გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.11.2018
საქმის ნომერი
340310017002026481
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340310017002026481

საქმე №3/113-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი):

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დევი დევიძე

სხდომის მდივანი - თეონა ნატროშვილი

მოსარჩელე - გ----------------–--ლი (შემდეგ - ”მოსარჩელე”);

წარმომადგენელი - თ------------–--ლი;

მოპასუხეები - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგ - ”მერია” ან „მოპასუხე“);

წარმომადგენელი - ქ---------------–--ლი;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

ნაწილი II (აღწერილობითი):

(1) სასარჩელო მოთხოვნა:

(1.1) ბათილად იქნეს ცნობილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1-----–---ს #0------ ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (შემდეგ - „სადავო აქტი“);

(1.2) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაევალოს, მოახდინოს ყვარელში, ფ--------------------–---–- 57.0--1----- საკადასტრო კოდით მდებარე უძრავი ქონების პირველ სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ფართის (ფართობით 69,3 კვ.მ.), გ----------------–--ლისათვის საკუთრებაში გადაცემა (შემდეგ - „ახალი აქტის გამოცემის დავალება“);

(2) მოპასუხის პოზიცია:

(2.1) მერიამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მთავარ სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ვერ წარმოადგინა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც მისი განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული. მან ასევე განმარტა, რომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად ასევე მიჩნეულ უნდა იქნეს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს (განმცხადებელს) არ წარმოუდგენია საცხოვრებელი სახლის სხვა მეზობლების (მობინადრეების) თანხმობები;

(3) სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

(3.1) საქმის უადავო ფაქტობრივი გარემოებები:

(3.1.1) 2016 წლის 07 აგვისტოს გარდაიცვალა მოსარჩელის დედა - მ-------------–---–-. მის სახელზე სარგებლობის უფლებით ირიცხება 69,3 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელი ფართი მდებარე: ყვარელში, ფ-------------------------------------------–---, რომელიც განთავსებულია 57.0--1----- საკადასტრო კოდით არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე (შემდეგ - „უძრავი ქონება“);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.02.2017წ. #1-------- სამკვიდრო მოწმობას;

- 29.08.2016წ. #5---------- გარდაცვალების მოწმობას;

- მხარეთა ახსნა-განმარტებას;

(3.1.2) მოსარჩელემ 2016 წლის 08 ივნისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს (შემდეგ - „მარეგისტრირებელი ორგანო“) და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე. მარეგისტრირებელი ორგანოს 2018 წლის 13 ივნისის #8-------------- გადაწყვეტილების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულ იქნა, კერძოდ, მას მიუთითეს, რომ წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ზეპირად კი განუმარტეს, რომ პრივატიზაციის პროცესი არ იყო დასრულებული და საჭირო იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს;

(3.1.3) ამის შემდეგ მოსაჩელემ, როგორც დედის კანონისმიერმა მემკვიდრემ, 2017 წლის 1----------ანცხადებით მიმართა მერიას და მოითხოვა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნულზე მოპასუხემ გამოსცა სადავო აქტი და მოთხოვნა არ დააკამყოფილა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობას;

- სადავო აქტს;

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს;

(3.2) საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

(3.2.1) მერიის წარმომადგენელმა მხოლოდ ზეპირად მიუთითა, როგორც კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი სადავო აქტის დასაცავად, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი და დედის მხრიდან ბინის ფლობის ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მერიაში განცხადებასთან ერთად წარდგენილი ჰქონდა შემდეგი დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა; მარეგისტრირებელი ორგანოს 2018 წლის 12 ივნისის #2----- წერილი იმის თაობაზე, რომ ყ------––------------------------–---–- (მიწის საკადასტრო კოდი: 57.0--1-----), პირველ სართულზე მდებარე ინდივიდუალური საკუთრების საგანზე ფართით 69,3 კვ.მ., უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის; ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვითაც, მეურნეობის დასახლებაში მდებარე ლიტერ „ა“ საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართობიც, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შეადგენს 73,40 კვ.მ., სააღრიცხვო მასალის მიხედვით აღრიცხულია მ--------------------–- ი-------–---–-- სარგებლობის უფლება 1----–-–-----; იმავე წლის ივნისში შედგენილი ტექნიკური პასპორტი #0-----, რომლის მიხედვითაც, ყ------––------------------------–---–- მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხება მ--------------------–---------–--ლის მფლობელობაში; საცხოვრებელი სახლის ნახაზი, რომლის მიხედვითაც, ბინის ფართობია 69,3 კვ.მ.;

(3.2.2) მარეგისტრირებელი ორგანოდან მიღებული მიწის (უძრავი ქონების) 2009 წლის 18 მაისის ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის #8-----------) დასტურდება, რომ მ-------------–---–- და მისი ოჯახი ცხოვრობდა ყ------––------------------------–---–-. ამასთან, საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის ფონზე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ დედა სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ამ მისამართზე და ფლობდა იქ არსებულ ბინას;

(3.2.3) სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მ-------------–---–- კანონიერად ფლობდა და სარგებლობდა უძრავი ქონებით. რაც შეეხება მოსარჩელის სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ ურთიერთობაში მთავარია დადასტურდეს არა მემკვიდრის, არამედ მამკვიდრებლის მხრიდან უძრავი ქონების ფლობის ფაქტი. ამიტომ, ეს უკანასკნელი არგუმენტი მოკლებულია საფუძველს;

ნაწილი III (სამოტივაციო):

(4) შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

(4.1) მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს, კერძოდ: (1) ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1-----–---ს #0------ ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; (2) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით უნდა დაევალოს, მოახდინოს ყვარელში, ფ--------------------–---–- 57.0--1----- საკადასტრო კოდით მდებარე უძრავი ქონების პირველ სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ფართის (ფართობით 69,3 კვ.მ.), გ----------------–--ლისათვის საკუთრებაში გადაცემა;

(5) კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

(5.1) საქართველოს კონსტიტუცია (შემდეგ - „კონსტიტუცია“), ორგანული კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი (შემდეგ - „თვითმმართველობის კოდექსი“), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - „სსკ“), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (შემდეგ - „სზაკ”), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (შემდეგ - ”სასკ”), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდეგ - ”სსსკ”), საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ (შემდეგ - „რეესტრის კანონი“), საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის #416 ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ (შემდეგ - „ბრძანებულება“), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (შემდეგ - „დადგენილება“), საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 1999 წლის 20 ივლისის #47 ბრძანება „ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ (შემდეგ - „ბრძანება“);

(6) სამართლებრივი შეფასება:

(6.1) სასკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას;

(6.2) სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;

(6.3) თვითმმართველობის კოდექსის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იღებენ/გამოსცემენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრებაში გადაცემა - ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭება, ხოლო იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება – მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

(6.4) აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას;

(6.5) სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტი პასუხობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის საკანონმდებლო ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, მისი კანონიერების საკითხი განხილულ უნდა იქნეს სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ანუ სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილ ფორმატში;

(6.6) სასკ-ის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;

(6.7) სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა - ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, - თავისი არსით ჯდება სასკ-ის 23-ე მუხლის ფორმალურ-სამართლებრივ დეფინიციის ჩარჩოებში, კერძოდ, სადავო აქტის სახით არსებობს ის „სამართლებრივი რეალობა“, რაც წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის. ამიტომაც, წმინდა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნის არესებობაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე;

(6.8) თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

(6.9) ერთ-ერთ ასეთ უფლებამოსილებას, რასაც ახორციელებს მუნიციპალიტეტი და, სახელდობრ, მისი აღმასრულებელი ორგანო - მერიის სახით, გათვალისწინებულია დადგენილებით. ასე მაგალითად, დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. თავის მხრივ, აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს კანონიერი მოსარგებლის ლეგალურ დეფინიციას, რომლის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე;

· ამდენად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: (1) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და (2) ფიზიკური პირის მხრიდან საპრივატიზაციო ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, აღნიშნული ორი პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს;

(6.10) ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კიდევ ერთხევ უსვამს ხაზს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობაზე. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს კანონიერი სარგებლობის (მოსარგებლეობის) ფაქტის დადასტურებას, არ არის ამომწურავი და გარდა, საკუთრივ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა, ბინის ორდერისა და საბინაო წიგნისა, დადგენილება ითვალისწინებს სხვა დოკუმენტის არსებობასაც, რასაც შეიძლება დაეყრდნოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. ნებისმიერი დოკუმენტის რელევნატურ, შესაბამის დოკუმენტად მიჩნევა არის საკითხის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივა. ამასთან ერთად, განცხადებას, რითაც დაინტერესუბლმა პირმა უნდა მიმართოს მერიას, იმავე ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო იმავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აგარეთვე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი;

(6.11) ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის (შემდგომ ტექსტში სამსახური) მიზანია განაშენიანებულ ტერიტორიებზე (ქალაქი, დაბა, სოფელი და სხვა) მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათება, ინვენტარიზაცია (ძირითადი და მიმდინარე) და პასპორტიზაცია;

(6.12) იმავე ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, სამსახურს აფუძნებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო და ადგილობრივი მმართველობის ორგანო, სახელმწიფო ადმინისტრაციული აქტით სამსახური იმყოფება ორმაგ დაქვემდებარებაში, რომლის დებულებას ამტკიცებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო ხსენებულ სამინისტოროსთან შეთანხმებით;

(6.13) იმავე ბრძანების მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურს ეკისრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნით და მათ ხარჯზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათება, ძირითადი და მიმდინარე ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციის სამუშაოების განხორციელება, რომლებშიც უნდა აისახოს: მათი დეტალური გეგმები, ექსპლუატაციაში მიღების თარიღი, ძირითად კონსტრუქციებში გამოყენებული სამშენებლო მასალათა სახეობანი, საცხოვრებელი, საერთო და არასაცხოვრებელი ფართობი, შენობა-ნაგებობათა აღდგენითი და სამოქმედო ღირებულება, ფიზიკური და მორალური ცვეთა პროცენტებში და ფულად გამოსახულებაში, მესაკუთრეთა (მფლობელთა) ვინაობა, საკუთრების დამადასტურებელი საბუთები და სხვა, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურს ეკისრება შენობა-ნაგებობებზე საკუთრებისა და მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა-აღრიცხვა;

(6.14) ამასთან, იმავე ბრძანების მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დებულების მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ ამოცანათა შესაბამისად სამსახურს ევალება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე მოუმზადოს და მიაწოდოს მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო და პასპორტიზაციის ასლები, ტექნიკური ცნობა-დახასიათებები და დასკვნები, სხვადასხვა დამახასითებელი ცნობები, დოკუმენტების ამონაწერები და სხვა;

(6.15) ბრძანებულების პირველი პუნქტის საფუძველზე ლიკვიდირებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები, ხოლო მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, განისაზღვრა ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. რეესტრის კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანამხამდ, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მერიაში წარდგენილი ცნობა-დახასიათება და ტექნიკური პასპორტი, რომელიც გაცემულია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნიბით, არის ვალიდური დოკუმენტები, გაცემული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ასახავს ოფიციალურ, კანონიერ მონაცემებს უძრავ ნივთთან დაკავშირებული სარგებლობის ფაქტისა და მოსარგებლის ვინაობის, ასევე სხვა რელევანტური მონაცემების თაობაზე;

(6.16) მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს სურს მოპასუხის ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ მერიაში მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა ოფიციალური დოკუმენტაცია - ცნობა-დახასაიათება და ტექნიკური პასოპრტი, რომელიც, თავის დროზე, ინახებოდა ყვარლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს პარალელურ დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურში. ამ სამსახურს ლიკვიდაციამდე, მათ შორის, ევალებოდა მესაკუთრეთა და მფლობელ პირთა შესახებ მონაცემების შენახვა-დამუშავება, რაც აისახებოდა ცნობა-დახასიათებასა და საინვენტარიზაციო თუ პასპორტიზაციის დოკუმენტებში. სასამართლო შენიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მერიაში წარდგენილი იყო სწორედ ცნობა-დახასაიათება და ტექნიკური პასოპრტი, რომლებშიც მფლობელის (მოსარგებლის) გრაფაში მითითებულია მოსარჩელის აწ გარდაცვლილი დედა. მაშასადამე, ეს დოკუმენტები სავსებით ვარგისია კანონიერი მოსარგებლის იდენტიფიცირებისათვის. აღნიშნული დოკუმენტაცია აღრიცხულია 1----–-–-----, რაც იმას ნიშნავს, რომ მ-------------–---–- კანონირად ფლობდა და სარგებლობდა უძრავი ქონებით 1----–-–-----, თავის გარდაცვალების მომენტამდე;

(6.17) გარდა ამისა, მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა მემკვიდრეობის მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის დედის პირველი რიგის კანონსმიერი მემკვიდრე, რაც ადმინისტრაციული წარმოების მიზნებისათვის, მას ავტომატურად სძენდა დაინტერესებული პირის სტატუსს. სასამართლოს სურს გამოეხმაუროს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ ზეპირი განხილვის დროს გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა სხვა მობინადრეების მიერ გაცემული თანხმობები. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა დადგენილების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი (რომლის თანახმადაც, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და არა ის გარემოება, რომ განმცხადებელს არ ჰქონია წარდგენილი მეზობლების თანხმობები. სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილება ან სხვა ნორმატიული აქტი არ მოითხოვს მეზობლების, ანუ სხვა მესაკუთრეების ან მოსარგებლეების თანხმობების წარდგენას (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოში მხოლოდ ერთ შემთხვევაშია სავალდებულო, რომ სახეზეა დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ანუ თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ, - ასეთ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს, რადგან ცნობა-დახასიათებასა და ტექნიკურ პასპორტში მხოლოდ ერთი მფლობელი/მოსარგებლეა მითითებული, და ეს არის მოსარჩელის დედა). ეს ასეც რომ ყოფილიყო, მერიას სზაკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე უნდა მოეთხოვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა თანხმობების სახით, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში - განუხილველად უნდა დაეტოვებინა განცხადება. განსახილველ შემთხვევაში კი მერიამ გამოსცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

(6.18) სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენს რა მამკვიდრებლის (დედის) პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილს), მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე (სამკვიდროს გასხნა, სსკ-ის 1319-ე მუხლის შესაბამისად) მემკვიდრეობით შეიძინა უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების მოთხოვნის უფლება. სამკვიდრო, როგორც ასეთი, ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ შედგება მამკვიდრებლის ყველა ქონებრივი უფლებისგან. უფლება, თავის მხრივ, სსკ-ის 152-ე მუხლის თანახმად, განეკუთვნება არამატერიალური ქონებრივი სიკეთის კატეგორიას, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. ამდენად, მოსარჩელემ შეიძინა საკუთრების უფლება მოთხოვნაზე, მოთხოვნაზე, რომელიც მიმართულია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისკენ. სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. თავის მხრივ, დადგენილებაც საუბრობს იმაზე, რომ საკუთრებაში უძრავი ქონების გადაცემის მოთხოვნით მერიას შეუძლება მიმართოს კანონიერი მოსარგებლის მემკვიდრემაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოთხოვნა გადაცემაუნარიანი სუბსატანციაა და იგი შეიძლება გადაეცეს მემკვიდრეობით. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მერიამ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემით, მოახდინა მოსარჩელის მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლების იგნორირება, მისი de facto გაუქმება;

(6.19) სზაკ-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, ხოლო 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. მოქმედი კანონმდებლობით, უძრავი ქონების კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემა ცალსახად განეკუთვნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში მერიას სადავო აქტში არა აქვს გადმოცემული მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, კერძოდ, არ არის გააანალიზებული, როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ რაკურსში ის გარემოება, თუ რატომ არ მიიჩნია წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისად კანონიერი სარგებლობის ფაქტის დასადგენად. მერიამ ვერც სასამართლოში საქმის განხილვის ატაპზე შეძლო წარმოედგინა დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტაცია სადავო აქტის „დაცვის“ მიზნით. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ამგვარად განხორციელებით დაირღვა მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესი (სზაკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა);

(6.20) სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. სასამართლო, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მერიის სადავო აქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის, კონსტიტუციასაც, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

(6.20) სასკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლოს მიაჩნია, არსებობს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობა იმისათვის, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მერიის სადავო აქტი და მასვე დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლბერივი აქტის გამოცემა, მოსარჩელისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;

(7) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

(7.1) გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე არ ყოფილა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის რამე ღონისძიება;

(8) საპროცესო ხარჯები:

(8.1) სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები და (2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით;

(8.2) სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს;

(8.3) სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

(8.4) მოსარჩელეს 2017 წლის 24 ივლისს სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით (საგადახდო დავალებით #3) სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელისათვის, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად (100 ლარი) უნდა დაეკისროს მოპასუხეს;

ნაწილი IV (სარეზოლუციო):

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ----------------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1-----–---ს #0------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

3. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაევალოს, მოახდინოს ყვარელში, ფ--------------------–---–- 57.0--1----- საკადასტრო კოდით მდებარე უძრავი ქონების პირველ სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ფართის (ფართობით 69,3 კვ.მ.), გ----------------–--ლისათვის საკუთრებაში გადაცემა;

4. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მეორე დღიდან. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/