გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
190210018002530192
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2025-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.10.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამიინისტროს მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი ჯაბა მაღლაკელიძე

მოპასუხე შპს ”კ----------–-ა”

წარმომადგენლები მარიამ ვარდანია, სოფიო თევზაძე

დავის საგანი ქირის დაკისრება, პირგასამტეხლოს გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს კ----------–-ისათვის ქირის 4596.78 ლარის და პირგასამტეხლოს 4646.13 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის გარემოებები:

 

2016 წლის 4 იანვარს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამიინისტროს მომსახურების სააგენტოსა და შპს კ----------–-ას შორის დადიო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს გადაეცა რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ზე მდებარე ადმინისტრაციული კომპლექცის «ე» ბლოკად აღნიშნული შენობის ნაწილი ფართობით 6კვ.მ. ყოვეთვიურ ქირად განისაზღვრა თვეში 15 000 ლარი. ხელშეკრულება დაიდო 3 თვით. ქირა გადახდილი უნდა ყოფილიყო შემდეგი გრაფიკით - 2016 წლის 29 იანვარი, 2016 წლის 25 თებერვალი, 2016 წლის 18 მარტი. ქირის გაანგარიშება ხდებოდა დღეების რაოდენობის მიხედვით. დამქირავებლის ინიციატივით ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 29 მარტს, რის შემდეგ 2017 წლის 6 თებერვლამდე პერიოდულად იხდიდა ქირის დავალიანებას, თუმცა გადაუხდელია 4596.78 ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ქირის გადახდის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს, დავალიანების 0.1%-ს, პირგასამტეხლო გადასახდელია 464.13 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო: მხარეებს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არაადექვატურად მაღალი ქირის ფასი, რის გამოც დამქირავებელმა შეწყვიტა ხელშეკრულება. რადგან ისედაც არაადექვატურ ფასს იხდიდა დამქირავებელი, პირგასამტეხლოს დაკისრება მიუღებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 4 იანვარს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოსა და შპს კ----------–-ას შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს გადაეცა რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ზე მდებარე ადმინისტრაციული კომპლექცის "ე" ბლოკად აღნიშნული შენობის ნაწილი ფართობით 6კვ.მ. ყოველთვიურ ქირად განისაზღვრა თვეში 15 000 ლარი. ხელშეკრულება დაიდო 12 თვით. ქირის გაანგარიშება ხდებოდა დღიურად. ხელშეკრულების 7.1 პუნქტი ითვალისწინებს ქირის გადახდის დაგვიანებისათვის პირგასამატეხლოს, რაც შეადგენს დავალიანების 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას“

- ქირავნობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-22. ტომი 1)

 

3.1.2. ქირავნობის ხელშეკრულება დამქირავებლის შპს კ----------–-ის ინიციატივით შეწყდა 2016 წლის 29 მარტს, რის შემდეგ 2017 წლის 6 თებერვლამდე პერიოდულად იხდიდა ქირის დავალიანებას, თუმცა გადაუხდელია 4596.78 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 464.13 ლარი.

მოპასუხის მიერ თანხა გადახდილია შემდეგი პერიოდულობით:

29.01.216წ - 15 000 ლარი

18.03.2016 - 12 000 ლარი

03.06.2016 – 2 500 ლარი

27.07.2016- 1 000 ლარი

11.08.2016- 1 000 ლარი

05.09.2016- 1 000 ლარი

05.10.2016- 1 000 ლარი

08.11.2016- 1 000 ლარი

05.12.2016- 1 000 ლარი

09.01.2017- 1 000 ლარი

06.02.2017- 1 000 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ.2-5, ტომი 1)

- შესაგებელი (ს..ფ 34-37. ტომი 1)

- ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმება (ს.ფ. 23. ტომი 1)

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 24)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ არის.

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დამქირავებელს შეთანხმებული ქირა სრულად გადახდილი არა აქვს, რის გამოც უნდა დაეკისროს გადაუხდელი თანხის ანაზღაურება, ასევე მისი გადახდის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე, 553-ე, 361-ე, 400-ე, 401-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 50-ე, 319-ე, მე-8, 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 55-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, რომლითაც მოსარჩელემ მის საკუთრებაში არებული უძრავი ქონების ნაწილი მოპასუხეს გადასცა სარგებლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

ამდენად, ქირავნობის ხელშეკრულების შინაარსში შედის დამქირავებლისათვის ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ხოლო დამქირავებელი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დამქირავებელს შპს კ----------–-ას არ აქვს გადახდილი ქირა სრულად, გადასახდელი ქირის დავალიანებაა 4596,78 ლარი, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ამ თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

401-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვადის გადამცილებლად არ ითვლება, თუ ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას - ანუ ისეთ გარემოებას, რაც წარმოიშვა მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო და რომლის გამოც ვალდებულების დროულად შესრულება მოვალეს არ შეეძლო. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების რაიმე საპატიო მიზეზი მოპასუხეს არ მიუთითებია. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით, შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა დამქირავებლის მიერ ქირის დავალიანების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს დავალიანების 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხე პირგასამტეხლოს დაკისრების საწინააღმდეგო გარემოებას მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ქირის ოდენობა არსებული ფასებზე ბევრად მაღალი იყო და დამატებით პირგასამტეხლოს დაკისრება არასამართლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება არის ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, ხოლო ნების გამოვლენა ნამდვილია თუ გარიგების დადების გადაწყვეტილება მიღებულია მხარის თავისუფალი განსჯის პირობებში. სამართლებრივ შედეგს იწვევს ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მხარის სურვილის და მიზნის გამომხატველია, მიღებულია თავისუფალი განსჯის შედეგად, რაიმე არამართლზომიერი ზეგავლენის გარეშე, მხარისათვის განსაზღვრულია და აღქმადია ნების გამოვლენის შედეგად სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, გაცნობიერებული აქვს ნების გამოვლენის შედეგები და რისკები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი კერძო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომლითაც მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად, ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში დადონ მათთვის სასურველი შეთანხმებები, განსაზღვრონ მათი შინაარსი. თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლება შეუზღუდავი და განუსაზღვრელი უფლება არ არის და იგი შეზღუდულია იმპერატიული ნორმატიული დანაწესებით, ასევე სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებით.

 

„სწორედ სახელშეკრულებო სამართლიანობა ზღუდავს კერძო ავტონომიას, რათა მინიმალურად მაინც უზრუნველყოს მხარეთა ინტერესების დაცვა“ (სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის კომენტარი http://www.gccc.ge/).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამ ნორმით და 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხაზგასმულია კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში გულისხმიერების და კეთილსინდისიერების მნიშვნელობაზე. „სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ვალდებულება, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობანი (მე-8 მუხლი) ყველაზე მეტად სამართლიანობისა და თანასწორობის (aequitas ) ერთიან პრინციპში რეალიზდება. სახელშეკრულებო სამართლიანობა სახელშეკრულებო თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა და გულისხმობს შესრულების ექვივალენტურობას, თუმცა ეს არ შეიძლება წარმოვიდგინოთ შესრულების ღირებულებათა იდენტურობად. სახელშეკრულებო სამართლიანობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებასა და ანაზღაურებას შორის არ უნდა იყოს აშკარა შეუსაბამობა. ხელშეკრულების მხარემ არ უნდა გამოიყენოს საბაზრო ძალაუფლება და მეორე მხარის მძიმე მდგომარეობა თუ გამოუცდელობა, არამედ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული განსხვავებული ინტერესებიც“.(სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის კომენტარი http://www.gccc.ge/).

 

ქირავნობის ხელშეკრულების 1.6 პუნქტის მიხედვით, დამქირავებელმა ქირავნობის საგანზე უფლებები მოიპოვა 2015 წლის 25 დეკემბერს გამართულ ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზების შედეგად, ხოლო საწყისი ფასი დადგინდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. მოპასუხეს არ მიუთითებია, სადაო უძრავი ქონების საბაზრო ფასი რას შეადგენს, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ ქირავნობის ხელშეკრულების დადების დროს შეიზღუდა მისი სახელშეკრულებო თავისუფლება, რის შედეგად განისაზღვრა ქირის აშკარად არასამართლიანი ფასი. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ ხელშეკრულება დადებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის დარღვევით, რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. მოპასუხეს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა ქირის ჯეროვნად გადახდის ვალდებულება, რაც არ შეასრულა. შესაბამისად, მას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული თანხაა. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთანმ ვადის გადაცილების ხანგრძლივობა. ამ შემთხვევაში გადასახდელი ქირის ოდენობაა 4596,78 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო მოთხოვნილია 464,13 ლარის ოდენობით. ქირის დავალიანება მოპასუხეს გააჩნია 1 წლის და 6 თევზე მეტი დროის განმავლობაში, პირგასმატეხლო არის მთელი დავალიანების 10%, რის გამოც

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასმატეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხიმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც კრედიტორის მიერ განცდილ ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ინტერესს დააკმაყოფილებს და მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლოს თანხა ამ პრინციპებს არ არღვევს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 151.83 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამიინისტროს მომსახურების სააგენტოს სარჩელი;

1.1. შპს ”კ----------–-ას” დაეკისროს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამიინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის 5060,91 ლარის გადახდა;

 

2. შპს ”კ----------–-ას” დაეკისროს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამიინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 151.83 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი