გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
330210018002502853
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/18247-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - გ----------------–---–ი

წარმომადგენელი - დ------------------ა

მოპასუხე - შპს ,,ლ--------------–----ი’’

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - ლ----------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს გ----------------–---–ის სასარგებლოდ 90 900 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

გ----------------–---–ი რეგისტრირებულია მომხმარებლად ვებ-გვერდზე ----------------- და აქვს ანგარიში (ე.წ. ,,ექაუნთი’’) სახლით: k--------, სარეგისტრაციო ნომრით (ID) 7-----.

 

2018 წლის 28 მაისს გ----------------–---–მა ითამაშა ლაივ რულეტკა და მოიგო 90 900 ლარი, თუმცა მან მოგებული თანხის მოგება ვერ მოახერხა და მიიღო ვებ-გვერდზე შეტყობინება : ,,თქვენი მონაცემები არ არის ვერიფიცირებული’’ (იგივე პასუხი მიიღო მოპასუხის ცხელ ხაზთან დაკავშირებისას). მოსარჩელემ გადაამოწმა თავისი პირადი მონაცემები და აღმოაჩინა რომ რეგისტრაციის დროს დაშვებული იყო ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, პირადი ნომერი ნაცვლად - 0-----------ისა, მითითებული იყო 01016006343, ანუ შეცდომა იყო ერთ ციფრში.

 

ვებ გვერდზე განთავსებულია შემდეგი შინაარსის გაფრთხილება: ,,პერსონალური ინფორმაცია - გვერდიდან შეგიძლიათ შეცვალოთ ელ.ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი და ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი. სხვა მონაცემების შესაცვლელად საჭიროა გამოაგზავნოთ თქვენი პირადობის მოწმობის დასკანერებული ვერსია --------------------- ჩვენ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე და მიუთითეთ შესაცვლელი მონაცემები’’. იმავე დღეს, ანუ 2018 წლის 25 მაისს, მოსარჩელემ ვერიფიკაციის გავლის მიზნით გააგზავნა ელექტრონული ფოსტით განცხადება და პირადობის მოწმობის დასკანერებული ვერსია. მოცემულ ანგარიშზე ვერიფიკაციაზე მოსარჩელეს სრულიად უკანონოდ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს უარი, თუმცა მისი მოთხოვნის მიუხედავად სხვა ანგარიში დაავერიფიცირეს.

 

2018 წლის 1 ივნისს მოსარჩელე კვლავ დაუკავშირდა მოპასუხის ცხელ ხაზს და მოითხოვა განმარტება, თუ რატომ ვერ ახერხებდა თავისი ანგარიშის გამოყენებას, რაზეც განუმარტეს, რომ ვერ ხერხდებოდა მონაცემების ვერიფიკაცია, ხოლო გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხი 4 ივნისს დღის მეორე ნახევარში. მიუხედავად პრობლემის გადაჭრის არაერთი მცდელობისა, გადაეჭრა პრობლემა, დღემდე მისი ანგარიში რჩება არააქტიურ მდგომარეობაში და ვერ ახერხებს მის ბალანსზე რიცხული ფულადი საშუალების გამოყენებას.

 

2018 წლის ივნისში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეეტანათ ცვლილებები მოსარჩელის მათთან რეგისტრირებულ პერსონალურ მონაცემებში (ანგარიში - k--------, სარეგისტრაციო ნომრით (ID) 7-----) და უზრუნველეყო მისთვის ბალანსზე რიცხული თანხაზე თავისუფალი წვდომის უფლების მიცემა. მოპასუხის განმარტებით, ხსენებული ანგარიში არ იყო დაბლოკილი და მოსარჩელეს შეუფერხებლად შეეძლო მისით სარგებლობა. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ კომპანიის ელექტრონულ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დახუროს მომხმარებლის ანგარიში და თანხა (მომხმარებლის მიერ საკუთარ ანგარიშზე შეტანილი სათამაშო თანხა, მოგებული თანხა და ა.შ) დაიტოვოს კომპანიის პირად ანგარიშზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია გ----------------–---–ის სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე სს ,,ლ--------------–----მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გ----------------–---–ი ნამდვილდ არის რეგისტრირებული ბაზაში, თუმცა იგი რეგისტრირებულია მოკლე სახელით - k-----, სარეგისტრაციო ნომრით (ID)- 7-----, სწორედ აღნიშნული მომხმარებელი იქნა ვერიფიცირებული პირადობის მოწმობით, რომლის პირადი ნომერია 0----------. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ ანგარიშს მოკლე სახელით ანგარიში - k--------, სარეგისტრაციო ნომრით (ID) 7-----, მისი ვერიფიცირება ვერ მოხდებოდა იგივე პირადი ნომრით, ვინაიდან ერთი პირადობის მოწმობით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის ვერიფიცირება.

 

შესაბამისად, 2018 წლის 25 მაისს ვერიფიკაციის გავლის მიზნით მომხმარებელმა k---------მა მიმართა კომპანიას ვერიფიკაციისთვის და წარმოადგინა იგივე პირადობის მოწმობა, რომელიც მანამდე უკვე იყო მის მიერ გამოყენებული მომხმარებელ k------ს ვერიფიკაციისთვის. ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნია უკვე ვერიფიცირებული ანგარიში, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას დაავერიფიციროს ორი ანგარიში ერთი და იგივე პირადობის მოწმობით.

 

მოსარჩელეს განემარტა, რომ მომხმარებელი დარეგისტრირებისას, ანუ მხარესთან გარიგების დადებისას ეთანხმება მხარის მიერ მითითებულ წესებს და პირობებს, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს ხელშეკრულების პირობების დათანხმებას, ანუ რეგისტრაციისას იგი აწვება ღილაკს, რომლითაც თანხმობას გამოთქვამს იმ პირობებზე, რომელიც გაწერილია სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ და მის მიერ შეთანხმებულ რეგლამენტს.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ანგარიში მოკლე სახელით k--------, სარეგისტრაციო ნომრით (ID) 7-----, ნამდვილად რეგისტრირებულია მათ ბაზაში, თუმცა პირად ნომრად მითითებულია - 01016006343 და აღნიშნული პირადი ნომერი ეკუთვნის სხვა პიროვნებას. მოსარჩელე რეგისტრაციისას დაეთანხმა კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს, რომლის სარეგისტრაციო წესებში მითითებულია, რომ ,,სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ინტერნეტით) მოწყობილი თამაშობების ვებ-გვერდზე რეგისტრაციისთვის მოთამაშე თავდაპირველად შედის ვებ-გვერდზე და შემოთავაზებულ სარეგისტრაციო ფანჯარაში და სავალდებულო წესით ავსებს რეგისტრაციისთვის აუცილებელ ველებს: სახელსა და გვარს, პირად საიდენტიფიკაციო სახელს (ე.წ. ,,იუზერ ნეიმ’’-ს), პაროლს, მის პირად ნომერს (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად), დაბადების თარიღს, თვეს და წელს, საკონტაქტო მონაცემებს. მომხმარებელი ვალდებულია საიტზე რეგისტრაციის დროს სწორად მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დახუროს მომხმარებლის ანგარიში და თანხა (მომხმარებლის მიერ საკუთარ ანგარიშზე შეტანილი თანხა, მოგებული თანხა და ა.შ) დაიტოვოს კომპანიის პირად ანგარიშზე’’.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ლ--------------–----ი’’ რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------. იგი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობების (რეგლამენტი) ნებართვა N19-06/201-ის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 18-19);

- სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი) ნებართვა (ს.ფ. 117-186).

 

3.1.2. შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ვებ გვერდზე - ----------------- - რეგისტრირებულია მომხმარებელი მოკლე სახელით ,,k-----’’ სარეგისტრაციო ნომრით. (ID) – 7-----. აღნიშნული მომხმარებლის პირად მონაცემებში პირად ნომრად მითითებულია ნომერი - 0----------. აღნიშნული ანგარიში (ე.წ. იუზერი) ეკუთვნის მოსარჩელე გ----------------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- პირადობის მოწმობა (ს.ფ. 17)

 

3.1.3. შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ვებ გვერდზე - ----------------- - რეგისტრირებულია მომხმარებელი მოკლე სახელით ,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----.

აღნიშნული მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებში მითითებულია შემდეგი: სახელი - გიორგი; გვარი - ზუკაკიშვილი; პირადი ნომერი - 01016006343; დაბადების თარიღი -1980-08-18.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი ვებ გვერდიდან (ს.ფ.25).

 

3.1.4. მომხმარებელ ,,k--------’’-ის პერსონალურ მონაცემებში მითითებული პირადი ნომერი - 01016006343 ეკუთვნის ლ----------ას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.192).

 

3.1.5. შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ვებ გვერდზე - ----------------- რეგისტრაციისას აღნიშნულია შემდეგი გაფრთხილება: ,,რეგისტრაციისას მითითებული პირადი მონაცემების უზუსტობის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას შეგიზღუდოთ საიტით სარგებლობა’’.

 

რეგისტრაციის გავლის სურვილის მქონე პირმა მონაცემების მითითების შემდეგ უნდა მონიშნოს შემდეგი ველი: ,,მე შემისრულდა 18 წელი. ვეთანხმები ონლაინ ტოტალიზატორ ----------------- -ის წესებს და პირობებს’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ფაქტების კონსტანტაციის მასალები (ს.ფ.211-221);

- დისკი (ს.ფ. 222)

 

3.1.6. 2018 წლის 28 მაისს სს ,,საქართველოს ბანკი’’-ში გ----------------–---–ის კუთვნილი ანგარიშიდან (G------------------------) შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ანგარიშზე, რომელის საიდენტიფიკაციო ნომერია - 7----- (რეგისტრირებული მომხმარებელი მოკლე სახელით,,k--------’’), თანხა გადარიცხულია შვიდჯერ. მითითებულ თარიღში განხორციელებული გადარიცხვები ჯამში შეადგენს 7 000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 223)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ლ----------ა (პირადი N-----------) არ არის და არც არასდროს ყოფილა რეგისტრირებული შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ვებ გვერდზე - ----------------- მომხმარებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა თავად დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის ჩვენებას რომელიც გამოცხადდა 2018 წლის 26 სექტემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, რომლის დროსაც სასამართლომ უზრუნველყო მესამე პირისთვის საქმის მასალების სრულად გაცნობა და განუსაზღვრა მას პოზიციისათვის დრო. ლ----------ამ უარყო მის მიერ მოპასუხის ვებ-გვერდზე ანგარიშის არსებობის ფაქტი, რის შედეგაც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ----------ა (პირადი N-----------) არ არის და არც არასდროს ყოფილა რეგისტრირებული შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ვებ გვერდზე - ----------------- მომხმარებლად (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 2018 წლის 25 მაისს შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ვებ გვერდზე - ----------------- ერთ-ერთი აზარტული თამაშის - ,,რუსული რულეტკა’’-ს თამაშის შედეგად, მომხმარებელმა სახელით ,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----, მოიგო 90 900 ლარი.

 

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ელექტრონულ ვებ-გვერდზე აზარტული თამაშის თამაშისას მოიგო 90 900 ლარი. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით იგი საიტზე რეგისტრირებული იყო მონაცემებით ,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7----- და მოიგო 90 900 ლარი. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ იგი არც უარყოფდა და არც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მომხმარებელმა ,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----, მოიგო 90 900 ლარი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოპასუხედ დასახელებული პირი აღჭურვილია უფლებით, დაეთანხმოს მის წინააღმდეგ წარდგენილ პრეტენზიებს - ნაწილობრივ ან სრულად ცნოს სარჩელი. სწორედ მოპასუხის დისპოზიციური ნების დაცვის ინსტრუმენტად გვევლინება სარჩელისაგან თავდაცვის იმგვარი საპროცესო საშუალება როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი არ წარმოადგენს კანონის ფორმალურ დანაწესს და როგორც მისი არასაპატიოდ წარუდგენლობა, ისე, შინაარსობრივი დასაბუთება მნიშვნელოვან შედეგებთანაა დაკავშირებული. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი არეგულირებს შესაგებლის წარდგენის სტანდარტს, რომელიც უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის მე-4 მუხლთან შესაბამისობაში (შეჯიბრებითობა) და იმის მიხედვით, თუ რამდენად არსებითია მოპასუხის შედავება, შესაძლებელია მისი კვალიფიკაცია, როგორიცაა, მაგალითად: ზოგადი, ანუ აბსტრაქტული სახის შედავება, კვალიფიციური შედავება და სხვა. მითითებული კვალიფიკაცია, თავისთავად, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთსა და მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრეზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ნორმის მითითებული დანაწესი არ არის ამომწურავი და იგი სისტემურად უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებთან ერთობლიობაში.

 

მითითებულ ნორმათაგან პირველი წარმოადგენს მხარეების გარანტირებულ საპროცესო უფლებათა ჩამონათვალს, მეორე - განსაზღვრავს საპროცესო სამართლის მიზნებისათვის იმ გარემოებათა წრეს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული საპატიოდ, ხოლო მესამე ნორმით დადგენილია შემდეგი: მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამდენად, თუკი არსებობს შესაბამისი წინაპირობები სადავო და უდავო ფაქტების გამიჯვნისა, ამგვარი გამიჯვნა არ შეიძლება მხოლოდ შესაგებელს ეყრდნობოდეს, რადგანაც მოპასუხე მხარეს კანონდებლობა უფლებას ანიჭებს, საქმის მომზადების ეტაპზე შეუზღუდავად დააზუსტოს და დააკონკრეტოს შესაგებელში მითითებული ესა თუ ის გარემოება, მისცეს სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინოს საკუთარი დასკვნები და გამოთქვას მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ხოლო საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მთავარ სხდომაზეც კი აქვს მას უფლება, მიუთითოს ახალ გარემოებებზე, შესაბამისად, სასამართლომ საკუთარი პოზიცია უნდა დაასაბუთოს, როგორც საქმეში წარმოდგენილ შესაგებელზე დაყრდნობით, ისე, გამოიკვლიოს მხარის მიერ საქმის მომზადების ეტაპზე შესაგებლის პოზიციის დაზუსტების საკითხი (იხ. საქმე №ას-1013-956-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს პირველივე ფაქტობრივ გარემოებად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მან 2018 წლის მოპასუხის ელექტრონულ ვებ-გვერდზე აზარტული თამაშისას მომხმარებლის, რომლის მონაცემებია ,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----, ანგარიშით მოიგო 90 900 ლარი. წარმოდგენილ შესაგებელში და დაზუსტებულ შესაგებელში მოპასუხე არ დაეთანხმა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას (ს.ფ. 73; ს.ფ. 202), თუმცა მას შედავება განხორციელებული აქვს არა ზოგადად ამ მომხმარებლის (,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----) მიერ თანხის მოგების ფაქტზე, არამედ იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მომხმარებელი არ ეკუთვნის მოსარჩელეს და იგი რეგისტრირებულია მათ ბაზაში სხვა მომხმარებლის, კერძოდ ,,k-----’’-ს სახელით, რის გამოც მცდარია მოსარჩელის მითითება, რომ თანხა მოიგო გ----------------–---–მა. შესაბამისად, მოპასუხეს არ განუხორციელებია შედავება იმასთან მიმართებით, რომ მომხმარებელმა ,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----, 2018 წლის 25 მაისს მოიგო 90 900 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხისთვის უცნობია დაფიქსირდა თუ არა მოგების ფაქტი 2018 წლის 25 მაისს ამ მომხმარებლის მიერ თავისთავად გულისხმობს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების სადავოდ მიჩნევას, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე წარმოადგენს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე არარელევანტურ მითითებას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამონაწერებზე ----------------- -იდან, რომლის თანახმადაც, დასტურდება, რომ მომხმარებლის ,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7----- ბალანსზე არსებული თანხა შეადგენს 90 900 ლარს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ აქვს აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი სათანადო წესით (მაგ. ფაქტების კონსტანტაციის მასალები). ცხადია, სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს იმის თაობაზე, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს არ შეუძლია მტკიცებულების ძალა მიანიჭოს ვებ-გვერდიდან ამობეჭდილ დოკუმენტს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულზე მოპასუხის მხრიდან არ არის შედავება განხორციელებული შესაბამის ეტაპზე. მთავარ სხდომაზე რეალიზებული უფლება ფაქტობრივი გარემოების შედავების თაობაზე კი არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაუზიარებლობის საფუძველს და არ ართმევს მას დამაჯერებლობას.

 

ამასთან, სასამართლო შენიშნავს, რომ იმ გარემოებებში როდესაც შედავება არ არის განხორციელებული ამ კონკრეტული მომხმარებლის (,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----) მიერ 90 900 ლარის მოგების ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებაც კი, რომელიც წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, შეიძლებოდა გამხდარიყო ფაქტის დადგენისათვის საკმარისი მტკიცებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენის, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები ელექტრონული ვებ-გვერდიდან (ს.ფ. 24-32)

 

3.2.3. შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ვებ გვერდზე - ----------------- რეგისტრირებული ანგარიში სახელით ,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7----- ეკუთვნის მოსარჩელე გ----------------–---–ს.

 

განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ გამოსაკვლევი და დასადგენია შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ვებ გვერდზე - ----------------- რეგისტრირებული მომხმარებელი სახელით ,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7----- არის თუ არა მოსარჩელეს.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ვებ გვერდზე - ----------------- - რეგისტრირებულია მომხმარებელი მოკლე სახელით ,,k--------’’, სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----. მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებში მითითებულია შემდეგი: სახელი - გიორგი; გვარი - ზუკაკიშვილი; პირადი ნომერი - 01016006343; დაბადების თარიღი -1980-08-18. უდავოა, რომ მომხმარებელ ,,k--------’’-ის პერსონალურ მონაცემებში მითითებული პირადი ნომერი 01016006343 ეკუთვნის ლ----------ას. ამავდროულად, ლ----------ას განმარტებით დადგენილია, რომ იგი არ არის და არც არასდროს ყოფილა რეგისტრირებული შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს ვებ გვერდზე - ----------------- მომხმარებლად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ვებ გვერდიდან - ----------------- - მომხმარებელ ,,k--------’’-ის (სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----) ანგარიშიდან წარმოდგენილ ამონაწერებზე, რომელიც უშუალოდ ასახავს ამ მომხმარებლის ანგარიშზე არსებულ ინფორმაციას მიმდინარე ბალანსის ასევე მანამდე განხორციელებული მოქმედებების შესახებ და სხვ. შესაბამისად, უშუალოდ მომხმარებელი k---------ის ანგარიშზე შესვლა მოითხოვს სისტემაში შესასვლელი აუცილებელი ინფორმაციის (სახელი, პაროლი) ცოდნას. აღნიშნული ამონაწერები წარმოდგენილი აქვს მოსარჩელეს, შესაბამისად, მისთვის ცნობილია მომხმარებელი k---------ის (სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----) სისტემაში შესასვლელად აუცილებელი ინფორმაცია. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის პირადი ნომერი და მომხმარებელი k---------ის (სარეგისტრაციო ნომრით (ID) – 7-----) პირად ინფორმაციაში მითითებულ მონაცემებში აღნიშნული პირადი ნომერი მხოლოდ ერთი ციფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, და გარდა პირადი ნომრისა, აღნიშნული მომხმარებლის პირად მონაცემებში მითითებულია ყველა ის პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ა.შ) რაც ეკუთვნის მოსარჩელეს.

 

შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მესამე პირის განმარტების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ ლ----------ას პირადი ნომრით, ვებ-გვერდზე ----------------- მომხმარებლად რეგისტრირებულია მოსარჩელე გ----------------–---–ი და ანგარიში სახელწოდებით k-------- ეკუთვნის მას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა გ----------------–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 68-ე, 69-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 342-ე, 361-ე მუხლი.

 

,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 952-ე მუხლის თანახმად, ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.

 

,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ,,ლ--------------–----ი’’ რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------. შპს ,,ლ--------------–----ი’’ არის ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი - ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი და იგი აღნიშნული თამაშების ორგანიზებას ახორციელებს ვებ-გვერდის - ------------------ის საშუალებით. იგი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობების (რეგლამენტი) ნებართვა N19-06/201-ის საფუძველზე (შემდგომში რეგლამენტი).

 

6.2. ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

რეგლამენტის თანახმად სარეგისტრაციო წესები განსაზღვრულია შემდეგნაირად: რეგისტრაციისა და თამაშის დაწყების წინ მოთამაშეები ვალდებულნი არიან გაეცნონ სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ინტერნეტით) მოწყობილი თამაშობების წესებს, რომელიც მოთამაშეთა უფლებების დაცვის მიზნით, განთავსებულია აღნიშნული სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ინტერნეტით) მოწყობილი თამაშობების ვებ-გვერდზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხებზე, რომელიც გამოქვეყნებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ინტერნეტი) მოწყობილი თამაშობების ვებ-გვერდზე და შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობა, პრეტენზიები არ მიიღება.

 

სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ინტერნეტით) მოწყობილი თამაშობების ვებ-გვერდზე რეგისტრაციისათვის მოთამაშე თავდაპირველად შედის ვებ-გვერდზე და შემოთავაზებულს სარეგისტრაციო ფანჯარაში და სავალდებულო წესით ავსებს რეგისტრაციისთვის აუცილებელ ველებს: სახელსა და გვარს, პირად საიდენტიფიკაციო სახელს (ე.წ. ,,იუზერ ნეიმ’’-ს), პაროლს, მის პირად ნომერს (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად), დაბადების თარიღს, თვეს და წელს, საკონტაქტო მონაცემებს, რის შემდეგადაც მას მიენიჭება პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ინდივიდუალურია თითოეული მოთამაშისათვის და სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ინტერნეტით) მოწყობილი თამაშობების ორგანიზატორთათვის მისი იდენტიფიცირების, ხოლო მოთამაშისათვის, თამაშობებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა.

 

ამავე რეგლამენტის თანახმად, მომხმარებელი ვალდებულია საიტზე რეგისტრაციის დროს სწორად მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას დახუროს მომხმარებლის ანგარიში და თანხა (მომხმარებლის მიერ საკუთარ ანგარიშზე შეტანილი სათამაშო თანხა, მოგებული თანხა და ა.შ) დაიტოვოს კომპანიის პირად ანგარიშზე. მიუხედავად რეგლამენტში არსებული ამგვარი დათქმისა, სასამართლო მიუთითებს რეგლამენტის სხვა დათქმებზე, რომლებიც შესაძლებელს ხდიან მომხმარებლის მიერ რეგისტაციის დროს დაშვებული შეცდომების გასწორებას. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი რეგლამენტი ცალკე აწესრიგებს სამართლიან თამაშზე შეთანხმებას, ისევე როგორც თამაშის წესების დარღვევის შედეგებს (იხ. რეგლამენტის 68-69 გვერდები, სფ. 185-186.)

 

თავის მხრივ, სამართლიანი თამაშის შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერმა მოთამაშემ თავი უნდა შეიკავოს თამაშის დროს წესების დარღვევისაგან. წესების დარღვევის ერთ-ერთ სახედ ითვლება, ,,Multiple accounting and account sharing - როდესაც მოთამაშე ხსნის ერთზე მეტ პირად ანგარიშს ან სხვისას ხმარობს. ნებისმიერ მოთამაშეს უფლება აქვს, რომ ჰქონდეს მხოლოდ ერთი პირადი ანგარიში და მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს უფლება ითამაშოს ამ ანგარიშით.

 

ამავე რეგლამენტით განსაზღვრული თამაშის წესების დარღვევის ფარგლებში მითითებულია, რომ ორგანიზაცია გაითვალისწინებს მრავალ ფაქტორს სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება გამოყენებული მოთამაშეების მიმართ, რომლებიც არღვევენ აღნიშნულ წესებს. სამართლიანი თამაშის შეთანხმების დარღვევის გამო, მოთამაშეების ანგარიში დაიბლოკება და მოთამაშეს არ მიეცემა ამ ანგარიშის გამოყენების და შესაბამისად ანგარიშზე არსებული თანხის მიღების უფლება დარღვევის აღმოჩენიდან წლამდე ვადით.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ გ----------------–---–ის მიერ დაშვებული ცდომილება არ შეიძლება გახდეს მოგებული თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 2 727 ლარი (ს.ფ.34). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ----------------–---–ის სარჩელი შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:

1.1. შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს მოსარჩელე გ----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 90 900 ლარის გადახდა;

2. შპს ,,ლ--------------–----ი’’-ს მოსარჩელე გ----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 727 ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია