მოთავსებულ იქნა აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, სადაც დაესვა შემდეგი დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდგომი პერიოდი, მარჯვენა შუბლ-საფეთქლის მიდამოს სუბდურული ჰემატომის ევაკუაციის შემდგომი პერიოდი, რეზექციული ტრეპანაციის შემდგომი პერიოდი, პოსტტრავმული ჰიდროცეფალია, პოსტტრავმული კონვულსიები.

 

რა---------------ეს 30.07.2015წ.-03.08.2015წ. პერიოდში ჩაუტარდა მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში I დონე, ხოლო 03.08.2015წ.-08.08.2015წ. პერიოდში კონსერვატიული მკურნალობა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. მკურნალობის ღირებულებამ ჯამში შეადგინა - 2000 ლარი, რომლის 30% - 600 ლარი წარმოადგენდა პაციენტის გადასახდელ თანხას. აღნიშნული თანხის გადახდასთან დაკავშირებით, გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის 08.08.2015წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 204-205);

- აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის პასუხი (იხ. ს.ფ. 206);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.6. მდგომარეობის გაუარესების გამო, რა---------------ე 2015 წლის 30 სექტემბერს გადაყვანილ იქნა თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ჰი---------------–-------------------–ში. კერძოდ, რა---------------ე თბილისის ცენტრალური სავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა სარფში, საიდანაც RED STAR HAVACILIK HIZMETLERI A.S.-ის რეანომობილით კომატოზურ მდგომარეობაში გადაყვანილ იქნა თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ჰი---------------–-------------------–ში. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

 

30.09.2015წ.-დან რეანიმაციულ განყოფილებაში მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ინფექციური ფონი და პაციენტი მომზადდა შუნტირებისათვის. ხოლო 14.10.2015 წელს ჩაუტარდა შუნტირების ოპერაცია. ოპერაციის შედეგად პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 15.12.2015წ.-მდე გაგრძელდა პაციენტზე დაკვირვება და მკურნალობა/რეაბილიტაცია.

 

ჰი---------------–-------------------–ში მკურნალობის სრული კურსის საფასურმა შეადგინა 83 672 აშშ დოლარი, საიდანაც 30 500 აშშ დოლარი გადახდილ იქნა რა---------------ის ოჯახის მიერ, ხოლო დარჩენილი თანხა - 53 172 აშშ დოლარის ოდენობით გადახდილი არ არის.

 

ამასთან, რა---------------ის ტრანსპორტირების ხარჯმა - სარფიდან სტამბოლამდე შეადგინა - 4 400 ევრო, რაც სრულად იქნა გადახდილი რა---------------ის ოჯახის მიერ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჰი---------------–-----------–----ის 16.12.2015წ. გარანტიის დადასტურება თურქულ და ქართულ ენაზე (იხ. ს.ფ. 218, 221 );

- ავანსისა და დავალიანების ქვითარი, თურქულ და ქართულ ენაზე (იხ. ს.ფ. 219-220, 222);

- სს „საქართველოს ბანკის“ 17.02.2018წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 224);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.1.7. ჰი---------------–-------------------–იდან დაბრუნებისთანავე, სტაციონარული რეაბილიტაციის კურსის გავლის მიზნით, რა---------------ე მოთავსებულ იქნა შპს „ნიუ-----------–ში“, სადაც გაწეული მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა - 10 642.54 ლარი, საიდანაც 7 142.51 ლარი გადახდილ იქნა რა---------------ის ოჯახის მიერ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ნიუ-----------–ის“ 20.01.2016წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 202);

- კალკულაცია (იხ. ს.ფ. 225-226);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.1.8. 31.03.2016წ. რა---------------ე ინტრაკრანიალური ტრავმების შედეგებით გამოწვეული გართულების ფონზე, მოთავსებულ იქნა შპს „ლა-–---ში“, სადაც გაუკეთეს ოპერაცია AASK00 კრანიოპლასტიკა და გაეწია კონსერვატიული მკურნალობა. რა---------------ე კლინიკიდან გაეწერა 08.04.2016წ.-ს.

 

შპს „ლა-–---ში“ გაწეული მკურნალობის საფასურმა შეადგინა - 1286.05 ლარი, რაც პაციენტის მიერ გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ლა-–---ის“ 08.04.2016წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 227);

- კალკულაცია (იხ. ს.ფ. 228-230);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.9. 03.08.2016წ. რა---------------ე მოთავსებულ იქნა შპს „ი-----ში“, სადაც 04 აგვისტოს გაუკეთდა განმეორებითი ვენტრიკულოპერიტონული შუნტირება და პოსტოპერაციულად კლინიკაში, 2016 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, გაეწია სხვადასხვა სახის მკურნალობა. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 17.08.2016წ.

 

შპს „ი-----ში“ გაწეული მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა - 4 130 ლარი, რაც სრულად იქნა გადახდილი პაციენტის მიერ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ი-----ს“ 30.01.2018წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 231);

- ანგარიშფაქტურა №87 (იხ. ს.ფ. 232-233);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.10. 23.08.2016წ.-დან 02.11.2016წ.-მდე რა---------------ე რამდენჯერმე იქნა მოთავსებული სს „კ. ერი-------------–----------------------–ი ქირურგიის ცენტრში“, სადაც ჩაუტარდა მკურნალობა. აღნიშნულ პერიოდში რა---------------ის მიმართ ჩატარებული მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა საერთო ჯამში - 22 316.36 ლარი, საიდანაც სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებულ იქნა - 17 491.50 ლარი, პაციენტმა გადაიხადა 240 ლარი, ხოლო დარჩენილი 4 584.86 ლარი პაციენტის მიერ ანაზღაურებული არ არის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს “კ. ერ------------------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ 23.05.2018წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 234);

- ინვოისი №136 (იხ. ს.ფ. 235);

- კალკულაცია (იხ. ს.ფ. 236-244, 246);

- 21.10.2016წ. სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ.245);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.11. 05.11.2016წ. რა---------------ე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა შპს „წმ------------–--------------–------------–-------------–---------–------–----------------------ოში“ ღრმა სოპორის მდგომარეობაში, სადაც ჩაუტარდა მკურნალობა.

 

აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული მკურნალობის ღირებულებიდან 194 ლარი არის პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი, რომელიც მის მიერ არ ანაზღაურებულა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს“ 22.11.2016წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 247-248);

- ანგარიშფაქტურა (იხ. ს.ფ. 249);

- კალკულაცია (იხ. ს.ფ. 250-251);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.12. 2015 წლის 16 მაისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების მკურნალობისათვის რა---------------ეს დასჭირდა სხვადასხვა სახის მედიკამენტები და სამედიცინო საშუალებები, რომლის შესაძენად გაწეული ხარჯის ჯამურმა ოდენობამ 2015 წლის 17 მაისიდან დაზუსტებული სარჩელის აღძვრის დღემდე - 2018 წლის 26 ივლისამდე, შეადგინა - 5944 ლარი. რა---------------ე დღემდე აგრძელებს მკურნალობას ექიმის დანიშნულებისამებრ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- პსპ-ს ამონაწერი (იხ. ს.ფ. 256-277);

- გადახდის ქვითრები (იხ. ს.ფ. 278-284);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.13. ავტოავარიის შედეგად, ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების გამოკვლევის, ზუსტი დიაგნოზის დასმისა და სათანადო მკურნალობის წარმართვის მიზნით, რა---------------ეს 2015 წლის მაისიდან დაზუსტებული სარჩელის აღძვრის დღემდე - 2018 წლის 27 ივლისამდე, ჩაუტარდა სხვადასხვა სახის გამოკვლევები, რომელთა საერთო ღირებულებამ ჯამში შეადგინა - 3454.50 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ქვითრები (იხ. ს.ფ. 285-313);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.14. ავტოავარიის შედეგად, ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების მკურნალობისათვის რა---------------ეს არაერთხელ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია საერთო ანესთეზიით, რამაზ გამოიწვია პაციენტის კბილების დაზიანება, რომლის აღდგენა-რესტავრაციისათვის გაწეულ იქნა ხარჯი - 490 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სტომატოლოგიური პაციენტის სამედიცინო ბარათი (იხ. ს.ფ. 321);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.15. რა---------------ის სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირებისათვის გაწეულ იქნა ხარჯი - 923 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ქვითრები (იხ. ს.ფ. 314-315 I ტომი, ს.ფ. 60-64 II ტომი)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.16. 2016 წლის 11 იანვარს სამედიცინო დაწესებულება შპს „მედკაპიტალის“ ექიმი-სპეციალისტების მიერ რა---------------ეს ჩაუტარდა სპეციალური შემოწმება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მიზნით. აღნიშნულის საფუძველზე, მას დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი - მკვეთრი, უვადოდ. ასევე, შრომითი საქმიანობის გადაადგილების, ურთიერთობის, თვითდახმარების III ს. შეზღუდვა, რის გამოც საჭიროებს მუდმივ გარეშე მომვლელს.

 

სსე დიაგნოზი: ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის, სუბდურული ჰემატომის ევაკუაციის, ვენტრიკულ-პერიტონეარული შუნტირების შემდგომი მდგომარეობა, ტრავმული ენცეფალოპათია, მარცხენამხრივი მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მიტიზმი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსე აქტის ამონაწერი სერია №0289987 (იხ. ს.ფ. 58 II ტომი);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 15 მაისის ბრძანების თანახმად, რა---------------ეს გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება და დაინიშნა შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს II განყოფილების სპეციალური კონტროლის ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორის (ს/პ) თანამდებობაზე სამი თვის გამოსაცდელი ვადით და მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 795 ლარის ოდენობით. შესაბამისად, რა---------------ეს 2015-2016 წლებში ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი 795 ლარის ოდენობით. პრემია და დანამატი მასზე არ გაცემულა.

 

ამასთან, 2015 წლის 16 მაისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანების საფუძველზე, რა---------------ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შსს სსიპ დაცვლის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 15.05.2015წ. და 27.01.2016წ. ბრძანება (იხ. ს.ფ. 56-57 II ტომი);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.18. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სა--------------------იმ, 2015 წლის 16 მაისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების მკურნალობისათვის, რა---------------ეს გადასცა - 10 000 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ თბ--–--–-------–--–----–----------------ზე 2015 წლის 16 მაისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რა---------------ეს მიადგა მატერიალური ზიანი - 36 967.4 ლარის, 83 672 აშშ დოლარისა და 4400 ევროს ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტოავარიის შედეგად რა---------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რის გამოც მას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში ჩაუტარდა არაერთი ოპერაცია და გაეწია სხვა სახის სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ არის გამხდარი მოპასუხის მიერ. თუმცა, მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ იგი სადავოდ ხდის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების ოდენობას, თუმცა ამის თაობაზე იგი მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს წარმოდგენილ შესაგებელში. იგი ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან მკურნალობისათვის ხარჯები გაწეული არ არის თავად რა---------------ის მიერ მას არ აქვს აღნიშნული ხარჯის მოთხოვნის უფლება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

- 16.05.2015წ.-22.06.2015წ. პერიოდში რა---------------ისათვის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 23 625 ლარი, საიდანაც პაციენტის მიერ გადასახდელი იყო - 6325 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია 24.04.2017წ. პროფორმა ინვოისი (იხ. ს.ფ. 201);

 

- 22.06.2015წ.-28.06.2015წ. პერიოდში რა---------------ის მიერ შპს „ნიუ-----------–ში“ გავლილი მოკლევადიანი სტაციონარული რეაბილიტაციის კურსის ღირებულებამ შეადგინა - 1653.48 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია კალკულაცია (იხ. ს.ფ. 203);

 

- 30.07.2015წ.-03.08.2015წ. პერიოდში რა---------------ისათვის აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ ჯამში შეადგინა - 2000 ლარი, საიდანაც პაციენტის მიერ გადასახდელი იყო - 600 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის პასუხი (იხ. ს.ფ. 206);

 

- 2015 წლის 30 სექტემბერს რა---------------ის მიერ თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ჰი---------------–-------------------–ში გავლილი მკურნალობის სრული კურსის საფასურმა შეადგინა - 83 672 აშშ დოლარი. აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილია ჰი---------------–-----------–----ის 16.12.2015წ. გარანტიის დადასტურება თურქულ და ქართულ ენაზე (იხ. ს.ფ. 218, 221);

 

- ჰი---------------–-------------------–იდან დაბრუნების შემდგომ, შპს „ნიუ-----------–ში“ რა---------------ისათვის გაწეული მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა - 10 642.54 ლარი, საიდანაც პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი იყო - 7 142.51 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია კალკულაცია (იხ. ს.ფ. 225-226);

 

- 31.03.2016წ.-08.04.2016წ. პერიოდში რა---------------ისათვის შპს „ლა-–---ში“ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურმა შეადგინა - 1286.05 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია კალკულაცია (იხ. ს.ფ. 228-230);

 

- 03.08.2016წ.-17.08.2016წ. პერიოდში რა---------------ისათვის შპს „ი-----ში“ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა - 4 130 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია ანგარიშფაქტურა №87(იხ. ს.ფ. 232-233);

 

- 23.08.2016წ.-02.11.2016წ. პერიოდში რა---------------ისათვის სს „კ. ერი-------------–----------------------–ი ქირურგიის ცენტრში“ ჩატარებული მკურნალობის საერთო ღირებულებამ შეადგინა - 22 316.36 ლარი, საიდანაც პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი იყო - 4824.86 ლარი; აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია სს “კ. ერ------------------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ 23.05.2018წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 234); ინვოისი №136 (იხ. ს.ფ. 235); კალკულაცია (იხ. ს.ფ. 236-244, 246); 21.10.2016წ. სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ.245);

 

- 05.11.2016წ. შპს „წმ------------–--------------–------------–-------------–---------–------–----------------------ოში“ რა---------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი იყო - 194 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს“ 22.11.2016წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 247-248); ანგარიშფაქტურა (იხ. ს.ფ. 249); კალკულაცია (იხ. ს.ფ. 250-251);

 

- ავტოავარიის შედეგად მიყენებული დაზიანებების მკურნალობისათვის გაწეულ იქნა ხარჯი სხვადასხვა მედიკამენტებისა და სამედიცინო საშუალებების შესაძენად, რამაც 2015 წლის მაისიდან დაზუსტებული სარჩელის აღძვრის დღემდე - 2018 წლის 27 ივლისამდე, ჯამში შეადგინა - 5944 ლარი. აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილია პსპ-ს ამონაწერი (იხ. ს.ფ. 256-277) და გადახდის ქვითრები (იხ. ს.ფ. 278-284);

 

- ავტოავარიის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამოკვლევის, ზუსტი დიაგნოზის დასმისა და სათანადო მკურნალობის წარმართვის მიზნით, რა---------------ისათვის 2015 წლის მაისიდან დაზუსტებული სარჩელის აღძვრის დღემდე - 2018 წლის 27 ივლისამდე ჩატარებული სხვადასხვა სახის გამოკვლევების საერთო ღირებულებამ ჯამში შეადგინა - 3454.50 ლარი. აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილია გადახდის ქვითრები (იხ. ს.ფ. 285-313);

 

- რა---------------ისათვის ჩატარებული ოპერაციების შედეგად დაზიანებული კბილების აღდგენა-რესტავრაციისათვის გაწეულ იქნა ხარჯი - 490 ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილია სტომატოლოგიური პაციენტის სამედიცინო ბარათი (იხ. ს.ფ. 321);

 

- სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ რა---------------ის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მეშვეობით, რისთვისაც გაწეულ იქნა ხარჯი ჯამში - 923 ლარის ოდენობით. ასევე, რა---------------ის სარფის სახელმწიფო საზღვრიდან სტამბოლში - ჰი---------------–-------------------–ში ტრანსპორტირებისათვის გაწეულ იქნა ხარჯი - 4 400 ევროს ოდენობით. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია გადახდის ქვითრები (იხ. ს.ფ. 314-315 I ტომი, ს.ფ. 60-64 II ტომი) და სს „საქართველოს ბანკის“ 17.02.2018წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 224).

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ რა---------------ისათვის ავტოავარიის შემდგომ მიყენებული დაზიანებების მკურნალობისათვის პაციენტის მიერ ასანაზღაურებელმა ოდენობამ შეადგინა - 36 967.4 ლარი, 83 672 აშშ დოლარი და 4400 ევრო. დადგენილია, ასევე რომ აღნიშნული ხარჯის ნაწილი გადახდილია პაციენტის ან/და მისი ოჯახის წევრების მიერ, ხოლო ნაწილი დღემდე აუნაზღაურებელია. შესაბამისად, მას სწორედ აღნიშნული ოდენობით მიადგა მატერიალური ზიანი.

 

მოპასუხეს მოსარჩელის განმარტებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, არ შეუთავაზებია საწინააღმდეგო გარემოებები ან/და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია არაკვალიფიციური შესაგებელი, რომელიც არ შეიცავს სარჩელის გამომრიცხავ ან/და შემაფერხებელ გარემოებებზე მითითებას. მოპასუხე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს, რომ არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების სათანადოდ დადასტურება.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა---------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992, 999-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამდენად, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმა ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ზოგად წინაპირობებს და ნებისმიერი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემყარება, საფუძვლიანია მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, კერძოდ, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა) ქმედება, შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ ამ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის თვისებებით. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხიმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ _ სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო, იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია _ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. ნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. (იხ. სუსგ. №ას-494-463-2010. 09.11.2010წ.)

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2015 წლის 16 მაისს ქ. თბ--–--–-------–--–----–----------------ზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოპასუხის ბრალით. კერძოდ, მოპასუხე სა--------------------იმ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და არასწორი მანევრის შესრულების დროს მას დაეჯახა რა---------------ის მართვი ქვეშ მყოფი მოტოციკლი. შეჯახების შედეგად რა---------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. აღნიშნულ საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რის შედეგადაც რა---------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო სა--------------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მ-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შემადგენელი ყველა ელემენტი. კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება - ავტოავარია მოხდა სა--------------------ის ბრალით. კერძოდ, მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რაც დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 28.06.2016წ. განაჩენით; შედეგი - ავტოავარიის შედეგად რა---------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რა---------------ისათვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოწვეულ იქნა სა--------------------ის ბრალეული ქმედებით მომხდარი ავტოავარიის შედეგად. ამასთან, ავტოავარია მოხდა მოპასუხე სა--------------------ის მიერ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.

 

შესაბამისად, ასევე სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

 

6.3. რაც შეეხება ავტოავარიის შედეგად რა---------------ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დადგენილია, რომ ავტოავარიის შედეგად რა---------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რის გამოც მას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში ჩაუტარდა არაერთი ოპერაცია და გაეწია სხვა სახის სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ არის გამხდარი მოპასუხის მიერ. ამასთან, სამედიცინო მომსახურების საფასურის ნაწილი ანაზღაურებულ იქნა სახელმწიფო ორგანოების მიერ, ხოლო დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება წარმოადგენდა პაციენტის ვალდებულებას.

 

სასამართლოს მიერ, ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რა---------------ეს 2015 წლის 16 მაისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი - 36 967.4 ლარის, 83 672 აშშ დოლარისა და 4400 ევროს ოდენობით, რომელთაგან ნაწილი გადახდილია პაციენტის ან/და მისი ოჯახის წევრების მიერ, ხოლო ნაწილი დღემდე აუნაზღაურებელია. (იხ. 3.2.1. პუნქტი)

 

ამასთან, მოპასუხე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რა---------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება რიგ შემთხვევებში ანაზღაურებულია მისი ოჯახის წევრების მიერ და არა თავად რა---------------ის მიერ, რის გამოც მოსარჩელეს არ გააჩნია აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ნორმის შემადგენელი ყველა წინაპირობა: მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე დგინდება, რომ მნიშვნელოვანია მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, შესაბამისად თუკი სხვა წინაპირობებთან ერთად დადასტურებულია ზიანის არსებობა, ზიანის მიყენებაში ბრალეულ პირს უპირობოდ ეკისრება მისი ანაზღაურება, მიუხედავად იმისა მისი გამოსწორებისათვის გაწეულია თუ არა უკვე ხარჯები დაზარალებულის ან/და სხვა პირის მიერ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ უსაფუძვლო და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოპასუხე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მკურნალობის ხარჯები არ არის გაწეული თავად რა---------------ის მიერ, მას არ გააჩნია აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 16.05.2015წ. მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რა---------------ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოპასუხე მხარეს. ამასთან, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სა--------------------იმ რა---------------ეს მკურნალობისათვის გადასცა - 10 000 ლარი, მიყენებული მატერიალური ზიანის საერთო ოდენობას უნდა გამოაკლდეს აღნიშნული 10 000 ლარი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს - 26 967.4 ლარის, 83672 აშშ დოლარისა და 4 400 ევროს გადახდა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კი სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დაზარალებულისათვის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული შრომისუუნარობის ან ამ უნარის შემცირების, ასევე გაზრდილი მოთხოვნილებების შემთხვევაში, დამზიანებელი ვალდებულია სარჩოს გადახდით უნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამასთან, შრომისუნარიანობის შემცირება ან დაკარგვა არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის, ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას გამოიყენოს შერჩენილი შრომისუნარი. მოთხოვნა წარმოიშვება შემოსავლის დაკარგვის ან მოთხოვნილებათა გაზრდის მომენტიდან. სარჩოს ხანგრძლივობა შემოსავლის დაკარგვის გამო განისაზღვრება ამ შემოსავლის მომტანი საქმიანობის ხანგრძლივობისდა მიხედვით. ჩვეულებრივ, დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მისი გადახდის ვალდებულება სრულდება საპენსიო ასაკის მიღწევასთან ერთად. სარჩოს გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიური ფულადი სარგებლის სახით. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სარჩოს მოთხოვნის უფლების მქონე დაზარალებულს უფლება აქვს მის მაგივრად მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანი საფუძველი სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც კომპენსაციას დროში გაწელილ სარჩოსთან შედარებით უკეთესი ზეგავლენა ექნება დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის ერთჯერადი კომპენსაციის სახით - 10 000 ლარის დაკისრებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2015 წლის 16 მაისს მოპასუხის ბრალეული ქმედებით მომხდარი ავტოავარიის შედეგად, მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ავტოავარიის შემდგომ, მას ჩაუტარდა არაერთი ოპერაცია და სხვა სახის მკურნალობა. ამასთან, მას დაუდგინა შესაძლებლობის მკვეთრი შეზღუდვის სტატუსი უვადოდ. ასევე, შრომითი საქმიანობის გადაადგილების, ურთიერთობის, თვითდახმარების III ს. შეზღუდვა, რის გამოც საჭიროებს მუდმივ გარეშე მომვლელს.

 

ზემოთ აღნიშნულის გამო, რა---------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანებით, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს II განყოფილების სპეციალური კონტროლის ქვეგანყოფილების უმცროს ინსპექტორის თანამდებობიდან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან საფუძვლებს, რაც შეიძლება გახდეს ზიანის მიმყენებლისათვის კომპენსაციის დაკისრების საფუძველი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ის გარემოება - რა---------------ე რეალურად ახორციელებდა თუ არა საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მასზე დაკისრებული მოვალეობას და იღებდა თუ არა შესაბამის ანაზღაურებას იმ პერიოდში, როდესაც იგი გადიოდა მკურნალობას, ვერ ცვლის სამართლებრივ სურათს ზიანის ანაზღაურებასთან ან/და კომპენსაციის დაკისრებასთან მიმართებით.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ერთჯერადი კომპენსაციის სახით - 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე სარჩელის აღძვრის ეტაპზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის - 3 000 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

7.2. მოპასუხე რა---------------ე ითხოვს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი 2000 ლარიანი და 500-500 ლარიანი შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 322-324, ტ.1). შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე რა---------------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 3000 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით, რა---------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ (ლიცენზირებულ) ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე სა--------------------ის (პ/ნ 01297002875) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს - 64 124,17 აშშ დოლარის ფარგლებში. ასევე, სა--------------------ს (პ/ნ 01297002875) აეკრძალა შპს „ბერკუტის“ (ს/ნ 404527847) 33%-იანი და შპს „საქართველოს არწივის“ (ს/ნ 404524948) 33%-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რა---------------ის სარჩელი სა--------------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხე სა--------------------ის მოსარჩელე რა---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით - 26 967.40 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე სა--------------------ის მოსარჩელე რა---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით - 83 672 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

1.3. მოპასუხე სა--------------------ის მოსარჩელე რა---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით - 4 400 ევროს გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

1.4. მოპასუხე სა--------------------ის მოსარჩელე რა---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით - 10 000 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე სა--------------------ის მოსარჩელე რა---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 3 000 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე სა--------------------ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3050 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე