გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1208-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - მ------ ს-------–-–---–ი;
წარმომადგენელი - დ----- ბ------ე;
მოპასუხე - დ----- ყ------ი;
წარმომადგენელი - გ-------– თ----------ე;
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შეწყდეს მ------ ს-------–-–---–სა და დ----- ყ------ს შორის 2015 წლის 09 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება;
1.2 მოპასუხე დ----- ყ------ს მისი მცირეწლოვანი შვილის - გ---- ყ------ის (დაბადებული: 2014 წლის 22 ივლისს) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 200 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე მ------ ს-------–-–---–ი და მოპასუხე დ----- ყ------ი 2013 წლის 17 დეკემბრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და 2014 წლის 22 ივლისს შეეძინათ ვაჟიშვილი გ---- ყ------ი, ხოლო 2015 წლის 9 თებერვალს დაარეგისტრირეს ქორწინება სამოქალაქო რეესტრში. მხარეთა შორის იყო და არის შეუთავსებლობა, გაურკვევლობასა და რთულ ურთიერთობას ხშირად მოჰყვებოდა კონფლიქტები და სიტყვიერი შეურაცხყოფები, რამაც 2017 წლის დასაწყისში კულმინაციას მიაღწია და მას შემდეგ მხარეებს ჯანსაღი კონტაქტი აღარ გააჩნიათ. მოსარჩელე ხშირად იმყოფება უცხოეთში (საბერძნეთში) დედასთან და მეუღლესთან კავშირი აღარ აქვს. მისი განმარტებით მოპასუხე ფინანსურად არ ზრუნავს შვილზე, გარდა ამისა მოპასუხის ბრალეულობით დიდი სესხები აქვს მოსარჩელეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, ნასესხები თანხა ოჯახს არ მოხმარებია. მხარეთა შორის გართულებული ურთიერთობა გრძელდება წელიწადზე მეტია და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რამაც განაპირობა სარჩელის აღძვრა სასამართლოში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი განმარტებით, მოსარჩელე 2017 წლის 22 დეკემბერს გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში არალეგალურად მცხოვრები დედის სანახავად და მოპასუხის თანხმობით თან წაიყვანა არასრულწლოვანი შვილი - გ---- ყ------ი, საიდანაც უნდა დაბრუნებულიყვნენ 2018 წლის 22 მარტს, რადგან შემდგომ ლეგალურად ყოფნის უფლება კანონით აღარ ჰქონდა. საბერძნეთში ჩასვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მ------ ს-------–-–---–ი დაუკავშირდა მეუღლეს და ამცნო, რომ მას აღარ უნდოდა ქორწინებაში ყოფნა და ასევე არც შვილის ნახვის და დროებით ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემდა მას. ამის შემდგომ სცდა მოსარჩელესთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. 2018 წლის 15 მარტს მოპასუხისათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ ბავშვი დატოვა საბერძნეთში და არ აძლევს ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას. მისი განმარტებით, მოსარჩელე აპირებს ბავშვის გაშვილებას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და ამ გზით საბერძნეთში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას, რის გამოც მან 2018 წლის 16 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა დახმარების გაწევა შვილის უკანონოდ გაშვილების პროცედურის აღსაკვეთად. ასევე სარჩელით მომართა სასამართლოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე და სწორედ ამის შემდგომ შეიტანა სარჩელი მოსარჩელემ სასამართლოში.
მოპასუხის განმარტებით, მხარეებს ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, ცხოვრობდნენ მის ოჯახში და ბავშვი იყო ბაგა-ბაღ ,,პ------–-ბის“ აღსაზრდელი. მათ 2017 წელს ნებაყოფლობით დაიწერეს ჯვარი და საბერძნეთში გამგზავრებამდე ცხოვრობდნენ ნორმალური ცოლქმრული თანაცხოვრების წესით. დ----- ყ------ი პირადად იხდიდა 2017 წლის ჩათვლით მოსარჩელის უმაღლესი სასწავლებლის სწავლის საფასურს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი ალიმენტის ნაწილში და დაეთანხმა 200 ლარის გადახდას, ხოლო განქორწინებას არ ეთანხმება და ითხოვს შესარიგებელი ვადის მიცემას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ------ ს-------–-–---–ი და მოპასუხე დ----- ყ------ი 2013 წლის 17 დეკემბრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ხოლო 2015 წლის 9 თებერვლიდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და უკვე ერთად აღარ ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2014 წლის 22 ივლისს დაბადებული გ---- ყ------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15);
3.1.3. ბავშვი ცხოვრობს მოსარჩელესთან და მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიმდინარეობს დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- 2018 წლის 07 მაისის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 95-96).
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხე დ----- ყ------ი არის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს ს-------------–--------ის დეპარტამენტის თანამშრომელი და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1250 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 04 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ს და ს N1---- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 87-88);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დ----- ყ------ი არ ეთანხმება ქორწინების შეწყვეტას და მიაჩნია, რომ ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია. აღნიშნულის გამო სასამართლომ 2018 წლის 28 ივნისს მხარეებს დაუნიშნა 3 თვიანი შესარიგებელი ვადა.
სასამართლო მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ ს-------–-–---–სა და დ----- ყ------ს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა, ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლისადმი დამოკიდებულება, მისი მხრიდან გამოვლენილი უნდობლობა წარმოადგენს მხარეთა უთანხმოების საფუძველს. ამასთან, მათ შორის კონფლიქტი და უთანხმოება არ არის ერთჯერადი და დროებითი ხასიათის, მოსარჩელეს ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს ოჯახური ურთიერთობა მეუღლესთან. მხარეებს შორის ოჯახის აღდგენის ერთობლივი მცდელობა არ ყოფილა, ოჯახის შენარჩუნება არ სურს მოსარჩელეს. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან მოპასუხემ მთავრ სხდომაზე ცნო სარჩელი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.
- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი
- ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). მხარეთა ქორწინება რეგისტრირებულია ამ ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვეციის მე-12 მუხლის მიხედვით, საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-16 მუხლით აღიარებულია ქორწინების უფლება. ამ მუხლის თანახმად, სრულწლოვანებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნის რაიმე შეზღუდვის გარეშე დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას. 2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას. 3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.
ამდენად, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია ქორწინების უფლება, ხოლო ხსენებული ნორმის მიზნები და შინაარსი არ შეეხება მხოლოდ დაქორწინებისას დასაქორწინებელ პირთა ნების გამოვლების ნებაყოფლობითობას. ამ ნორმებით დაცული სფერო მოიცავს საოჯახო ცხოვრებას, ადგენს როგორც დაქორწინების, ისე ოჯახური ცხოვრების და განქორწინებისას მეუღლეთა თანასწორობისა და ნებაყოფლობის პრინციპს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე N2/2/425 საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესახებ განმარტა შემდეგი: „დემოკრატიული საზოგადოება თავისუფალი ინდივიდებისაგან შედგება. ამ საზოგადოებაში კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგის უპ------–-სი ამოცანაა პიროვნების თავისუფლების, მისი თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა. თავისუფალი ინდივიდების საზოგადოება არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხერხემალი, მისი წარმატებული განვითარების აუცილებელი წინაპირობა და გარანტია. საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის თავისუფლებაზე, მის თავისუფალ განვითარებაზე ყურადღებას ამახვილებს როგორც ზოგადად, ასევე, კონკრეტულად, საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.
ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ქორწინება და ოჯახი ადამიანის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ სფეროში ინდივიდის თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით მაღალია. სწორედ, პიროვნული თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების უფლების გამოხატულება და ნაწილია ქორწინების თავისუფლება. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, გარდა ინსტიტუციური გარანტიისა, ძირითადი უფლების დამდგენი ნორმაცაა. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნები და შინაარსი გაცილებით ფართოა, ვიდრე ეს მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. ამ მუხლით დაცული სფერო საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც დაქორწინებას, ასევე, საოჯახო თანაცხოვრებასა და განქორწინებას. პირის თავისუფალი განვითარების უფლება, რომლის ერთ-ერთ გამოხატულებასაც ქორწინების თავისუფლება წარმოადგენს, მოიცავს როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური ქცევის თავისუფლებას. ამდენად, დაცულია ქორწინების როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური თავისუფლება“.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად, ხოლო განქორწინება მოხდება თუ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქორწინება ემყარება ქორწინების მსურველთა ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას. ისევე როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მეუღლეთა ნება, მათი სურვილი იცხოვრონ ერთ ოჯახად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, საერთო ძალებით განახორციელონ ერთობლივი მიზნები და ინტერესები.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ოჯახური ურთიერთობა ემყარება ურთიერთპატივისცემასა და ნდობას, შესაბამისად ოჯახის არსებობის საფუძველია მხარეთა ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესების და მიზნების განსახორციელებლად ერთობლივი ძალისხმევა. მეუღლეებს შორის ნდობის არარსებობა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი. ოჯახი არის მეუღლეთა ნებაყოფლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, ხოლო მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აღარ არსებობს. სასამართლო განმარტავს, რომ გადამწყვეტი არ არის ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება განპირობებულია თუ არა ობიექტური გარემოებებით, დადასტურებული ფაქტებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია, მოსარჩელის დამოკიდებულების გამო მათი ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, რის გამოც განქორწინების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2014 წლის 22 ივლისს დაბადებული გ---- ყ------ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან. მოპასუხე დ----- ყ------ი დასაქმებულია და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1250 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი გ---- ყ------ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
მოპასუხე დ----- ყ------მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი და თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი 200 ლარის ოდენობით.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 200 ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 11 აპრილიდან, გ---- ყ------ის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება მ------ ს-------–-–---–ის მიერ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ვინაიდან, მოპასუხემ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო მისი გადახდა დაეკისრება მოპასუხეს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ------ ს-------–-–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მ------ ს-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად არსებობს მოპასუხე დ----- ყ------ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 25 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------ ს-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს მ------ი ს-------–-–---–სა (პ/ნ 6----------) და დ-----ი ყ------ს (პ/ნ 6----------) შორის 2015 წლის 9 თებერვალს, №6---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
3. მოპასუხე დ-----ი ყ------ს თავისი არასრულწლოვანი შვილის - გ---- ყ------ის (დაბ. 2014 წლის 22 ივლისს) სარჩოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 11 აპრილიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
4. მოპასუხე დ-----ი ყ------ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. მოპასუხე დ-----ი ყ------ს დაეკისროს მოსარჩელე მ------ ს-------–-–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა დიდავა